ედუფინი

როგორ მუშაობს ბანკი?

ბანკები: ნაწილობრივი დარეზერვების სისტემა

ივნისი 08, 2020

როგორც წინა პოსტის ბოლოს აღინიშნა, საბანკო სისტემამ დღევანდელი სახე მიიღო მას მერე, რაც ბანკები ე.წ. ნაწილობრივ დარეზერვებაზე გადავიდნენ. გაინტერესებთ, როგორ მუშაობს საბანკო სისტემა და რა არის ნაწილობრივი დარეზერვება?

ბანკის მუშაობის ძირითადი პრინციპი ყველასთვის ცნობილია - ბანკი სესხულობს ფულს დამზოგველებისგან (დეპოზიტარებისგან) და გასცემს ამ ფულს სესხად (მსესხებლებს). როგორც ერთ-ერთ წინა პოსტში ვთქვით, ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს რესურსების (ამ შემთხვევაში - ფულის) ოპტიმალურ განაწილებას. ნაწილობრივი დარეზერვების სისტემა სწორად აქ იჩენს თავს. შუა საუკუნეების და რენესანსის პერიოდის ბანკები არ მუშაობდნენ დეპოზიტების მოზიდვაზე, მათი შემდგომი გასესხების მიზნით - მედიჩი, ფუგერები და სხვები საკუთარი კაპიტალის გასესხებით იყვნენ დაკავებულები. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა სრულიად ურისკოა პოტენციური დეპოზიტარისთვის, თუმცა ძალიან რისკიანი თავად ბანკირებისთვის. დროთა განმავლობაში ბანკებმა დაიწყეს დეპოზიტების მხოლოდ ნაწილის (ე.წ. რეზერვის) დატოვება ფიზიკური სახით, დანარჩენი კი სესხად გარდაიქმნებოდა. ეს მიდგომა დაფუძნებულია საკმაოდ რეალისტურ დაშვებაზე - ალბათობა იმისა, რომ ყველა დეპოზიტარი ერთდროულად მიადგება ბანკს დეპოზიტის გასატანად, არის მეტად მცირე, ამიტომ ბანკი იტოვებს მხოლოდ მიმდინარე ოპერაციებისთვის საჭირო თანხებს ფიზიკური სახით, დანარჩენი კი გაიცემა სესხად. დღეს, ამ რისკის უფრო შესარბილებლად, ცენტრალური ბანკები გარკვეულ ქვედა ზღვარსაც, ე.წ. მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, უწესებენ ბანკებს, რომლის ქვემოთ საბანკო რეზერვები არ უნდა ჩავიდეს.

ამ მარტივ ოპერაციას ორი მნიშვნელოვანი შედეგი აქვს: პირველ რიგში ეს არის ე.წ. ვადიანობის ტრანსფორმაცია - დეპოზიტები შედარებით მოკლევადიან აქტივს წარმოადგენს, სესხი კი - გრძელვადიანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკებისთვის მნიშვნელოვანია უზრუნველყონ დეპოზიტების მუდმივ რეჟიმში მოზიდვა, რომ პრობლემები არ შეექმნათ დეპოზიტარების გასტუმრებაში. მეორე - და უფრო მნიშვნელოვანი - არის ის, რომ დეპოზიტების სესხად გარდაქმნისას წარმოიქმნება ახალი ფული. მართლაც, დავუშვათ, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 10%-ია - დეპოზიტების სულ მცირე 10% მაინც უნდა მუდმივად ინახებოდეს ბანკში. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 ლარიდან, ბანკს შეუძლია გაასესხოს 90 ლარი. ცხადია, რომ გასესხებული 90 ლარი განკუთვნილია რაიმე საქონლის ან მომსახურების საყიდლად და, შედეგად, გამყიდველის დეპოზიტზე აღმოჩნდება.


თუ დავუშვებთ, რომ მოსახლეობა ფულს მხოლოდ ბანკებში ინახავს და ეს პროცესი (დეპოზიტი-სესხი-დეპოზიტი) უსასრულოდ გრძელდება, აღმოჩნდება, რომ საწყისი 100 ლარი ადრე თუ გვიან სრულად გადაიქცევა რეზერვად (10 ლარი + 9 ლარი + 8.1 ლარი და ა.შ.). ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ დეპოზიტები ამ პროცესის შედეგად საწყისი 100 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება. ამას ფულის მულტიპლიკაციის პროცესი ეწოდება. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ამ პროცესის შედეგად იქმნება ახალი ფული, მაგრამ არა დოვლათი. მიუხედავად იმისა, რომ ყველას, ვისი დეპოზიტიც საბოლოო 1000 ლარის ნაწილს წარმოადგენს, შეუძლია ამ დეპოზიტების საკუთარი საჭიროებისამებრ გამოყენება, ყოველ ასეთ დეპოზიტს აბათილებს ამავე რაოდენობის სესხი.

რა თქმა უნდა, ეს სისტემა დაფუძნებულია ნდობაზე - ჩვენ ვენდობით ბანკს, როდესაც დეპოზიტს ვათავსებთ, ხოლო ბანკი - მსესხებელს, როდესაც სესხს აძლევს. თუკი, რაღაც მიზეზის გამო, ჩვენ გადავწყვეტთ, რომ ჩვენ დეპოზიტებს საფრთხე ემუქრება და ყველა ერთად ვეცდებით დეპოზიტების გატანას, ბანკს არ აღმოაჩნდება საკმარისი თავისუფალი ფული და შედეგად გვექნება საბანკო პანიკა, რომელიც შეიძლება ბანკის გაკოტრებით დასრულდეს. საბანკო პანიკის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია აშშ-ში 1929-1933 წლებში მომხდარი ე.წ. დიდი დეპრესია, რომლის დროსაც, სწორედ ასეთი საბანკო პანიკის შედეგად, რამდენიმე ათასი ბანკი გაკოტრდა. მოვლენების ასეთი განვითარებისგან თავდაცვის ერთ-ერთ მეთოდს, სწორედ დიდი დეპრესიის შემდეგ შემუშავებული ინსტრუმენტი - დეპოზიტების დაზღვევა წარმოადგენს. ამ დროს სახელმწიფო იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს დეპოზიტარებს დაკარგული დეპოზიტი (შემთხვევების უმეტესობაში - გარკვეულ თანხამდე) ბანკის გაკოტრების შემთხვევაში. ამ დროს, კრიზისის დროსაც კი, დეპოზიტარს არ უჩნდება საკუთარი დეპოზიტების გამოტანის სურვილი, რადგან დარწმუნებულია მათ დაცულობაში. შედეგად საბანკო პანიკაც არიდებულია.


ეს არის ბანკების მუშაობის ძირითადი პრინციპი. თუმცა, ბანკები სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებსაც ასრულებენ და ამ ფუნქციებზე შემდეგ პოსტში ვილაპარაკებთ.

ავტორი: გიორგი ბაქრაძე