ედუფინი

ფინანსური სისტემის ისტორია

გიორგი ბაქრაძე - ნაწილი 1

მაისი 01, 2020

ლოგიკურია, რომ ფინანსური სისტემის შემადგენელი ნაწილების და მათი ფუნქციების აღწერა ბანკებით დავიწყოთ. ეს პოსტი მიეძღვნება საბანკო საქმის მოკლე ისტორიას, ხოლო შემდეგი კი მათი მოქმედების პრინციპებს. გარდა ამისა, ცალკე პოსტი დაეთმობა საბანკო ზედამხედველობის საკითხსაც. 

თუკი შევთანხმდებით, რომ ბანკების ძირითად საქმიანობას სესხის გაცემა წარმოადგენს, პირველი პროტო-ბანკები ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში გვხვდება, როდესაც ვაჭრები, გირაოს სანაცვლოდ ხორბლის სესხებს გასცემდნენ. ასე, მაგალითად, ჰამურაბის კოდექსი ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთების ზედა ზღვრებს და დასაშვები გირაოს საკითხებს. ვაჭრებზე უფრო მსხვილი მსესხებლები ტაძრები და ქურუმები იყვნენ. ისინი, ასევე, იბარებდნენ ოქროს შესანახად, თუმცა, დღევანდელობისგან განსხვავებით, „დეპოზიტარი“ იქით უხდიდა ფულს „ბანკს“ მისი დეპოზიტის დაცულობისთვის. 

ანტიკურ საბერძნეთში საბანკო საქმიანობა გაცილებით უფრო განვითარებული იყო, მონეტების შექმნასთან ერთად, საბანკო მომსახურებას, სესხების და დეპოზიტების გარდა, „ვალუტის გაცვლაც“ დაემატა. მსხვილ ბანკებს გააჩნდათ „ფილიალები“ სხვადასხვა ქალაქებში რაც „დისტანციური“ სესხების შესაძლებლობასაც ქმნიდა.


ძველ რომში ტაძრების მნიშვნელობა საბანკო სისტემისთვის შენარჩუნდა, მეტიც, სიტყვა მონეტა მოდის იუნონა მონეტას ტაძრიდან, სადაც ფული იჭრებოდა. იულიუს კეისრის დროს პირველად დაუშვეს გადაუხდელი ვალის სანაცვლოდ ქონების (მიწის) კონფისკაცია - მანამდე ძალაუფლება ყოველთვის დებიტორის მხარეს იყო და ვალი გადაუხდელად თაობიდან თაობაში შეიძლება გადასულიყო. 

თუმცა, ეს ყველაფერი მაინც ბანკების წინამორბედი სტრუქტურები უფრო იყო. პირველი ბანკები, რომელთა შესახებ ყველას სმენია, მაინც მეცამეტე საუკუნის იტალიის ჩრდილოეთიდან - ლომბარდიისა და ტოსკანიდან მოდის. ამათგან, რა თქმა უნდა, ყველაზე ცნობილია ფლორენციული ბანკები. იტალიურმა ბანკებმა შეცვალეს ფულის გამსესხებელთა წინა ორი ჯგუფი - ებრაელი ვაჭრები და ტამპლიერები, რომლებიც დიდად არ მოსდიოდათ თვალში როგორც ჩვეულებრივ მოსახლეობას, ისე დიდგვაროვნებს. ყველაზე ცნობილი ფლორენციული საბანკო ოჯახი - მედიჩი - ფლორენციელ ბანკირთა ახალ თაობას წარმოადგენდა, რომელმაც შეცვალა მეთოთხმეტე საუკუნეში გაკოტრებული ბარდის და პერუცის თაობა. თაობა, რომელმაც დაუშვა არა მხოლოდ იმ პერიოდისთვის უპატიებელი შეცდომა - თითქმის მთელი თავის ფული ასესხა მეტად არასაიმედო კრედიტორს - მეფეს. კერძოდ, ინგლისის მეფე ედუარდ მესამეს, რომელსაც დიდძალი სახსრები სჭირდებოდა საფრანგეთთან საომრად. 

მედიჩის ოჯახი დღეს უფრო ცნობილია თავისი მეცენატობითა და პოლიტიკური საქმიანობით - საბოლოო ჯამში ისინი ფლორენციის ჰერცოგებიც კი გახდნენ. მათგან განსხვავებით, ფუგერების ოჯახი ბავარიის ქალაქ აუგსბურგიდან გაცილებით უფრო დიდხანს შემორჩა საბანკო საქმიანობას, ხოლო მათი მთავარი წარმომადგენელი - იაკობ ფუგერი - ითვლება ყველა დროის ყველაზე მდიდარ ადამიანად; ინფლაციის გათვალისწინებით, მისი ქონება დღეს 400 მილიარდი დოლარის ტოლი იქნებოდა. 

მეჩვიდმეტე საუკუნიდან სახელმწიფომ უფრო აქტიური ჩარევა დაიწყო საბანკო საქმიანობაში, შეიქმნა პირველი ცენტრალური ბანკები და საბანკო სისტემამ ნელ-ნელა დღევანდელი სახე მიიღო. საბანკო სისტემის მნიშვნელობის ზრდაში დიდი როლი ითამაშა საერთაშორისო ვაჭრობის მკვეთრმა გააქტიურებამ და ქაღალდის ფულის პოპულარობის ზრდამ. და ბოლოს, საბანკო სისტემას დღევანდელი სახე მისცა ე.წ. ნაწილობრივი დარეზერვების სისტემაზე გადასვლამ. და თუ რა არის ნაწილობრივი დარეზერვება და როგორ მუშაობს თანამედროვე ბანკი - ამას მომდევნო პოსტში გაიგებთ. 

ავტორი: გიორგი ბაქრაძე