მუსიკა | ცა

ჰიპ-ჰოპის ანატომია

ავტორი: გიორგი ზურაბიშვილი

აფრო-ამერიკულ მუსიკას და მთლიანად კულტურას უდიდესი ტრადიცია აქვს. ხელოვნების იმ ბევრი მიმდინარეობიდან, რომლებიც აფრიკულ-ამერიკულ საზოგადოებაში შეიქმნა, შედარებით ახალი არის ჰიპ-ჰოპ კულტურა, რომელიც თავის პირველად სივრცეს მალევე გასცდა და დღეს, თანმედროვე სამყაროში, მუსიკის ყველაზე პოპულარული სტილი შექმნა. მიუხედავად თავისი შედარებით ახალგაზრდა ასაკისა, შექმნის დღიდან, ჰიპ-ჰოპ კულტურამ და ჰიპ-ჰოპ მუსიკის ჟღერადობამ დიდი ევოლუცია განიცადა და თავის წიაღში არაერთი განსხვავებული ქვე-ჟანრი წარმოშვა. ბლოგების სერიაში „ჰიპ-ჰოპის ანატომია“ შევეცდები ამ უდიდესი კულტურის სხვადასხვა სტილზე, მათ სპეციფიკაზე და ამ ქვე-ჟანრების გამორჩეულ არტისტებზე მოგითხროთ. 

ნაწილი 1 - შესავალი

ჰიპ-ჰოპი, როგორც თვითმყოფადი კულტურა, 70-იანი წლების ბრონქსში დაიბადა. ამ პერიოდში ნიუ-იორკი დიდ ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა. საწარმოო ინდუსტრიის დაღმასვლამ ამერიკის ყველაზე ჭრელ ქალაქს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მდიდარი და საშუალი ფენების დიდმა ნაწილმა, რომელიც ძირითადად თეთრკანიანი მოსახლეობისგან შედგებოდა, ქალაქის ცენტრალური ნაწილი დატოვა და გარეუბნებში გადასახლდა. კრიმინალი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო ბევრი კულტურული და გასართობი ადგილი დაიხურა, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრში დარჩენილი, ძირითადად შავაკანიანი მოსახლეობა იძულებული გახდა თვითრეალიზაციის სხვა, ალტერნატიული ფორმები ეპოვნა. თუმცა, ხელოვნებას აბა რა შეაჩერებს?! იგი თავის გზას ყოველთვის ნახავს და ამ შემთვევაშიც ასე მოხდა. 

დისკო კლუბების მაგივრად, ნიუ-იორკის ახალგაზრდობამ „ფართი“ შიდა სივრცეებიდან ქუჩებში გაიტანა და ასე ჩამოყალიბდა უბნის გულაობების კულტურა, რაც ნამდვილად განსაკუთრებული ფენომენი იყო. ამ ყველაფრის განვითარებაში უდიდესი წვლილი ნიუ-იორკში იამაიკიდან და კარიბის სხვადასხვა კუნძულიდან ჩასულმა ემიგრანტებმა შეიტანეს. სწორედ მათი კულტურის ნაწილი იყო მობილური ხმის სისტემები, რომლებმაც ნიუ-იორკელ ახალგაზრდებს საშუალება მისცა მუსიკა ქუჩებში გაეტანათ და უბნის წვეულებები მოეწყოთ. 

ასე გაჩნდა ჰიპ-ჰიპ კულტურის ოთხი ძირითადი ელემენტი: ემსიინგი, იგივე რეპი; დიჯეინგი და ბით მეიქინგი; ბი-ბოინგი, იგივე ბრეიქის ცეკვა და გრაფიტი. რეალურად, ეს კომპონენტები როგორც პოეზიის, მუსიკის, ცეკვის და სახვითი ხელოვნების ალტერნატიული ფორმები, ნიუ-იორკის ღარიბი ფენის კულტურულ ცხოვრებას ასახავდა. 

უბნის წვეულებების დროს დიჯეები ძირითადად ფანკ და სოულ კომპოზიციებს აჟღერებდნენ. ისინი ხშირად ფირსაკრავების მეშვეობით დრამისა და პერკუსიების მონაკვეთებს ერთმანეთში მიქსავდნენ. იამაიკური და კარიბული დაბის კულტურაში ეს უკვე დამკვიდრებული ტექნიკა იყო და ნიუ-იორკის უბნების წვეულებებზეც მალე მსმენელისთვის ყველაზე საყვარელი მომენტები სწორედ ეს დაგრძელებული და დამიქსული პერკუსიის სექციები, იგივე ბრეიქები გახდა. მსმენელები ამ მონაკვეთებს ისეთი ენთუზიაზმით ელოდოდებოდნენ, რომ როდესაც დიჯეი მათ აჟღერებდა, მოცეკვავეები თავიანთი საუკეთესო მოძრაობების დემონსტრირებას სწორედ ასეთ დროს ცდილობდნენ და ხშირად მიწაზე აკრობატულ მოძრაობებს აკეთბდნენ. ასე გაჩნდა ბი-ბოინგი და ამიტომაც დაერქვა „ბრეიქ-დანსი“, ბრეიქის ცეკვა.  

პირველი ჰიპ-ჰოპ ბიტი, ანუ ინსტრუმენტალიც, სწორედ ამ გზით წარმოიშვა. იამაიკელი ემიგრანტი დიჯეი ქულ ჰერქი, რომელიც ჰიპ-ჰოპ კულტურის ერთ-ერთ შემქმნელად ითვლება, ფირფიტების მიქსინგის თავისებურ ტექნიკას იყენებდა. ის ერთი და იგივე კომპოზიციას ორ სხვადასხვა ვინილზე ატრიალებდა და თავის საყვარელ მონაკვეთებს დიდი ხანი იმეორებდა. სწორედ ეს ტექნიკა შესაძლებელს ხდიდა, რომ ფანკის და სოულის კომპოზიციების გარკვეული მონაკვეთებისგან ჰიპ-ჰოპ ლუპი გამოსულიყო. ასე ჩამოყალიბდა თარნთეიბლიზმი, რაც შემდგომში ჰიპ-ჰოპის ერთი-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა შეიქნა.

ამავე დროს, ნიუ-იორკის ღარიბ უბნებში, ძალიან პოპულარული იყო ქუჩის მხატვრობა, რომელიც შემდეგ, როგორც გრაფიტის ხელოვნება, ჰიპ-ჰოპ კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. ნიუ-იორკის რამდენიმე ადგილას კრიმინალი იმდენად მომატებული იყო, რომ ზოგიერთ უბანში პოლიცია შესვლასაც კი ვერ ბედავდა, შესაბამისად, ახალგაზრდებს შეეძლოთ ნებისმიერი შენობა მოეხატათ, რადგან მომკითხავი არავინ იყო. კულტურული სასწავლებლებიც პრაქტიკულად არ ფუნქციონირებდა და ადამიანები იძულებულები იყვნენ თავიანთი ხედვა ერთმანეთისთვის ქუჩაში გაეზიარებინათ. ამ სიტუაციამ სხვადასხვა არტისტს ბიძგი მისცა, რომ მათ მთელი უბნები მოეხატათ და ერთმანეთში ერთგვარი შეჯიბრიც კი გაეჩაღებინათ. ყველა მხატვარი თავისი სტილის და ხელწერის მონიშვნას ცდილობდა, რაც თაგების, ანუ ნამუშევარზე ინიციალების დაწერის კულტურაში გადაიზარდა. ეს ტექნიკა იმდენად პოპულარული გახდა, რომ რაღაც პერიოდის მერე ხატვის მთავარი ობიექტები თავად ეს თაგები და ინიციალები შეიქნენ. 

ემსიინგის კულტურაც მალევე ჩამოყალიბდა. როგორც ყველა ღონისძიებას სჭირდება წამყვანი, ისევე ყველა წვეულებას სჭირდებოდა ადამიანი, ვინც საღამოს გაუძღვებოდა. უბნის წვეულებებზე წამყვანად, ძირითადად, ყველაზე განათლებულ და ენამოსწრებულ ადამიანს ირჩევდენ ხოლმე, ვინც დიჯეის წარადგენდა, პაუზების დროს ისტორიებს მოყვებოდა, პოლიტიკურ და სოციალურ მესიჯებს გააჟღერებდა და, ერთი სიტყვით, შეკრებილი საზოგადოების გართობას შეეცდებოდა. ასეთ ადამიანებს ცერემონიების ოსტატი (master of ceremonies, იგივე MC) შეარქვეს და პირველი ემსიებიც ასე გაჩნდენ. რაღაც პერიოდის მერე, ხალხის მეტად გართობის მიზნით, ემსიებმა ინსტრუმენტალური ბრეიქების დროს რეჩიტატივების წაკითხვა დაიწყეს, რამაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. სწორედ ასე გაჩნდა რეპინგის კულტურა და ინსტრუმენტალებზე გარეპვის ტრადიციაც აქედან მოდის. 

თვითონ რეჩიტატივის თქმას აფრიკულ-ამერიკულ კულტურაში დიდი ტრადიცია აქვს. ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, აფრიკულ ტომებში შაირობის ტრადიცია საკმაოდ გავრცელებული იყო და შემდეგ, მეოცე საუკუნის 20-იან წლებშიც, რეჩიტატივის ძალიან საინტერესო ფორმები გვხვდება, თუმცა ამ თემაზე და რეპინგის საფუძვლებზე უკვე შემდეგ ბლოგ-პოსტში მოგითხრობთ.