მუსიკა | ცა

ყური დაუგდე სამყაროს

აქ.ახლა / რადიო

სექტემბერი 12, 2020

დილის 07:00 საათია, ზღვაზე ვარ. ამ დროს მიტოვებული სანაპიროს ჰორიზონტზე სულიერიც კი არ მოჩანს, შესაბამისად საუკეთესო გარემოა იმის შესაგრძნობა, რისთვისაც ძირითადად მივილტვით ამ უზარმაზარი წყლის სივრცისკენ, სხვა შემთხვევაში ყურადღების ღირსადაც რომ არ ვაქცევდით.

მცირე ტალღები წამების მიხედვით ეხეთქებიან ნაპირს, რთულია გაიგო რა ძალა ახალისებს მათ ერთსა და იმავე ადგილს განუწყვეტლივ დაუბრუნდნენ. მაგრამ ბავშვობიდან ვხვდებოდი რომ ყოველი ტალღა განსხვავდებოდა, განსხვავდებოდა როგორც ფორმაში, ასევე იმ სათქმელთ, რის მოწოდებასაც ასე გამალებით ცდილობდნენ.


ის ტონალობის ცვლა, რომელიც ზღვის შხეფებში იმალება ჩვენი მგრძნობელობითი სამყაროს ყურადღებას ითხოვს. ის ამბიენსი, რომელიც ამ რიტუალური, განმაორებითი პროცესით იქმნება, შენთვისაა განკუთვნილი.

სანაპიროზე გადაადგილებისას  წინ ათობით ქვა მეღობება, ცოტათი ავუჩქარე, ისე რომ ჩემი მოძრაობები სირბილს დამსგავდებოდა და აქაც რაღაცის თქმას ცდილობს ჩემს ქვეშ გაგებული ქვათა მასა, რიტმულ სექციას რომ დაემსგავსა მისი ღაღადი.



სამყარო ვიბრირებს ჩვენს ირგვლივ და მისი ხმოვანება ჩვენი ცხოვრების მუდმივი მეგზურია.



თუმცა ადამიანთა უმრავლესობა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ერთმანეთს თუ ესაუბრება (სოციალურმა ქსელმა კი ეს ვერბალური კომუნიკაციის უნარიც კი დაახშო), ისინი აღარ უსმენენ ქარსა თუ ვარსკვლავებს, აღნიშნული საუბრის შეწყვეტა კი დაეტყო ჩვენს ფსიქო-ემოციურ ფონს და ბუნებაში არსებული კატაკლიზმების მომრავლებას.


ასეა, ბუნების სილამაზის დასანახად, თვალები მხოლოდ ნახევრად თუ ასრულებს ამ ფუნქციას. რამდენიმე წლის წინ მეცნიაერულად პირველად დადასტურდა, თუ რამდენად გვეხმარება ბუნების ხმები იმ სტრესის დაძლევაში, რაც ხელოვნურად შექმნილ მეტროპოლისის ხმაურს მოაქვს. ეს ენერგია ჩვენს ირგვლივ არსებობს და ჩვენთან დიალოგს ითხოვს. 

ბუნებრივი წყაროდან მიღებული ხმებიც კი, რომლებსაც ხშირად „ხმაურის“ ცნებაში ვატარებთ, ხშირად გარკვეულ სტრუქტურის მქონეა და მისი დახმარებით, სხვა ხმოვანებასთან შეთანხმებით თუ ვიზუალიზაციით, თვალწინ მუსიკალური ნაწარმოებიც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. სწორედ ამას აკებენ ხშირად ბუნების დოკუმენტალისტები.

ჩინელი არტისტი იან იუნი უფრო შორსაც მიდის და პირდაპირ აცხადებს


„ჩემს მიერ ჩაწერის ღილაკზე ხელის დაჭერა = ვიღაცის მიერ კონკრეტული მუსიკის შექმნა = ბახს“


აქაც ორი ძირითადი მიდგომა არსებობს: პირველი, რომელიც ბუნებიდან მიღებულ და ჩაწერილ ხმებზე და ტექნიკაზე აკეთებს აქცენტს და მეორე რომელიც თავად ჩვენს მიერ განხორციელებულ სმენის აქტზე ფოკუსირებს. სწორედ აქ შემოდის აქტიური სმენის ფენომენიც - ეს მიდგომა გულისხმობს განსხვავებული ხმების სმენის პროცესს, სადაც თავად ბგერის ფენომენზე ხდება კვლევის საგანი და ხმას ცდილდება ყველა ის გაგება თუ ატრიბუტი, რაც მას რაიმე კონკრეტულ ასოციაციაზე გაგვიყვანს.


მუსიკოსმა დევიდ ტუპმა 70-იან წლებში, ბუნებაში ფლეიტის ხმების ჩაწერა სცადა, თუმცა ჩანაწერის მოსმენისას მიხვდა, რომ შემადგენელი ნაწილებიდან ფლეიტას მხოლოდ მცირე ნაწილი ეჭირა, აქვე იყო თბილი სიო, ადგილობრივი ცხვრების ხმა და ა.შ. - ამ ექსპერიმენტმა მუსიკოსს სრულიად ახალი სააზროვნო სივრცე გაუხსნა იმის გასაგებად თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად ხმების სმენის პროცესი.

სივრცესა და დროში, ჩვენს გარემოში არსებული ხმების სმენის რამდენიმე ჰორიზონტი არსებობს - პირველი ასეთი ჰორიზონტი ფიზიკურია, ჩვენი ყურებით -  არის შიდა, ფსიქოლოგიური სმენის პროცესი. ჩვენ აქტიურად ვაკეთებთ გარკვეული ელემენტების პრიორიტიზაციას და ამით გამოვქვითავთ სხვებს - აღნიშნული პროცესის ნათელი მაგალითია, ის რომ ამ წამს, როდესაც ამას კითხულობთ, გარე ხმენიგან თითქოს დახშული გაქვთ ყურები და ფსიქოლოგიურად ბლოკავთ მათ. შემდეგი 10 წამის განმავლობაში ეცადეთ, რომ ისევ დაუკავშირდეთ ხმებს თქვენს ირგლივ და თქვენი სმენის არეალში ისევ აქტიურად დაბრუნდება კონდიციონერის, ტელევიზიისა თუ გარეთ არსებული ტრანსპორტის ხმები.


ჩვენი ყურები კარგი ფილტრია, ვინაიდან ის სმენის მოწყობილობაა, ხშირად იმაზე უკეთესი ვიდრე წარმოგვიდგენია. ეს ჰორიზონტი შემოქმედებითი სივრცის ნაწილია, სადაც ჩვენი წარმოდგენები და შთაბეჭდილებები დიდ როლს თამაშობენ.



ალბათ სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ დროის მონაკვეთში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ჩვენი ყურები და სმენა უფრო და უფრო ცენტრალურ როლს თამაშობს ჩვენი სამყაროს აღმოჩენაში. ახალმა შესაძლებლობებმა  საშუალება მოგვცა არსებული ხმების რეპროდუქცია მოგვცემოდა, რაც მომავალში დაკვირვების საგანი და ადგილის მეხსიერების აღდგენის შესაძლებლობას გვაძლევს, შემთხვევითი არაა რომ ისეთმა კულტურულმა ინსტიტუციებმა, როგორიც ლუვრია, აქტიურად დაიწყეს ვიზიტორებისთვის აუდიო ინსტალაციების შეთავაზება, სადაც  ბუნების ხმებია წარმოდგენილი.

სამყარო ვიბრირებს, შენ უბრალოდ ყური დაუგდე...

ავტორი: ჯაბა შავიშვილი