მუსიკა | ცა

Healer Twins

Tsa Music

ივლისი 29, 2020

2007 წელს ნევროლოგი ოლივერ საკსი წიგნში „მუსიკოფილია: მოთხრობები მუსიკასა და ტვინზე“ რიგ ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ავადობებს, მათ მუსიკასთან დამაინტრიგებელ კავშირს მიმოიხილავს და იქვე ნევროლოგიური ტრამვებისა და დაავადებების მუსიკის საშუალებით განკურნების არაერთი მაგალითი მოყავს.


მუსიკის ამ თვისების შესახებ ფიქრს ძალაუნებურად თუ ლოგიკურად ვიწყებ მომღერალი ექიმი დების ლიანა და თეა შენგელაიების დუეტის სმენისას.

თუმცა სანამ ეს მოხდება, ისევდაისევ ინტერნეტის მუსიკალურ „უჯრებში“ ქექვის ჩვევის წყალობით, ორიოდე წლის წინ ტყუპი დებისგან შემდგარ დუეტს ვისმენ (და ვუყურებ კლიპს Instinct), რომლის ქართული წარმომავლობის დამადასტურებელ ინფორმაციას კლიპის „კრედიტებში“კითხვები ეჯახება: ასე მოულოდნელად საიდან გაჩდნენ? 

- ეს კლიპი ლონდონში სწავლის პერიოდში (2016-2018) გადავიღეთ ჩვენი მეგობრის, ადილ ოლივერ შარიფის დახმარებით სტუდენტურ საცხოვრებელში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით.

ვიდრე ეს დრიმ-პოპ მიმართულების სიმღერა შეიქმნებოდა, სიმღერა, რომელსაც ნებისმიერი თანამედროვე ვარსკვლავი ისურვებს საკუთარ რეპერტუარში შესატანად, იგეგმებოდა ყველაფერი იმის გარდა, რომ დები მუსიკალურ ჯგუფს ჩამოაყალიბებდნენ. „ყველაფერი“ კი სამედიცინო ტრადიციის ოჯახში შვილების სამედიცინო კარიერაა.


დრო მძიმე იყო და 1992 წელს ახალგაზრდა მედიკოსების ოჯახი ამ სიძიმისგან თავის დასაღწევად, 3-3 წლის ტყუპებთან ერთად „ემირატებში“ (არაბთა გაერთიანებულ საამიროებში) უკეთესი ცხოვრების საძებნელად გაემგზავრა.


ოჯახს ხელოვნებისა და მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარული გააჩნდა.

მამის ვინილების დიდი კოლექციიდან აჟღერებული Pink Floyd, Deep Purple, The Doors და ბევრი სხვა გოგოების ქვეცნობიერში ილექებოდა. დედას მუსიკალურ უნარებსაც (ფორტეპიანოზე უკრავს) არ უთამაშიათ უმნიშვნელო როლი.

ემიგრაციაში წასული ოჯახისთვის ქართული მუსიკაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო.

უცხო ქვეყნის ისტორიულ-პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, დასავლური ორიენტაციის წყალობით ბრიტანულ და ამერიკულ კულტურაზე ხედი გოგონებისთვის უფრო გახსნილი იყო, ვიდრე მათი თანატოლებისთვის მათსავე სამშობლოში. იმ დროის ჰოლივუდურ ფილმებზეც უფრო მეტი წვდომა ჰქონდათ და სამომავლო ინსპირაცია აქედანაც მოდიოდა. შვიდი წლისანი შეიკეტებოდნენ საკუთარ ოთახში და ცდილობდნენ უკვე გაგონილი რეპერტუარის გადამღერებას. პირველი „ჩანაწერებიც“ორკასეტიან მაგნიტოფონზე კეთდებოდა. იმართებოდა „კონცერტები“ სამეზობლოსთვის. ლიკა და თეონა იმ დროს უკვე ცდილობდნენ საკუთარი „ტექსტები“ მიემატებინათ ცნობილი სიმღერებისთვის.

უკვე თექვსმეტი წლის ლიკა ფორტეპიანოს შემდეგ გიტარას დაუახლოვდა.

და სკოლის დამთავრებისთანავე დები საოჯახო ტრადიციის გასაგრძელებლად, უმაღლესი სამედიცინო განათლების უცხო (ინგლისურ) ენაზე მისაღებად, 2004 წელს სამშობლოში ჩამოვიდნენ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ადგილობრივ მუსიკალურ ანდერგრაუნდთან დაახლოებაც მოახერხეს (ჯგფუფი Me And My Monkey, ბაკურ ბურდული... დათო ლომიძე).

- ხშირად დავდიოდით ბარებში, სადაც ჩვენთვის საინტერესო მუსიკა იკვრებოდა...

სწავლის დამთავრებასთან ერთად, 2011 წელს ისევ დუბაიში მშობლებთან დაბრუნება და იქ სამედიცინო პრაქტიკის დაწყება გადაწყდა.

ამის პარალელურად დებში საკუთარი მუსიკის შექმნის სურვილიც გაზრდილი იყო. მათ იმთავითვე დუბაის ახალფეხადგმული „ინდი ქომიუნითი“ მოძებნეს და ადგილობრივი დამოუკიდებელი მუსიკოსებისთვის შექმნილ პლატფორმებთან ახლოს ყოფნას ცდილობდნენ.

- მიუხედავად ქვეყნის „დასავლური წარსულისა“, იმ პერიოდში ადგილობრივ ხელოვნებაში დიდ თავისუფლებას ვერ ვხედავდით, არც იმდენი ჯგუფები იყო...


- დამოუკიდებელი, საავტორო მუსიკისთვის, ისევე როგორც აქ, იქაც ძნელია არსებობა. ქავერ მუსიკოსისთვის და ტრადიციული მუსიკისთვის კარგი საარსებო გარემოა - შემოსავალიც არის და აღიარებაც.

და ამ ფონზე გადაწყდა აქამდე „სათავისოთ“ შეთხზული სიმღერები ჯგუფის თანხლებით აეჟღერებინათ. მეგობრის დახმარებით სოციალურ ქსელში გამოაცხადეს ქასთინგი. შედეგად ინტერნაციონალური ჯგუფი შედგა, სადაც ინდოელი (კლასიკური ინდური მუსიკალური განათლებით) ვოკალისტი და ჰარმონიუმზე დამკვრელი მულკრაჯ გადვი და ნიგერიელი მესაყვირე ოდაფე დევიდ მუკურო შედიოდნენ.


ლიკამ კლასიკური ინდური სასიმღერო ტექნიკის შესწავლაც კი გადაწყვიტა. დუეტს Healer Twins დაერქვა თეას და ლიკას პირველადი პროფესიის პატივსაცემად.

- 2011 წელს, როდესაც ჩვენ ვიწყებდით, ამ მიმართულების ქალი შემსრულებელიც უცხო იყო.


პირველ ეტაპზე მსმენელთა წრესაც დასავლელი ექსპატები ქმნიდნენ...

ხშირად კვირაში ოთხი გამოსვლაც კი გვქონდა.

2011 წელს დუეტის პირველი სინგლი Snake in the Desert გახდა. აშკარად ფემინისტური შინაარსის სიმღერა ფიუჯენ ჟანრში გადაწყვეტილი, ტრადიციული რიტმენბლიუზის, სოულის, ადრეული როკის, ორიენტალური მუსიკის ელემენტებით კარგად იქნა მიღებული გარემოში, სადაც, რბილად რომ ვთქვათ, ქალთა უფლებები არაპირველხარისხოვანია.


მამის გატაცებების სიაში, რომელთაც გოგონების შემოქმედებით მხარეზე იქონია გავლენა, კიდევ ერთი, პოეზიისადმი სიყვარული უნდა დასახელდეს -

ბატონ ლადოს ლექსების წერისთვისაც რჩებოდა დრო და პირველი, ვისაც მათ უკითხავდა, ოჯახი და პატარა თეა და ლიკა იყვნენ.


Healer Twins-ის ლირიკა მართალია სიმარტივით ხასიათდება და ძირითადი სასიყვარულო ხაზი გასდევს, მაგრამ აქ მეტაფორა ერთ-ერთი მთავარი „იარაღია“.

მთავარი ლირიცისტი დებში ლიკაა. 

- მე უფრო დაკავებული ვარ მედიცინით და ამას გარდა, ლიკას გიტარასთან და ფორტეპიანოსთან „სიახლოვის“ გამო რეპერტუარზე უფრო ის მუშაობს.

ეს არ გამორიცხავს ერთობლივ მუშაობას ან თუნდაც იმას, რო მეც დავწერო სიმღერა... (თეა)

ასე იყო თუ ისე, 2015 წლისთვის გოგონებმა თავი მოუყარეს საკუთარ შვიდ სიმღერას და დუბაის ერთ-ერთ ცნობილ პროდიუსერ მუჰამედ რაიან ბაილუნს მიაკითხეს სტუდიაში, რომელსაც, თავის მხრივ, ფლობს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი შემოქმედი და მუსიკოსი ქამალ მუსალამ. იგი ფიუჟენის ჟანრში მომუშავე ინსტრუმენტალისტია (გიტარა, უდი) და მას ფირმა იბანეზთან ერთად „ორიენტალური სერიის“ ელექტრო გიტარის შექმნაში აქვს მიღებული მონაწილეობა.

- პროდიუსერთან მუშაობისას მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება და ერთნაირი ხედვა, რაც პროფესიონალიზმთან ერთად დაგვხვდა რაიანთან სტუდიაში მისვლისას.

ალბომის ჩაწერის ხარჯები მთლიანდ ჩვენ გავწიეთ.

მას შემდეგ, რაც ქამალ მუსალამ სტუდიური მუშაობის პროცესს შეესწრო, ჩაწერაში მონაწილეობის და ალბომის გამოცემის სურვილიც გამოთქვა.

ეს სადებიუტო ალბომი Instict საერთაშორისო ინტერნეტ პლატფორმებზე (iTunes, Bandcamp, Deezer, Spotify...) გამოიცა. გოგონების გათვლით, არ იყო ჩაფიქრებული ალბომ-ჰიტად, თუმცა უნდა ვთქვა, რომ დასამახსოვრებელი მელოდიური ხაზის, ჰარმონიული ვოკალური დუეტების წყალობით, ასეთი პოტენციალი მასში შესულ არაერთ სიმღერას აქვს (Birdman, How Would I Know).


მისი გამოცემისთანავე, დუეტი, უკვე როგორც მედიკოსები, ბრიტანეთში გაემგზავრნენ სამეცნიერო ხარისხის ასამაღლებლად. და, ამასთან ერთად, დები „მეორე“ საქმისთვისაც ეძებდნენ ახალ პერსპექტივებს.

- აქ ისეთ ვენიუებზე გამოვედით, როგორიცაა O2 Academy Islington (ლანადელ რეის ქონდა გამოსვლა) და Rich Mix London.


გიტარაზე საკუთარი სურვილით შემოგვიერთდა ქეთი მელუას ძმა, მას შემდეგ, რაც ქეთის ჩვენი ჩანაწერები გადავეცით.

გავწევრიანდით Music Maneger Forum-ზე, სადაც ერთ-ერთ შეკრებაზე მისულებს ლანა დელ რეი, იმოჯენ ჰიპი და მათი მენეჯერები დაგვხვდნენ... ადგილობრივ მენეჯერებთან ურთიერთობების გარღმავებას ხელი ვერ შეუწყო იუთუბის არხზე გამომწერთა სიმცირემ და ინგლისში მოკლე ვადიანმა სასწავლო ვიზამ.


აქვე გავიცანით პროექტ Sounds Like Women შემქნელი პროდიუსერი და საუნდ თერაპევტი ლუიზა სტანიც, რომელმაც, ახლა, კარანტინის პერიოდში ორგანიზებულ ონლაინ „ჩელენჯშიც“ მიგვიწვია მონაწილეობის მისაღებად...

ლუიზასთან კიდევ იგეგმება თანამშრომლობა.

კარანტინის პერიოდში რამდენიმე სიმღერა მიემატა მანამდე დაწერილს და დუეტი EP-ის გამოცემაზე ფიქრობს. 

 - აქ გაგვიჭირდა ისეთი პროდიუსერის პოვნა, რომელიც, ასე ვთქვათ, დასავლურ დამოკიდებულებას გვაჩვენებდა საქმისადმი... ბოლო წლებში პროფესიონალურად განვითარდა მუსიკალური სცენა, თუმცა ადგილობრივი თავისებურებები საქმისადმი დამოკიდებულებაში საჭიროებს შეცვლას...

- მანამდე კი ადგილობრივ პროფესიონალთა ჯგუფთან ერთად კლიპზე ვმუშაობთ... ვგეგმავთ გადაღებას ყაზბეგში... ვფიქრობთ, ამ კლიპით კიდევ ერთხელ მშობლიური ბუნების სილამაზის პოპულარიზაცია მოვახდინოთ...

სიმღერა ჩვენი სადებიუტო ალბომიდან Mountain of Dreams...

ეს ახდენილი და აუხდენელი ოცნებების მთაა..

ავტორი: დავით ჟორჟოლაძე