მუსიკა | ცა

მუსიკის ჰონტოლოგია 010 - ფანკი

Tsa.Music

აგვისტო 23, 2021

ფანკი თანამედროვე პოპ მუსიკის თითქმის უკვე ყველა ჟანრშია შეჭრილი, ნეო სოული, არ ენ ბი, ჰიპ ჰოპი, საკლუბო ელექტრონიკა, როკ მუსიკა და ჯაზიც კი. ვერც ერთი მათგანი აცდა ფანკს, ვერც პანკი, ვერც პოსტ პანკი და ავანგარდული პოპ-როკიც კი ვერ.  

ნებისმიერი ბითმეიკერიც ვალდებულია ზედმიწევნით კარგად გრძნობდეს ფანკს. მაინც რა არის ასეთი განსაკუთრებული ფანკში? რა და - გრუვი (groove). გრუვი, როგორც ტერმინი, როგორც მუსიკის თვისება, სწორედ ფანკმა შემოაგდო და დანერგა. გრუვის გარეშე ფანკი არ არსებობს, მეორე მხრივ, გრუვის გარეშე, ნებისმიერი მუსიკა დღეს სტატიკურად აღიქმება, არადა, თავის დროზე ფანკი, როგორც სოულის ქვე-ჟანრი, როგორც ახლებურად აჟღერებული არ ენ ბი, ისე აღიქმებოდა და ეს ლოგიკურია, რადგანაც ფანკი აფრო-ამერიკული მუსიკის ევოლუციის რეზულტატია, მისი კულმინაცია. ფანკის ელემენტები ჯერ კიდევ 50-იანებში გვხვდება, მაგრამ დაფორმატებული სახით. პირველად ჯეიმს ბრაუნის მუსიკაში გამოიკვეთა, პირველ ჩამოყალიბებულ ნიმუშად კი მისი ტრეკი - Papa’s Got a Brand New Bag (1965) ითვლება.

არანაირი ახალი სტილის მოგონება ბრაუნის გეგმაში არ იყო, მას უნდოდა ყველასგან განსხვავებული არტისტი ყოფილიყო, განსხვავებული მუსიკით, საუნდით, სიმღერის მანერით და საცეკვაო ილეთებით.  

რა თქმა უნდა, საბაზისო უნდა ყოფილიყო გოსპელი და სოული, მაგრამ უფრო ხისტი, ექსპანსიური და ენერგიული.

რითი ხასიათდებოდა ბრაუნის ფანკი? პირველ რიგში, წინმსწრები ბასით და მშრალი საგიტარო აკორდით. ყველა ინსტრუმენტი უკრავს ხისტად და ლაღად, საყრდენი ბითის მომენტში კი ყველა ბგერა ერწყმის ერთ მონოლითურ და მძლავრ ბგერა-„დარტყმაში“. 

როგორც ბრაუნი ხსნის, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ინსტრუმენტი უნდა გადაიქცეს რითმ ინსტრუმენტად, ამიტომაცაა, რომ ყველა მუსიკოსი უკრავს საკუთარ რითმულ ფიგურას, ელექტრო გიტარაც კი ისე პულსირებს, როგორც დრამი.

ჯეიმს ბრაუნის ფანკში მთავარია „პირველი დარტყმა“, ტაქტის პირველ წილადზე მძლავრი აქცენტირება, რაც მომავალში ფანკის სავიზიტო ბარათი გახდება და რაც განასხვავებს კიდეც ფანკს რითმ-რელიეფს ტრადიციული რიტმ ენდ ბლუზისგან. 

ბრაუნს უნდოდა ახლებურად აეწყო საცეკვაო სიმღერა, შეენარჩუნებინა მონოტონურობა, გაერთულებინა ურთიერთ გადამკვეთი „აღმგზნები“ პასაჟებით და პლუს, რა თქმა უნდა, მისი ვოკალი. 

ჯეიმს ბრაუნი არ მღერის, ის გაჰყვირის ფრაზებს, სიტყვებს, ხანდახან მხოლოდ მარცვლებს, მგზნებარედ და ხშირად ექსტატურადაც (გოსპელის გავლენა), მისი ეს ბგერები დამატებით რითმულ  ფენას ქნის. საინტერესოა, სასიმღერო განმეორებით მელოდიურ ფრაზებს მის ტრეკებში უმთავრესად ბექ ვოკალისტები ასრულებენ. რაც უფრო იჭრებოდა ბრაუნი ახალ მიგნებებში, მით უფრო კლებულობდა მელოდიის წილი მის მუსიკაში და იზრდებოდა ფანკ სირთულე. ამიტომაც ეძებდა ვირტუოზ მუსიკოსებს საკუთარი ბენდისთვის. ასე გაჩნდნენ მის ორკესტრში დამწყები ფანკ ლეგენდები, ფრედ უესლი, მასეო პარკერი და რევოლუციონერი ბასისტი ბუთსი კოლინზი. სწორედ ამის შემდეგ განვითარდა ფანკი უსწრაფესად და გახდა დომინანტური და ყველაზე პროგრესული მიმართულება აფრო-ამერიკულ მუსიკაში, ხოლო ბრაუნის ფრაზები, დღემდე ყველაზე ხშირადაა დასემპლილ-დალუპული, როგორც ჰიპ ჰოპში, ასევე ტექნო-ჰაუსში.

მაინც რა იწვევს ფანკ გრუვს? რა და - სინკოპა. მაგრამ სინკოპა ხომ ფანკის “მოგონილი“ არ არის, მელოდიის სინკოპირებას ჯერ კიდევ ბაროკოს კომპოზიტორები მიმართავდნენ შუა საუკუნეებში.

კლასიკურ მუსიკაში სინკოპირება ნორმიდან გადახვევას წარმოადგენდა, ეთნო მუსიკაში კი, იქნება ეს მაროკოული გნავა, თუ ინდური კლასიკური მუსიკა, სწორედაც რომ ნორმაა და ნაწარმოების განვითარების აუცილებელი ელემენტიც კი, მაგრამ გადამწყვეტი, მაინც გახდა აფრიკული პერკუსიული დრამინგი, როგორც რიტუალური ცეკვების და სიმღერების აკომპანიმენტი. სწორედ აფრიკული რითმული ინექციებია ლათინო ამერიკულ სალსაში, ბრაზილიურ სამბაში და, რა თქმა უნდა, ამერიკულ ჯაზში - ყველა ამ სტილს აერთიანებს რითმის თავისებური სინკოპირება.

მუსიკალური ნაწარმოების ქრონომეტრაჟი, პირობითად იყოფა თანაბარ დროით ნაწილებად, სწორედ ამ ნაწილებზეა გადაფენილი ნოტები და აკორდები, თავისი აქცენტებით და მახვილებით, აი, როგორც მეტყველებაშია. ისევე როგორც  მეტყველებაშია შესაძლებელი მახვილების შეცვილს შედეგად ახალი აქცენტის მიღება, ასევე მუსიკოსს შეუძლია შეცვალოს არსებული მელოდიური რითმული „წესრიგი“, აი, მაგალითად დააგრძელოს ან დაამოკლოს ესა თუ ის ნოტი, შედეგად იცვლება ამ ნოტების რითმული სიმძიმე, იცვლება მისიკის აკუსტიკური ხასიათი, ეფექტი. 

ფაქტიურად საქმე გვაქვს მუსიკოსის თამაშთან მუსკალურ ელემენტებით, პრიმიტიულად სინკოპირება სწორედ ასე შეგვიძლია ავხნათ. 

ცხადია, სინკოპირების მრავალნაირი ინტერპრეტაცია და რესურსი არსებობს, რაც საკმაოდ ეფექტურად გამოიყენა ჯაზმა თავის დროზე, სწორედ ამის რეზულტატია ე.წ.  „სვინგი“(Swing). სვინგის დროს რითმული კონსტრუქცია გლუვდება,  სტატიკურობას კარგავს, დენადი ხდება და მუსიკაც წინ მიექანება, მსმენელს კი „აიძულებს“ ან ტაშით აყვეს, ან თეძოების მოძრაობით.   

პოპ მუსიკის მთელი საცეკვაო სეგმენტიც სინკოპირებულ რითმს ეყრდნობა, რომელიც სწორედ ჯაზ-რითმ ნ ბლუზური სვინგიდან გადაბარგდა, პოპში, როკში, ცხადია, სოულშიც. ფანკიც სწორედ აქცენტირებულად საცეკვაო ხასიათის მუსიკაა, მთავარი განსხვავება ფანკსა და დანარჩენ პოპ ჟანრებს შორის ამ კუთხით არის ის, რომ ფანკში აბსოლუტურად ყველა მუსიკოსი სინკოპირებს, რაც იწვევს სწორედ გრუვს. შეიძლება ითქვას, რომ ის, რაც ჯაზში სვინგია, ფანკში გრუვია, ანუ ერთიც და მეორეც, აკუსტიკური ეფექტია, უნარი, აამოძრაოს და აათამაშოს როგორც მუსიკალური მასა, ასევე მსმენელის სხეულები. 

მაგრამ ხარისხინი ფანკის დასაკრავად მხოლოდ სინკოპირების უნარი არ კმარა. უნდა იყო, როგორც მუსიკოსთა წრეებში ეძახიან, ე.წ. Funkyman. ფანკ მუსიკოსი კომპლექსურად უდგება საკითხს, ის უკრავს საკუთარ რითმულ ფიგურებს, მელოდიებს, მუსიკოსები შეიძლება ერთდროულად უკრავდნენ ერთი და იმავე ფრაზას, მაგრამ ასინკოპირებდნენ განსხვავებულად. სასულე სექციის და ვოკალის პარტიები უმთავრესად მოკლე, ხისტი და მარტივია, ბასის და გიტარის პარტიასთან მიმართებაში წანაცვლებული (ესეც სინკოპირებაა). თავის მხრივ, ბასი და გიტარაც წანაცვლებულია ერთამენთის მიმართ, ანუ სწორედ მრავალფეროვანი ურთიერთ სინკოპირების ხარჯზე, აქცენტების და მახვილების მუდმივი ცვლილებისას, ხდება მუსიკის შრეებად დაშლა, რომელიც ხან იკვრება და ხან ცილდება ერთმანეთს. სწორედ ესაა ფანკ ჯემი (Jam), რომლის მიზანია, სწორედ ასეთი მუზიცირების შედეგად მიღებული მელოდიურ რითმულi ბლოკები დინამიკაში მოიყვანოს და მოახდინოს გრუვი. 

საშიშროება, რომ ეს ყველაფერი აკუსტიკურ ფაფად გადაიქცეს, არსებობს, მაგრამ არსებობს მკაფიო ორიენტირი, დრამის მძლავრი ბითი, სწორედ მასთან მიმართებით პოზიციონირდება და იმპროვიზირებს ბენდის ყველა მუსკოსი. ამიტომაც, ხშირად ვხვდებით ფანკში არითმიას, ბიძგებს ბრეიქებსა და ოფ ბითებს (Offbeat), მაგრამ ფანკ ჰარმონია არ ირღვევა, რასაც მსმენელის ყური საკმაოდ მკაფიოდ გრძნობს.

რა თქმა უნდა, არის კიდევ საუნდის მომენტი, ბგერის გამა შეიძლება სულ იცვლებოდეს, მაგრამ მძლავრი ბასი ყოველთვის აუცილებელია. ეს ე.წ. Slap, როცა ცერა თითით ბასისტი ურტყამს გიტარის ზედა სტრუნას, სწორედ ფანკ ხერხია და ის პირველად შეასრულა ფანკის კიდევ ერთი ინვენტორის Sly Stone-ის ბენდის ბასისტმა, ლარი გრემმა. სლაი სტოუნის ფანკი, სწორედ განუწყვეტელი, არაპროგნიზირებადი ფანკ ჯემების რეზულტატია. სრული ქაოსი, საიდანაც იკვეთება ფანკ წესრიგი. მისი ალბომი, There is a Riot Going On, სწორედ ასეა ჩაწერილი, რომელმაც ნამდვილი გადატრიალება მოახდინა უკვე ზოგადად პოპულარულ მუსიკაში. პირველად სწორედ ამ ალბომზე მუშაობისას იქნა გამოყენებული „დრამ მანქანა“, რომელიც უზრუნველყოფდა მუსიკის ბით პულსაციას. 

სწორედ Sly Stone-ის სტუდიურ სესიებზე დასწრების შემდეგ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება დიდმა მაილს დევისმა, თუ რა მიმართულებით უნდა განევითარებინა საკუთარი მუსიკა. 

მაილსი ვერ იტანდა თავისუფალ ჯაზს, ავანტიურისტულ მუსიკად მიაჩნდა ის. სწორედ ჯაზის კრიზისიდან გამოსაყვანად გააელექტრონულა მან საუნდი, ხოლო საბაზისო ფუნდამენტად კი სწორედ ფანკ გრუვი აირჩი.

ასე წარმოიშვა „ფიუჟენი“(Fusion) და ჟაზ-როკიც. მაილსმა ფანკ იმპროვიზაციების რადიკალიზაცია მოახდინა. მისი ფანკი როგორც ავანგარდი, ისე ჟღერს, ხოლო ხშირ შემთხვევაში როგორც აკუსტიკური კრუნხვები და ისტერიკა, ისე ჟღერს, რაც განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება მის 70-იანების საკონცერტო ჩანაწერებზე.  

კიდევ ერთი გადამწყვეტი ფიგურა, რა თქმა უნდა, ჯორჯ კლინტონი და მისი ბენდ-ორკესტრი Parliament – Fankadelic იყო.

70-იანი წლების დასაწყისიდან სწორედ მან აიღო ინიციატივა ხელში, გადაიბირა და თავი მოუყარა გენიალურ მუსიკოსებს და ავტორებს (ბუთსი კოლინზი, ფრედ უესლი, მასეო პარკერი, ედი ჰაზელი, ბერნი ვორელი.....) მუზიცირების სრული თავისუფლება მისცა მათ, სლაი სტოუნის ფანკ-ფსიქოდელია კლინტონმა კიდევ უფრო გააეროტიულა, ჰედონიზმში, გლემსსა და კოსმიურ ფუტურიზმში გადაისროლა, ამოწია სონგრათინგი, ინსტრუმენტალური იმპროვიზაციები და ეკლექტიკა, რაც სრულ შესატყვისობაში იყო 70-იანების ესთეტიკურ კონტექსტთან. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ავთენტური ფანკის ევოლუცია სწორედ კლინტონმა და მისმა კოლექტივმა დაასრულა. 

იმ პერიოდში ფანკი ძალიან მოდური გახდა და თითქმის ყველა აფრო ამერიკელი არტისტი, როგორც ძველები (სტივი ვანდერი, კერტის მეიფილდი, მარვინ გეი...) ასევე ახლები (Cool &The Gang, Ohio Players, Earth Wind&Fire…), ფანკში გადაიჭრა, რამაც, ცხადია, გამოიწვია ფანკის კომერციალიზაცია, ეს უკვე ფანკ პოპი იყო.

ის, რომ ფანკი გამარტივდა და შედეგად ტრანსფორმირდა დისკოში, იყო სრულიად ლოგიკური. ამ პროცესების ფონზე, სრული მოულოდნელობა იყო ფანკ ჯემის ახალი რეინკარნაცია ნიგერიაში, გენიალური ფელა კუტის და მისი ორკესტრის მეცადინეობით. საინტერესოა, რომ ფანკი, ანთროპოლოგიურად სწორედ ნიგერიაში მცხოვრები იორუბას ტომების პოლირითმულ დრამინგს ეყრდნობა, შეიძლება ითქვას, რომ აფრიკამ დაიბრუნა ფანკი და გადააფორმატა „აფრო ბითად“, მუსიკა, რომელიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს მსოფლიო სცენაზე დღემდე. 

70-იანების მიწურულს ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფანკი სრულიად ახალ, ნოვატორულ ტერიტორიებზე იპოვიდა ახალ სიცოცხლეს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჰიპ ჰოპი, რომლის ბითები დღემდე ფანკ გრუვზეა აგებული, მაგრამ თუ ეს მაინც ლოგიკური იყო აფრო ამერიკული კულტურიდან გამომდინარე, სრულიად მოულოდნელი იყო  ფანკის ინექცია პანკ-ახალ ტალღაში, ტერმინიც კი გაჩნდა, ფანკ პანკი, საოცრად ექსპანსიური, მგზნებარე და უკომპრომისო, (The Contortions, Pop Group, Gang of Four…)

ფაქტიურად, პოსტ პანკის მოზრდილი სეგმენტიც სწორედ ფანკ რითმზეა აგებული. ამ მხრივ, უდავოდ ნამდვილი კულმინაციაა ნიუ იორკული Talkin Heads-ის ადრეული შემოქმედება, განსაკუთრებით მათი ცოცხალი კონცერტები, რომლებზეც ბენდი გაფართოებული შემადგენლობით, სრულიად ახლებურად გადააზრებულ ფანკს უკრავს, ნევროზულს და ურბანულ პარანოიდალურს.  

ჰიპ ჰოპი, პოსტ პანკი, დისკო კი ის ხიდი ჟანრები გახდნენ, რომლებმაც 80-იანებში ფანკი გადაიყვანეს ახლა ორბიტაზე. ავანსცენაზე გამოდის ახალი სოული, ჰაუსი, ელექტრო პოპი, გენიალური პრინცი, ბოლო-ბოლო. დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი, ეს ყველაფერი ფანკის გარეშე წარმოუდგენელია. 90-იანების მთელი პროგრესული ელექტრონიკა თავისი ბრეიქ ბითებით, თუ დრამ ენ ბეისით, სხვა არაფერია, თუ არა ელექტრონული საუნდით შექმნილი, რითმულად გართულებული და სემპლ ჯემებით დახუნძლული ნეო ფანკი. ფანკ ნარატივი სიცოცხლის უნარიანია დღემდე და ეს არცაა გასაკვირი, ახალგაზრდულ მუსიკალურ კულტურას აღარ შეუძლია გრუვის გარეშე, ხოლო სადაც გრუვია, იქ ფანკი გარდაუვალია.

ავტორი: გია ხადური