სიახლეები

გრაფიტის ლეგენდა - T-Kid თბილისში

12-13 ოქტომბერი, Fabrikaffiti 2019

ოქტომბერი 10, 2019


“გრაფიტი არტია, გრაფიტი წმინდა ექსპრესიონიზმია...მან მსოფლიოს გამოხატვის სრულიად ახალი ფორმა შესთავაზა “


ამბობს სწორედ ამ არტის ერთ-ერთი პირველი შემქმნელი T-Kid-ი რამდენიმე წლის წინ მიცემულ ვიდეო-ინტევიუში და ხმაზე სიამაყე და კმაყოფილებაც ეტყობა.


T-Kid-ისგან დღეს ბევრ ინტერვიუს იღებენ. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში შეხვდებით გამოფენებზე, წიგნების პრეზენტაციებზე. ყველაზე ხშირად კი - ქუჩაში, საღებავებით ხელში. სხვაგან ვერც იქნება. T-Kid-ი ქუჩის ლეგენდაა. სწორედ ასე უწოდებენ მას: ქუჩისა და სტრიტარტის ლეგენდას.  


ეს ლეგენდა პარასკევს თბილისშიც ჩამოვა

T kid

„ფაბრიკაფიტის“ - გრაფიტის და ურბანული არტის წლევანდელი ფესტივალის მთავარი სტუმარი სწორედ სტრიტარტის სულისჩამდგმელი ნიუ იორკელი არტისტების ჯგუფის წევრი T-Kid-ი, იგივე ჯულიუს კავეროა. ის „ფაბრიკაში“ 11 ოქტომბერს ვორქშოფს გამართავს, 12-ში, 6 საათზე კი საჯარო ლექციას თემაზე „1970-1980-იანი წლების ბანდები, გრაფიტი და ჰიპჰოპი“. ლექციის შემდეგ არტისტის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგება.

T kid

1977 წელს, ნიუ იორკის ბანდების მორიგი შეხლა-შემოხლის შემდეგ, დაჯგუფების ერთი, მძიმედ დაჭრილი, ახალგაზრდა წევრი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. პარკში დატოვებული და საავადმყოფოში გამოღვიძებული კავერო, რომელსაც იქამდე ბრონქსის ბანდები, ბრეიქ-დანსი და საქმეების გარჩევა უფრო აინტერესებდა, სახატავ ნივთებს მოითხოვს და, როგორც T-KID-ის ბიოგრაფები წერენ, საავადმყოფოშივე დაუსრულებლად ხატვას იწყებს.


ის დღეები იყო, როცა გრაფიტის მომავალმა ვარსკვლავმა ბრონქსში საქმის გარჩევებს თავი დაანება, T-Kid 170 დაირქვა და მისთვის ასე ნაცნობ ქუჩის სამყაროს სხვა მისიით დაუბრუნდა.  

Terrible T-Kid–ი - არტისტი საკუთარ თავს ზოგჯერ ასეც უწოდებდა, სადაც პირველი სიტყვა „საშინელს“ ნიშნავს, აბრევიატურა T-ში კი მან ერთდროულად სიტყვების -- „გამხდარი“ და „მაღალი“ - ინგლისური მნიშვნელობა ჩააქსოვა, „რადგან ის ძალიან გამხდარი და ძალიან მაღალი იყო და ყველა ბავშვს ეძახდა“.


70-იან წლებში კავერომ არტისტთა ჯგუფ „The Nasty Boys”-თან ერთად დაიწყო წერა - ოღონდ წერა კედლებზე, მატარებლებზე და მალე გამორჩეული, დამახასიათებელი ინდივიდუალური სტილიც ჩამოუყალიბდა. მისი მენტორები ასევე ცნობილი ნიუ იორკელი სტრიტარტისტი Tracy 168 და Padre Dos-ი იყვნენ. მოგვიანებით, T-Kid-მა თვითნვე შექმნა არტისტთა გაერთიანება T.N.B., რომელიც არა მარტო ამერიკელ, სხვა ქვეყნების არტისტებსაც უყრის თავს. 



T-Kid-ის „უნიკალური სტილი, სადაც წარწერებს შორის პერსონაჟები ჩნდებიან, მსოფლიოში ცნობილია და ის ბევრი მიმდევარის თუ მიმბაძველის შთაგონებაც გახდა“, - წერს “Widewalls-ი“. არტისტის ნამუშევრები დღეს ევროპის და აშშ-ის ბევრ გალერეაში იფინება. გამორჩეული სტილის გარდა, T-Kid-ი ცნობილი მატარებლებზე ეგრეთ წოდებული „თავდასხმების“ გამოც გახდა, რომლების დროსაც ის, რა თქმა უნდა, საღბავებით იყო ხოლმე შეიარაღებული. 


50 წლის წინ, „რაღაცეებს ვწერდით მატარებლებზე და დღეს ეს გრაფიტი სტრიტარტად გადაიქცა. მომავალში, სტრიტარტი სხვა რამედ გადაიქცევა“, - უყვება ახლა უკვე 60 წელს მიღწეული არტისტი მხიარულად ერთ-ერთ ჟურნალისტს და თან ახალ თაობასთან, ვისაც სტრიტარტისტობა და გრაფიტის შექმნა სურს, აბარებს: 


„გააკეთე ის, რაც იცი და ამით განვითარდები. ნუ შეეცდები ის გახდე, ვინც არ ხარ...იყავი შენი თავი - გრაფიტის შექმნა სწორედ ამას ნიშნავს. გრაფიტით შენი, საკუთარი თავი უნდა გამოხატო და არა ჩემი, და ვინმე სხვისი. შენი!“ 


შეხვედრებზე T-Kid-ი 1970-იან და 80-იან წლებს - გრაფიტის დაბადების ათწლეულებსაც გაიხსენებს; ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ ყალიბდებოდა სტრიტარტი, როგორც კულტურა და როგორც ხელოვნება. და ამით თბილისის ურბანული არტის ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ მიზანსაც გამოეხმაურება: „ფაბრიკის“ ეზოში ყოველწლიურად დატოვებულ უამრავ შთამბეჭდავ ვიზუალთან ერთად, ფესტივალის სტუმრებისთვის, ზოგადად, სტრიტარტის ისტორია, მისი როლი და კონტექსტი წარმოაჩინოს. 


წლევანდელი ფაბრიკაფიტი „ფაბრიკაში“ 12-13 ოქტომბერს გაიმართება. 

ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი