ლიტერატურა

„მირჩევნის ჩემი ტფილისი“

ჩვენ ვიცით, რომ 1935 წელს პარიზში ემიგრანტი ილია ზდანევიჩი აქტიურად ცდილობდა შეხვედროდა გალაკტიონ ტაბიძეს. რამდენიმეჯერ მიაკითხა სასტუმროში, სამჯერ სასტუმროს ბლანკზე რუსული ჩანაწერიც დაუტოვა:


-  ძვირფასო გალაკტიონ, შემოვიარე თქვენთან გუშინ და დღეს, მაგრამ ვერ მოგისწარით, ვერც კონვერსზე შეგხვდით. ისევ მოგაკითხავთ ხვალ დილის 10 საათამდე. იმედი მაქვს შეგხვდებით, ვინაიდან აუცილებლად უნდა გნახოთ. - ეს პირველი ბარათია.


მეორე ბარათთან ერთად ბილეთიც დაუტოვა:


-  დღეს საღამოს ამ ბილეთით აუცილებლად მობრძანდით ტროკალეროში.


ცხადია, გალაკტიონს შეზღუდული ვალუტა ექნებოდა და ამიტომ ზდანევიჩმა ტროკადეროს ბილეთი თვითონ შეიძინა და მიართვა, მაგრამ ამაოდ. ეტყობა ზდანევიჩი მიხვდა, რომ გალაკტიონი თავს არიდებდა და იმედი დაკარგა.


მესამე წერილში გამოეთხოვა და გზა დაულოცა:


-ძვირფასო გალაკტიონ, რამდენიმეჯერ მოგაკითხე და ვერასოდეს მოგისწარი. გზა მშვიდობისა. მომიკითხე მეგობრები. იბრძოლე თბილისში ჩვენი საერთო საქმისთვის.


ამ უსტარის წაკითხვის შემდეგ მე ვივარაუდე, რომ ბერიას მიერ პირადად გაფრთხილებულმა გალაკტიონმა ვერ გაბედა და ვერ შეხვდა ემიგრანტს.


საბედნიეროდ, გალაკტიონის არქივში აღმოჩნდა ჩანაწერი:


- ზდანევიჩი სწუხდა, რომ იგი ცხოვრობს ეხლა მხოლოდ ხუთასი ფრანკით, ე.ი ასი ფრანკი უდრის ჩვენს (87მ. 50კ.) ვალიუტით - იგი ხუთასი ფრანკი იგივე 80 მანეთია საბჭოთა ფულზე.


აღმოჩნდა აგრეთვე გალაკტიონის უბის წიგნაკში ზდანევიჩის ხელით ჩაწერილი ამ უკანასკნელის მისამართი:


- Zdanevitch 12, Zue Seguier, Paris VI, 29/VI.


როგორც ირკვევა, ზდანევიჩმა მაინც მოიხელთა გალაკტიონი, რომელიც პარიზის საკმაოდ ვრცელ ჩანაწერებში გასაგები მიზეზის გამო არსად ახსენებს ამ ფაქტს, თუმცა ილია ზდანევიჩის სამი სახელდახელო ბარათი თბილისში ჩამოიტანა.


ჩვენთვის ცნობილია, რომ 1927 წელს პარიზში დევნილი მთავრობის წევრის ნოე რამიშვილის ინიციატივით შეადგინეს კომისია, რომელსაც დაევალა რომელიმე ქართველი ანტიკომუნისტი მწერლის გადაბირება და ოთხ კანდიდატს შორის პირველი გალაკტიონი დაასახელეს. როგორც ამ წყაროს ავტორმა ვალიკო ჩუბინიძემ მოიგონა, გალაკტიონმა თავი შეიკავა - საქართველოში მეტის გაკეთებას შევძლებო, თუმცა გალაკტიონს თავისი მთავარი მისია შესრულებული და დასრულებული ჰქონდა - 1927 წლისთვის „ზარნიშიანი წიგნი“ უკვე დაბეჭდილი იყო.


სხვათაშორის, მაშინ კანდიდატებს შორის დასახელებული იყო აგრეთვე გრიგოლ რობაქიძე, რომელიც 1931 წელს გაემგზავრა კიდეც უცხოეთში და აღარ დაბრუნდა.


მიხეილ ჯავახიშვილი და გალაკტიონ ტაბიძე


როგორც ირკვევა, ეს იდეა 1035 წელსაც დადგა დღის წესრიგში და ილია ზდანევიჩი, რომელიც შედარებით უკეთ იცნობდა გალაკტიონს, არა მარტო თვითონ იყო დაინტერესებული. ცხადია, პარიზის შეხვედრა კონფიდენციალურად ჩატარდა, რაზედაც მიგვანიშნებს იმავე პარიზის


ჩანაწერების ერთი უმისამართო რუსული ფრაზა:


- Говоритъ об етом огнеопасно


ხოლო აქვე წარმოდგენილი ქართული ჩანაწერი, სახელდახელო და სანახევროდ გარითმული ორი სტრიქონი გვაუწყებს, რომ ზდანევიჩი არა მარტო შეხვდა გალაკტიონს, არამედ პარიზში დარჩენა შესთავაზა:


- კონგრესზე. მირჩევნის ჩემი ტფილისი, ჩემი მოსკოვი

დღეს მოხალისევ! გერჩიოს ისევ

ჩვენი ტფილისი, ჩვენი მოსკოვი.


უნებლიეთ გამახსენდა ოდესღაც ჩემს მიერ თარგმნილი ჩემი თანასკოლელი მაიაკოვსკის „გამოთხოვება“:


დავახურადავე უკანასკნელი

ფრანკი და უკვე მელის მარსელი

და მიმაცილებს მთელი თავისი

მშვენიერებით სავსე პარიზი.

გამოაჩინა ეჭვმა კლანჭები,

გული მოითხოვს პასუხს მოზომილს,

მაგრამ პარიზში როგორ დავრჩები,

რაკი არსებობს ქვეყნად მოსკოვი.


და, ცხადია, არც თვითონ გალაკტიონი დამვიწყებია:


დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია,

თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი,

და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია,

მე ტფილისი ავირჩიე ბებერი.



ერთხელ სიყმაწვილის ჟამს, გალაკტიონმა წაიოცნება:


- პარიზის უნივერსიტეტის სტუდენტი გალაკტიონ ტაბიძე.


და აგერ, 1935 წლის 29 ივნისს, პარიზში ილია ზდანევიჩმა მაცთური არჩევანის წინაშე დააყენა გალაკტიონი:


- პარიზი თუ თბილისი?


და გალაკტიონმა აირჩია:


- მირჩევნის ჩემი ტფილისი!

მე რომ არ მცოდნოდა, ქართველ ემიგრანტთა 1927 წლის განზრახვათა და - როგორი დეტექტივის მოწადინებით ცდილობდა 1935 წელს ზდენევიჩი გალაკტიონთან შეხვედრას, ცხადია, ამ სამსიტყვიან ქარაგმას ვერ გავშიფრავდი. და კიდევ, რამდენი ასეთი სამეული და სამასეული თვლემს პოეტის უსიერ არქივში, რომელიც ჯოისის „ულისეს“ ლაბირინთივით აღიზიანებს ჩემს მეხსიერებას და ამჯერად მხოლოდ 36 წლის შემდეგ გამოვამჟღავნე დეტალი, რომელმაც სასიამოვნო შტრიხი შეჰმატა გალაკტიონის ბიოგრაფიას, და მაინც 36 წლის შემდეგ - „როგორც ხანდახან ნივთს ეძებ დიდხანს, ნივთი კი თვალწინ ყოფილა თურმე“!

- როცა მოვკვდები, ჩემი ანგელოსი ასწევს ფარდას ჩემი წარსულისას. 



- ასე ფიქრობდა 33 წლის გალაკტიონი.


მოდით, ეს ნაგვიანევი აღმოჩენა ვარიანტების ლაბირინთში ჩასაფრებული და ჩაკარგული ორი სტრიქონით დავადასტუროთ და დავასრულოთ - თუნდაც მოსაწყენი სამოთხის შესახებ:

სამშობლოვ - თუნდაც სამოთხე-

უშენოდ მოსაწყენია.

P.S „ერთ ეგეც უნდა ვიკითხო“: ჩემს თანასკოლელსაც ხომ არაფერი შესთავაზეს 1924 წელს პარიზში? ისე, საინტერესო კია, ეს ქვემო იმერეთში გაზრდილი ორი ყმაწვილი პარიზში რომ დარჩენილიყო, როგორ დაასრულებდნენ სიცოცხლეს?

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".

ავტორი: ვახტანგ ჯავახაძე

https://saba.com.ge/