ედუფინი

როგორი იქნება მომავლის ეკონომიკა და რისთვის უნდა ვიყოთ მზად

ეკონომიკა მუდმივად ცვალებადია - წარსულში ის სხვანაირი იყო, დღეს სხვანაირია, მომავალში კი კიდევ უფრო განსხვავებული იქნება. ეკონომიკის ცვალებადობას ადამიანების საქმიანობა, მიმდინარე პროცესები, მოვლენები და ტექნოლოგიური განვითარება განაპირობებს. კაცობრიობის ისტორია აჩვენებს, რომ მიუხედავად გარკვეული კრიზისებისა, ეკონომიკა ძირითადად სტაბილურად ვითარდება ხანგრძლივ პერსპექტივაში, სამყარო კი ასეთი მდიდარი, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება ადამიანების ცხოვრება, საკმაოდ მაღალია.

ივლისი 27, 2021

ამ ბლოგში გაგაცნობთ ეკონომისტების მიერ შემუშავებულ რამდენიმე ძირითად პერსპექტივას იმის შესახებ, როგორი იქნება მომავლის ეკონომიკა და რომელი დარგები და ბიზნეს-სფეროები იქნება ყველაზე შემოსავლიანი. 


რას გვიმზადებს მომავალი და როგორ გადავურჩეთ მას?


მომავალი თანამდეროვე ადამიანებისთვის დღეს ძალიან შემაშფოთებლად ჟღერს (და ამას თავისი მიზეზი აქვს), თუმცა სინამდვილეში, ყველაფერი არც თუ ისე ცუდად არის, ვიდრე გვგონია.


მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ბაზარზე 85 მილიონი სამუშაო ადგილი გაქრება. მათ უმრავლესობას ტექნოლოგიები ჩაანაცვლებს, თუმცა უნდა გვეშინოდეს კი ამ პროცესის? - არა, რადგან 85 მილიონს 97 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი ჩაანაცვლებს, თუმცა ცხადია, სხვადასხვა მიმართულებით.


2025 წლისთვის, დღევანდელი განვითარების ტემპით, მოსალოდნელია რომ კომპანიები თანამშრომლების მინიმუმ 6%-ს შეუცვლიან საქმიანობას ან ჩაანაცვლებენ მათ. ყოველი მეორე დასაქმებულს კი დაეხმარებიან საკუთარი უნარების გაუმჯობესებასა და გადამზადებაში. ხოლო მათ, ვისაც ადგილები იმავე პოზიციაზე შეუნარჩუნდებათ, საკუთარი უნარების 40%-ით გაუმჯობესება დასჭირდებათ, რათა ადაპტირდნენ ცვალებად ბაზართან.


რა არის ამ ყველაფერში კარგი? - დრომ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ეკონომისთვის და კომპანიისთვის, მთავარი მონაპოვარი სწორედ ადამიანური კაპიტალია. დღეს ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს უკვე აქვთ საჭირო კადრების დეფიციტი ახალი გამოწვევების დასაკმაყოფილებლად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს დღესვე შეუძლია დაიწყოს მომავალზე ზრუნვა და საკუთარ განვითარებაში ინვესტიციისა და დროის ჩადება. 

ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები თავად კომპანიებიც, რომლებიც ზრუნავენ თანამშრომლების უნარების „განახლებაზე“. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევით შეგვიძლია გითხრათ, რომ კომპანიები 2025 წლისთვის დღეს დასაქმებული ადამიანების 70%-ის გადამზადებაზე თავად იზრუნებენ, რათა ტრანზიცია უმტკივნეულოდ და შედეგიანად შესრულდეს.


ცვლილებები დაძრულია სოციალური მხარდაჭერის მიმართულებითაც, რომლის ტესტირებაც სახელმწიფოებს უკვე მოუწიათ. საუბარია უნივერსალურ საბაზისო შემოსავლის გარანტიაზე, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს ტრანზიციის პერიოდში უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში, გარანტირებულად მიიღონ საბაზისო შემოსავალი ღირსეული ცხოვრებისთვის.


ამ ყველაფრის დაჩქარებაში კი თავისი როლი კოვიდ-პანდემიამაც შეასრულა. 

კოვიდ-ეკონომიკა, ანუ როგორ შეიცვალა რეალობა ერთ წელიწადში

უკვე ვთქვით, რომ ეკონომიკა საკმაოდ მერყევი მეცნიერებაა, რომელიც შესაძლოა ყოველდღიურად შეიცვალოს. ამის ნათელი მაგალითა კოვიდ-პანდემიის ერთი წელიწადი, რომელმაც ფაქტობრივად მთლიანად შეცვალა მოცემულობა. 2020-21 წლებში, შეზღუდვების გამო, ადამიანების ცხოვრებისა და ყოფაქცევის ერთფეროვნებამ, ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა და მომავლის პერსპექტივაც ერთიანად განსხვავებული გახდა.


რა ცვლილებები გამოიწვია კოვიდ-პანდემიამ ეკონომიკაში? - პირველ რიგში, გეტყვით, რომ ადამიანებს ასე ერთნაირად არასდროს უცხოვრიათ. ვინაიდან პანდემია გლობალური იყო და ყველანი შეზღუდვების პირობებში ვარსებობდით, ჩვენი ქცევები მთელ მსოფლიოში ერთმანეთთან მიახლოებული იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილების მეთოდებიც თითქმის ყველგან განმეორებადია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში ეკონომიკა ერთი მიმართულებით იწყებს განვითარებას.


პანდემიის პირობებში უამრავმა ადამიანმა ახალი ინტერესები აღმოაჩინა. მაგალითად, გაიზარდა გეიმერების რაოდენობა და სტრიმინგ სერვისების პოპულარობამაც მოიმატა. ასეთი ადამიანების ნაწილი სამსახურიდან წამოვიდა და მთელ დროს საინტერესო კონტენტის შექმნას უთმობს, ამ გზით კი შემოსავალს იღებს. ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი მიხვდა, რომ თანამშრომლებისთვის დიდი ოფისების დაქირავება ზედმეტი ხარჯია და მომავალში მათ დატოვებას დისტანციურ რეჟიმზე აპირებს. ადამიანების მიგრაცია მოხდა სხვადასხვა სფეროებშიც, რადგან გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ-ბაზრებზე: გრაფიკული დიზაინერები, პროგრამისტები, მოძრავი ანიმაციის დიზაინერები და ა.შ. დღეს უფრო მოთხოვნადები არიან, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო.


შესაბამისად, პირველი ნათელი სურათი რაც გვაქვს არის ის, რომ მომავალში ეკონომიკური დარგების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ონლაინ-რეჟიმში გადმოინაცვლებს, ხოლო დასაქმებული ადამიანების რაოდენობა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით გაიზრდება. დროა თქვენი ბიზნესის გაციფრულებაზე დაიწყოთ ფიქრი, რადგან ეს პროცესი უკვე დაწყებულია და კიდევ უფრო სწრაფად გაგრძელდება. 

მომიჯნავე პროფესიები

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მომავალში ადამიანებს ე.წ. Side Job-ები მრავლად ექნებათ. მაგალითად, თუ თქვენ ხართ გრაფიკული დიზაინერი, დროა დაიწყოთ Motion Design-ის ან თუნდაც UX / UI დიზაინის შესწავლაც. ეს მიდგომა ნებისმიერ პროფესიაზე ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რომელი სფეროს წარმომადგენელიც არ უნდა იყოთ, სასურველია მისი მონათესავე საქმიანობებიც აითვისოთ.


მთავარი მიგნება ის კი არ არის, რომ ზუსტად ვიცით, რომელი პროფესიები იქნება მოთხოვნადი, არამედ ის, რომ ვიცით, როგორ ვითარდება ეკონომიკური სფეროები და შესაბამისად, ვსწავლობთ როგორ ვადაპტირდეთ ცვლილებებთან სწრაფად. 

მწვანე-ეკონომიკა და ტექნოლოგიები

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეკონომიკაში მოხდება [ეს პროცესი ნელა, თუმცა უკვე მიმდინარეობს] აგრარული სფეროს რევოლუცია და მწვანე-ეკონომიკის განვითარებაა. კერძოდ, არსებობს ჭკვიანი-სოფლისა და ჭკვიანი-ფერმერობის კონცეფციები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ტექნოლოგიურ მიღწევებთან და მთლიანად შეცვლის რეალობას აგრო-სფეროში.


თუკი დღეს დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქად ცხოვრობს, გაეროს გამოთვლით, ეს რიცხვი 68%-მდე გაიზრდება 2050 წლისთვის. თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი პირიქით მოხდეს, რადგან აგრარულ დარგში დიდი ცვლილებები მოხდება.

ფერმერები დროთა განმავლობაში დანერგავენ დრონით მონიტორინგის, მორწყვისა და კონტროლის სისტემტებს, რომელსაც ეფექტურად გამოიყენებენ მოსავლის მისაღებად. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური სენსორული მოწყობილობები, რომლებიც მონაცემთა ბაზებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, განსაზღვრავენ ვენახისა თუ ფერმის საჭიროებებს, ტენიანობას, მორწყვის აუცილებლობას და სხვა. შესაბამისად, აგროსფერო გახდება მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით აღჭურვილი, რაც ეკონომისტებს აძლევს საფუძველს იფიქრონ, რომ მომავალში ბევრი ადამიანი მიჰყოფს ამ საქმეს ხელს. 




ავტორი: დიმა სანაია