მუსიკა | ცა

ფილიმონ ქორიძე

Tsa.Music

იანვარი 12, 2021

„ჩვენ შევიტყვეთ, რომ ბ-ნ ფილიმონ ქორიძეს გურული სიმღერები გადაუღია ნოტებზედ, რისთვისაც ის დიდი ხანია ჰშრომობს. 2 თებერვალს გამოსათხოვარი კონცერტი გაუმართავთ ოზურგეთში. კონცერტში მონაწილეობა მიუღიათ მისგანვე შემდგარს დასს და გარეშეთაც და უმღერიათ ნოტებზედ ახლად მის მიერ დაწყობილი გურული სიმღერები. კონცერტს მშვენივრად ჩაუვლია“ 


გაზეთი „ივერია“, 1897 წელი 

ნახატი: გიგო გაბაშვილი

ისტორია გამოსათხოვარი კონცერტის შემდეგაც გაგრძელდა, მაგრამ დაიწყო ბევრად ადრე, მაშინ როცა ახალგაზრდა ქართველი საოპერო მომღერალი ფილიმონი ფსევდონიმით „კორიჯიო“ იტალიის ქალაქებში კონცერტებს ატარებდა. ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ ჩოხატაურში 1835 წელს დაბადებული მუსიკოსი, ევროპული და ამერიკული ტურნეების და კიდევ ბევრი საინტერესო ამბის შემდეგ, კვლავ გურიაში აღმოჩნდა, ოღონდ არა უბრალოდ ფესვებთან დაბრუნების მიზნით, არამედ დიდი დავალებით, რომელიც მის გამოჩენამდე „შეუსრულებელი მისია“ იყო.

მანამდე კი, სანამ შეუსრულებელი მისიის სიუჟეტი დაიწყებოდა, მისი ცხოვრება ბიოგრაფიულ დრამის სცენარით განვითარდა.

დღეს ცოტა ავანგარდულად და რომანტიკულად ჟღერს ამბავი, თუ როგორ აღმოჩნდა 2 საუკუნის წინ ღარიბი ქართველი მგალობელი რიო დე ჟა ნეიროში, როგორ იმღერა ლა სკალაში და როგორ აღიარა ის იტალიურმა პრესამ საუკეთესო ბანად.

არ შემიძლია თვალები არ აგიხილოთ. თქვენი ხმა დიდი და არაჩვეულებრივი განძია... მკერდში სამჭედლოს საბერველი გაქვთ, ამ საბერვლის მოხმარება კი არ იცით. სერიოზულად გირჩევთ, საოპერო სიმღერა ისწავლოთ. აქ თქვენი შესაფერი მასწავლებელი არ გვეგულება.. წადით იტალიაში! თქვენი ხმის პატრონს იქ საუკეთესო პროფესორები უფასოდ გასწავლიან. მაშინ დიდი მომღერალი გახდებით". - უთხრა ახალგაზრდა მომღერალ ფილიმონს თბილისში სტუმრად ჩამოსულმა იტალიელმა დირიჟორმა, რომელიც შემთვხვევით გაიცნო.

ხმა ნამდვილად განსაკუთრებული იყო, რომელიც არა მხოლოდ ოპერას, არამედ მაშინდელ ქართულ რომანსსაც ძალიან უხდებოდა.

მისი ვოკალი დუეტშიც ძალიან მომხიბლავად ჯღერდა თითქოს დაუსრულებელი, თანაბარი ტალღოვანი ჟღერადობოთ.

ამ ხმით თქვენ ქვეყანას დაიმონებთ" - ეუბნებოდნენ ფილიმონს.

საიმედო პროგნოზები სამუსიკო თავგადასავლების შესახებ გამართლდა, 1968 წელს ფილიპე სასწავლებლად მილანში ჩავიდა, იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ტურნეში, იმღერა ლა სკალაში, იცხოვრა პეტერბურგშიც, 1881 წელს კი ცოლთან, უკრაინელ ზინაიდა ვორობეცთან ერთად, საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში. თუმცა, თავიდანვე განსაზღვრული არ იყო, რომ დაბრუნება მუდმივი იქნებოდა.

ფილიმონ ქორიძის მეორე როლი ქართულ მუსიკაში ზუსტად ამ დროს განვითარდა და ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი აღმოჩნდა, მათ შორის, ვინც ქართული საგალობლები გაქრობას გადაარჩინა.

ეს, ალბათ, გარდამტეხი ეპიზოდია ავთენტური, მრავალხმიანი მუსიკის შენარჩუნების საქმეში, რომელიც ასახავს არა მხოლოდ ხმოვან, არამედ კულტურულ და რიტუალურ ტრადიციას.

XIX საუკუნეში საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო დამოუკიდებლობის დაკარგვას ბევრი კულტურული დანაკარგიც მოჰყვა, მათ შორის ის ფაქტი, რომ რიტუალები ქართულ ენაზე აღარ ტარდებოდა და ეკლესიებშიც მხოლოდ რუსული საგალობლები ჟღერდა. არადა, ქართული მრავალხმიანი გალობა მანამდე მხოლოდ ზეპირსიტყვერად ვრცელდებოდა და იქიდან გამომდინარე, რომ შეწყდა საგალობლების შესრულების რიტუალური პრაქტიკა, გაჩნდა რისკი, რომ ქართული საეკლესიო პოლიფონიის ნიმუშები სრულად გაქრებოდა. რუსული სისტემის წინააღმდეგობის მიუხედავად, არსებობდა საგალობლების ნოტებზე ჩაწერის ინიციატივები, რამდენიმე ადამიანმა სცადა კიდეც ნოტირება, მაგრამ შეიქმნა მრავალხმიანობის ხუთხაზიან სანოტო სისტემაში გადატანის პრობლემა. თანაც რუსული მმართველობაც აქტიურად ავრცელებდა აზრს, რომ პოლიფონიის ჩაწერა შეუძლებელი იყო.

„1880-1883 წლების საოპერო სეზონებში მიწვეული ვიყავ მე ევროპიდან ტფილისის თეატრში. შევასრულე თუ არა ვადა სამსახურისა და დავაპირე ევროპაში წასვლა, ამ დროს მოვიდა ჩემთან რამდენიმე ქართველი მგალობელი და მკითხეს: „შესაძლებელია თუ არა ქართული გალობის გადაღება ნოტებზეო?" – „ძალიან ადვილად-მეთქი", ვუპასუხე. იმათ ეჭვის თვალით შემომხედეს. „მობრძანდით ხვალ, მიგალობეთ რაც გინდათ და მაშინ შეიტყობთ, რაც მოხდება-მეთქი" - ვუთხარი მე. მოვიდნენ, იგალობეს, დავაწყვე ნოტებზე და ვუგალობე მათი ნათქვამი და ფორტეპიანოზედ გავაგონე ახლად დაწერილი გალობები. მაშინ დარწმუნდნენ რომ ქართული გალობის ნოტებზედ დაწყობა შესაძლებელი ყოფილა.“


წერს ფილიმონ ქორიძე.

ხმა იმის შესახებ, რომ არსებობდა ადამიანი, რომელიც კარგად იცნობდა ერთი მხრივ ქართულ მრავალხმიანობას, მეორე მხრივ კი სანოტო სისტემას, მალევე გავრცელდა თბილისში და მთელ საქართველოში.

ფილიმონი ენთუზიაზმით მოეკიდა საქმეს, ინტენსიურად დაიწყო საგალობლების მოსმენა და ჩაწერა, ჩამოაყალიბა მგალობელ-მომღერალთა გუნდი, რომელიც სწავლობდა ნოტების კითხვას და შემდეგ ჩაწერილ ნამუშევრებს ასრულებდა. ამასობაში კი უარი თქვა მომღერლობაზე და წარმატებაზე, რომელიც საოპერო ბანს საქართველოს ფარგლებს გარეთ ელოდა.

ფილიმონმა დაიწყო დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობა, სოფლებში სიარული, მოხუცებული ხალხისგან ძველი სიმღერების მოსმენა და შეგროვება. ჩაწერილ ნამუშევრებს ამოწმებდნენ ჯერ თვითონ ფილიმონი და მომღერლები, შემდეგ სხვა ცნობილი გალობის მცოდნეები. ნოტირებისა და მისი შემოწმების შედეგების შესახებ სისტემატურად ქვეყნდებოდა ცნობები იმდროინდელ პრესაში. ყველა აღიარებდა, რომ დასავლეთ საქართველოს გალობას ფილიმონ ქორიძე სიზუსტით, დიდის სინამდვილითა და შეუცდომელი კილოთი" იწერდა. საქმის გასაადვილებლად ფისჰარმონიაც უყიდეს - ეს იყო კლავიშებიანი და საბერვლიანი პატარა საკრავი, რომელიც გარეგნულად პიანინოს ჰგავს და ორღანის მსგავს ხმებს გამოსცემს.

ყველაზე დიდი დრო და ცხოვრების ბოლო წლები ფილიმონმა გურიაში გაატარა, სადაც რვა ხმის სისტემის პრაქტიკულად თითქმის ყველა საგალობელი ჩაწერა. თბილისში, თავის მეგობარ ესტატე კერესელიძეს (რომელმაც შემდეგ მისი დაწყებული საქმე გააგრძელა) ფილიმონ ქორიძე გურული მრავალხმიანობით აღფრთოვანებული ასეთ წერილს წერს:

„ხომ სხვადასხვა სამეფოებში ვყოფილვარ და მომივლია და მათი ყველაფერი შემისწავლია, მაგრამ მთელ ქვეყანაზე არც ერთ ტომს, არც ერთ სამეფოს არა აქვს ისე მრავალი, ისე სრული, ისე გამტაცი, ისე კაცის აღმაფრთოვანებელი წყობილი მუსიკა, გალობა და სიმღერა, როგორც ამ ჩვენს პატარა ერს გვაქვს. ამისთვის დღე და ღამე თავს ვიკლავ მეტის-მეტი შრომით, რომ არ დამრჩეს ნოტებზე გადაუღებელი და დაუწერავი სიმღერა-გალობის სხვადასხვა ხმები".

საბოლოოდ ფილიმონ ქორიძემ 1881 წლიდან 1911 წლამდე ბევრი დაბრკოლების და ფინანსური პრობლემების მიუხედავად, 5532 ქართული პოლიფონიური ნამუშევარი ჩაწერა, აქედან ძირითადი ნაწილი დასავლურ ქართული კილოს გალობა იყო. მისი გარდაცვალების და 1921 წელს წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ ჩანაწერებს არაერთხელ გაუჩნდა გაქრობის საფრთხე, მათ შენარჩუნებაზე კი ესტატე კერესელიძემ იზრუნა. 

ფილიმონ ქორიძის ამბავი თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანის ისტორიაა, რომელსაც ცხოვრების სხვადასხვა პოლუსებზე სახელებიც კი განხვავებული ჰქონდა - კოსმოპოლიტურ-რენესანსულად მჟღერი, სახელგანთქმული კორიჯიო და მოკრძალებული ენთუზიასტი ფილიმონი. მეორემ გადაწონა და მან იმ საქმის კეთება არჩია, რასაც სხვა ვერავინ გააკეთებდა, თუმცა მუსიკის სიყვარულის არცერთი კონტექსტი არ დაუკარგავს და მანამ, სანამ მრავალხმიანი გურული სიმღერების ჩასაწერად გზას გაუდგებოდა, დილაობით ფილიმონის პატარა ოდის აივნიდან ვოკალის გასავარჯიშებლად იტალიური საოპერო არიების ხმა ისმოდა.

ავტორი: ქეთი რაზმაძე