სიახლეები

ახალი ფაბრიკაფიტი: ბრონქსი - ნინოშვილის ქუჩა

„ჩვენ არ ვებრძვით ნაცრისფერ კედლებს...სტრიტარტი არ იბრძვის სილამაზისთვის“.

ოქტომბერი 08, 2019


12-13 ოქტომბერს თბილისში, ფაბრიკაში, გრაფიტის ფესტივალი „ფაბრიკაფიტი“ მეოთხედ ჩატარდება. უფრო სწორად, ის წელს მხოლოდ გრაფიტის არა, უკვე ურბანული არტის ფესტივალი იქნება.


Fabrikafitti – Urban Art Festival ვიზუალურ ხელოვნებასთან ერთად, თბილისის, ნიუ იორკის, თუ სხვა ქალაქების ცხოვრების სხვადასხვა სუბკულტურას გააერთიანებს.  


საქართველო, ავსტრია, ესპანეთი, პოლონეთი, აშშ და ა.შ. - წლევანდელი ფესტივალი არა მხოლოდ გეოგრაფიული ნიშნით, არამედ განსაკუთრებული ისტორიებით გამორჩეულ, ფესტივალის კონცეფციისთვის სპეციალურად შერჩეულ სტუმრებს გვპირდება. 

ფაბრიკაფიტი 2018, ვიდეო შეჯამება

ფაბრიკაფიტი 2017, ვიდეო შეჯამება

მაგალითად, წელს ფაბრიკის კედლებთან უკვე ცნობილ, პოპულარულ ქართველ სტრიტარტისტებს ვერ ვიხილავთ: სცენა, ანუ კედლები, ახალი თაობის, თითქმის უცნობ ქართველ გრაფიტისტებს დაეთმობა. ასეთია დამფუძნებლების გადაწყვეტილება „და არა იმიტომ, რომ ესე უნდა იყოს, ან მოდაა. არამედ, ეს არის გამოხატულების საშუალება, რომლითაც შეიძლება რომ ახალგაზრდა თაობა დაინტერესდეს“, - ამბობს „ფაბრიკაფიტის“ ორგანიზატორი, ბაჩა ხოფერია. 


ფაბრიკაფიტი 2018, ფოტოები: თორნიკე შენგელია

სამაგიეროდ, ნიუ იორკიდან, ბრონქსიდან პირდაპირ ჩვენთან, ნინოშვილზე ის არტისტი ჩამოვა, ვინც 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ამერიკული გრაფიტის სუბკულტურის განუყოფელი ნაწილი, მისი ერთ-ერთი შემქმნელი და ლეგენდარული ნიუ იორკელი სტრიტარტისტების ჯგუფის წევრია.


ჯულიუს კავერო, ცნობილი როგორც T-KID თბილისში 11 ოქტომბერს საჯარო ლექციას და ვორქშოფსაც გამართავს თემაზე „1970-1980-იანი წლების ბანდები, გრაფიტი და ჰიპჰოპი“. ლექციის შემდეგ მის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგება. სტრიტარტით დაინტერესებულებთან შეხვედრისას, უფრო მეტი კონტექსტის წარმოსაჩენად, ლეგენადრული არტისტი გაიხსენებს, თუ როგორ იქმნებოდა გრაფიტი და სტრიტარტი, როგორც ხელოვნება და როგორც კულტურა და საერთოდაც, რატომ იქმნებოდა ის. 


T-KID


ფესტივალის კურატორების მიზანიც ეს არის: „ფაბრიკაფიტი“ არ იყოს მხოლოდ, ერთგვარი, კედლების მოხატვის ღონისძიება. არამედ, მან თბილისში გრაფიტის, როგორც იდეოლოგიის, წამოწყების მიზნები გააცოცხლოს და ამ ხელოვნების მოყვარულებს სტრიტარტის შესახებ სრული სურათი დაანახოს.  


ბაჩა ხოფერია ამბობს, რომ „სრული სურათის“ წარმოჩენა დღეს ჩვენს ქალაქში საჭიროა. 


„ერთია, უყურებდე ლამაზ კედელს და მეორე - იცოდე, რატომ, რისთვის შეიქმნა ეს ნამუშევარი. მხოლოდ კედლის ყურება ამოგლეჯილი ნაწილია ჩვენთვის. ჩვენ გვაინტერესებს, თუ ამის უკან რა იყო...



„სტრიტარტში ახლა მოდაშია - „ვებრძვით ნაცრისფერ კედლებს“... ჩვენ არ ვებრძვით ნაცრისფერ კედლებს.... ეს არასწორი შეხედულებაა, თითქოს სტრიტარტის მიზანი ნაცრისფერ კედლებთან ბრძოლაა და რომ ის სილამაზისთვის იბრძვის. სტრიტარტი არ იბრძვის სილამაზისთვის. ეს სტრიტარტის დაკნინებაა“, - ამბობს ბაჩა, რომელიც თვითონ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პირველი სტრიტარტისტია და ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან, Dr Love-ის სახელით არაერთი საინტრესო გრაფიტი შექმნა.


Dr. Love


ბოლო რამდენიმე წელი კი ის არტისტთა ჯგუფის, CRU CREW-ს - ერთ-ერთი მონაწილეა და უფრო მეტად საქართველოში სტრიტარტის კონცეპტუალურ განვითარებაზეა გადართული. CRU CREW-ა „ფაბრიკაფიტის“ კურატორიც. 

cru.life/instagram

კონტექსტის ჩვენებასთან ერთად, ფეტსივალის კიდევ ერთი, მთავარი დანიშნულება მისი ორგანიზატორებისთვის ზოგადად, ურბანული ხელოვნების სხვადასხვა სფეროსა და სუბკულტურის წარმოჩენა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. 

სწორედ ამიტომ, გრაფიტისთან ერთად, 12-13 ოქტომბერს ფაბრიკის ეზოში სკეიტერები, ე.წ. ქუჩის მოცეკვავეები და სკეჩერები მოიყრიან თავს და ურბანული კულტურის სხვადასხვა კოლორიტს შეგვახსენებენ. მაგალითად: b-boy ბეთლს - განსაკუთრებული აკრობატულობით გამორჩეულ, ხშირად, პირდაპირი მნიშვნელობით, კისერზე მოტრიალე მოცეკვავეებს; მხატვრებს, რომლებიც ერთმანეთს სკეჩების სწრაფად დახატვაში შეეჯიბრებიან. ფაბრიკაფიტი ბავშვებსაც არ დაივიწყებს და დიდ არტისტებთან ერთად, ხატვის შესაძლებლობას მათაც მისცემს. მოკლედ, როგორც ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორი ამბობს, „ნამდვილ ურბანულ „დუხს“ დაატრიალებს. 

ფოტოები: თორნიკე შენგელია, ელენე შენგელია


თუმცა, კიდევ არის ერთი მიზეზი, რის გამოც სტრიტარტით დაინტერესებულები და „ფაბრიკაფიტის“ გულშემატკივრები წლევანდელ ფესტივალს განსაკუთრებით ელოდებიან. 

Millo (ITA) © თორნიკე შენგელია

ეს თბილისის უკვე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გრაფიტის - ფაბრიკის ეზოში, შარშან, ცნობილი Millo-ს მიერ შესრულებული ნამუშევრის გადახატვა და იმ არტისტის ვინაობის შეტყობაა, ვინც ამ გამორჩეული რიტუალისთვის შეირჩა. 


Millo-ს გრაფიტი თბილისში უკვე შეიყვარეს. ამიტომაც, სტრიტარტის მოყვარულები ამბობენ, რომ მისი გადახატვის პატივი მხოლოდ გამორჩეულად ღირსეულს უნდა ერგოს.  

M-City-ამ სახელით ცნობილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 700-მდე გრაფიტის ავტორი, სტრიტარტისტი, გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი ნამდვილად გახდება წლევანდელი „ფაბრიკაფიტის“ ერთ-ერთი მთავარი მოვლენა. უკვე ცნობილია:


ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ნამუშევარს სწორედ M-City-ის - პოლონელი არტისტის, მარიუს ვარასის გრაფიტი ჩაანაცვლებს. 

m-city/streetartnews.net

თუ რას დახატავს Millo-ს ნახატის ნაცვლად მარიუს ვარასი, ჯერ ორგანიზატორებმაც არ იციან. მეტიც, ბაჩა ხოფერია ამბობს, რომ ორგანიზატორებმა ფესტივალის მონაწილე არც ერთი არტისტის ნამუშევრის წინასწარი მონახაზიც არ იციან, რადგან არტისტები უნდა ჩამოვიდნენ და ადგილზე შექმნან ის, რასაც იგრძნობენ და რასაც დაინახავენ, რა იდეა და რა მესიჯიც ექნებათ - ისე, როგორც იქმნება ნამდვილი, ისტორიული სტრიტარტი. 

ფოტო: თორნიკე შენგელია

ავტორი: რუსუდან ფანოზიშვილი