დიზაინ გუნდი - მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის

მაისი 13, 2022

29 აპრილს თიბისის სათავო ოფისში დიზაინის გუნდის შეხვედრა გაიმართა და ეს ამბავი დიდი ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ!

არა, ერთმანეთთან შეხვედრა არ გვაკლია – ონლაინ ფორმატში ხანდახან დღეში რამდენჯერმეც გვიწევს შეკრება და საჭირბოროტო თემებზე საუბარი. თუმცა ფიზიკური შეხვედრა სულ სხვაა – მეტად ემოციური, სენტიმენტალური და პროდუქტიული. თანაც, პანდემიამ გადაგვაჩვია კომუნიკაციის ამ ფორმას და ახლა ნელ-ნელა ვუბრუნდებით ძველ რეჟიმს.



შეხვედრაზე 10-ზე მეტი თემა განვიხილეთ, მათ შორის: დიზაინ სისტემები და პრინციპები, პროდუქტის დიზაინის სიახლეები, კვლევები, UX წერა და ბევრი სხვა. 15 წუთიანი პრეზენტაციები მოვამზადეთ და შევეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ჩაგვეტია. ეს ყველაფერი გვეხმარება შევქმნათ მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად მორგებული და საინტერესო პროდუქტები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს, ბევრი საკითხი მაინც უცნობი აღმოჩნდა. ჩვენც გულისფანცქალით ვუსმენდით ამბავს, ვუყურებდით შთამბეჭდავ დიზაინებს და განვიხილავდით ყველა იმ გამოწვევას, რომელიც პროდუქტის შექმნის პროცესში შეგვხვდა.


Შეხვედრაზე დიზაინ გუნდის 50-მდე ადამიანი მოვგროვდით, თიბისის ეკოსისტემის სხვა წევრებიც შემოგვიერთდნენ და განვიხილეთ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა Myauto, Myparts და სფეისი. ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ეს საუკეთესო პროდუქტებისა და მაქსიმალურად ეფექტური პროცესების შექმნაში გვეხმარება. 


ეს შეხვედრა კიდევ ერთ საინტერესო მისიასაც ატარებდა – აღმოჩნდა, ბევრ ჩვენგანს ერთმანეთი პირადად ნანახი არ ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ათობით საათები გვაქვს გატარებული ონლაინ შეხვედრებზე, ფიზიკური შეხვედრა ჯერ არ გვქონია. მოგეხსენებათ, თიბისის გუნდი აქტიურად იზრდებოდა პანდემიის პერიოდშიც და ბევრი წევრიც სწორედ კოვიდ-შეზღუდვების დროს შემოგვიერთდა, ამიტომაც განსაკუთრებით გვიხაროდა ერთმანეთის ნახვა. 


ამიერიდან ეს ფორმატი ყოველთვიურ სახეს მიიღებს. აქტიური სამუშაო პროცესებიდან გამომდინარე, შემდეგი შეხვედრებიც ასეთივე საინტერესო და ეფექტური იქნება. 


ელოდეთ სიახლეებს!