დავით კლდიაშვილი

კადრი დავით კლდიაშვილის ცხოვრებიდან


ხედავთ კადრებს მისი ნაწარმოებებიდან? მტვრიან იმერულ შარაზე მიჩაქჩაქებს გაწბილებული მაშვალი სოლომონ მორბელაძე, კაბის კალთების სწორებით მოდის ლამაზი და დაბნეული კაროჟნა, მზითვის გამო დაწუნებული, ნაზი და ნაღვლიანი, ესეც კირილე მამალაძე, პლატონ სამანიშვილი, აი, ბეკინაც. იმერული სიღარიბე, გუშინდელით ტრაბახი და ხვალინდელის იმედი, დღეს კი? დღეს ქართული ლიტერატურის ყველაზე სასტიკი და გენიალური ტექსტი ცოცხლდება- მოხუცი მიქელას სადგომი წვიმას და დელგმას მიაქვს...

მასზე ამბობენ მკითხველს ცრემლიანი სიცილი თუ ღიმილისმომგვრელი დარდი ასწავლაო. დავით კლდიაშვილის პროზაში ისეა შემონახული საქართველო, როგორც არსად, ყველაზე ნამდვილი, გაუპრანჭავი, გულწრფელი და ტკივილიანი...

გრიგოლ რობაქიძე დავით კლდიაშვილზე


„ქუჩაში მიდის მომცრო ტანის მოხუცი, პალტო აცვია სამხედრო (ნუ თუ ამდენ ხანს არ დაცვდა მუქლუში მაუდი?) თავზე-რუსული ქუდი, მხარბეჭზე-მოთეთრო ყალაბახი. მიდის მოხუცი უჯერო ნაბიჯით, ხანდახან განზე გადაქანდება, მაგარი ქარი რომ ამოვარდეს, წააქცევს კიდეც ამ პატარა ტანს. მოხუცს ხელში კარგა მოზრდილი ჯოხი უჭირავს.


შეგხვდება და სალამს აძლევ. მოხუცი მწყრალად შემოგხედავს, სათვალეს ისწორებს. ალბათ თვალებს თუ უწყრება:კარგად ვეღარ იხედება მოხუცი. შედგება. სახე თითქო ნამტირალევი აქვს. უეცრად გამოგიცნობს ხმაზე და მის სახეს სიხარული ეფინება. მისი შეთეთრილი სახე ამ წამს მზეა თქორში. გაგონდება ქართული თქმა გენიალური:მზე პირს იბანს.


დავით კლდიაშვილი სალამს არ დაგჯერდება: მოგჭიდებს ხელს ხელში და წამსვე იწყებს გულის გადაშლას. მას აქვს პათოსი გრძნობის გაზიარების. გითხრობს ყველაფერს, რაც კი ამ დღეებში უგვრძია. განსაკუთრებით ახარებს სიკეთე. კიდევ უფრო-სხვისი კარგი. უსმენ ამ გულს და გიყვარს სიცოცხლე. ხედავ მინდიას, მთებიდან ბარში ჩამოსულს. “უცნოურია” - ამბობს დავითი რომელიმე ამბავზე (ამ სიტყვას იგი იმერული გამოთქმით ამბოს). შენც უსმენ ამ “უცნოურს”.“

დედა და მამა


„თავის კეთილი გულის გამო, ადამიანის მოსიყვარულე გულის პატრონმა, დედამ, სხვაც ბევრი მოკეთე და მოსიყვარულე მოუპოვა ჩვენს ოჯახს. მამაც, რომელიც სამსახურში იყო ქუთაისში, გულითადი მომხმარე იყო, როცა რომელიმე სოფლიდან საქმეზე მიმართავდა მას. ამან შეაყვარა ჩემი თავი ჩვენს მეზობლებს და ტკბილ სიყვარულში გამატარებინა ჩვენი ბავშვობა. ამ სიყვარულიანობის გამო, ჩემი გულიც სიყვარულს ეჩვეოდა და სწავლობდა“. 

(დავით კლდიაშვილის მემუარებიდან)

სამანიშვილის დედინაცვალი


“როცა “სამანიშვილის დედინაცვლის” ბეჭდვა დასრულდა ჟურნალში, პეტრე უმიკაშვილი შემხვდა ბათუმის ბულვარში.

– მე შენ ხმას არ გცემ! – შემომიტია პეტრემ. – რიგიანი კაცი მეგონე, თურმე კი ზარმაცი, ამჩატებული, უხეირო ყოფილხარ… ასე მალე დაათავე სამანიშვილის მოგზაურობა!.. გადმოვიყვანდი ქართლში, იქიდან კახეთში – რა სურათი იქნებოდა, რა იქნებოდა! შენ კი ასე მალე მოანახვიე დედინაცვალი!

– არ ვიცნობ ქართლსა და კახეთს.”

კიტა აბაშიძე დავით კლდიაშვილზე


დ.კლდიაშვილი პოეტია, სოფლის დაცალიერების სევდის აღმწერი, ქალაქის გაბატონების გულგრილად აღმნიშნავი. დ.კლდიაშვილი პოეტია, წვრილფეხა აზნაურობის დაქვეითებისა და გაკოტრების ნაღვლიანი მემატიანე და ამ გახრწნილ ნიადაგზე აღმოცენებულ პირადობის ,,პორფირე ბიაშვილის” ნაზი გამკიცხავი. სევდა და ნაღველი თან ახლავს მის მადლით მოსილს კალამს, როცა სოლომან მორბელაძის, პლატონ სამანიშვილის და ოტია ქამუშაძის ,,გაძაღლებულ” ცხოვრებასა და გაჭირვებას აღგვიწერს, - მაგრამ ვერც კი მოასწრებს წერტილის დასმას, რომ მასში იღვიძებს ფილოსოფოსი და სოციოლოგი და ამ ,,გმირთა” ტანჯვა-ვაება სასაცილოდ და შესაბრალისად ეჩვენება. 

იუბილე


1930 წლის ზაფხულში კლდიაშვილს სამწერლო მოღვაწეობის 40 წლისთავი გადაუხადეს და რესპუბლიკის სახალხო მწერლის წოდება მიანიჭეს. მწერალს არ სურდა იუბილეზე დასწრება. ჯერ მეუღლე შეეცადა დაყოლიებას, მერე თბილისიდან მამასთან ამ თემაზე სასაუბროდ სპეციალურად სერგოც ჩავიდა, მაგრამ დავითს იუბილეს ვერ უხსენებდი: “არაფერი საჭიროა! – ხმამაღლა იმეორებდა, – ვის რად აინტერესებს ჩემი იუბილე! არაფერი საჭიროა, არაფერი!” საბოლოოდ მის გადაწყვეტილებაში, იუბილეზე გამოცხადებულიყო, დიდი წვლილი მიუძღვით მის სანახავად სიმონეთში ჩასულ მწერლებს: შალვა დადიანს, სანდრო შანშიაშვილს, შალვა აფხაიძესა და სხვა სტუმრებს.


…ხალხით გადაჭედილ ოპერის თეატრში ჭაღარა დავითი სავარძელში იჯდა. იუბილეს გახსნისთანავე მის შემოქმედებაზე ითქვა, რომ მწერალი დაუნდობლად ამათრახებდა და დასცინოდა ხელმოკლე აზნაურთა ყოფას. დავითს ეს სიტყვები არ ესიამოვნა და სავარძელში შეწრიალდა. ბოლოს, მილოცვები რომ დასრულდა და ჯერი იუბილარზე მიდგა, დავითს ბევრი არ ულაპარაკია – მადლობა გადაუხადა ყველა დამსწრეს და ბოლოს თქვა: “ჩემს სიცოცხლეში არავისთვის დამიცინია. მე მებრალებოდა ადამიანი, რომელიც ცხოვრებამ გააუბედურა და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა… რასაც ვწერდი, მხოლოდ ადამიანის სიყვარული მაწერინებდა”.

ჭირისუფალი


„გამოვიტირეთ მამა კიბის უკანასკნელ საფეხურზე და ჩვენი აღარ იყო იმ წუთიდან, როცა სოფლის ორღობეებით ხალხმა წაიღო მისი კუბო თბილისისაკენ მიმავალ მატარებელში მოსათავსებლად. ამიერიდან მისი ჭირისუფალი საქართველო იყო.”

(სერგო კლდიაშვილის მოგონებიდან)

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".


ავტორი: https://saba.com.ge/