თაობა

ახალგაზრდა ქართველი მკვლევრების 4 გამოგონება

ნოემბერი 26, 2019

იცოდით როგორ თბება პოლარული დათვი მზეზე? თურმე სხვადასხვა მხარეს მზის სხივების მოსახვედრად თვითონ არ იცვლის პოზიციას - ტანზე თათებს ისვამს, საკუთარ ბეწვს მიმართულებას უცვლის და მზისკენ სხვა კუთხით მიმართავს.


თეთრი დათვის ქცევის ეს თავისებურება XI კლასელი ქეთას და როსტომის იმ გამოგონების ერთ-ერთი საფუძველი გახდა, რომელმაც წელს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის“ გრან-პრი დაიმსახურა. 

გრანპრი - როსტომ ნიორაძე და ქეთა აფციაური.

რას შეიძლება ნიშნავდეს შუქგამტარული მოქნილი მასივი სტატისტიკური მზის პანელის გაიდის როლში და პელტიეს ელემენტების გამოყენება ფუჭი სითბური ნაკადის უტლიზაციისთვის? მარტივი ენით, 16 წლის მოზარდების გამოგონება მზის ენერგიის მაქსიმალურ გამოყენებას ემსახურება. 



„მზის ენერგიის მოხმარება რამდენიმე პრობლემასთანაა დაკავშირებული - მზის ელემენტი თხელი და ადვილად მსხვრევადია. პრობლემის გადასაჭრელად ელემენტის თავზე შუქგამტარები დავაყენეთ, რომელიც ელემენტს დაზიანებისგან იცავს. მაქსიმალური ენერგიის მისაღებად ელემენტს 90 გრადუსით უნდა ეცემოდეს მზის სხივი. თეთრი დათვის ქურქი ისეთივე ფუნქციას ასრულებს დათვისთვის, რასაც ჩვენს პროექტში შუქგამტარები. მოწყობილობაში მხოლოდ ისინი მოძრაობენ. მათი მთავარი როლია ყველა მხრიდან აიღონ მზის ენერგია და მიმართონ ელემენტამდე. კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა - მზისგან ელემენტი ხურდებოდა, ამიტომ ქვემოთ პელტიეს ელემენტები დავუმაგრეთ, რომლის თუკი ერთ მხარეს გავათბობთ მეორეს კი გავაციებთ, ენერგიას მოგვცემს. მზის ელემენტის გახურებით დამატებითი ენერგია მივიღეთ და ელემენტის მოქმედების ვადაც გავახანგრძლივეთ.“



პროექტი: „თეთრი დათვი-შუქგამტარული მოქნილი მასივი სტატიკური მზის პანელის გაიდის როლში და პელტიეს ელემენტების გამოყენება ფუჭი სითბური ნაკადის უტილიზაციისათვის“.



ქეთა და როსტომი თეთრ დათვს კიდევ უფრო განავითარებენ და სულ მალე კალიფორნიაში - Intel ISEF-ის მსოფლიო კონკურსზე წარადგენენ. თეთრ დათვთან ერთად ლოს-ანჯელესში სამი გოგონას - მარიამის, თეკლასა და თეონას შექმნილი ელექტრული დენის გენერატორიც გაემგზავრება.


თუკი თანამედროვე სამყაროში ვინმეს კიდევ სჯერა, რომ მეცნიერება ქალების საქმე არაა, „კვარკების“ ჯგუფმა მათ სრულიად საწინააღმდეგო დაუმტკიცა, „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის პირველი ადგილიც დაიკავა და თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის - Status Donates-ის სტიპენდიატიც გახდა.


I ადგილი - მარიამ მაღრაძე, თეონა კონტრიძე, თეკლა ლეჟავა.


კვარკები წერტილოვანი ნაწილაკებია, რომლებიც რაც უფრო შორდებიან ერთმანეთს, მით უფრო მეტი მიზიდულობის ძალა უჩნდებათ და უახლოვდებიან. მარიამის, თეკლას და თეონას ჯგუფი დაშლის პირას იყო. რომ არ დაიშალნენ და ერთ ჯგუფად დარჩნენ, სწორედ ამ სახელით გამოხატეს. პროექტი, სადაც ყველა ჭანჭიკი გოგოს ხელითაა მოჭერილი - ასე იწყებენ საკუთარი გამოგონების სიამაყით ახსნას. 


პროექტი: „თვითნაკეთი წყალბადზე მომუშავე სათბობური ელემენტი - ელექტრული დენის გენერატორი".





„ჩვენ შევქმენით კომპლექსი, რომელიც 3 მოწყობილობისგან შედგება. მზის პანელზე მომუშავე გენერატორი, სათბობური გენერატორი და წყალბადზე მომუშავე გენერატორი - თითოეულს სხვადასხვა დანიშნულება აქვს, თუმცა საერთო ჯამში სამივე ერთად ენერგიას გვაძლევს, რომლითაც შეგვიძლია, მაგალითად, საველე პირობებში დავტენოთ ნებისმიერი გაჯეტი, გავანათოთ არეალი, გავათბოთ ან გავაცხელოთ სითხე ან საკვები, შევინახოთ მალფუჭებადი პროდუქტი. ჩვენს სამივე მოდელში ელექტროენერგიას პირველი წყაროდან ვიღებთ. თავიდან იდეა ქიმიის გაკვეთილზე მოგვივიდა, როდესაც მასწავლებელი წყლაბადის შემადგენლობას გვიხსნიდა. მოგვინდა წყალბადისგან მიგვეღო ენერგია და გენერატორი გაგვეკეთებინა.“


გამოგონებების მსოფლიო კონკურსისთვის ჯგუფი „ფლოქსიც“ ემზადება. ლიზის, მარიამის და ავთანდილის იდეა - „მოსავალი ყველგან და ყველასთვის“ „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის მეორე ადგილის მფლობელი გახდა. 

II ადგილი - ლიზი ტურაშვილი, მარიამ მიქაძე, ავთანდილ გუჯაბიძე.



„ჩვენ საექსპერიმენტო ყუთი შევქმენით, სადაც სხვადასხვა სიგრძის სინათლის ტალღებზე მცენარეების ზრდა-განვითარებას ვაკვირდებოდით. ცდების შედეგად დავადგინეთ, რომ იისფერ და წითელ სინათლის ტალღებზე სარეველა მცენარეები ვერ ვითარდებიან. ამ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით შევქმენით პოლიეთილენის აპკი 20% იისფერი და 80% წითელი ფერებით. მომავალში აპკი გადაფარებული იქნება სათბურებზე და ხელს შეუშლის სარეველა მცენარეების გაზრდას. ჩვენი იდეაა მოვიყვანოთ მოსავალი იქ, სადაც ტენიანობა დაბალია. ამისთვის ტენიანობის ყუთი შევქმენით. დაბინძურებული ზღვის წყლისგან ვიღებთ ტენს - როდესაც წყალი ორთქლდება, ორთქლს აპკი იჭერს და ღამით, დაბალ ტემპერატურაზე ნალექად გარდაიქმნება და მცენარეს მიეწოდება.“



პროექტი: აგრიკულტურა/მოსავალი ყველგან და ყველასთვის".


„მე ვარ რობოტი დირიჟორი და ახლადდაარსებულ ბენდს ვხელმძღვანელობ. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მუსიკოსი მყავს - ეს გახლავთ რობოტი ქსილოფონისტი. ძალიან გამიხარდა, რომ ამ კონკურსის ფინალში გადავედი. სამომვალო გემაა, რომ ბენდს სხვა ინსტრუმენტები და მუსიკოსები შეემატოს.“ – ასე მიესალმა „ლეონარდო და ვინჩის“ ჟიურის წევრებს კონკურსის ყველაზე პატარა გამარჯვებულების შექმნილი მუსიკოსი. 

 

პროექტი: რობოტო-ბენდი


„რობოტო-ბენდში“ ჯერ მხოლოდ დირიჟორი და ქსილოფონისტი არიან და საქართველოს ჰიმნს ასრულებენ. თუმცა, პატარა გამომგონებლების შექმნილი პროგრამით, ქსილოფონისტი მზადაა ნებისმიერი კომპოზიცია ისწავლოს და შეასრულოს. როდესაც მარიამმა, ბაიამ და გეგამ ერთმანეთი გაიცენს, მალევე მიხვდნენ, რომ მათ ერთი რამ - მუსიკა აერთიანებდათ.

 

III ადგილი - გეგა შავ დათუაშვილი, მარიამ ნინუა, ბაია გრძელიშვილი.



„ჩვენი მიღწევა ის იყო, რომ მექნიკურ მოწყობილობას ხელოვნური ინტელექტი მივანიჭეთ და თან პროგრამასთან დავაკავშირეთ. თითოეულ ფირფირტას თავისი კოორდინატი აქვს. რობოტს ტრიალი სჭირდება თითოეულ კლავიშს რომ მიაღწიოს, ამიტომ ის ბიჯური ძრავის მეშვეობით მოძრაობს. დარტყმაში კი ელექტრომაგნიტი ეხმარება. ჩვენ დავწერეთ 4 პროგრამა, რომელიც ტელეფონში გვაქვს და საშუალებას გვაძლევს დისტანციურად ვაკონტროლოთ ჩვენი მოწყობილობა. ვირტუალური დირიჟორიც ჩვენი დაწერილი პროგრამით დირიჟორობს.“



სანამ კონკურსის გრან-პრის მფლობელი და პირველ-მეორე ადგილებზე გასული მონაწილეები მსოფლიო მასშტაბის კონკურსისთვის ემზადებიან, კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ ახალგაზრდა მკვლევარების მომდევნო გამოგონებებს ელოდება.

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

ფოტოები: ალექსანდრე ბაგრატიონ დავითაშვილი