მუსიკა | ცა

შობა-ახალი წლის მუსიკალური ტრადიცია


Christmas is come, hang on the pot,

Let spits turn round and ovens be hot”


ვირჯინიის ალმანახი, 1765 წელი


1774 წელი, ვირჯინიას კოლონია, დეკემბერის შუა პერიოდი. უილიამსბურგელი ჯორჯ უიტი, ოჯახთან ერთად შეკრებილია ავარვარებული ბუხრის წინ და ყველანი ერთად მგზნებარედ მღერიან ისააკ უოტსის ცნობილ ჰიმნს, „სიხარული მთელს მსოფლიოს”.

თეორიულად მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა ზემოთ აღნიშნული სიმართლე არაა. სიმართლეც რომ იყოს, დიდი შანსია, ვერც კი გვეცნო ის მელოდია, რომელსაც ისინი მღეროდნენ. ამ მელოდიას უოტსის სიტყვები მხოლოდ 1820 წელს დაერთო.


ზოგადად მეთვრამეტე საუკუნის ვირჯინიელები არც კი აღწერდნენ იმ დროინდელ შობის დღესასწაულისთვის მზადების პროცესს, მით უფრო საშობაო მუსიკის ასპექტებს, რომელიც ჩვენთვის დღეს ასე მნიშვნელოვანია.

საშობაო თემაზე სიღერები და მუსიკალური ნაწარმოებები ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნიდან გვხვდება, ერთ-ერთი პირველი კი „Jesus refulsit omnium”-ია. ეკლესია ავითარებდა გალობას, ლიტანიებსა და ჰიმნებს, რომ ერთგვარი აკომპანიმენტი გაეწიათ წმინდა დღის აღსაღნიშნავად. ამ სიმღერების ტექსტები ძირითადად ლათინურად იყო და მნიშვნელვნად განსხვავებული იყო იმ თემატიკის საშობაო კომპოზიციებისგან, რომელთა მეშვეობითაც საუკუნების შემდეგ, ბინგ კროსბიმ მილიონობით ჩანაწერი გაყიდა.

საუკუნების განმავლობაში საშობაო მუსიკა ძირითადად სცენის მიღმა არსებობდა, ვინაიდან ეკლესიას არ სურდა რომ წმინდა დღე ცეკვის მხიარულებასთან ყოფილიყო დაკავშრებული.


უკვე 500 წელზე მეტია საშობაო მუსიკის დაგვირგვინება ქეროლების სახითაა წარმოდგენილი, რომლის ფუძეც სწორედ საცეკვაო მუსიკაა.

ოქსფორდის ქეროლების წიგნის თანახმად, ქეროლის აღზევება ადამიანების ემანსიპაცია იყო ძველი პურიტანული დამოკიდებულებებისგან, რომელიც წლების განმავლობაში ახშობდა საცეკვაო ელემენტებს.


საშობაო ქეროლები რეალურად პრე-ქრისტიანულ ევროპას უკავშირდება, სადაც პაგანური ცეკვა და მღერა ზამთრის პერიოდში აქტუალური იყო. ქრისტიანობის აღზევებასთან ერთად კი უამრავი რელიგიურ თემაზე შექმნილი სიმღერა შემოვიდა. ქეროლების და ბალადების პოპულარობა მაინც მეთხუთმეტე საუკუნეს უკავშირებდა როდესაც ადამიანებმა თავიანთი ყოველდღური ამბების მოთხრობა სწორედ მსგავსი ფორმების დახმარებით გადაწყვიტეს.

ერთ-ერთი შედარებით ძველი, თუმცა მაინც დასამახსოვრებელი ქეროლი 1521 წელს დაბეჭდილ კოლექციაში გვხვდება და მას “Boar’s Head Carol” ეწოდება, რომელიც ტრადიციულად დედოფლის კოლეჯში, ოქსფორდში სრულდებოდა საშობაო სამზადისისას. ასევე „Coventry Carol," რომელიც ცოტათი გვიან, 1591 წლით თარიღდება თარიღებდა ჰეროდეს მიერ ახალშობილების დახოცვის ბიბლიურ ისტორიაზეა დაფუძნებული.

მეთხუთმეტე საუკუნე არ ყოფილა სახელმწიფო თუ საეკლესიო შევიწროვების დასასრული პოპულარულ, მათ შორის საშობაო მუსიკაზე. ქეროლები უფრო პოპულარული გახდა მეთექვსმეტე საუკუნეში, 1600-იანი წლების შუაგულში კი პიკს მიაღწია ინგლისურად მოსაუბრე ქვეყნების უმეტეს ნაწილში.


მიზეზი, რის გამოც დღეისთვის ბევრი მუსიკალური ნაწარმოები შობასთან არის ასოცირებული მხოლოდ მათში გამოყენებული სიტყვების გამოა. ძველი დროის ჰიმნები სტილისტურად სულაც არ განსხვავდებოდნენ იმ მუსიკისგან, რომლებიც წელიწადის სხვა პერიოდში იქმნებოდა.

გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებიც: მაგალითად მედიაციური “O Magnum Mysterium“, იან სვერლინკის „Hodie Christus natus est“ ან თუნდაც ბრუკნერის „Virga Jesse“ არ შეიცავენ ისეთ მუსიკალურ მოტოვებს, რომელთა აჟღერებითაც წელიწადის სხვა პერიოდის აღნიშვნა არ შეიძლებოდეს.

ალბათ მეოცე საუკუნის კომპოზიტორის, ჯონ რუთერის მუსიკას შეიძლება მივაკრათ საშობაო იდენტობა, სადაც მეტწილად ტრადიციული ალუზიები გვხვდება.

მეთექვსმეტე საუკუნეს ეკუთვნის ცნობილი ჰიმნი „God Rest Ye Merry Gentlemen“, რომელიც სრულიად ევროპაში საშობაო ატმოსფეროს ატრიალებდა.“ Hark The Herald Angels Sing” 1739 წელს ჩარლზ უელსის მიერ დაიწერა, „Silent Night” კი მხოლოდ 1818 წელს მოისმინეს, შობის დღესასწაულის ოფიციალური მუსიკალური გაფორმება “Jingle Bells” კი 1847 წელს გამოჩნდა - ეს ის პერიოდია, როდესაც სახლების კარებთან ქეროლების მღერა დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიტანეთში, უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.

საბედნიეროდ საქართველოშიც არსებობს საშობაო მუსიკის ტრადიცია და მას „ალილო“ ეწოდება. „ალილო“ მოდის ბერძნული სიტყვისაგან „ალილუია“, რაც ნიშნავს „აქებდით უფალსა“. ალილო — ქართული საწესო სიმღერაა. სრულდებოდა შობის წინა ღამეს. შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი — სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში („ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობეზე შემოჯდა“, „წისქვილს პური დავარიგე“ და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი.


ალილოობის ბოლოს მეალილეები სადმე იკრიბებოდნენ, ზოგან ბოლო მასპინძლის ოჯახში რჩებოდნენ და ამ ბედნიერ დღეს მხიარულებაში ატარებდნენ. ჩვენი წინაპრები ამ საოცარი ამბით, სიხარულითა და ვარსკვლავით განათებულ ღამეში მეალილეებს უხვად აჯილდოვებდნენ ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით და რა თქმა უნდა, კვერცხით, რომელიც შობის სიმბოლოა. მეალილოეთა ძღვენის გარეშე გაშვება ხალხში ფუძის უბარაქობისა და ზიანის მომტანად ითვლებოდა.

ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას წარმართული ჰანგი უდევს საფუძვლად. „ალილო“, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა (ალილუიასგან). ვარაუდობენ, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო ჭონა.

მუსიკალურად მეოცე საუკუნემ შობა სხვადასხვა მიმათულებით წარმოგვიდგინა. ყველაზე კონტრასტული კინგს კოლეჯში შესრულებული ტრადიციული საშობაო ქეროლები და მეორე მხრივ 40-იან წლებში აქტუალიზებული, შობის უფრო კომერციული და სეკულარული ვერსიის დომინირება იყო, რომელიც ისეთ კომპოზიციებს მოიცავდა, როგორიცაა მაგალითად „Have Yourself A Merry Little Christmas” (1943). ეს უკანასკნელი ალბათ აჯამებს მეოცე საუკუნის იდეას შობის დღესასწაულის მიმართ. საშობაო მუსიკა, უნებლიედ, წარმოსახვითი, თუმცა მნიშვნელოვანი წარსულის გახსენების ელემენტად გადაიქცა.

წლებთან ერთად საშობაო გარემოს ახალი ჰიტები ემატებოდა, როგორიცაა 1945 წლით დათარიღებული “Let It Snow” და ბინგ კროსბის 1954 წლის „White Christmas”-ის ვერსია, რომლებსაც უკვე ნაკლებად რელიგიური კონტექსტი ჰქონდათ და დღესასწაულს უფრო სეკულარული მიმართულებით ხედავდნენ. 


როგორ მოხდა, რომ ეს სიმღერები ამ პერიოდის განმავლობაში დავიწყებას არ მიეცა? აქ ძირითადად ორი მიზეზია: ისინი დროსთან ერთად განვითარდნენ და მათი შერჩეული მესიჯი, ადამიანების ზამთრის სეზონისთვის გაერთიანებად, სამუდამოდ აქტუალური დარჩა.

გრძელი პერიოდის განმავლობაში, საშობაო მუსიკალური სტილები ევროპული ჰიმნებიდან 50-იანი წლების ამერიკულ პოპ ჟღერადობამდე გადაიჭიმა. ამ პერიოდის ჯაზით გაზავებული პოპ სიმღერების 1940-50-იანი წლების საზოგადოების მდგომარეობის შესაბამისი იყო.


ვერ იტყვი, რომ ჯაზი და საშობაო ქეროლები სუპერ ნატურალური წყვილია, თუმცა ამ ორის კომბინაციამ დღემდე დაუვიწყარი ალბომების სერიას დაუდო სათავე, რომელთა რიცხვიც წლიდან წლამდე იზრდება. საშობაო ჯაზ ალბომების უმეტესობა ვოკალისტებსა და smooth jazz ინსტრუმენტალისტებზეა დაფუძნებული.


ერთ-ერთი პერსონალური ფავორიტი “A Dave Brubeck Christmas”-ია, რომელიც 1996 წელს გამოქვეყნდა და შეიცავს „Santa Claus is Coming to Town“-ის ერთ-ერთ იმ ვერსიას, რომლის მოსმენაც შეუჩერებლად შეიძლება. ორი ორიგინალი კომპოზიციის, „Run Run To Bethlem“ და „To Us is Given“-ის გარდა, ალბომი ძირითადად საშობაო საუნდტრეკებიდან, მედიატიური საფორტეპიანო სოლოებისგან შედგება.

კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც თქვენს საშობაო კოლექციას დაამშვენებდა ჩელისტ Yo-Yo Ma-ს ალბომი „Songs of Joy & Peace“ იქნებოდა, რომელიც მხოლოდ ჯაზ ალბომი ნაკლებადაა, თუმცა მოიცავს ისეთი მუსიკოსების ჩართულობას როგორებიცაა: ჯოშუა რედმენი, კრის ბოტი, დიანა კრალი და სხვა.

სეზონურად ხშირად ჩნდება შესაბამისი საშობაო კომპილაციები ჯაზ არტისტების შემადგენლობით. Verve Records-ის მიერ გამოშვებული „The Very Best Of Christmas Jazz“ ერთ-ერთი მათგანია და მოიცავს კომპოზიციებს ჯონ კოლტრეინის, ჯიმი სმიტის, ქაუნთ ბეისისა და ბილ ევანსის შემოქმედებიდან.

ჰიპ-ჰოპ მუსიკა და საშობაო დღესასწაული გადაჯაჭვული იყოს მას შემდეგ, რაც მუსიკის ამ სტილმა ფეხი აიდგა. Kurtis Blow-ის „Christmas Rappin” კლასიკური პოემის ‘Twas The Night Before Christmas“-ის რიტმულად განახლებული ვერსიაა, რომელიც 1979 წელს გამოვიდა, იმ დროს, როდესაც ჰიპ-ჰოპის პირველი სინგლი „Rappers Delight“ გამოჩნდა რადიოში.

ამ დღიდან დაწყებული, ჰიპ-ჰოპს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საშობაო განწყობის ფორმირებაში. ისინი სრულად სხვადასხვა დეკადის ჰიპ-ჰოპის განვითრების ეტაპებს ასახავენ 80-იანი წლებიდან დაწყებული, დასავლეთ სანაპიროზე სანტასთან ერთად განგსტერული წვეულებით დამთავრებული.

მულტიკულტურულ და რელიგიურად მრავალფეროვან ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა, ხშირად აცხადებენ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საშობაო მუსიკა დღემდე შემორჩა და აქტუალურია, ეს შობის დღესასწაულის კომერციალიზაციის ასპექტია. თუ დავაკვირდებით, ნაწილობრივ ეს მტკიცება გამართლებულია, მაგრამ ზოგადი მიზეზი მაინც ბევრად მეტია ვიდრე საშობაო რეკლამა ბოლო მოდელის გაჯეტების გასაყიდად.

სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მიუხედავად ადამიანებს კვლავაც შეუძლიათ ისიამოვნონ საშობაო მუსიკით. ისინი იხსენებენ მნიშვნელოვან შთაბეჭდილებებსა და წარსულის მნიშვნელოვან მომენტებს, მოიგონებენ მათთვის მნიშვნელოვან ადამიანებს ან მათ ვისთანაც ტერიტორიულად დაშორებულები არიან და ხარობენ მათი დახმარებით, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. შობა-ახალი წელი საერთო გამოცდილების ხარჯზე კვლავ აერთიანებს ადამიანებს და ეს ტრადიცია შეურყეველია.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი