კულტურა ლიტერატურა

ჩერნობილის ლოცვა

saba.com.ge

ივნისი 10, 2019

ამ ქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, ლოცვაც ზუსტად იმდენია, იმდენნაირი, იმდენგვარი. ზოგისთვის ლოცვა საუკუნეების განმავლობაში დავითნის უძველესი რედაქციის ყდასავით გაცვეთილი სიტყვებია, ზოგისთვის - ლოცვა ავთანდილისა ან მზეო თიბათვისა, ზოგი ყოველ საღამოს სულ სხვადასხვაგვარ ლოცვას იგონებს, ზოგისთვის ლოცვა დუმილია, ზოგისთვის - ყვავილებისთვის წყლის დასხმა ანდა საუზმის მომზადება. ზოგი ლოცვა ისეთი მწარე, ისეთი ტკივილიანი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადამიანებს საერთოდ დააეჭვოს ზეციურის არსებობაში, ზოგი ლოცვა კი ისეთი გულწრფელი, სასტიკი, როგორც სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნი „ჩერნობილის ლოცვა“.

„ცხოვრობ... ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. პატარა. ისეთი, როგორიცაა ირგვლივ ყველა - მიდიხარ სამსახურში და ბრუნდები სამსახურიდან. ჩვეულებრივ ხელფასს იღებ. წელიწადში ერთხელ შვებულებაში გადიხარ. გყავს ცოლი, შვილები. ნორმალური ადამიანი ხარ! მაგრამ უცაბედად, ერთ დღეში ჩერნობილის ადამიანად იქცევი. საოცრებად! რაღაც ისეთად, რაც ყველას აინტერესებს და არავინ იცის, რა არის. გინდა, რომ იყო ისე, როგორც ყველა დანარჩენი, მაგრამ ახლა უკვე შეუძლებელია. აღარ შეგიძლია დაუბრუნდე იმ წინა სამყაროს. სხვანაირი თვალით გიყურებენ. შეკითხვებს გისვამენ: „საშიში იყო? როგორ იწვოდა სადგური? რა ნახე? და საერთოდ, შეიძლება გყავდეს შვილი? ცოლმა არ მიგატოვა?“ პირველ ხანებში მაინც, ჩვენ ყველანი იშვიათ ექსპონატებად ვიქეცით. თვითონ სიტყვა „ჩერნობილელი“ აქამდე წააგავს რაღაც ხმოვან სიგნალს. ყველანი შენკენ ატრიალებენ თავს... იქიდან ხარ! ეს პირველი დღეების განცდებია... ჩვენ ქალაქი კი არა, მთელი ცხოვრება დავკარგეთ.“


 მე ცხოვრებას მეტად ვენდობი. ჩემთვის გამოგონილი ამბები ხანდახან აქტუალურობას კარგავდა ხოლმე. მითუმეტეს, ტოტალიტარულ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით და სადაც ლიტერატურა პროპაგანდა უფრო იყო. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვენდობით, ის მოწმეა, ვინც რაღაც ამბავში თავად მონაწილეობდა. „ - პასუხობს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის კითხვას ნობელის პრემიის ლაურეატი ბელორუსი მწერალი, სვეტლანა ალექსიევიჩი, რომლის ყველა წიგნი მართალი, ნამდვილი, სიყვარულით და თანაგანცდით სავსე და ამავე დროს, ძალიან სასტიკია.

რაზეა ეს წიგნი? ალბათ ავტორზე უკეთ ვერავინ გვიპასუხებს:

ეს წიგნი ჩერნობილზე კი არა, ჩერნობილის სამყაროზეა. თვითონ მოვლენაზე ათასობით ფურცელია უკვე დაწერილი და ასობით ათასი მეტრი კინოფირი გადაღებული. მე კი ვსწავლობ იმას, რასაც აცდენილ ისტორიას ვუწოდებ, დედამიწაზე და დროში ჩვენი ყოფნის უკვალო კვალს. ვცდილობ, სხვა ცხოვრებას ჩავწვდე. ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივ ცხოვრებას. აქ კი ყველაფერი უჩვეულოა: გარემოებებიც და ადამიანებიც, რომლებსაც ამ გარემოებებმა აიძულეს, ახალ სივრცეებში დამკვიდრებულიყვნენ. ჩერნობილი მათთვის მეტაფორა და სიმბოლო კი არა – სახლია. რამდენჯერ უცდია ხელოვნებას აპოკალიფსის რეპეტიცია გაევლო, აესახა ქვეყნის დასასრული სხვადასხვა ტექნოლოგიების საშუალებით, მაგრამ დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ცხოვრება გაცილებით უფრო ფანტასტიკურია. კატასტროფიდან ერთ წელიწადში ვიღაცამ მკითხა: „ყველანი წერენ. თქვენ აქ ცხოვრობთ და არ წერთ. რატომ?“ მე კი არ ვიცოდი, როგორ მეწერა, რომელი ინსტრუმენტებით და საიდან დამეწყო. თუკი ადრე, როცა ვწერდი, სხვის ტანჯვაში ვიხედებოდი, ახლა ჩემი ცხოვრებაც და მეც ამ მოვლენის ნაწილად ვიქეცით, იმდენად, რომ შორიდან ვეღარ ვუყურებდი. „

კითხულობ წიგნს და ყველა გვერდზე ტკივილია რადიაციასავით ჩასაფრებული, სასტიკი რეჟიმი, რომელმაც უბრალო ხანძრად გამოაცხადა საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშიში კატასტროფა, ადამიანები, რომელთა ცხოვრება ერთ დღეში შეიცვალა, წარსული რომელიც დაკარგეს, მომავალი, რომელიც დაკარგეს, აწმყო, სადაც მათ აღარაფერი შეუძლიათ. სოფლები, რომლებიც ერთ დღეში სასაფლაოდ იქცა, ხორბლის ბაღები, ბოსტნები, სადაც სიკვდილია ჩასაფრებული. ქვეყანა, რომელსაც კატასტროფა დაუმალეს, კატასტროფა, რომელიც დროში, ჰაერში ჩასაფრდა და არავინ იცის, როდის, სად, რა დაავადებით, მუტაციის რომელი ფორმით, კიბოს რომელი სახეობით გამოაჩენს თავის მავნე კლანჭებს.


სიკვდილის აჩრდილის მიუხედავად ეს წიგნი მაინც სიცოცხლეზეა, ადამიანებზე, რომლებიც მაინც იხედებიან ცისკენ, მერე რა, რომ რადიაციით დაბინძურებულ ღრუბლებს ხედავენ...


წყარო: saba.com.ge