ბიზნესი სიახლეები

საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისათვის“ წლიდან წლამდე უფრო მეტი კომპანია მონაწილეობს, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველ წელს სულ უფრო მეტი კარგი პროდუქტი იქმნება ან უმჯობესდება მომხმარებლისთვის. მათ შორის საუკეთესოებს კი, ბიზნესდაჯილდოება 2020 დეკემბერში გამოავლენს.

ოქტომბერი 21, 2020

დაჯილდოების მიზანიც ზუსტად ეს არის - წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ მომხმარებელს. მომხმარებელზე ორიენტირებული და მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის ან მომსახურების შექმნა კი ჟიურისთვის შეფასებისას ერთერთი მთავარი კრიტერიუმი იქნება.


საუკეთესოს გამოსავლენად ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების ჯგუფი იზრუნებს, რომლებიც გამარჯვებულებს რამდენიმე კრიტერიუმით გამოავლენენ. მათ შორის, სიახლე პროდუქტში ან მომსახურებაში, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, მომხმარებლის საჭიროების დაკმაყოფილება ან პრობლემის გადაჭრა, სიმარტივე და მიმღებლობა.


ამ ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიას, ისევე როგორც ბიზნესდაჯილდოების სხვა ნომინაციებს, ჯილდოდ სახით შეუძლია აირჩიოს მისი ბიზნესისთვის საჭირო ციფრული სერვისები. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს:

ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი

ბიზნესის სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი კომპანიის საქმიანობის წარმოჩენა და მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიებს თიბისი დაეხმარება ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ციფრული სტრატეგიის დაგეგმვაში და ახალი ვებგვერდის მომზადებაში. 

ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია

ბიზნესის ღირებულებების სწორად განსასაზღვრად და აუდიტორიამდე მისატანად, აუცილებელია ბრენდის პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას და მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, ბიზნესებისთვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება. 

პროგრამული უზრუნველყოფა

ყოველდღიური პროცესების გამარტივება და ავტომატიზაცია ბიზნესებს ძალიან დაეხმარება ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვაში. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა შეირჩევა, ეს იქნება კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება შესთავაზეთ მომხმარებელს და გინდათ, ამის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, მაშინ ჯერ კიდევ არის დრო პროექტში დარეგისტრირებისათვის ვებ-გვერდზე www.businessaward.ge