ათლეტი - დავით თედიაშვილი

26-28 თებერვალს ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი ჩატარდა სკი კროსში, რომელზეც ჩვენს წინა სტატიაში უკვე მოგიყევით. ახლა გადავწყვიტეთ, ქართველი სპორტსმენები გაგაცნოთ ახლოდან, რომლებსაც შეჯიბრის გახსნის საპატიო მოვალეობა ერგოთ და რომლებიც მომავალში ჩვენი ქვეყნის სახელს მთელი მსოფლიოს დათოვლილ ნაწილს გააგებინებენ.

აბა, მიეგებეთ!

ათლეტი - დავით თედიაშვილი

ასაკი - 28 წლის

სიმაღლე - 191სმ

წონა - 95კგ

ქვეყანასაქართველო

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

დასაწყისი

ვარ ბაკურიანელი, დავიბადე ბორჯომში 1991 წელს და ძალიან ძალიან პატარაობიდან ვსრიალებ. პირველად მამამ დამაყენა, შემდეგ, ცოტა რომ წამოვიზარდე, სპორტსკოლაში შევედი. ვსრიალებდი სლალომს და გიგანტს. მოგეხსენებათ, ეს ორივე საბაზისო სახეობები გახლავთ და ყველაზე პოპულარულია საქართველოში. მცირე წყვეტა მქონდა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე და თბილისში გადავედი საცხოვრებლად, თუმცა გარემოებები ისე დალაგდა, რომ თხილამურებს მალე დავუბრუნდი.

SKI CROSS

უნივერსიტეტში როცა ვსწავლობდი, ბაკურიანში სკი კროსში ჩატარდა უნივერსიადა. გამოვედი, გავიმარჯვე და ძალიან მომეწონა. ტურნირამდე ამ დისციპლინაში სერიოზული მცდელობები არ მქონია, ახალი დისციპლინაა, ოლიმპიადაზეც სულ ცოტა ხნის წინ დაემატა, საქართველოში კი არც ტრასები გვქონდა მანამდე და არც სპორტსმენები, რომლებიც აქ გამოდიოდნენ. მოკლედ, ის რაც აქამდე მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი, პრაქტიკაში ჩემს საყვარელ მიმართულებად იქცა. ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც სკი კროსის განვითარება საქართველოში პროფესიულად დაიწყო. 2014 წელს ევროპის უნივერსიადაზეც გამოვედი გრანადაში, სადაც კარგი შედეგით გადავედი ფინალში. სამწუხაროდ, ფინალური დაშვება უამინდობის გამო ჩაიშალა.

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

GIANT vs SKI CROSS

Როგორც გითხარი, პირველად სკი კროსი ოლიმპიურ სახეობად ვანკუვერის თამაშებზე, 2010 წელს ვიხილეთ, მანამდე მთლად სერიოზულად არ უყურებდნენ. ბევრი სპორტსმენია გადმოსული კლასიკური მიმდინარეობებიდან ამ დისციპლინაში, მათ შორის მეც. Სლალომი უნივერსალური დასაწყისია, აქ სწავლობ დგომას, ჩაჯდომას, მოხვევას, სხეულის ჭერას, სკი კროსზე თუ გადახვალ, საბაზისო უნარები უკვე გამომუშავებული გექნება. Პრაქტიკის საქმეა იმ დეტალების ათვისება, რაც სკი კროსს კლასიკური alpine skiing-ისგან განასხვავებს - იქნება ეს ხტომა, ბორცვების დამუშავება თუ სხვა. ვფიქრობ, თუ სპორტსმენს ამ დისციპლინის ცდა უნდა, დიდი წინააღმდეგობა არ შეხვდება.

გამოწვევები

საქართველოში სკი კროსის მოსამზადებელი ბაზა არ გვაქვს, არც ტრასები გვაქვს ჯერჯერობით. Შეიძლება, გუნდი ევროპაში ავარჯიშო, თუმცა ამ გუნდის სელექცია ცოტა რთული იქნება ტრასების არარსებობის პირობებში. Fis-ის ეგიდით ჩატარებული შეჯიბრი და მსოფლიო თასის ეტაპები კარგი წამახალისებელი აქტივობაა ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, ასევე მშვენიერი პრაქტიკაა ჩვენი ფედერაციისთვისაც, რომელიც მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ამ გამოცდილებას ჩვენი დისციპლინის განსავითარებლად გამოიყენებს.

ფოტო: ნიკა ლებანიძე

დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვებისთვის დასწრების ეფექტს, დიდ შეჯიბრს პატარა სპორტსმენები ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდებიან, შემდეგ პროფესიონალებს ბაძავენ და ასე, ინტერესით და მიბაძვით იწყება წარმატების გზა.

ბაკურიანი

ბაკურიანს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი მიუძღვის, აქაურობის დამსახურებაა, რომ სპორტსმენი ვარ.

ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო ჩვენი, ბაკურიანელი იასონ აბრამაშვილი, რომელიც 4 ოლიმპიადის მონაწილეა, ძველებიდან კი კობა წაქაძე, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა და უზარმაზარი გავლენა იქონია ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაზე. 

ფოტო: ნიკა ლებანიძე

უცხოელი სპორტსმენებიდან კი მინდოდა ბოდე მილერივით მესრიალა. მგონი, მთელი ჩემი სამეგობროს კუმირი ის იყო. მანამდე კი ჰერმან მაიერი იყო, ვინც პირველი სპორტული მიზნები დამასახინა, მაიერი ბოლოს ტურინის ოლიმპიადაზე გამოვიდა 2006 წელს.

საყვარელი ბრენდი

ბავშვობიდან ამოჩემებული მაქვს ატომიკი, ახლაც ატომიკზე ვსრიალებ. ბევრი კარგი ბრენდი არსებობს, თუმცა, მე და ატომიკს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.

ყოველი მესამე ბავშვი თხილამურზე

ჩემი სურვილი იქნება, რომ ჩვენი ქვეყნის 4 მოქმედ კურორტზე მაქსიმალურად ბევრი სპორტული სკოლა შეიქმნას და ხელი შეეწყოს მათ განვითარებას. Სათხილამურო სპორტები ჯერ მთაში უნდა გახდეს პოპულარული და შემდეგ უნდა აიტაცოს ის მთელმა ქვეყანამ. კარგი სპორტსკოლების გარეშე, ვერ გვექნება კარგი შედეგი საერთაშორისო ტურნირებზე. ევროსპორტს რომ ჩართავ, ხშირად გული გისკდება, რადგან ხედავ ისეთი ქვეყნები დებენ შედეგს, სადაც თოვლი საერთოდ არ მოდის, აი, მაგალითად, ტანზანია, ან იამაიკა, არ მგონია რომ ეს ქვეყნები შიდა ჩემპიონატებს ატარებდნენ. ვენ ასე თუ ისე თოვლი და კურორტები გვაქვს, ახლა მისი გამოყენება, პოპულარიზაცია და დატვირთვა უნდა ვისწავლოთ.

2023

უაღრესად სასიამოვნოა იმის ყურება, თუ როგორი ჩართულია მთელი ბაკურიანი, მთის კურორტების კომპანია, ფედერაცია, მოხალისეები და სხვები შეჯიბრის ორგანიზებაში. ხედავ მათ მონდომებას, ენთუზიაზმს და გული სიხარულით გევსება.

ფოტო: ნიკა ლებანიძე

შესაბამისად, კიდევ უფრო მეტის მოლოდინი მაქვს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, როგორც იცით ასეთი დონის ტურნირი ჯერ საქართველოში  არ ჩატარებულა. მსოფლიო ჩემპიონატს მოყვება მსოფლიო პრესის დიდი ყურადღება და საქართველო კიდევ უფრო აქტიურად გამოჩნდება ზამთრის სპორტების რუკაზე, აღარაფერს ვამბობ იმ უზარმაზარ სტიმულზე, რომელიც ამ ჩემპიონატმა სპორტსმენებს გაგვიჩინა, ყველას გვინდა რომ ჩვენს მშობლიურ ადგილას კარგი შედეგით გამოვიდეთ.

მაგრამ ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ შედეგი იქნება ისეთი, როგორი მომზადებაც გვექნება გავლილი. ალბათ, იცით, რომ ლიდერ ქვეყნებს 8 თვიანი მომზადება აქვთ თოვლზე, ჩვენ კი დაახლოებით სამთვიანი პრაქტიკით ვიფარგლებით.

მიზანი

მინდა, კარგ ფორმაში შევხვდე მსოფლიო ჩემპიონატს და შედეგი დავდო. მინდა, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს გავუჩინო სურვილი, რომ თხილამურზე დადგეს, არ აქვს მნიშვნელობა სლალომს გაჰყვება, სლოუპ სტაილს, თუ სკი კროსს, მთავარია დადგეს! ღრმად მწამს, რომ ჩვენი ბავშვები არიან გენეტიკურად სპორტულები და ნიჭიერები, ნებისმიერ მეტოქეს შეჭამენ” თუ სწორი მომზადება ექნებათ. ევროპელი და ამერიკელი ჩემპიონები ზებუნებრივი ძალებით არ იბადებიან, ისინი ამას აღწევენ, რაც ჩვენც შეგვიძლია.

რელაქსაცია

ჩემი დასვენებაც აქტიურ ცხოვრებას უკავშირდება, ტყეში დავდივარ, მთაში, მამშვიდებს კიდეც და ვარჯიშიციც გამოდის. ძაღლს ვასეირნებ ხშირად, ზაფხულში ჩემი 450-იანი კროსის მოტოციკლით დავდივარ მთაში, ალბათ, მიხვდით, რომ ადრენალინის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. წიგნებსაც ვკითხულობ, ძირითადად ტელეფონში, ელექტრონულ ვერსიებს, მაგრამ ბოლო დროს ჩემს ბავშვს უფრო მეტ წიგნს ვუკითხავ, ვიდრე ჩემთვის ვკითხულობ. ჩემი თავისუფალი დროის უდიდესი ნაწილი მას უკავია.

ძვირფასო გულშემატკივრებო

ზამთრის სპორტები საქართველოში ზაფხულის სახეობებზე ნაკლებად პოპულარულია, ამის გამო ხალხი ათლეტებს ნაკლებად იცნობს, დეტალებშიც ნაკლებადაა ჩახედული. Ხშირად გვესმის უკმაყოფილება გულშემატკივრისგან, რატომ ვერ მოიგო მედალი”, ასე მეც ვისრიალებ”, რა უნდა ათეულში შესვლას” და სხვა ფრაზები. დამიჯერეთ, ეს არ გვწყინს, მაგრამ არც ძალიან სასიამოვნოა. შედეგის დადებას მხოლოდ მონდომება არ ჰყოფნის, სათხილამურო სპორტი არაა ისეთი სპორტი, რომლისთვის მომზადებაც დარბაზში, ან მინდორში სრულყოფილად შეიძლება, ესაა ძალიან კომპლექსური დარგი, რომელიც ასევე დიდად დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე. გახსოვდეთ, რომ ავსტრიაში 8 თვე სრიალებენ, ჩვენთან კი ხან ზამთარი ისე გადის, რომ შეიძლება თოვლი საერთოდ არ მოვიდეს. ყველაფრის მიუხედავად, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის!

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი