მუსიკა | ცა

ანი ზაქარეიშვილი: სამყაროვ, გჭირდება ექსპერიმენტული მუსიკა?

Tsa.Music

მარტი 21, 2023

სად შეიძლება ვეძებოთ თავშესაფარი დიდი ქალაქის ნეონებით განათებულ ინტენსიურ ტემპში - ცენტრისგან შორს? სიყვარულში? მუსიკაში?

ფოტო : ლევან მაისურაძე

ჩვენს ირგვლივ უამრავი ხმა იკარგება. უშველებელ აკუსტიკურ სასაფლაოზე გვერდიგვერდ გაწოლილან ვეშაპების სიმღერები და მეტროს მემანქანეთა ყურებში ჩაგუბებული წნევის გაბმული სიგნალები, მორწმუნეთა ბუტბუტით ნათქვამი ლოცვები მთებში და ბილიარდის პირამიდის დაშლის ჭახანი; ნოტებს იცვლიან ურბანული და პასტორალური ლანდშაფტები. დროის დინება სივრცეებში არა მარტო გამოსახულებებს, არამედ ხმებსაც ასხვაფერებს.

ერთია გქონდეს უნარი, ეს ბგერები გამოიჭირო და შენს პერსონალურ ხმათა ბანკში შეინახო და მეორეა უკვე გამოჭერილ ბგერებს მიანიჭო მეტი სიცოცხლისუნარიანობა.

ანი ზაქარეიშვილის საავტორო მუსიკა ასეთი ბგერების გამოჭერასა და მათ გაძლიერებაზე მაფიქრებს. „დაფიქრება“ სწორედ ის სიტყვაა, რასაც მისი ნაწარმოებები მოითხოვს. არა იმიტომ, რომ მელოდიის სტრუქტურულ ნიუანსებში გვაქვს საძრომიალო, არამედ იმიტომ რომ ის მგრძნობელობა, რაც მის ჩანაწერებს აქვს, კარგად რომ აღიქვა, მათთან მარტო უნდა დარჩე, გადაუხვიო ქაოსური ტემპიდან და გულისყური დაუთმო.

ანი, შენი MTIRALA და FALLIN მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურით მსგავსი ჩანაწერებია, მაინც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. პარალელურად ფსევდონიმით KDEMA უკრავ ქართულ საკლუბო სცენაზე, ხარ დედა, ხარ კომუნის ნაწილი. შენმა ბიოგრაფიამ და მასში ამდენი ინკარნაციის არსებობამ რაზე გამოგიმუშავა მთავარი იმუნიტეტი?

იმუნიტეტის გამომუშავება Kdema-ს შემთხვევაში უფრო დამჭირდა; დიჯეინგის დროს დიდია ცდუნება ასიამოვნო აუდიტორიას, ამ დროს უფრო გაქვს შინაგანად მოთხოვნილება რომ მიგიღოს მსმენელმა, ეს დაკვრის მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და ზოგჯერ შეიძლება უღალატო საკუთარ თავს, ვერ  შეინარჩუნო შენი შემოქმედებითი შეხედულება თუ პრინციპები. 

იმუნიტეტი მენსპლეინინგზეც გამომიმუშავდა - ხშირად უკითხავთ ბიჭებს გამომცდელად - “შენი მუსიკაა თუ სემპლია?” გეგონება გტესტავენ, რამდენად გესმის პროდიუსინგი, სემპლის გამოყენებით თითქოს  ჩემი შემოქმედები უნარები კნინდება.

სემპლინგ მეთოდზე ორიენტირებული მუსიკოსი ხარ, ამ ეტაპზე მაინც. რატომაა ეს მეთოდი შენთვის მნიშვნელოვანი?

გარდა იმისა რომ სუბიექტური მიზეზებით, კავშირი კონკრეტულ სემპლებთან ინსპირაციის წყაროა, ეს მეთოდი ჩემთვის იდეოლოგიაა, ხმის გადამუშავების -  რისაიქლინგის პროცესი; მეორადი რესურსების გამოყენება ყველა ინდუსტრიაში - თუნდაც მოდის - აქტუალური საკითხი და გამოწვევაა, როგორც ქსოვილის და სხვადასხვა მატერიალური მასალის გადამუშავებაა მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია ჩემთვის ხმების  გადამუშავება, თუნდაც იმიტომ რომ არ დაიკარგოს. იმდენნაირი ჟღერადობა და ხმა იკარგება და საჭიროებს სხვადასხვანაირად გადააზრებას. მიუხედავად იმისა რომ ახალი მუსიკალური ინსტრუმენტები, სინთეზატორები კიდევ უსაზღვრო კვლევის და ძიების სივრცეა, მე მომწონს უკვე არსებულის გადამუშავება, ამით ახლის შექმნა. მომწონს იმის წარმოდგენა რომ არსებობს მუსიკა რომელიც აღარ ისმინება და მინდა ისევ ისმინებოდეს სხვა ფორმით. მინდა შემეძლოს ამ აჩქარებულ დროში კონკრეტული მომენტის გაყინვა და ეს ჩანაწერებიც ამის მცდელობაა. მაქვს ჩემი პირადი საუნდბანკი სადაც ვინახავ სემპლებს, რომლებსაც ვიცი სადმე აუცილებლად გამოვიყენებ, ეს  ჩემი დროში გაყინული მომენტებია.

სამყარო თუა ერთი დიდი, ყველასთვის ხელმისაწვდომი საუნდბანკი? 

 

კი, სამყარო ერთი დიდი აკუსტიკური მოცემულობაა და ნებისმიერი სონიკური გამოცდილება ამ მოცემულობის ნაწილია - იქნება ეს კლასიკური, უკვე დასრულებული და ათასჯერ შესრულებული ნაწარმოები თუ აი ახლა რომ გვესმის ვენტილაციის ხმა - ეგ. ყველაფერი დიდ საუნდბანკშია და აქედან გიწევს ხმების ამოკრეფა. გააჩნია იდეას, თორემ  მინიმალური რესურსებითაც შესაძლებელია რაიმე საინტერესო და ღირებული შექმნა, თუნდაც  ამ უშველებელ სონიკურ ტერიტორიაზე ქექვით.

ამ ტერიტორიიდან მომენტების ამოღება და გაყინვა ერთია, და მეორეა მათი მუდმივი განმეორება. შენს ორივე საავტორო ჩანაწერში მანტრასავით დამღერებული ფრაზები გვხვდება და სულ მეორდება. რა ფილოსოფიური თუ უბრალოდ ტექნიკური მიდგომა გაქვს ლუპინგის მიმართ? 

ასეთი ფრაზები, მაგალითად როგორც FALLIN-ში არის, შეიძლება მთლიან კონცეფციას განაპირობობებდეს. კითხვა დასვა და მერე მთელი ჩანაწერის სმენისას ნელ-ნელა მიდიოდე პასუხამდე. ერთია მე რა ჩანაფიქრი მაქვს პროცესში, მეორეა მსმენელი როგორ აღიქვამს. შეიძლება ეს გამოვიყენო როგორც თხრობა. დალუპვა მე იმას მაგრძნობინებს, რომ მუსიკა შეიძლება არ ექვემდებარებოდეს განვითარების ტრადიციულ ფორმებს, ხომ გვაქვს ხოლმე ამა თუ იმ მელოდიაში მომენტები, რომელიც განსაკუთრებით გვიყვარს - გინდა რომ გაჩერდეს ეს მომენტი, გიფივით იტრიალოს - ჩემთვის შეგრძნებითად  ესაა” გალუპვა”, მუსიკაში “გიფის” შესაძლებლობა, ეს საშუალებას გაძლევს მსმენელის ყურადღება გააჩერო შენთვის მნიშვნელოვან ეპიზოდზე და ამ სრულ სიგიჟეში და კაპიტალიზმის სიჩქარეში მისცე საშუალება  გაირინდოს, გამოეთიშოს რეალობას და კონკრეტული მომენტის აღქმით ისიამოვნოს.

როგორ ჟღერს შენთვის მნიშვნელოვანი ადგილები?

ჩემს საყვარელ ადგილებს სიმშვიდე ახასიათებს. ფინეთში რომ ვსწავლობდი ბევრი იყო ასეთი ადგილი: თეთრი ლანდშაფტები, მოყინული ტბები და ზღვა სიჩუმის ხმოვან გამოცდილებას სხვანაირად შეგაგრძნებინებს.  ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ლოკაციას, რომლის ხმაც მომწონს, მთლიანად განაპირობებს ჩემი შვილი. სადაც ისაა, მეც ის ადგილი მიყვარს. მისი გამოთქმული ბგერები, ტიტინი, დაძინებისას როგორი კომუნიკაცია დგება ჩვენს შორის, რა ხმები აქვს ამ კომუნიკაციას,ზოგჯერ ვიწერ კიდეც  დაძინების სეანსებს; ყოველდღიურ ქაოტურ რეალობას კი მხოლოდ ყურსასმენებში გავურბივარ. ვუსმენ საყვარელ მუსიკას, ან ვჯდები და თავად ვიქმნი იმ სონიკურ გამოცდილებას, რაც კომფორტს მომანიჭებს. ასე შემიძლია შევქმნა წარმოსახვითი ლოკაციაც, რომლის ჟღერადობაც მომეწონება.

მუსიკამ ურბანისტული და ინდუსტრიული გარემო და მისი ცვლილებები ძაან კარგად შემოინახა, მაგრამ მე მიანტერესებს შენ როგორ გგონია, ეკოლოგიური კატასტროფების კვალდაკვალ, რამდენად შეუძლია მუსიკას სიარული და იმის შემონახვა თუ როგორ იცვლება ეკოსისტემა, მისი გამოსახულებები და ბგერები?

ამის ყველაზე ზუსტად ასახვა ალბათ პირდაპირ, ფილდ რეკორდინგითაა ( საველე ჩაწერით ) შესაძლებელი, თუკი ეს რომელიმე არტისტის კვლევის საგანი იქნებოდა. უბრალოდ ამის კეთების ნებისყოფა და ენთუზიაზმია საპოვნელი საკუთარ თავში, რადგან ეს ისედაც არ არის პოპულარული კულტურის ინტერესის საგანი სამწუხაროდ. უფრო სონიკ-არტთან იკვეთება, რასაც ჩვენში ჯერ ფეხი არ მოუკიდებია. არ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ ახვიდე მაგალითად თუშეთში და მოისმინო თუშეთი როგორ ჟღერს. მერე შეადარო როგორ ჟღერს თუშეთი 5 წლის შემდეგ. არც მსმენელს ექნება იმის მოთხოვნილება, რომ დაჯდეს და თუშეთი მოისმინოს. ისევ ენთუზიასტი  არტისტი თუ  შეძლებს ისე ააჟღეროს ეს სივრცე და მისი ცვლილება, მსმენელისთვის საინტერესო იყოს.

ის პრაქტიკა, რომ ცენტრს მოშორდი - როგორც ემოციურად ისე ლოკაციით - და შექმენი Mtirala სადამდე მიგვიყვანს დეცენტრალიზაციის ამ მიმდინარე პროცესში?    

მე მჯერა რომ დეცენტრალიზების პრაქტიკა ქართულ მუსიკას უფრო ავთენტურს და ღირებულს გახდის, მგონია რომ საერთაშორისო ასპარეზზეც უფრო ლოკალური, უნიკალური მახასიათებლებით ხარ საინტერესო, ვიდრე იმით რაც სხვაგანაც შეიძლება ხდებოდეს. ეს არ ნიშნავს ეგზოტიზაციას ან მარგინალიზაციას. ჯერ ცოტა დროა გასული იმისთვის, რომ შევაფასოთ რამე და ლოგიკური ნიშნული დავინახოთ. დეცენტრალიზაციის პროცესს ისიც შეუწყობს ხელს თუ ადგილობრივი ვენიუები მეტად დაინტერესდებიან  საავტორო მუსიკით და სცენას და სცენის ხელმისაწვდომობას გაზრდიან.

ანუ ელექტრონული მუსიკა უნდა გახდეს უფრო სოციალური?

მხოლოდ ელექტრონულ მუსიკას არ ვგულისხმობ, ადგილობრივმა შემოქმედებითმა პროცესებმა, ფართო აუდიტორიის მიღმა არ უნდა ჩაიაროს და Spotify-ს და Soundcloud-ს მიბმულ მელომანების და კონკრეტული ვენიუების სტუმართა წრეს უნდა გასცდეს. ისე გამოდის ხოლმე რომ სოციალურ მუსიკად მხოლოდ ფანოღი და ბაიათები მოიაზრება, ან ამით ინსპირირებული მუსიკა. არადა ისე არ მგონია რომ ხალხს არ აინტერესებდეს ეს პროცესები და არ უნდოდეს თანამონაწილეობა. თუნდაც SKAZZ-ის და Quemmekh-ის ლაივებზე მსმენელის დამოკიდებულებით იგრძნობა ეს. პანდემიამაც მოგვცა ამის გადააზრების საშუალება, სხვა დინებები გაჩნდა სცენაზე, უფრო მკაფიო გახდა რომ  საკლუბო ცხოვრება თუ მუსიკალური ინდუსტრია, გართობის მიღმა მნიშვნელოვან ფუნდამენტურ შემოქმედებითი პროცესებით უნდა საზრდოობდეს.

ფოტო : ლიზი ბერიძე

საერთოდ ჩემს შემთხვევაშიც, მიფიქრია ბევრი ამაზე, განსა კუთრებით კონსერვატორიაში თუ აკადემიაში სწავლისას, რომ თუნდაც ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკა, მით უფრო აკადემიური, ყოველთვის უფრო ასკეტური და ყოველდღიურობასთან აცდენილი მეჩვენებოდა და უბრალოდ  “საშინაო დავალებებსაც” რომ ვაკეთებდი  მეფიქრებოდა ხოლმე “რა დროს ესაა”, ვის ჭირდება ჩვენს რეალობაში ეს. ერთი სასაცილო  მიმიც შემხვდა , თუ გინახავს,  სამყარო რომ ფეთქდება და ექსპერიმენტული მუსიკის პროდიუსერი რომ ყვირის “hey, world do you need experimental music?”, მოკლედ ხშირად დგახარ ამ გამოწვევების წინაშე, რომ რამდენად ადეკვატური ხარ მიმდინარე პროცესებთან საკუთარი შემოქმედებით, სხვა რამეს ხომ არ უნდა აკეთებდე, უფრო მეტს ან ნაკლებს, ან რას უნდა აკეთებდე საერთოდ. Mtirala-ს დარელიზების მერე წამოსული უკუკავშირით, ცოტა დავმშვიდდი და მივხვდი რომ მეტნაკლებად, სწორ შემოქმედებით გზაზე ვარ. ალბათ შესაძლებელია, რომ არტისტი ყოველთვის რეაქციონერულად,  იმპულსურად არ ეხმიანებოდეს დღის წესრიგს და სხვა, ახალი გზები ეძებოს თავისი ხედვის, პოზიციის გადმოსაცემად, თუნდაც უფრო რაციონალური ან ბევრად პირადი - ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევაა.

იტერვიუს სრული ვერსია გამოქვეყნდება tapemagazine.com-ზე


ავტორი : მიხეილ ციხელაშვილი