მუსიკა | ცა

მუსიკა გარემოდან | ნაწილი 2

ანნა ლოკვუდი

იანვარი 29, 2020

ავტორი: ქუჯი დავითულიანი

დაახლოებით ათი-თორმეტი წლის წინ, როდესაც რეზო კიკნაძის ჯგუფში ელექტროაკუსტიკური მუსიკის შესახებ ლექციებს ვესწრებოდი და ვცდილობდი პირველი ნაბიჯები გადამედგა ელექტრონულ კომპოზიციაში, კონსერვატორიის საზაფხულო სკოლის ფარგლებში ჩრდილოეთ გერმანიის არც თუ ისე დიდი ქალაქ ლიუბეკიდან რეზო კიკნაძის გერმანელი სტუდენტები გვეწვივნენ... სტუმრობის მიწურულს კი საერთო ექსპერიმენტული კონცერტი გავმართეთ. უამრავ კარგ მოგონებასთან ერთად, ამ დღიდან მუდამ მახსენდება ერთი საინტერესო მომენტი... სივრცე, სადაც ჩვენი პერფორმანსები უნდა გამართულიყო დიდსულოვნად დაგვითმეს ერთ-ერთი მუსიკალური ცენტრის ფოიე და საკონცერტოდ როიალი. კონცერტის ერთ-ერთი ნაწილი ამ როიალის მცირედი პრეპარირება (წინასწარ მომზადება) და მასზე არამხოლოდ კლავიშებით, არამედ მთელი მისი კორპუსის და სიმების გამოყენებით დაკვრა იყო. პერფორმანსის დაწყებისას, როდესაც როიალს 3 თუ 4 ადამიანი სხვა და სხვა მხრიდან შეეჭიდა და მისი ყველა შესაძლო მეთოდით ახმოვანება დაიწყო, მოულოდნელად კულისებიდან შეშფოთებული სახითა და განწირული მზერით ამ ცენტრის თანამშრომელი გამოიჭრა და როიალს როგორც საფრთხეში მყოფს ხელგაშლილი გადაეფარა ... და გაოგნებულმა დაიწყო საუბარი იმაზე თუ რამხელა მნიშვნელობის იყო ინსტრუმენტი და რატომ არ გავაფრთხილეთ წინასწარ რომ მას გაფუჭებას ვუპირებდით. ძალიან დიდი დრო დასჭირდა რეზოს კიკნაძეს და ჩვენც მისთვის აგვეხსნა რომ არაფერს ვაფუჭბდით და როიალს გაცილებით დიდი ხმოვანი შესაძლებლობები ქონდა და შავთეთრი კლავიშების მიღმა მრავალფეროვანი ხმოვანი სამყარო იმალებოდა... თუმცა ვერ დავარწმუნეთ და ბოლოს როგორც მახსოვს კულტურის სამინისტროდან ზარი დასჭირდა ჩვენი კონცერტის დასრულებას...


არც კი მინდა წარმოვიდგინო რა რეაქცია ექნებოდა ამ ადამიანს 1968 წელს ახალგაზრდა ახალ ზელანდიელი კომპოზიტორის პერფორმანსისას ლონდონში . ანნა ლოკვუდი პირველი კომპოზიტორი იყო რომელმაც ახალი ჟღერადობების მისაღებად , დღეს უკვე ძველი და ახალი მუსიკის დაპირისპირების სტერეოტიპულ ექსპერიმენტად ქცეული პერფორმანსი Piano Burning დადგა. 


აქტის ანოტაციაში ვკითხულობთ:

„ღია გაშლილ სივრცეში, ზედა სახურავ დახურულ ფორტეპიანოს, პედლების მიმდებარე ღრიჭოში, კარგად აალებად ქაღალდებს ამაგრებ და უკიდებ ცეცხლს, დაუკარი რაც გსურს რამდენ ხანსაც შეძლებ,  სანამ ცეცხლმოკიდებული ალი ამის შესაძლებლობას მოგცემს."

ეს აქტი კომპოზიცია შედის ანნა ლოკვუდის პერფორმანსების სერიაში Piano Transplants. ეს არის კომპოზიტორის მცდელობები ღია სივრცის და ფორტეპიანოს ერთობლივი კოლობორაციისა , ეს არის ორმაგ ჩარჩოთა მსხვრევა ... ტრადიციული ინსტრუმენტის აკადემიიდან გარეთ გამოტანის და მისი თითქოს განადგურებით ხელახალი სიცოცხლის და შესაძლებლობების მინიჭებისა. Piano Burning განსხვავდება ამ სერიაში არსებული სხვა ჩანაფიქრებისგან , რადგან ეს მუსიკალური აქტი ინსტრუმენტის დროის მოკლე პერიოდში განადგურებას გულისხმობს და მთლიანი აქცენტი ამ მცირე დროში მის მიერ გაჟღერებულ ხმოვანებას ეთმობა , ყველა სხვა პერფორმანსი დროის დიდ მონაკვეთშია გაწერილი და აქცენტი უფრო მეტად ინსტრუმენტის არატრადიციულ გარემოში , ღია ბუნებაში დროთა განმავლობაში არსებობასა და მის გარდაქმნას ეხება. ამ კრებულში დრო როგორც მოცემულობა უმთავრესი მნიშვნელობის მატარებელია.  


გარდა ფორტეპიანოს დაწვისა ამ სერიაში შედის 3 სხვა პერფორმანსი:

Piano Garden (1969-70 – Ingatestone, Essex) 


"დარგეთ სწრაფად მზარდი ხეები ბაღში განთავსებული როიალის გარშემო, არ მოარიდოთ ინსტრუმენტი და არ დაიცვათ ბუნებრივი მოვლენებისგან წვიმა, ქარი, თოვლი თუ სხვა. დატოვეთ როიალი იქ სამუდამოდ."


Piano Drowning (1972 – Amarillo, Texas) 


"იპოვნე ჭაობი შორს ხალხისგან იზოლირებულ ადგილას, დადგი ინსტრუმენტი წყალში, დაამაგრე ინსტრუმენტი ისე რომ წვიმისა და ქარის დროს არ წაიქცეს. დატოვე ასეთ მდგომარეობაში გადაუღე ფოტო და გაიმეორე ეს თვეში ერთხელ, სანამ ის ნელნელა ბოლომდე არ ჩაიძირება."


Southern Exposure (1982 – realised 2005 at Bathers Beach, Freemantle, Australia)

"მოაბი ნაპირზე ფიქსირებული სამაგრი როიალის უკანა ფეხს, დადგი სანაპიროზე სტატისტიკურად მაქსიმალური დინების სიღრმეზე და დატოვე იქ მის საბოლოოდ გაქრობამდე."

გარემომცველი ემბიენთური სამყაროს მუსიკალურ წყაროდ გამოყენება ანნა ლოკვუდის შემოქმედების ამოსავალი წერტილი იყო , ის მუდმივად ცდილობდა ერთის მხრივ ჩაეწერა გარემოში გაფანტული ბუნებრივი საუნდები და მათზე დაკვირვებით მუსიკალური წყაროების განსხვავებული ბუნება აღმოეჩინა და მეორეს მხრივ მუსიკალური საპერფორმანსო სივრცის ასპექტების მნიშვნელოვანი გავლენები გამოეკვლია.

მისი ერთერთი პირველი მუსიკალური აქტი მინის ჭურჭლების საუნდების ჩაწერა და მასზე ლაივში შესრულება გახლდათ. ამ წარმოდგენებს ის 1967 - 70 წლებში მართავდა სახელწოდებით The Glass Concert. ამას რამდენიმე წელიწადში მოყვა World rythms , 10 არხიანი ელექტროაკუსტიკური ჩანაწერი , რომელიც სავსეა ბუნებაში ჩაწერილი ხმებით და ლაივ წარმოდგენისას ემატება გონგი . ეს ნაწარმოები შევიდა კრებულში New Music for Electronic and Recorded Media: Women In Electronic Music – 1977 , სადაც ამ პერიოდში მოღვაწე ქალი კომპოზიტორების ჩანაწერები ერთად შეიკრიბა.

ანნა ლოკვუდის ყველაზე უფრო პოპულარული ჩანაწერი ალბათ მიანც A Sound Map of the Hudson River-ია, რომელიც მდინარე ჰუძონის აუზში სხვა და სხვა პერიოდში გაკეთებული ჩანაწერების ერთობლიობაა. ჩანაწერები მდინარის, როგორც ხმოვანი ობიექტის და მის გარშემო არსებული ემბიენთური სივრცის წარმოდგენას ემსახურება, „ღრუბლების ცრემლის ტბიდან“  Lake Tear of the Clouds ნიუ იორკამდე, კომპოზიტორმა მდინარე ჰუძონის თითქმის მთელი აუზის ხვმა ჩაწერა და შემდეგ დამეპა. მსმენელს შეეძლო მდინარის აუდიო რუქის მიხედვით მოესმინა, თუ რომელ მონაკვეთში როგორ ჟღერდა მდინარე. საუნდები სავსეა როგორც წყლის დინების ხმით, ასევე იქ მცხოვრები ცხოველების და ადამიანების ხმოვანებით. ასე რომ, მის მიერ შექმნილი ჩანაწერები არა უბრალოდ მდინარის დინების საუნდი არამედ მის გარშემო არსებული აკუსტიკური, მუსიკალური სამყაროს ფიქსირებაა.

ლოკვუდი ღრმად იყო დაინტერესებული მდინარეთა საუნდებით.  მან 60 იანი წლებიდან მოყოლებული შექმნა ერთგვარი არქივი სადაც ევროპისა და შტატების ტერიტორიაზე არსებული მდინარეების ხმოვანი ბიბლიოთეკა განთავსდა. ის ყოველთვის განსაკუთრებული საკრალურობით უდგებოდა ამ ბუნებრივი მოვლენის აღქმას , ერთერთ ინტერვიუში ამბობს კიდეც :


„მე მდინარეთა ჩანაწერების გაკეთება 60-იან წლებში დავიწყე, როდესაც ინგლისში ვცხობრობდი, რადგან მე დაინტერესებული ვიყავი აღმომეჩინა თუ რა მაგნიტიზმი ახასიათებდა მდინარეებს, რატომ უყვართ ადამიანებს მდინარეთა ნაპირებზე წასვლა , რას უსმენს და ხედავს ადამიანი მასში... ქალაქში მაცხოვრებელთათვის მდინარე უფრო ვიზუალური ნაწარმოებია ვიდრე ხმოვანი. მე მინდოდა ჩემი მცდელობით ის ვიზუალური ინფორმაციისგან დაცლილ ხმათა სამყაროდ წარმომეჩინა, რომელიც ხშირად უკანა პლანზეა გადაწეული. ამიტომაც დავიწყე მოგზაურობა მეგობრებთან ერთად და წლები ვაგროვებდი სხვა და სხვა მდინარეთა ხმოვან ჩანაწერებს..."


ანნა ლოკვუდი იმ იშვიათ კომპოზიტორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება გარემოსა და მუსიკის ურთიერთქმედების შესწავლასა და აღმოჩენას დაუთმეს... მისი მსოფლმხედველობიდან და შემოქმედებიდან გამომდინარე, ის ემბიენთური მუსიკის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი იყო. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ:

"ემბიენსი განისაზღვრება, როგორც ატმოსფერულობა და ობიექტის გარშემო გაფანტული სხვადასხვა მოვლენები ერთად. არსებობის ერთგვარი ელფერი, ტონი. ჩემი მიზანია წარმოვადგინო ორიგინალური ჩანაწერი, კონკრეტულ დროსა და სივრცეში გაშლილი ხმების ერთგვარი კატალოგი, გარემოში გაფანტული მუსიკალური ნაჭრები განწყობისა და ატმოსფეროს განსხვავებული ვარიაციებით... ემბიენთურმა მუსიკამ ბუნებრივად და ძალდატანების გარეშე უნდა შეძლოს იყოს ერთის მხრივ შეუმჩნეველი და ამავდროულად უსაზღვროდ საინტერესო საკვლევი სივრცე მსმენელისთვის."