სიახლეები თიბისელები

აქ.ახლა - 7 საუკეთესო სამუშაო ადგილი, როცა მუშაობ, საიდანაც გინდა.

ადგილები, რომელშიც დატვირთული სამუშაო დღის სასიამოვნო გარემოში გატარებას შეძლებ.

ივლისი 12, 2020

ის, რაც 1 წლის წინ წარმოუდგენლად მიგვაჩნდა ახლა არა მხოლოდ უჩვეულო რეალობად, არამედ უკვე ნაცნობ ყოველდღიურობად იქცა.

ხანდახან მგონია, რომ მთელი ცხოვრება სახლიდან ვმუშაობ და სამუშაო დღეებიც ხან აჭარაში, ხან გურიაში, ხანაც თბილისში მქონდა, ისე რომ შვებულებაშიც არ გავსულვარ, თუმცა იქვე მახსენდება რომ ეს ცხოვრების ახალი წესია, რომელმაც უნიკალური ჩვევები მოიტანა და ოფისებში მჯდომი ადამიანები ლეპტოპებით და დამტენებით აღჭურვილ ფრილანსერებს დაამსგავსა.

როგორია სახლიდან მუშაობა, ამაზე აზრი ორად იყოფა, ზოგისთვის ძალიან კომფორტულია, ზოგისთვის პირიქით, თუმცა ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია ისეთი ადგილების ცოდნა, სადაც თუ სახლში ყოფნა მოგბეზრდება ან მოგზაურობას გადავწყვეტ, დატვირთული დღის გატარებას, სასიამოვნო გარემოში შეძლებ. 

კაფე მზიური

მზიურის კაფე წლებია თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დამოკრატიული და სტუმართმოყვარე ადგილია, გარდა გემრიელი (მათ შორის ვეგეტარიანული) სამზარეულოსი, კაფეს შიდა ტერიტორიაზე სიმშვიდეა, არც დენის წყაროა პრობლემა, შეგიძლიათ გრილ ამინდში ეზოთიც ისარგებლოთ და საღამოს მზიურის განახლებულ პარკშიც გაისეირნოთ, რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა და უკვე ძალიან პოპულარულია დედაქალაქის მაცხოვრებლებში.

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი N23, მზიურის პარკი

სამუშაო საათები: 11:00-22:00 

გაიგე მეტი აქ



საქართველოს ეროვნული მუზეუმის კაფე

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული სივრცეა, რომელშიც ქვეყნის ეროვნული საგანძურის დიდი ნაწილი ინახება და რომელიც მუდმივად მასპინძლობს როგორც მუდმივმოქმედ გამოფენების საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის და კულტურის შესახებ, ისე დროებით გამოფენებს. მუზეუმის პირველ სართულზე ფოიეში მუშაობს პატარა კაფე, რომელშიც შეგიძლიათ განმარტოვდეთ და იმუშაოთ, შესვენებისას კი არც მეტი არც ნაკლები ქვეყნის წარსულში იმოგზაუროთ, რაც შთაგონების საპოვნელად და ახალ იდეებზე საფიქრალად ჩინებული გზაა. 

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი N3

სამუშაო საათები: 10:00-17:30

გაიგეთ მეტი აქ



K2

K2 უკვე ბათუმის ნამდვილი „ლენდმარკია“, მეც პირველი რასაც ქალაქში ჩასვლისას, ზღვის მონახულების შემდეგ ვაკეთებ, აქ მისვლაა. ერას მოედნის სიახლოვეში მდებარე, საღამოობით ხმაურიანი ბარი, რომელშიც ტურისტები და ადგილობრივები ერთმანეთს ყოველდღიურად ხვდებიან და დიდ მხიარულებას აქვს ადგილი, დილით წყნარი ღია კაფეა, რომელშიც შეგიძლიათ მშვიდად ჩამოჯდეთ და ლანჩიც მიირთვათ. კაფეს განსაკუთრებულად გემრიელი და ექსპერიმენტული სამზარეულო აქვს. შესვენებისას თითქმის გამორიცხულია, ერთი ნაცნობი მაინც არ შეგხვდეთ და მასთან აზრები არ გაცვალოთ. რატომ ჰქვია K2-ს ის, რაც ჰქვია, თავისთავად კოლორიტული ამბავია და შეგიძლიათ ბარმენს იქვე ჰკითხოთ.

მისამართი: ბათუმი, ნ. დუმბაძის ქ. N12-14

სამუშაო საათები: 11:00 – 02:00

გაიგეთ მეტი აქ



CONTE BAR

Conte Bar ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბარია, რომელსაც საღამოობით უამრავი ადამიანი სტუმრობს, თუმცა დილით მის ტერასაზე ჯდომა და ბათუმური ნალექიანი ყავის სმა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საქმეა, რომელიც მუშაობას შეიძლება შეუთავსოთ. მიუხედავად იმისა, რომ კაფე გზასთან ახლოსაა, მოძრაობა არც ისე აქტიურია, არც ხმაური შეგაწუხებთ და თან ქალაქის შუაგულში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს აღმოაჩენთ.

მისამართი: ბათუმი, ზ. გამსახურდიას 1/5

სამუშაო საათები: 09:00 – 02:00

გაიგე მეტი აქ



ლიტერატურული კაფე 

ლიტერატურული კაფე, თბილისის გამოცდილებით, მყუდრო სივრცესთან, ჩუმ საუბრებთან, გემრიელ ტკბილეულთან ასოცირდება და მომხმარებელთან მეგობრობის ბევრ წელს ითვლის, ამ შეგრძნებას არც ბათუმის ლიტერატურული კაფე მოგაკლებთ. მართალია, მისი ტერასაც პატარა და მშვენიერია, თუმცა თუ მობილიზაცია გჭირდებათ, სჯობს გრილი, შიდა სივრცე აირჩიოთ.


მნიშვნელოვანია, რომ ბათუმში გამსახურდიას ორი ქუჩაა და თუ ჯერ არ ყოფილხართ რომელიმე ზემოთხსენებულ ადგილას, კარგად დააკვირდით მისამართს, თუმცა ბათუმის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ვერ დაიკარგებით და ერთმანეთთან ყველაფერი ძალიან ახლოსაა. 

სამუშაო საათები: 11:00-00:00

მისამართი: ბათუმი, კ.გამსახურდიას ქუჩა N31

გაიგეთ მეტი აქ



 მალას გარდენი

მალას გარდენი რესტორანია, თუმცა დღისით არც თუ ისე ბევრი ხალხია და შეგიძლიათ მის მწვანე ეზოში მშვიდად იმუშავოთ, გემრიელი ქართული კერძები დააგემოვნოთ და დღე ისე გაატაროთ, როგორც შვებულებისას თელავში ჩასული დაგეგმავდით. 

სამუშაო საათები: 12:00 – 01:00

მისამართი: თელავი, შოთა რუსთაველის ქუჩა N4

გაიგეთ მეტი აქ



გარდენია ქუთაისი

ქუთაისში ყველა ჩასვლისას ახალი აღმოჩენის გაკეთება შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ არის ბევრი კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცე, კაფეები და რესტორნები ადვილად ითავსებენ ამ ფუნქციას.

გარდენია ქუთაისი რიონის პირას, თეთრ ხიდზე მდებარეობს და თუ სამუშაო დღის პარალელურად ქალაქის მშვენიერი ხედით ტკბობაც მოგინდებათ, ეს იდეალური ადგილია.

მისამართი: ქუთაისი, თეთრი ხიდი, გრიშაშვილის და ცისფერყანწელების ქუჩების კვეთა.

სამუშაო საათები: 10:00 – 02:00

გაიგეთ მეტი აქ



კურორტი ბახმარო

მართალია, ბახმაროში არც კაფე-ბარებია და არც საერთო სამუშაო სივრცეები, მაგრამ სეზონი ჯერაც არ გახსნილა და გურიის მთებში ჩაფლულ, ამ მწვანე სოფელში, კოტეჯიდან შეგიძლიათ განსაკუთრებით მშვიდად იმუშავოთ. ინტერნეტი მაინცდამაინც სანდო არ არის, ამიტომ კარგი იქნება, ამაზე ჩასვლამდე თუ იზრუნებთ. ბახმაროს ინსფრასტრუქტურა ქალაქისას არ ჰგავს, თუმცა თუ მომდევნო კვირებში სრული კონცენტრაცია გჭირდებათ, უკეთეს ადგილს ვერ იპოვით. ის კი არა, დავიწყებული ან ყველაზე მოსაბეზრებელი საქმეებიც აუცილებლად გაგახსენდებათ და მათაც სიხარულით გააკეთებთ.

ეს იმ ადგილების ძალიან მცირე ჩამონათვალია, საიდანაც მშვიდად მუშაობა შეგიძლიათ და რომელიც ჩემმა მეგობრებმა და მე ვიპოვეთ.


და თქვენი აღმოჩენა რომელია?


ავტორი: მაშო სამადაშვილი