უეს ანდერსონის მეტაბოლისტური არქიტექტურა


უეს ანდერსონის ვიზუალური სიმეტრია, ბალანსი, მონოქრომული, პასტელურ ფერთა პალიტრა და თითოეული დეტალის სრულყოფილი დიზაინი მისი ფილმების განუყრელი ნაწილია. ხშირად ამერიკელ კინორეჟისორს მისი განსაკუთრებული ესთეტიკის გამო ინტერიერის დიზაინერადაც მოიხსენიებენ, თუმცა ფაქტია, რომ მის ნამუშევრებში არა მხოლოდ უნიკალურ ინტერიერის დიზაინს, არამედ გამორჩეულ ექსტერიერსა და არქიტექტურასაც აღმოაჩენთ.


მისი მეორე, 2018 წლის ანიმაციური ფილმი “Isle of Dogs” არქიტექტურული თვალსაზრისით, ანდერსონის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ნამუშევარია, რომლისთვისაც რეჟისორმა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ვერცხლის დათვიც მიიღო.


იაპონელი არქიტექტორის, კენზო ტანგეს და 1960-იანი წლების იაპონური მეტაბოლისტური არქიტექტურის შთაგონებით შექმნილი გამოგონილი იაპონური ქალაქის, მეგასაკისა და ნაგავსაყრელთა კუნძულის არქიტექტურა ანდერსონის ანიმაციის განმსაზღვრელია. მომავალზე ფოკუსირებული ომის შემდგომი არქიტექტურული მოძრაობის იდეები მეგასტრუქტურების ორგანულ ბიოლოგიურ ზრდას გულისხმობდა, რომელიც არა სტატიკური, არამედ მარტივად ჩანაცვლებადი და გადასაადგილებლად მოსახერხებელი მასალით იქმნებოდა.



ამერიკელი ანიმაციის რეჟისორისა და პროდუქტის დიზაინერის, პოლ ჰაროდის მიერ შექმნილი “Isle of Dogs”-ის არქიტექტურა მეტაბოლისტური და ტრადიციული ცათამბჯენების კომბინაციაა, რომელიც საბოლოო ჯამში ფუტურისტულ ესთეტიკას ქმნის. ქალაქ მეგასაკის მომავლის დიზაინი, რომელიც გაურკვეველი საწყისი წერტილიდან 20 წლის ინტერვალს გულისხმობს, 240 გადასაღები მოედნისა და 44 სცენისგან შედგება, რომელზეც ჰაროდთან ერთად ამერიკელი პროდუქტის დიზაინერი ადამ შტოკჰაუზენიც მუშაობდა. 



გარდა Pritzker-Prize-ის მფლობელი ტანგესი, ანიმაციის შთაგონების წყარო ამერიკელი ნოვატორი არქიტექტორი ფრენკ ლოიდ რაიტი და მისი ტოკიოში 1923 წელს შექმნილი Imperial Hotel-იც გახდა. XX საუკუნის ტრადიციული მოდერნისტული იაპონური არქიტექტურის შთაგონებით შექმნილი შენობა ანიმაციაში მეგასაკის მერის, კობაიაშის სამფლობელოს წარმოადგენს. 



ნაგავსაყრელთა კუნძული, სადაც ანიმაციის დიდი ნაწილია გადაღებული, იაპონურ Edo-ს, იგივე Tokugawa-ს პერიოდს უკავშირდება, რომელიც ეკონომიკური ზრდით, მკაცრი სოციალური წყობით, იზოლაციური საგარეო პოლიტიკითა და ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციით ხასიათდება. “ნაგავსაყრელთა კუნძული ორი განსხვავებული პერიოდის ერთმანეთთან შეთავსებას და ნაგვის ესთეტიზაციასა გულისხმობდა, რომელიც ერთდროულად შეიძლება ჯოჯოხეთურიც იყოს და მშვენიერიც”, - განმარტავს ჰაროდი. 



“Isle of Dogs” ერთგვარ კონტრასტს ქმნის დანგრეულ, მიტოვებულ ნაგავსაყრელთა კუნძულსა და სუფთა, ნათელ, მშვენიერ მეგასაკის ქალაქს შორის, რომელიც სადღაც გაურკვეველ, ფუტურისტულ მომავალში გამოგზაურებთ.


თიბისი სტატუსისა და კინოთეატრ ამირანის ერთობლივი რეტროსპექტივის ფარგლებში, მაყურებელი ვეს ანდერსონის ფილმების ნახვას შეძლებს.

ავტორი: Hammock Magazine