თაობა

Walking On The Beat - Lua ახალი სიმღერით და კლიპით ბრუნდება

ოქტომბერი 03, 2022

„ეს სიმღერა 15 წლის რომ ვიყავი, მაშინ დავწერე და დღემდე ველოდებოდი სწორ დროს, რომ სტუდიურად ჩამეწერა, რადგან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ამ ტრეკის მიმართ - მინდოდა საუკეთესო ვერსია გამოსულიყო.“


ლუამ (ან როგორც მეგობრები ეძახიან, ქეთათომ) ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული კლიპი გამოაქვეყნა. Walking On The Beat-ში ნათლად შეიმჩნევა, რომ ახალგაზრდა მუსიკოსმა იმ ახალი შემოქმედებითი სივრცეების მონიშვნა დაიწყო, რომლებსაც აქამდე შორიახლოს უვლიდა გვერდს.


ბოლო ინტერვიუს დროს ლუა გამომიტყდა, რომ ის მუდმივად ცდილობს დაუბრუნდეს იმ შემოქმედებით განწყობებს, რომლებიც წლების წინ ჰქონდა და მათ ახლებურად შთაბეროს სული. და კითხვაზე, როგორი იყო ლუა წლების წინ, მისი პასუხი მარტივი და მკაფიოა:


-    აი, ნეტავ დღესაც ეგეთი ვიყო.

„ამ სიმღერას წლების საერთოდ სხვა სახელი და კონცეფცია ჰქონდა: შემოდგომაზე და ფოთლების შრიალზე იყო.“ - წლების შემდეგ ალექს ბერძენიშვილთან ერთად დემო ვერსიაზე მუშაობის დროს ნათელი გახდა, რომ სიმღერის ტექსტსა და მუსიკალურ ხასიათს შორის ახლებური კავშირის პოვნა იყო საჭირო. „ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი შევცვალე, თუმცა ბევრი ძველი ფრაზა ხელუხლებლად დარჩა, რაც ძალიან მომწონს.“


ახალგაზრდული სულისკვეთებით და განწყობით შექმნილი სიმღერა ნაწილობრივ აგრძელებს იმ ესთეტიკას, რომელიც მუსიკოსის წინა სინგლში - HIP-HIP იკითხებოდა, თუმცა, ამჯერად ყველაფერი აბსოლუტურად სხვა დინამიკასა და რიტმშია. ლუას შემოქმედებაში Walking On The Beat არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არტისტმა საცეკვაო მუსიკის ტერიტორიაზე გადააბიჯა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს აუდიტორიას აჩვენა.

როგორც თვითონ ამბობს, Walking On The Beat არტისტის სადებიუტო ალბომშიც შევა, თუმცა სიმღერის კონტექსტის სრულ აღქმისთვის ლუამ ლისა ღლონტთან ერთად კლიპიც გადაიღო. კლიპი, სადაც სხვადასხვა პერსონაჟი ერთი სიმღერის ირგვლივ საკუთარ თავს ცეკვით გამოხატავენ, ძალიან კარგად გადმოსცემს იმ იდეას, რომელიც სიმღერის ტექსტის და მუსიკალური ქსოვილის მიღმა იმალება.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა პერსონაჟს თავისი განსხვავებული ხასიათი აქვს, ყველას აერთიანებს სიფერადე, სილაღე და ცეკვა.“ - კლიპის რეჟისორი, ლისა ღლონტი აღნიშნავს, რომ განსხვავებული ადამიანების ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანება ამ კლიპში ძალიან საინტერესო შედეგით დასრულდა. როგორც ქორეოგრაფი ნინი გოგიჩაიშვილი ამბობს, ამის მიზეზი პერსონაჟების თავისუფლების ხარისხიც იყო.

„ჩემი მიზანი იყო იმპროვიზაციის მეშვეობით მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ გამოეხატათ საკუთარი თავი ისეთები, როგორებიც არიან. რამდენი მოძრაობაც არ უნდა დამედგა და მესწავლებინა, მთავარი მაინც ამ მოძრაობების მათი ვერსიის წარმოჩენა იყო.”

საინტერესოა ისიც, რომ როგორც სიმღერა, ასევე ქორეოგრაფია და ვიდეოს ხასიათი ერთნაირი წარმატებით ფოკუსირდება როგორც კონკრეტული თაობის, ასევე უნივერსალურ ადამიანურ მისწრაფებებზე. სიმღერის მუსიკალურ თუ ვიზუალურ მხარეზე მომუშავე ადამიანები ძირითადად ახალი თაობის ადამიანები არიან, რომლებიც თავისუფლების, სილაღის და მრავალფეროვნების თავისებურ მანიფესტაციას გვთავაზობენ.


თავის მხრივ ლუა ისევ აგრძელებს შემოქმედებით ურთიერთობას იმ „15 წლის ლუასთან”, რომელიც მასში მუდამ დატოვებს განწყობას - „აი, ნეტავ დღესაც ეგეთი ვიყო”.

ავტორი: რეზი ხუნწელია