VAQO-ს ქართული მუსიკა

მუსიკოსი, რომელზეც დღეს უნდა მოგიყვეთ, გასულ წელს რამდენჯერმე გახდა ჩემი ინტერესის ობიექტი. ვახტანგ ქანთარია, სასცენო სახელით VAQO, ვფიქრობ, ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი საინტერესო მუსიკოსია საქართველოში. შეიძლება, ვინმესთვის ძალიან „ხმამაღლა“ ჟღერდეს ეს მტკიცება, თუმცა, ინტერვიუს წაკითხვისა და მისი მუსიკის გაცნობის შემდეგ დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი ჩემს აზრს უცილობლად გაიზიარებს.

როცა მუსიკოსი ძალიან მომწონს, მის შესაფასებლად ძირითადად ორ ეპითეტს ვიყენებ - „საინტერესო“ და „ავთენტური“ - ამ ორივეს კი VAQO-ს შემოქმედება და მუსიკალური პერსონაჟი სრულიად აკმაყოფილებს.

მისი მუსიკა თვითმყოფადი და ქართულია, მიუხედავად იმისა რომ მოსმენისას, სტილისტურად შეიძლება მეოცე საუკუნის დასაწყისის ამერიკაში გადაგისროლოთ, VAQO-ს მუსიკა ქართული ყოფისა და და კულტურის გამოძახილია, სადაც სამეტყველო ენას ძირითადი დანიშნულება აკისრია.

მისი გიტარა, ქართულ ენასთან ერთად ძირითადი იარაღია, რათა მსმენელთა ყურს მისწვდეს, ჩაითრიოს და საკუთარ სამყაროში ამოგზაუროს. გიტარის აკორდები პირველივე წამიდან იპყრობს თქვენს ყურადღებას და არ გაძლევთ მოდუნების საშუალებას. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მის ანგარიშზე უკვე რამდენიმე ალბომია, რომელიც შეიძლება არა ქართულ, მაგრამ ამერიკულ, ბრიტანულ თუ იაპონურ რადიო სადგურებზე აქტიურად ტრიალებს - წელს მან 2019 წელს, თბილისში ჩაწერილი კონცერტის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, ალბომში, რომელიც თანამედროვე ფსიქოდელიითა გაჟღენთილი, ულამაზესი ბალადებითა და სოციალური მუსიკის მუხტით სავსე კომპოზიციები დაგხვდებათ.

მალე მის ახალ ცოცხალ ჩანაწერს და ასევე სტუდიურ ალბომს უნდა ველოდოთ, რომელიც ავსტრიულ ლეიბლზე „Studio Hundert Records“ გამოვა. VAQO-ს მუსიკა, როგორც მისი პირადი ისტორიაც, ნამდვილია, დანარჩენზე კი დეტალურად ქვემოთ მოგითხრობთ:

პირველად იყო როკ-ენ-როლი

ვგონებ, ჯერ კიდევ ნოლიანების ეპოქა იდგა, დიდ ბიჭებს და გოგოებს ჯინსების შარვლები ეცვათ და სვიტრები.  მაშინ მამამ ბიძასთან და ბებიასთან წაგვიყვანა, იმ სახლში, სადაც გაიზარდა. მანქანაში მე და ჩემი და-ძმა ვისხედით. ბებიას სახლში იდგა ძველი აპარატურა, ეს გახლდათ ბაბინის, ე.წ. ანალოგური დიდ ფირიანი დეკა. ზედ ჩაწერილი ბრიტანული ბენდის, The Animals საუკეთესო ნაშრომების ფირით, ხმას ბოლომდე აუწიეს, დინამიკებიდან ვოკალისტი რიტმული ბენდის თანხლებით, დაბოხებული, განმანათლებლის ხმით მღეროდა, უფრო სწორად შაირი ქონდა გამართული იმის შესახებ, რომ თანამედროვე მუსიკაში არაფერია კარგად და როკ-ენდ-როლი მოკვდა.

 

ეს 1964 წელსაა დაწერილი. ბოლოს კი წივილი ატეხა, ჰეი ბო დიდლი, ჰოი ბო დიდლიიიიიი...  მაშინ დარწმუნებული არ ვიყავი რა ჭირდა იმ ადამიანს, თუმცა უტვინო კაცის ნამღერს არ გავდა. სიმღერას „Story of Bo Diddley“ ერქვა.  ბასები ყურებს მინგრევდა... მოგვიანებით შევიტყვე, რომ სიმღერა „Story of Bo Diddley“  კრიტიკაა ე.წ. payola სისტემის, სადაც შეგიძლია რადიოში იყიდო სინგლისთვის დასატრიალებელი დრო და ასე გახდე ცნობადი. პირველი მუსიკალური შთაბეჭდილება ასოცირდება ძველ სტერეო სიტემასთან, 90 ვატთან და ბობ დიდლთან, Animals-ის მეშვეობით.“

“While My Guitar Gently Weeps”

გადაწყვეტილებაზე, რომ მუსიკოსი გამხდარიყო ჯერ დედამ იმოქმედა, რომელმაც მუსიკალურ კოლეჯში მიაბარა, შემდეგ კი მამამ, რომელმაც გიტარაზე რამდენიმე აკორდი შეასწავლა. ეს ყველაფერი კი ძმასთან ერთად დუეტის „The W”-ს შექმნით დასრულდა.

„კარგად მახსოვს, რატომ მომინდა რიტმ გიტარაზე დაკვრა და არა სოლოზე. მშრალ ხიდზე გავედი და შევიძინე თბილისის გამოცემული ფირფიტები, მათ შორის სამოციანების ბოლოს, პოპულარული ამერიკული ბენდის Creedence Clearwater Rrevival კრებული. როდესაც ჩავრთე დაბალ ხმაზე, მხოლოდ ვოკალი, დასარტყამის თეფშები და რიტმ გიტარა ისმოდა, მაშინ გავიფიქრე, რომ მეც მსურდა ასე რიტმზე, “I Heard It Through The Grapevine” ერქვა ნაწარმოებს. რიტმ გიტარისტი, ტომ ფოგერტი კონცერტზე როგორც ვიხილე, მაჯის გაუნძრევლად მედიატორს სიმებზე დაატარებდა, აკეთებდა აქცენტირებულ ამოკვრებს, ქვევიდან ზევით, და არა პირიქით, ზევიდან ქვევით, ჩავთვალე, სამყაროს ამოყირავებასა და ასეთი დაკვრის სტილს შორის არაფერი განსხვავება არ უნდა ყოფილიყო. ჯამში რიტმ გიტარამ დამიბლაგვა ტექნიკა, თუმცა ძმის სოლოები ამას ავსებდა, შემდეგ კი მარტო როდესაც დავრჩი, რიტმ გიტარა და სოლო გიტარა ერთმანეთს გავუტოლე, ამან მიმიყვანა ქანთრის, ბლუზის და ამერიკანოს სადავეებთან, ისინი აკუსტიკურ გიტარას იყენებენ ისე, გეგონება ამის მეტი არც არსებობს ინსტრუმენტი, იქ რიტმ გიტარა უდრის ბასს, სოლოს, დასარტყამს ერთად და ეს იდეა მომეწონა.“

როგორც უკვე მიხვდით, გიტარა VAQO-ს მთავარი მუსიკალური და ცხოვრებისეული ინსტრუმენტია, ბავშვობიდან დღეში 6-8 საათამდე უკრავდა და დღემდე ეხმარება, რომ საკუთარ წარმოსახვაში არსებული ბგერების განვრცობა და მატერიალიზება მოახდინოს. თუმცა, გარდა ამისა, უკრავს ბასზეც, დასარყამ ინსტრუმენტებზე, ფორტეპიანოზე და კიდევ სხვა სიმებიან ინსტრუმენტებზეც.

„მიადვილდება ისნტრუმენტების ათვისება, იმ დონეზე, რა დონეზეც მისი გამოყენებაა საჭირო. თუმცა, ძირითად ინსტრუმენტად აკუსტიკურ გიტარას ვთვლი. ერთხელ გავიგე, რომ ჩემს ძმას ნამდვილ ორღანზე ქონია დაკრული, მაშინ შურით გავსკდი... მაგრამ სასიამოვნო იყო ამით გასკდომა... ბუმ!!! ბუმ ის არის რაც გაიძულებს იმოქმედო.“

„გავლენები“

არავის განსაკუთრებული მუსიკალურ გულშემატკივარი არ ყოფილა, ვინაიდან მასზე გავლენას არამხოლოდ მუსიკა, არამედ მოდა, სამოსი თუ საუბრის მანერაც კი ახდენდნენ. ჟანრობრივად კი უპირატესობას მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ამერიკულ მუსიკას, ასევე დასავლეთ საქართველოს ფოლკლორს ანიჭებს.

„ფილოსოფიური კუთხით ქართული ცეკვები დიდი გავლენას ახდენენ შემოქმედებამდე არსებულ მდგომარეობზე. ქართულ ცეკვაში, აი, ის კაცები რიტუალურად რომ დგანან და ტაშს უკრავენ, ტემპს როგორ უჩქარებენ? და სერიოზული სახეებით იყურებიან, მერე სცენაზე რომ შემოდის ქალი, და აყვება ერთი, და ამ ქალის ჭკუაზე დადის ეს კაცი, საოცარი სანახავია.  ამ ქალს  მიყავს ეს კაცი ხან იქ ხან აქ... ასეთ დროს ფიქრობ, ო არა, ამათმა ცხოვრება ცეკვაში ასახეს... ქართულ ცეკვებში, რიტუალებში დევს ნამდვილი და მარტივი ცხოვრება და ზუსტად ასახავენ ანსამბლს. ქალის შემოსვლა ეს სოლო გიტარაა, კაცი უკან რომ მიყვება, ეს მეორე გიტარაა, უკან რომ დგანან კაცთა გუნდი, ეს ბასებია, ხოლო ტაშს რომ უკრავენ, ეს დასარტყამია.

რომელ ქართველ მუსიკოსებთან ითანამშრომლებდა?

„წარსულში ეს იქნებოდა პოლიკარპე ხუბულავა, გიული ჩოხელი, დიმიტრი არაყიშვილიც, ბევრნი არიან. არ ვიცი ვინ დაწერა „თეშ იღბალი“, მის ავტორთანაც, ფანდურის შესავალია დასაფასებელი. არც ჭიჭე ტურას ავტორი ვიცი, არც მრავალჟამიერის და ჩაკრულოსი, მაგათთან ერთად მუსიკალურ თანამშრომლობის გარდა, ვიმეგობრებდი კიდევაც. ბევრი იტყვის ფოლკია, დიახ ფოლკია, ფოლკი კი ეს არის, როდესაც ვიღაცამ რაღაცა დაწერა, ხოლო მეორე ვიღაცამ ავტორის სახელი არ ჩაწერა. თანამედროვეებიდან, ვფიქრობ დიდ წილად ყველასთან ვისაც უყვარს მუსიკა, ინსტრუმენტზე დაკვრა, სიმღერა და აქვს თავისი იდეები. ამ მხრივ ღია ვიყავი ყოველთვის, პრობლემა ამისი უფრო ტექნიკურია, ვიდრე რამე სხვა. ისე,  მარტოც კარგად ვგრძნობ თავს და დიდი სიამოვნებით დავუწერდი სიმღერებს თანამედროვე მუსიკოსებს, რომ არაფერი ვთქვა არანჟირებაზე და სოლო გიტარაზე. ზედ ჩავაწერდი.“

სად შეიძლება VAQO-ს მოსმენა?

თბილისში როგორც ძმასთან ერთად, ასევე სოლო პროექტის ფარგლებშიც მიეცა დაკვრის საშუალება. სწორედ ამ დროს დაიწყო მისი გამოსვლების აუდიო ჩაწერაც, როდესაც ნახევრად ცარიელ დარბაზებში, მოხეტიალე სულებმაც კი მოუსმინეს - ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერი კი “Live In Tbilisi“-ის სახელით წელს ფართო აუდიოტორიის წინაშე გამოჩნდა.

„ქართულენოვანი მუსიკის შიში და კომპლექსი ბევრგან იგრძნობოდა. ასე მგონია. მათ ურჩევნოდათ სტანდარტი, ის, რაც უცხოეთში გადის პოპულარ ტელევიზიებში. გოგონა ან ბიჭუნა უკულელეებით, წყნარი ბალადა ინგლისურ ენაზე, რომელის ტექსტსაც ვერასდროს გაიგებს უფროსი თაობა, საბედნიეროდ, მე გამიმართლა, არსებობს მიკროფონი და ათასი კეთილი ხალხი, მთელი არმია, რომლებიც მეხმარებიან წინასვლაში“

სოციალური მუსიკა

„ჩემი მუსიკა დიდწილად ეხმიანება გარემოს, იქამდე, სანამ ეს ფასეულია, რადგან არის მოვლენები, რომელთა შესახებ სიმღერა უბრალოდ სხვისი გამეორება იქნებოდა. როდესაც შენი სათქმელი სხვამ უკვე თქვა, ვფიქრობ, აღარაა საჭირო იმავეს გამეორება. და ეს დიდი კომფორტია, როდესაც სხვები შენზე უკეთ აკეთებენ საქმეს.  ჩემი სიმღერების უმრავლესობა ნამდვილ ამბებზეა და ასეც იქნება ყოველთვის, არაფრის გამოგონება ამ მხრივ არ არის საჭირო. იმდენი თემაა სამღერად... სამი ცხოვრება არ გეყოფა... ჩემი მუსიკა გადმოსცემს ჩემ ისტორიებს, ისინი ნამდვილია.“

კოპირება, როგორც მუსიკის ძირითადი პრობლემა

მიიჩნევს, რომ მისი თაობის ერთ-ერთი პრობლემა ქვეყნიდან და შესაბამისად, პასუხისმგებლობიდან გაქცევის სურვილია, რაც ხშირად მუსიკაში დასავლეთის პირდაპირ კოპირებაში ვლინდება.

„ჩვენს თანამედროვე მუსიკაშიც იგრძნობა გაქცევის ფენომენი. ბარებში, სადაც ერთი პერიოდი ვუკრავდი და ვმუშაობდი, სულ სხვის სიმღერებს უკრავდნენ, არა საავტოროს, ერთი ერთზე, არანაირი შემოქმედება არ იგრძნობოდა. ეს გავდა სურვილს, საქართველოში უცხოეთი დაეკოპირებინათ, ფორმალურად ასეც იყო. ესეც გაქცევას გავდა. ვიცოდი, ასეთი გზით მუსიკა არ განვითარდებოდა. განგებ მოვუსმინე ბრიტანულ ბარებში რას უკრავდნენ სამოციანებში, ე.წ. ბუტლეგების სახით, აღმოვაჩინე, რომ ამერიკულ ბლუზებს, მაგრამ საკუთარი ვერსიით და ეს სწორი გზა აღმოჩნდა მაშინ.“

შეზღუდვა, როგორც შესაძლებლობა

მის ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერებს ძირითადად აშშ-დან, იაპონიიდან და ბრიტანეთიდან სრულიად სხვადასხვა ასაკის ადამიანები უსმენენ. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკაში საქართველო ნაკლებადაა წარმოდგენილი, VAQO მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და მომავალშიც საკუთარი ქვეყნის აუდიტორიაზე ეცდება გიტარის ბგერების მიწვდენას.

„ფული კაია, იყიდი საჭირო აპარატურას და ახალ ეტაპზე გადაიყვან ჟღერადობს, მეორე მხრივ,  მისი ნაკლებობა გაიძულებს გამოიგონო ის, რაც არ გაქვს, იცით? დეფიციტი ადამიანს აიძულებს მეტი იფიქროს არსებული რესურსები ეფექტურობაზე, ამას კი იშვიათად დიდ გამოგონებამდე მივყავართ, ან გულის წუხილამდე. ჩემი მსმენელი ყველაზე საუცხო მსმენელია მსმენელებს შორის და მათ დიდ პატივს ვცემ. ეს დიდუბული ქვეყანაა და დროს თავისი გაგება აქვს, შეიძლება ჩემი მსმენელის თაობა უკვე დიდხანია წავიდა აქედან, და ცოტა დავაგვიანე, ან ჯერ არ დაბადებულა, ვფიქრობ არ სჭირდება ამას წუწუნი. სულ ვიმერებ, 50 წელიწადი არაფერი დიდი დრო არაა, ხელოვნებისთვის, წამია! და თუ ხარ ხელოვნებაში, არ უნდა დაიჩემო რომ აი ახლა, ამ წამს უნდა დაფასდეს რამე. ახლა ასეა საქმე და ამას არ ჭირდება დრამატიზირება. ისე თითქოს ყველაფერი ცუდადაა ან კარგად. ყველაფერი ისეა როგორც არის და ეს ასწორებს.“

გასაღები - გულწრფელობა მუსიკაში

მიიჩნევს, რომ უცხო ენაზე სიმღერა ეროვნული კომპლექსითაა გამოწვეული, რომელსაც გულწრფელობის პრობლემაც თან დასდევს. საკუთარი პიროვნული ავთენტურობის შენარჩუნების გზად კი ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირება ესახება.

„ქართველი მსმენელი ინგლისურად მუსიკას მოუსმენს, მაგრამ ინგლისელ მსმენლს ვერ ჩაანაცვლებს, არ შეიძლება ასე გააბრიყვო საკუთარი ქვეყანა, ჩანაცვლება მოახდინო მისი. არაგულწრფელი სამყარო კრახისთვის განწირულია, ინგლისურად სიმღერაც ასეა, თუ ისინი თვალს გაახელენ, დაინახავენ სად ცხოვრობენ და ვის უმღერიან. დანარჩენი ეთნო კომპლექსი და ანგლოფილიას წააგავს. სხვათშორის რუსოფილია ახალი დამარცხებული გვაქვს, ბოლომდე არა... მაგრამ იმ დონეზე, რომ ეს ასწორებს. უნდა ვერიდოთ რეგიონალურ კულტურის ქვეყნად ქცევას. ბარიერები უფრო მეტია ვიდრე გადალახვაა შესაძლებლი. აქაც და იქაც, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ საკუთარ მუსიკაში. საკუთარ მსმენელში. საზოგადოებში, რა თქმა უნდა, არა, ის მყიფეა.“

„თბილისს ვუმღერი“

თბილისი მისთვის მხოლოდ რომანტიზმის თვალით დანახული ადგილი არ არის, VAQO აფასებს ქალაქის რამდენიმე საუკუნოვან ისტორიას და მიიჩნევს, რომ დღეს იგი საქართველოს შემოქმედებითი კერაა, სადაც თუ მოწოდების სიმაღლეზე არ დგახარ, დაიკარგები. ამიტომაც საკუთარ ჩანაწერში, „Live In Tbilisi“ ქალაქსაც მიაგებს პატივს.

„Live in Tokyo, Live in Oslo, Live in Berlin... ეს მხოლოდ სახელები არაა, დიდ პატივად და სახელად ითვლება, კონცერტი ამ ქალაქებში დიდებულ მოვლენებთანაა გაიგივებული, მით უმეტეს ცოცხალი ალბომის გამოცემა. “Live In Tbilisi” იყო ჩემი ღრმა სურვილი ერთგვარი დასაწყისი ყოფილიყო თანამედროვე მუსიკალურ სივრცეში საკონცერტო ალბომების, რადგან ბავშვობაში ხშირად ვუსმენდი სამოციანი წლების ბენდების ლეგენდარულ „ბუტლეგებს“ და სულ ვიცოდი რომ იმავეს მეც გავაკეთები. მალე “Live In Tbilisi II” და “Live In Tbilisi III”-იც გამოვა. და ეს იმ ქალაქში მოხდება სადაც ბოლო 15 საუკუნე დიდებული მეფეები დაიარებოდნენ, ქვეყნის გამყიდვლები, მტრების სისხლით ირწყვებოდა ლეგენდები და დიდებულ ქალთა კვნესით ქარი უბერავდა. მისტიური არსებები ქუჩებში დაიარებოდნენ,  ენით აღუწერელი ამბები ხდებოდა აქ. მსურს ჩემი ლეგენდით გავამდიდრო ეს ქალაქი, და სწორედ ამიტომ გამოვა მეორე და მესამე კონცერტიც, ეს პანდემიამდე ჩაწერილი აუდიო კონცერტების სერიაა.”

ენა. როგორც მთავარი ინსტრუმენტი

უამრავი მუსიკოსისგან განსხვავებით, ქართულად ტექსტის წერა მისთვის არათუ თავსატეხი, არამედ ბუნებრივი მოცემულობაა, როდესაც  მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ ენაზე ფიქრობს, საუბრობს და გადმოსცემს საკუთარ აზრებს. მიაჩნია რომ ამ სიმდიდრის გამოყენება თითოეული მუსიკოსის ვალია და თუ ვინმე ამაში  შესაძლებლობას ვერ ხედავს, ეს მისი პიროვნული პრობლემაა.

„ენა ქმნის სიტყვებს და ეს სიტყვები ბგერებია, მელოდიის საშენი მასალაა. ზოგჯერ სიტყვები არ კმარა და მნიშვნელობის გარეშე მყოფ ბგერეთა რიგს ვიყენებთ მელოდიის ხმაში გადასატანად, ო დელია რანუნი და მსგავსი. მე აქაურ ბგერებს და სიტყვებს  უფრო სიმდიდრედ ვხედავ ვიდრე მხოლოდ ენას. ქართულში, მეგრულში, ლაზურსა და სვანურში დაახლოებით 350 000 მდე სიტყვაა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მოიგონეს. როდესაც ამდენი ბგერა გაქვს და მას სათანადოდ ვერ იყენებ, ეს უფრო შენი წარმოსახვის, უნარის და ფანტაზიის ბრალია, ვიდრე იმ ცნობილი გამონათქვამის „ქართულ ენაზე როკი არ იმღერება“. ქართულ ენაზე მუსიკის წერისას უნდა გახსოვდეს, ბგერის ექუალაიზერი და მისი ქიმია. 


ამის გარდა, ქართველური ენებიდან სიმღერით და სიტყვების წარმოთქმით შეგიძლია ადამიანში ქიმიური ცვლილები, ზოგში აგრესია ან პირიქით დამამშვიდებელი ეფექტი გამოიწვიო.


მაშ ასე, თუ ჩვენ გვაქვს 350 000 ბგერა-სიტყვა, ქიმია და ყველა საჭირო სიხშირე მუსიკისთვის, ესე იგი ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში.  უნდა გესმოდეს, საქართველო ასწორებს და თუ ის არ ასწორებს, ესე იგი შენ ვერ ასწორებ მას.“

ეს იყო მოკლე ამბავი VAQO-ს შესახებ, რომლის მუსიკალურ ისტორიასაც დარწმუნებული ვარ დიდი გაგრძელება ექნება. მთავარია, ირგვლივ არსებული გარემოც მალე შეიცვალოს და ჩვენც მოგვეცეს მის ერთ-ერთ კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ ეს ყველასთვის დაუვიწყარი გამოცდილება იქნება.

ავტორი: ჯაბა შავიშვილი