მუსიკა | ცა

ვია 75 - როკ ოპერა „ალტერნატივა“

Tsa.Music

მარტი 02, 2023

  ეს ნამუშევარი წესით, ჩვენს ციკლში არ უნდა მოხვედრილიყო. როკოპერა “ალტერნატივა“ ალბომად, ან სხვა ფორმატით არ გამოსულა. ის ჩანაწერი კი, რომელიც შემორჩენილია, პრემიერის წინა გენერალური რეპეტიციის დროს გაკეთდა, საკმაოდ ხარვეზიანია და ზუსტ წარმოდგენას არ გვიქმნის, თუ როგორ შეიძლება აჟღერებულიყო ის სცენაზე, ან სტუდიაში პროფესიონალურად ჩაწერის შემთხვევაში. „ალეტერნატივა“ ისტორიაში ჩაკარგული მუსიკალური ნაწარმოებია და მისი არსებობის შესახებ ბევრმა არც იცის, ხოლო ვინც იცის, მათ აღარც ახსოვთ, მასზე იშვიათად საუბრობენ. 1978 წლის შემდეგ აღარც კი შესრულებულა. გარდა იმისა, რომ „ალტერნატივა" ერთადერთი ქართული როკოპერაა, ალბათ ყველაზე დაუფასებელი მუსიკალური ნაწარმოებიცაა, რაც ჩვენში შექმნილა. ჩემი აზრით კი, ეს ნამუშევარი ქართული მუსიკალური კულტურის ჭეშმარიტი მონაპოვარია, თანაც უნიკალური.

1976 წელს, რობერტ ბარძიმაშვილს გაუჩნდა ამბიციური იდეა, ქართულ სცენაზე ქართული როკოპერა დაედგა, მაშინ ბარძიმაშვილი უკვე წამოსული იყო „ორერადან” და ახალგაზრდა, პროფესიონალი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებულ ახალ “ვია 75“-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც სწრაფად იხვეჭდა პოპულარობას. სწორედ „75“-ს უნდა შეესრულებინა სცენაზე როკოპერა. მისი დადგმა მაშინ, საბჭოთა კავშირში წარმოუდგენელი ავანტიურა იყო, შეუძლებელიც, მაგრამ არა საბჭოთა საქართველოში. 

ის, თუ რით იყო განპირობებული შედარებით თავისუფლება ჩვენში, იგივე მოსკოვ-ლენინგრადთან შედარებითაც კი, ამაზე შემდეგ სერიაში „ორერასადმი“ მიძღვნილ ტექსტში ვისაუბრებთ. 1970 წელს სამამულო კულტურის მუშაკებს კიდევ უფრო გაუღრმავდათ ამბიციები, მეტის გაბედვასაც ცდილობდნენ და ნაწილობრივ ახერხებდნენ კიდეც. ცხადია, უფრო გაღრმავებული ეთნო-პოლიტიკური ლოიალობის სანაცვლოდ „ცენტრის“ მიმართ. რა თქმა უნდა, ასეთი მცდელობები, მაინც სერიოზულ კარიერულ რისკებთან იყო დაკავშირებული და ბევრს არ გაუმართლა, მაგრამ შთამბეჭდავი შედეგებიც დგებოდა. ისე, სწორედ მაშინ დამკვიდრდა საბოლოოდ მითი, რომ ქართველები, ყველაზე ნიჭიერები და პროგრესულები ვართ, რაც ჩვენს ეროვნულ სიამაყესაც აძლიერებდა. იყო კიდევ ერთი პოლიტიკურად ხელშემწყობი მიზეზი.

იმ პერიოდში, სსრკ-ში დასავლური კულტურის ნაწილობრივი ლიბერალიზაცია და ლეგიტიმაციაც კი მოხდა, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკასთან და დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობა შედარებით დათბა, ხოლო 1976 წელს, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე ჰელსინკის შეთანხმების შემდეგ, „ ამერიკის ხმაც“ კი ნაკლებად იხშობოდა რადიოეთერში. მოკლედ რომ ვთქვათ, გარემო შესაბამისი იყო და რობერტ ბარძიმაშვილმაც დრო იხელთა. თავისი იდეა მან რობერტ სტურუას გაუზიარა, რომელსაც უკვე დადგმული ჰქონდა „კავკასიური ცარცი წრე“, რომელიც ნოვატორად და საკულტო რეჟისორად ითვლებიდა არ მარტო ჩვენში და სსრკ-ში, არამედ მსოფლიო თეატრალურ საზოგადოებაშიც კი. სტურუამ მუსიკის დაწერა შესთავაზა გია ყანჩელს, გიამ იუარა, როკმუსიკაში არაფერი გამეგებაო და ურჩია ნაკლებად ცნობილ ახალგაზრდა კომპოზიტორ, სოსო ბარდანაშვილისთვის მიემართა

ბარდანაშვილი ბათუმელი იყო, ასევე ბათუმელი იყო მისი უმცროსი მეგობარი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ნუგზარ ერგემლიძე, როკენროლით გატაცებული დამწყები მუსიკოსი და ავტორი. ბარდანაშვლმა ერგემლიძეს ლიბრეტოს დაწერა შესთავაზა, მან ეს გამოწვევა მიიღო. ქორეოგრაფად მიიწვიეს იური ზარეცკი, ხოლო სპექტაკლის მხატვრად - გოგი ალექსი მესხიშვილი. ასე შეიკრა შთამბეჭდავი გუნდი. ლიბრეტოს შექმნაში ნუგზარის გარდა მონაწილეობდა რობერტ სტურუა და სოსოს ძმა, რუბენ ბარდანაშვილი. ტექსტი აბსტრაქტული გამოვიდა, არ აქვს კონკრეტული სიუჟეტი, არის მხოლოდ ალუზიები (მაგალითად, „რომეო და ჯულიატაზე“) აქ არ არიან მკაფიოდ გამოკვეთილი პერსონაჟები; არის ქალი, „რომელსაც სჯერა სიყვარულის“ (ჯუტა ხელაშვილე) და კაცი „რომელსაც არ სჯერა სიყვარულის“ (გოჩა ლორია); ერთი-ორი დამხმარე პერსონაჟი, ყველა „უსახელო“ (მაგ. რომა რცხილაძე), ყველა საკუთარი სახელით და გვარით არის პარტიტურაში მითითებული.

ე.წ. ალტერნატიული დისკურსი თავიდანვე ჩადებული იყო, როგორც ლიბრეტოს, ასევე ფორმის თვალსაზრისით, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ როკმუსიკის იდიომა საოპეროსგან რადიკალურად განსხვავებულია, როკოპერაც გააზრებულია როგორც კლასიკური ოპერის ალტერნატივა. ეს უაღრესად პრინციპული, შეგნებულად გათვლილი მომენტია, სწორედ ამიტომ დაერქვა ნაწარმოებს „ალეტერნატივა“. სპექტაკლი 1977 წელს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში დაიდგა. მახსოვს, მაშინ რამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია ამ მოვლენამ ქალაქის ახალგაზრდობაში. ეს მართლაც უპრეცედენტო მოვლენა იყო - ის, რომ ადამიანებს ლაივში შეეძლოთ როკოპერის მოსმენა, უზარმაზარი წარმატების სრული გარანტია იყო.

გამომდინარე იქიდან, თუ რა როკ თუ პოპ ინგრედიენტები აქვს გამოყენებული კომპოზიტორს მუსიკალურ ქსოვილში, „სუპერვარსკვლავის“ გავლენა აშკარაა, მაგრამ სოსო ბარდანაშვილის კომპოზიტორული ხელწერა და აზროვნება იმდენად ორიგინალურია, რომ ესთეტიკურად სრულიად სცილდება ორიენტირს და ხშირ შემთხვევაში სჯაბნის კიდეც მას, თუმცა სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ მსმენელთა უმეტესობისთვის ეს მუსიკა კომფორტული მოსასმენი იქნებოდა. როგორ გაჟღერდა ის მაშინ სცენაზე, დღეს რთული წარმსადგენია, შეგვიძლია მხოლოდ იმ სარეპეტიციო ჩანაწერს დავეყრდნოთ, რაც შემორჩა და ყური მივადევნოთ მუსიკის დინებას, როგორც ერთიან აკუსტიკურ ნაკადს და დინამიკაში დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრებები. ალბომის რევიუს პრინციპიც არ გამოგვადგება, რადგან მასალაში ტექნიკური მონაცემებიც დაუკომპლექტებულია.

 დასაწყისიდანვე ნათელი ხდება, რომ აქ არ არის ტრადიციული სასიმღერო ფორმატი, მუსიკა ერთი მხრივ აპელირებს პოპ-როკზე, თუმცა ამავდროულად სცილდება მას, სახეზეა ესთეტიკურად განსხვავებული ფორმების (როკი, ოპერა) ორგანული შერწყმის მცდელობა. „75“ ის მუსიკოსების ინსტრუმენტალური უნარებიც საკმაოდ შთამბეჭდავია. მელოდიები, ტრაექტორიები საკმაოდ ბევრია, ხშირად და სწრაფად იცვლება, რაც ლიბრეტოს სპეციფიკითაა განპირობებული. ბექ ვოკალები, როგორც საგუნდი ქორო, ისე ჟღერს და ქართული ინტონაციებიც მკაფიოდ იკვეთება. 

რეჩიტატივები, თემატური გადასვლები, პაუზები საოპერო ტექნიკითაა გაკეთებული, ანუ ეს არ არის ტრეკების ნაკრები, როდესაც მუსიკალური ნომრების უბრალოდ მონაცვლეობს ხოლმე, აქ არის საერთო მუსიკალური თემა - ლეიტმოტივი, რომლითაც ნაწარმოები იხსნება და რომელიც პერიოდულად ტივტივდება მთელი ოპერის მსვლელობისას, თუმცა კონტექსტი ყოველთვის განსხვავებულია და ესეც კლასიკური მეთოდია. მუდმივია მხოლოდ ფლეიტა, რომელსაც მიჰყავს ლეიტმოტივის მთავარი მელოდია. არცთუისე ხშირად, მაგრამ ყოველთვის მოულოდნელად იჭრება ხისტი ელექტრო „ფუზ“ გიტარა, შემოაქვს დისონანსები და ატონალური ელემენტებიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭირო ხდება არიიდან არიაზე, უფრო სწორედ კი ერთი სცენიდან მეორე სცენაზე გადასვლა, ასეთ დროს ინტენსიურდება „ფიუჟენ“ ინსტრუმენტალიც, იქმნება იმპროვიზაციის ეფექტიც, თუმცა ნათელია, რომ ეს ყველაფერი კომპოზიტორულადაა გათვლილი.

საინტერესოა რა ხდებოდა ამ დროს სცენაზე: მიუხედავად იმისა რომ ეს მუსიკა თავისთავადაა მეტყველი და თვითკმარი, მაინც აშკარად ითხოვს ვიზუალს. პირველი დიდი მონაკვეთი 15 წუთს გრძელდება და მასში უკვე მთლიანადაა გაცხადებული ავტორისეული ვექტორები. რაც შეეხება ვოკალებს და „,არიებს“: მელოდია-ჰარმონიები სპეციფიკურია, ექსცენტრულიც, განსაკუთრებით როცა ჯუტა ხელაშვილი მღერის. მისი შესრულება მაღალ რეგისტრებში კიდევ უფრო აძლიერებს ექსცენტრულობას, რომელიც ლამაზი, რომანტიკული აკომპანიმენტის ფონზე ვითარდება, როცა შემოდის გოჩა ლორიას („რომელსაც არ სჯერა სიყვარულის“) არია, ისინი დუეტში მღერიან, შემდეგ კი სცილიდებიან ერთმანეთს. ასეთ მომენტებში განსაკუთრებით ნათლად იკვეთება სოსო ბარდანაშვილის ინდივიდუალური ხელწერა. დრამატულად ჟღერს ეს ყველაფერი, თეატრალურ-პათოსურადაც. საინტერესო მომენტია ის, რომ ასეთი პათოსურობა არ უხდება როკს, მაგრამ უხდება ოპერას.

მოვლენები სულ უფრო საინტერესოდ ვითარდება, სახეზეა ტიპიური როკ-პოპ-ფიუჟენი, ინტენსიური სასულე სექციით. ვფიქრობ „ალტერნატივა“ უფრო უახლოვდება საოპერო ფორმას, ვიდრე „სუპერვასკვლავი“. იქ უფრო ლამაზი პოპ სიმღერებია, მიუზიკლისთვის დამახასიათებელი სასიმღერო ნომრები, „ალტერნატივა“ კი ნაკლებადაა გათვლილი ტირაჟირებად პოპ ეფექტზე, ის უფრო ახლოსაა საოპერო დრამატურგიასთან, მუსიკის შინაარსია ასეთი - უფრო რთული. შეძახილები და პასუხები, კონტრაპუნქტები, გროტესკულობა და სიმსუბუქეც კი, უფრო საოპერო, თეატრალურია, ვიდრე „პაპსავიკური“. პრობლემა აქ სხვა რამეშია - კერძოდ, საოპერო სასიმღერო ვნებათაღელვა არადამაჯერებელია.

ვეჭვობ, ეს კომპოზიტორის ბრალი იყოს, უფრო მომღერლებში არტისტიზმის დეფიციტის ბრალია, კარგად მღერიან, მაგრამ დრამატიზმია არასაკმარისი. ჯუტა ხელაშვილი ვფიქრობ საუკეთესოა, თითქმის ყველგან დამაჯერებელია, მანერულიც, თავისებურად ლამაზიც, თანაც ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე. ის უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი იყო თანამედროვე ქართული მუსიკის ისტორიაში. „არია” ყოველთვის აქილევსის ქუსლი იყო როკოპერებში. ბარდანაშვილმა კარგად იცის, რომ არია როკმუსიკას არ ესადაგება, ამიტომ არ „აკოპირებს“ არიებს როკ სტილში, უფრო პირიქით, აქ როკ სიმღერა იქცევა არიის „სიმულაციად“ და ეს შეგნებულადაა გაკეთებული, რათა როკოპერა არ დაემსგავსოს როკკონცერტს. ეს ფუნქცია ეკისრება რეჩიტატივებსაც.

„ალტერნატივა“ თითქმის საათნახევარი გრძელდება. დასკვნითი, დაახლოებით ნახევარი საათი, განსაკუთრებით საინტერესოა. ჯერ ჯუტა ხელაშვილის პარტია, რომელიც უკვე ნამდვილი როკ (და არა კლასიკური) არიაა, ასევე ძალიან კარგი ბასი, გიტარა, პიანინო, იკვეთება პროგის ელემენტებიც. უცბად მთელი ეს აკუსტიკური ნაკადი გადადის ჯაზ-ფანკში, საქსაფონის და საყვირის ესტაფეტას გადასცემს ფორტეპიანოს, შემდეგ კვლავ სასულე სექცია მოდის და ეს ყველაფერი ჟღერს როგორც ფიუჟენ ორკესტრი, თითქმის ჰენდრიქსული, ოდნავ “დისტორშენ-აკორდ” გაგრძელებით. უაღრესად მონდომებულად მღერის „კაცი, რომელსაც სიყვარულის არ სჯერა“. მუსიკა უფრო კომფორტული მოსასმენი ხდება, უფრო „პოპ“ დინამიკისკენ იხრება, სახეზეა მუსიკალური ნომრების სტანდარტული მონაცვლეობა.

ორკესტრირება თითქოს იცვლება არანჟირებით, არიები იქცევა სიმღერებად. ერთიანობაში, ეს ყველაფერი უაღრესად ეფექტურად ჟღერს, თემების ინტერპრეტაციაც შესანიშნავია. დასკვნით 10 წუთში კი მგონი კვლავ ბრუნდება საოპერო კარკასი. საბოლოო ჯამში, ნათელი ხდება ერთი რამ, რომ ოპერა და როკმუსიკა, ზოგადად ესთეტიკურად შეუთავსებელია. ავტორი ცდილობს მიაგნოს ოქროს კვეთას, მაგრამ ეს შეუძლებელია, ის რაც უხდება როკს, არ უხდება ოპერას და პირიქით, ეს გადაულახავი წინააღმდეგობაა, ამიტომ არის ჩემი თხრობაც წინააღმდეგობრივი. ასეა თუ ისე, თუ არ ჩავთვლით ფინალურ აკორდს, რომელიც აშკარად “ვია ესთეტიკაში” იჭრება, კომპოზიტორული თვალსაზრისით, „ალტერნატივა“ არცერთ როკოპერას ჩამოუვარდება ხარისხით. 

თითქმის ორი თვე, „ალტერნატივა“ ანშლაგით გადიოდა ფილარმონიაში, თუმცა ვეჭვობ ქართველი მსმენელი მაშინ მზად ყოფილიყო ასეთი არაორდინალური მუსიკის ასათვისებლად და არა მხოლოდ მსმენელი, როგორც ჩანს, ე.წ. სპეციალისტებიც არ იყვნენ მზად, ეს არცაა გასაკვირი როკის ფანებისთვის, ეს მუსიკა არაადეკვატურად და უცნაურად ჟღერს, ოპერის ადეპტებისთვის კი უაღრესად დამიწებულად და არამონუმენტურად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ორი მუსიკა, სრულიად განსხვავებულად ზემოქმედებს აუდიტორიაზე და უკიდურესად განსხვავებულ რეფლექსებს იწვევს. 

რობერტ ბარძიმაშვილმა და „75“-მა „ალტერნატივა“ საბჭოეთის რამოდენიმე ქალაქშიც დადგა, შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ამერიკაშიც წაეღოთ. ისიც კი მოხერხდა, რომ მოსკოვში, ამერიკის საელჩოში „75“-მა ამონარიდები შეასრულა ამ ოპერიდან, ალბათ ამერიკელი კულტურის ატაშეების წინაშე, მათაც მოსწონებიათ და ალბათ ეს პროექტიც განხორციელდებოდა, მაგრამ… აი, სწორედ აქ ჩაერთო სისტემა, იდეოლოგია და„კაგებე“ , ჩვენებს ვოლუნტარიზმი არ აპატიეს, დატუქსეს და „ალტერნატივას“ წითელი აუნთეს. მგონი, ამ ინციდენტის შემდეგ, ეს ნაწარმოები აღარც დადგმულა, არადა როგორც ვიცი, ამ წარმოდგენის პროფესიონალური ვიდეოჩანაწერიც გაკეთებულა თავის დროზე, რომელიც არსად არასდროს გასულა და მოგვიანებით დაიკარგა, ან განადგურდა. ალბათ, ამიტომაც მიეცა დავიწყებას, რასაც „ალტერნატივა“ ნამდვილად არ იმსახურებს. გირჩევთ მოუსმინოთ, ოღონდ არა ისე, როგორც როკ მუსიკალურ ალბომს, სხვა დრამატურგიაა აქ, სხვა ფორმატი, ოპერაა ბოლო ბოლო, შეიძლება სუროგატული, მაგრამ მაინც ოპერა, პირველი და უკანასკნელი ქართული როკ ოპერა.

ავტორი: გია ხადური

ფოტო მასალა: ვია ,,75’’-ის არქივი