ლიტერატურა

5 წიგნის ეკრანიზაცია, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა

"საბა"

იანვარი 30, 2020

ხშირად, როცა ფილმებს და სერიალებს ვუყურებთ, არც კი ვიცით, რომ ისინი წიგნის კინოადაპტაციას წარმოადგენენ.


ზოგჯერ წიგნი ფართო აუდიტორიისთვის არც ისე ცნობილია, ეკრანიზაცის კი ის ჩრდილიდან გამოჰყავს, პოპულარულს ხდის.  უფრო ხშირად კი პირიქით ხდება, როცა წიგნი იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომ მის მიხედვით ფილმებს ან სერიალს იღებენ ხოლმე.


ჩვენი სია იმ წიგნებზეა, რომლის კინოადაპტაცია მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა, არანაკლებად, ვიდრე მათი პირველწყარო.


1. ჯონათან საფრან ფოერი „უსაშველოდ ხმამაღლდა და წარმოუდგენლად ახლოს“


„უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ ამერიკელი მწერლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) მეორე და ყველაზე ცნობილი რომანია. წიგნის მთავარი გმირია ცხრა წლის ოსკარ შელი, ჭკვიანი და უცნაური ბიჭი, რომელსაც 11 სექტემბრის ტრაგედიისას მამა დაეღუპა. ოსკარი ცდილობს, მამის სიკვდილით გამოწვეულ დარდს ებრძოლოს და ეს ბრძოლა ფსიქოთერაპიის სეანსიდან კი არ იწყება, რომელზეც დედას მიჰყავს, არამედ მამის ნივთებში ნაპოვნი კონვერტიდან, რომელშიც გასაღები დევს. ოსკარი მთელ ნიუ-იორკში ეძებს საკეტს, რომელსაც ის მოერგება და იმედი აქვს, რომ შეიტყობს მამასთან დაკავშირებულ საიდუმლოს.


2011 წელს სტივენ დოლდრის რეჟისორობით წიგნის კინოეკრანიზაციაც ვიხილეთ, რომელიც მაყურებელმა ძალიან შეიყვარა.

2. ჯორჯ მარტინი „სატახტოთა თამაში“


„სატახტოთა თამაშის“ მიხედვით გადაღებული HBO-ს სერიალი კინოადაპტაციაზე საუბრისას ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. სერიალს წარმოუდგენელი პოპულარობა ხვდა წილად. სამეფო კარის თამაშების პირველი სერია მაყურებელმა 2011 წელს იხილა, ხოლო ფინალური სეზონი 2019 წელს. ფინალური სეზონის მიმართ არაერთგვაროვანმა შეფასებებმა კიდევ უფრო გაამძაფრა მოლოდინი მარტინის წიგნის მიმართ, რომელიც, თუ ავტორის დაპირებას დავუჯერებთ, 2020 წელს უნდა ვიხილოთ წიგნის მაღაზიებში.

3. ტომ პეროტა „ნარჩენები“


14 ოქტომბერს ადამიანების თვალწინ გაუგონარი რამ მოხდა – დედამიწის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უმიზეზოდ გაუჩინარდა. ამ აუხსნელმა მოვლენამ, რომელსაც „ატაცება“ უწოდეს, დარჩენილებს უამრავი უპასუხო კითხვა დაუტოვა. გაუჩინარება ბევრმა მეორედ მოსვლის უტყუარ ნიშნად ჩათვალა, ზოგმა კი გაუჩინარებულები გმირებად შერაცხა. გაჩნდა უამრავი კულტი, სექტა და დაჯგუფება, რომლებიც იმ ხალხს აერთიანებდა, საკუთარ თავს ნარჩენებად, უსარგებლო ნაგვად რომ მიიჩნევდნენ და სიცოცხლის ძველებურად გაგრძელებაში აზრს ვეღარ ხედავდნენ...


ალბათ სადავო არავისთვის იქნება, რომ ტომ პეროტას „ნარჩენების“ პოპულარობა დიდწილად, სწორედ მისი მიხედვით გადაღებულმა HBO-ს სერიალმა განაპირობა. წიგნი 2011 წელს გამოვიდა, ხოლო სერიალის სატელევიზიო პრემიერა 2013 წელს შედგა. 

4. გილბერტ ადერი „მეოცნებენი“


გილბერტ ადერის "მეოცნებენი" პირველად 1988 წელს გამოქვეყნდა სათაურით "წმინდა უცოდველები", სახელი კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2003 წელს ბერნარდო ბერტოლუჩიმ საკულტო ფილმი გადაიღო.  კინოსურათში მთავარ როლებს მაიკლ პიტი, ევა გრინი და ლუი გარელი ასრულებენ. ფილმში, ისევე როგორც წიგნში, აბსოლუტური სიზუსტითაა წარმოჩენილი ის ეპოქა, რომელმაც თანამედროვე ევროპის ისტორია ახალ საფეხურზე გადაიყვანა და მის კულტურულ თუ სოციალურ განვითარებას მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია.  

5. კორმაკ მაკარტი „მოხუცების ადგილი აქ არ არის“


კორმაკ მაკარტის ამ რომანის მიხედვით ძმებმა კოენებმა გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი ხავიერ ბარდემის, ჯოშ ბროლინისა და ტომი ლი ჯონსის მონაწილეობით. 2008 წელს ფილმმა არაერთი პრესტიჟული კინემატოგრაფიული ჯილდო მოიპოვა, მათ შორის "ოსკარი" ამერიკული კინოაკადემიის ოთხ ნომინაციაში.


თავად წიგნს, რომელიც 2005 წელს გამოიცა, არანაკლები პოპულარობა ხვდა წილად. არაერთ ენაზე ითარგმნა და ბესტსელერის ტიტულიც მოიპოვა.


ავტორი: saba.com.ge