Trail Running, ანუ სამთო სირბილის შესახებ

ჩემთვის სამთო სირბილი სტრესის მენეჯმენტის საუკეთესო საშუალებაა, რასაც ვერ მაძლევს უბრალოდ სირბილი. ბუნაბასთან სიახლოვე, ბუნებაში სირბილი საუკეთესო საშუალებაა განტვირთვისა და თვითრეფლექსიისთვის.”

- დავით ჯუღაშვილი

ზოგადად, სირბილი, როგორც სპორტის დისციპლინა, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩამოყალიბდა. განსაკუთრებული განვითარება, როგორც სპორტმა, გნებავთ, დისციპლინამ, ძველ საბერძნეთში ჰპოვა, ოლიმპიადებზე.

ფოტოზე ასახულია სცენა, რომელზეც გრძელი მანძილის მორბენლები არიან გამოსახული. თავდაპირველად ნაპოვნია პანეტის ამფორზე ძველი საბერძნეთიდან, ძვ. წ. 333 წ.

მჯერა, ჯერ კიდევ აღნიშნულ პერიოდში იყენებდნენ სამთო სირბილს, მაგრამ არა სპორტულ სახეობად, არამედ პრაქტიკული დანიშნულებით - მაგალითად, სადაც ცხენი ვერ გადადიოდა და ინფორმაციის გადაცემა ელვის სისწრაფით იყო საჭირო, იმ დროს შიკრიკები ხდებოდნენ მაღალი კლასის სამთო სირბილის ათლეტები.

თანამედროვე სამთო სირბილის დისციპლინა დასაბამს უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იღებს. 1984 წელს შეიქმნა სამთო სირბილის მსოფლიო ფედერაცია, ხოლო ორგანიზებული ღონისძიებების რიცხვი გაიზარდა 1000%-ით 2008 წლიდან 2018 წლამდე, 160-დან, 1800 შეჯიბრზე მეტი გლობალური მასშტაბით.

სამთო სირბილი უდავოდ ხდება ძალიან პოპულალური სპორტის სახეობა და მასაც კი სცდება, რადგან ბევრი ადამიანისთვის ეს აქტივობა გახდა ცხოვრების ნაწილი და სტილი,  რის გარეშეც ვერ წამოუდგენიათ ცხოვრება.

მე კი, როგორც დამწყები სამთო მორბენალი, ვცდილობ, საჩხერეში აღმოვაჩინო საინტერესო, ფაქტიურად ხელშეუხებელი ბილიკები. სულმოუთქმელად ვირბინე და ძალიან ვისიამოვნე 14 კილომეტრიანი მარშრუტით, ამის გარდა, მაქვს დაგეგმილი კიდევ ორი საინტერესო მარშრუტი, რომელთაც იმედია, რომ დავძლევ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სამთო სირბილის ფედერაცია შექიმნა. სხვადასხვა რეგიონში, გამორჩეულად კი, ყაზბეგში რამდენჯერმე ჩატარდა Trail მარათონი და ახლა პირველად, 11 აპრილს, თბილისში ჩატარდება თბილისის სათავგადასავლო გარბენი. ხსენებულ და სხვა საკითხებზე გაგვესაუბრა ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი გუნდი - TRAILLAB.

  • თუ შეიძლება, რომ მოგვიყვეთ, რატომ დაიწყეთ სამთო სირბილი, რა იყო თქვენი ინსპირაცია/მოტივაცია?

თავისუფლება, თავგადასავალი, ენდორფინი, ახალი გამოცდილებები, ახალი შეგრძნებები, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ბუნების სიყვარული და ძალიან ძალიან ბევრი გართობა. ესაა ძირითადი ფაქტორები, რის შესახებაც შეიძლება დაუსრულებლად ილაპარაკო ჰობის იმ სახეობაზე, ანუ თრეილ რანინგზე, რომლის ზუსტი ქართული თარმგანის მოძებნაც ცოტა რთულია. ჩვენი, ექვსი ადამიანის ამ წამოწყების უკან დგას კიდევ ძალიან ბევრი თრეილ რანერი, რომელთა რიცხვიც პროგრესულად იზრდება."

სამთო სირბილის მოტივაცია შორიდან შეიძლება, ზედაპირული ჩანდეს. ერთი შეხედვით, ესაა ვარჯიშის ფორმა, რომლის დროსაც ასფალტისა და მანქანების ხმაურის ნაცვლად, ბუნებაში, სიწყნარეში დარბიხარ. თუმცა, ჩემი (ჩვენი) აზრით, თრეილ რანინგში არის რაღაც სხვაც, რასაც ვერ მიხვდები, სანამ არ გამოცდი."

  • სამთო სირბილის/თრეილ რანინგის მარტივი განმარტება - რატომ არის გამორჩეული და რატომ უნდა ვირბინოთ. 

თრეილ რანინგი არის სირბილი ბუნებაში, გრუნტიან ზედაპირზე. კონცეფცია კი არის ძალიან მარტივი: სიახლოვე ბუნებასთან, სუფთა ჰაერი, ახალი ადგილების აღმოჩენა. თრეილ რანინგს დღის ნებისმიერ მონაკვეთში აქვს თავისი ხიბლი, სუბიექტურად კი, განსაკუთრებით ემოციურია სირბილი დილით: შეხვედრა მზესთან და გვიან ღამით - ბილიკებზე ფანრით. ეს ორივე ფაქტორი არის უკიდურესად კონსტრასტული, ძალიან განსხავებული და საინტერესო. თრეილ რანინგი არ არის მხოლოდ სპორტული აქტივობა, ის გაცილებით მეტ თავისუფლებას გაძლევს, ვიდრე უბრალოდ სპორტი. დაწყება კი ძალიან მარტივია: სურვილი, სპორტული ფეხსაცმელი, 1 ყავა და ყველაფერი მზადაა."

ბუნებაში სირბილი, გარემოსთან ინტერაქცია, მელიები და ყვავილები, მზის ამოსვლა, სავსე მთვარე, თოვლი, ტალახი, ბალახი .."

  • გაგვიზიარეთ ინფორმაცია თბილისის სათავგადასავლო გარბენის შესახებ, რომელიც 11 აპრილს ჩატარდება.

მსოფლიოში ყოველწლიურად მატულობს თრეილ

რანინგის პოპულარობა და ვიფიქრეთ: რატომ უნდა ვიყოთ ამ მოვლენების მიღმა მაშინ, როდესაც მთლიანად საქართველო ამ სპორტის განვითარების იდეალურ ბუნებრივ პირობას წარმოადგენს. თბილისი კი ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ადგილია, „კარს გააღებ“ და თრეილზე ხარ. თბილისის სათავგადასავლო გარბენის იდეაც ზუსტად ის არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაცნოთ, მოვუყვეთ და შევაყვაროთ სპორტის ეს სახეობა. გამოთქმა, „თუ არ ცდი - ვერ მიხვდები“ სწორედ თრეილ რანინგს მიესადაგება.."

11 აპრილს, თბილისის სათავგადასავლო გარბენით ვფიქრობთ, რომ ახალი ფურცელი გადაიშლება და თბილისი უმასპინძლებს აქამდე არსებულ ყველაზე მასშტაბურ სამთო სირბილის ივენთს. ამ დროისთვის ივენთზე რეგისტრირებულია 180  ადამიანი და რეგისტრაცია გრძელდება. გამომდინარე იქიდან, რომ გვექნება სამ კატეგორიად დაყოფილი დისტანცია (6კმ, 12კმ, 23კმ), ყველა მსურველს ეძლევა საშუალება, რომ მოვიდეს, გაერთოს, ირბინოს ან თუნდაც იაროს და დაიმუხტოს ახალი და განსხვავებული ემოციებით."

  • გარდა ზემოთ ხსენებული შეჯიბრისა, ჩაგიტარებიათ თუ არა წარსულში მსგავსი შეჯიბრი თბილისში, ან სხვა რეგიონში?

თბილისის სათავგადასავლო გარბენი უკვე მეორე წელია ტარდება, თუმცა ამ წლიდან ის არის თბილისის თრეილ თასის პირველი ეტაპი, სადაც კიდევ სამი შეჯიბრია თავმოყრილი, თუმცა, ჩვენი მთავარი პროექტი არის ყაზბეგი მარათონი, რომელიც საქართველოში ყველაზე ძველი თრეილ შეჯიბრია და ტარდება 2010 წლიდან. თრეილლაბი ყაზბეგი მარათონის უფლებამემკვიდრეა 2020 წლიდან. შარშან ჩატარდა სრულიად განახლებული შეჯიბრი, რომელიც ITRA-ს მიერ იყო სერტიციფირებული."

  • თქვენი აზრით, რა არის ამ სპორტის სახეობის განვითარების სირთულე/გამოწვევა?

ნაკლები ცნობადობა. ფული ბავშვთა თრეილ რანინგში უნდა ჩაიდოს :). სწორედ ამ ამოცანას ვისახავთ მიზნად, რომ გავიდეთ თრეილ რანინგის და სირბილის მოყვარულთა ბაბლს გარეთ. დარწმუნებული ვართ, დიდი უმრავლესობა, ვინც გაიცნობს და ერთხელ გამოცდის თრეილ რანინგს, არ მიატოვებს და ცხოვრების წესად გახდის."

  • საქართველოში რომელ რეგიონს და ქალაქს გამოარჩევდით თრეილ რანინგისთვის?

თრეილ რანინგისათვის საქართველოს ყველა რეგიონი ერთმნიშვნელოვნად სამოთხეა! თითოეულ რეგიონში შესაძლებელია მსოფლიო დონის გარბენის ჩატარება და გვჯერა, საქართველო ძალიან მალე შეუერთდება დასავლეთ ევროპის ამ დიდ ოჯახს. თბილისი, პირველ რიგში, როგორც ყოველდღიური თრეილ რანინგის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში, გადაუჭარბებლად .. ბორჯომი, ყაზბეგი, ლაგოდეხი, სამხრეთ საქართველოს მთიანეთი, სვანეთი, აზრი არ აქვს ჩამოთვლას .. "

  • მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ.
  1. გეგმა #1: თბილისის ყოველწლიური თასის გაგრძელება;
  2. გეგმა #2: ულტრა (+45კმ) დისტანციების დამატება (ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხი, ჭაუხი) და ყაზბეგი მარათონთან ერთად საერთაშორისოდ მიმზიდველი კონცეფციის შეკვრა, რომელიც ქართველი გამოცდილი მორბენლების გარდა, მოიზიდავს უცხოელი თრეილ რანერების დიდ არმიას;
  3. ჩვენი მთელი საქმიანობა მიზნად ისახავს თრეილ რანინგის პოპულარიზაციას საქართველოში;
  4. საქართველოს ბუნების უნიკალური შესაძლებლობების პროპაგანდა უცხოეთში;
  5. ზოგადად, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
  6. გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
  7. აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა;

ავტორი: ალექს ისკანდაროვ