მუსიკა | ცა

Toke | საკუთარი ჟღერადობის ძიებაში

Tsa.Music

ივლისი 24, 2021

მუსიკა ცხოვრების ადრეული პერიოდიდანვე გახდა Toke-ს ცხოვრების ნაწილი. ბავშვობაში მღეროდა, შემდეგ, როგორც თავად იხსენებს, ბიძამ მოასმენინა კლასიკური როკის - Led Zeppelin-ის, Deep Purple-ის, Pink Floyd-ისა და The Beatles-ის კომპოზიციები, რამაც პირველად გაუჩინა მუსიკის შექმნის ინტერესი. თუმცა, საბოლოოდ, გადამწყვეტი მაინც ელექტრონული მუსიკა აღმოჩნა, რომლის მოსმენამაც მისცა მთავარი ბიძგი მისი მუსიკალური კარიერის დაწყებას. 

„ელექტრონულ მუსიკას მოვუსმინე თუ არა, ეგრევე მომინდა მსგავსის შექმნა. მისტიურ სამყაროს ჰგავდა და დიდი ხანი ვეძებდი გზას, თუ როგორ გამეკეთებინა ეს ყველაფერი თავად. იმ დროს, ინფორმაცია ძალიან მწირი იყო, თუმცა ამ საიდუმლოს ამოხსნა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახდა.“

მიზნის მიღწევაში მეგობარი დაეხმარა, რომელმაც პროგრამა FL Studio გააცნო და აქედან უკვე დაიწყო Toke-ს ახალი მოგზაურობა მუსიკალურ სამყაროში

პირველად, ელექტრონული ჟღერადობის არტისტებიდან M.A.N.D.Y., Aphex Twin და Cassius მოისმინა. მისი თქმით, ამ სამი განსხვავებული მიმართულების მქონე მუსიკოსმა მის ხედვაზე და გემოვნებაზეც იქონია გავლენა - ერთი მხრივ, მოგწონდეს და მეორე მხრივ, აკეთებდე ერთმანეთისგან განსხვავებულ ნამუშევრებს.

,,ალბათ, დღემდე Aphex Twin ყველაზე დიდი გავლენაა, მაგრამ არა იმდენად მუსიკალურად, რამდენადაც მიდგომების კუთხით. მისი ხედვა ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის და დამარწმუნა, რომ საკუთარი ჟღერადობის ძიება ყველაზე მნიშვნელოვანია შემოქმედებით პროცესში.“ 

თოკემ თავისი პირველი ნამუშევარი 17 წლის ასაკში დაასრულა და ამ პროცესმა აგრძნობინა, რომ სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მისი მთავარი საქმე. პირველმა დასრულებულმა ნამუშევარმა დღის სინათლეც იხილა და იტალიურ ლეიბლ Capsula Digital-ზე გამოვიდა. მას შემდეგ მრავალმა წელმა გაიარა და განვითარების პროცესიც არ შეჩერებულა.

DK.O-ზე გამოსულმა რელიზმა პირველად მიანიჭა სიმშვიდე და კმაყოფილების განცდა. ასევე ამ EP-მა გაუღვივა აზრი, რომ ამ ნამუშევრით მივიდა ყველაზე ახლოს იმასთან, რის გაკეთებასაც წლების განმავლობაში ცდილობდა. 

„ძიების პროცესთან ერთად მთავარია იცოდე, რა გინდა და მჯერა, რომ აუცილებლად მიხვალ მაგ წერტილამდე.“ 

კლუბში პირველი გამოცდილება დღემდე კარგად ახსოვს - ეიფორია, ახალი ცხოვრების წესის გაცნობა და გართობა იმ მუსიკაზე, რომელსაც კარგად ვერ ხვდებოდა, თუმცა ღიაობა და სიახლის ძიება ამ ყველაფრის მთავარი წინაპირობა იყო. 

„16 ან 17-ის ვიყავი, როცა პირველად მოვხვდი კლუბ სვიჩში. იმ დროს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ახალი მუსიკის მოსმენა, გაგება და, ამავდროულად, ძალიან მაინტერესებდა ამ სფეროს ცხოვრების სტილიც. მახსოვს, ბრეიქბით ფართი იყო, ძაან გავერთე, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, იმ დროისთვის ეგ მუსიკა კარგად არ მესმოდა.“

კლუბის პირველმა გამოცდილებამ იმ დროისთვის ახალბედა პროდიუსერს დიჯეობისკენაც უბიძგა, თუმცა როგორც თავად ამბობს, პირველი გამოცდილება გაუაზრებელი იყო. როდესაც გააზრებულად და სიღრმისეულად მოკიდა ხელი დიჯეინგს, მიხვდა, რომ ელექტრონული მუსიკის ეს ნაწილი ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან და დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული.

„მომზადების პროცესი, „დიგინგი”, ახალი მუსიკის რეგულარად პოვნა და შემდეგ ამ ყველაფრის დენსფლორზე გადატანა ისე, რომ კავშირი შედგეს შენსა და მსმენელს შორის, ძალიან საპასუხსიმგებლო და რთული საქმეა, თუმცა ამავდროულად ძალიან სასიამოვნო.“ 

როდესაც დეკების უკან დგას, თოკესთვის მთავარია განწყობა და ენერგია, ჟანრობრივად დიჯეი სეტების დროსაც არ იზღუდავს თავს და სწორედ ეს არის მისი ხელწერაც.

პანდემიამ მნიშვნელოვანი და დიდი ცვლილებების წინაშე დააყენა ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები. როდესაც შეზღუდვები გამოცხადდა და ქვეყანა რამდენიმე კვირით ჩაიკეტა, თოკე ოჯახთან ერთად სოფელში გადავიდა, სადაც თავისი ახალი სტუდია მოაწყო და დროის უმეტესი ნაწილი მუსიკას დაუთმო. მუშაობამ მნიშვნელოვანი შედეგებიც გამოიღო. 2021 წელს მისი ოთხი სოლო EP გამოვა - ბრიტანულ ლეიბლ Dawn State, ქართულ Pluto’s Plan, სტოკჰოლმელი დიჯეის და პროდიუსერ Samo DJ-ის Sattaoja და მის საკუთარ ლეიბლ Batter Down-ზე.  

,,მეგობრების და საყვარელი საქმის გარეშე ყოფნა ძალიან რთული იყო ისევე, როგორც შემოსავლის გარეშე დარჩენა. კარგია, რომ რაღაც დადებითი მაინც მოყვა ამ პერიოდს და მიხარია, რომ ამდენ მუშაობას თავისი შედეგი ექნება.”

გარე სამყაროსგან იზოლაციისას დრო ერთდროულად საკმაოდ ნელა და  სწრაფადაც გადის. ჩვენს გარშემო თითქმის ყველაფერი იცვლება და ეს ცვლილებები პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ახდენს არტისტებზე და მათ შემოქმედებით პროცესზე. ახალ სამყაროსთან ადაპტირება ახლა მთავარი გამოწვევაა.

Toke Swing ფესტივალის ერთ-ერთ თანადამფუძნებელია, რომელიც 30 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, ფოთში, ოქროს ტბის ტერიტორიაზე გაიმართება

ფოტო: გიორგი ყოლბაია

ელექტრონული მუსიკის სამყაროში შესვლიდან 15 წლის შემდეგ ახლა უკვე იმ საქმესაც გააკეთებს, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ფესტივალის დაგეგმვა და არტისტებთან ამ კუთხით კომუნიკაცია მისთვის სრულიად ახალი გამოცდილებაა. მიაჩნია, რომ რადგან თავადაც მუსიკოსია, კარგად ესმის ხელოვანების და მაქსიმალურად შეეცდება, მისმა მეგობრებმა და სტუმრებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. 

„სვინგ ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი იდეაა, რომ ეს რთული პერიოდი რამდენიმე დღით ერთად დავივიწყოთ უსაფრთხო გარემოში. გვინდა, დაგვიბრუნდეს იმედი იმისა, რომ, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, საყვარელი საქმის კეთება კვლავ შესაძლებელია. არტისტებთან კომუნიკაცია და მენეჯმენტი იმიტომ ავიღე ჩემს თავზე, რომ მინდა ამ რთული პერიოდის მერე საუკეთესო თუ არა, მინიმუმ ძალიან კარგი გარემო და განწყობა დავახვედრო მათ.“

მიუხედავად იმისა, რომ ღია ცის ქვეშ რამდენიმე საღამოზე დაუკრა, კლუბები და მისი ინტიმური გარემო მაინც განსაკუთრებით ენატრება. როგორც თავად აღნიშნავს, ძალიან კარგად ახსოვს მისი ბოლო დაკვრა სანამ ყველაფერი დაიხურებოდა.

„მტკვარზე დავუკარი ლაივი და ძალიან მაგარი ფართი იყო, დღემდე კარგად მახსოვს. ის დღე იყო, როცა გამოაცხადეს, რომ ხელის ჩამორთმევისგან თავი უნდა შეგვეკავებინა. კლუბშიც რაღაცნაირი უცნაური განწყობა იდგა, თან იმედიანი - რომ მარტივად გავივლიდით ამ პერიოდს ან ჩვენ არ შეგვეხებოდა, მაგრამ თან ჰაერში დაძაბულობის სუნიც იგრძნობოდა. იმედის და ოპტიმიზმის განწყობა მაინც ფარავდა ამ შიშს და, ალბათ, მაგიტომაც იყო ბევრ მიზეზთან ერთად დასამახსოვრებელი საღამო.“ 

იმ იმედის განწყობა დღემდე მოჰყვება, მაგრამ კარგად აცნობიერებს, რომ ახლა მხოლოდ იმედის დრო აღარ არის და უკვე აქტიური და გააზრებული მოქმედებების დროა იმ ძველი ენერგიის დასაბრუნებლად, რაც წინა წლებში არსებობდა.

ჯერა, რომ საქართველოში ელექტრონული მუსიკის სცენას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მომავალ წლებში ეს ყველაფერი კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება. მისი თქმით, ხშირად  სრულიად უცნობი ადგილობრივი მუსიკოსების ნამუშევრებს აწყდება, რომელიც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. სწორედ ამიტომ, საკუთარი ლეიბლის დაარსებაც გადაწყვიტა, რომლის მთავარი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტი ქართველი მუსიკოსის ნამუშევარი გამოუშვას.

,,მინდა, რაც შეიძლება ბევრი ქართველი მუსიკოსი დავარელიზო. სწორედ ეს არის ჩემი ლეიბლის Batter Down-ის მთავარი იდეა. მუსიკალურად ძალიან მდიდარი ერი ვართ, ჯერჯერობით ბევრი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი არ გვყავს, მაგრამ ვინც გვყავს, საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვან მუსიკას აკეთებენ. მინდა, რომ ეს ლეიბლი მათთვის კიდევ ერთი პლატფორმა იყოს, რომელსაც ჟანრობრივი შეზღუდვა არ ექნება.“

საუბრის დასასრულს ახსენებს, რომ რთულია, განსაზღვრო რა იქნება პოსტ-პანდემიურ მომავალში, მაგრამ იმედს იტოვებს, რომ ყველაფერი მალე და მშვიდობიანად ჩაივლის.

,,რამდენიმე ქალაქში დამიკრავს უცხოეთში, კარგი იყო, მაგრამ აქ განსაკუთრებულად კარგია, სახლში გრძნობ თავს. მინდა, რომ ძალიან მალე გაიხსნას ყველა კლუბი, არტისტებს თავისუფლად შეეძლოთ მუშაობა და ყველა ერთად დავბრუნდეთ სახლში. “ 

ავტორი: Ash