ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი

„საბა"

„ადრეული ბავშვობიდანვე უცნაური პეიზაჟით ვიყავი გარემოცული. ტროპიკული გვიმრები, ლიანები, ჭადრებისა და ალვის ხეების ხშირი რიგები და ალაგ-ალაგ ჭაობიანი სახნავების ფართო არე ჩემს გონებაში აცოცხლებდნენ მაინ რიდისა და ალექსანდრე დიუმას რომანების გმირებს. სხვათა შორის, ალექსანდრე დიუმამ გასული საუკუნის 60-იან წლებში იმოგზაურა კიდეც ჩვენს მხარეში და ორპირისა და ფოთის ჭაობების შესანიშნავი აღწერა დატოვა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მზის ჩასვლა რიონისპირა ველებზე, როდესაც მზე ცეცხლმოდებულ მეწამულ პალიასტომის ტბაში ჩაეშვებოდა ხოლმე და ცას სანახევროდ კოღოები ჰფარავდნენ.“

ეს ნაწყვეტია ტიციან ტაბიძის 1936 წლის „ავტობიოგრაფიიდან“, რომელიც ლიტერატურის მუზეუმშია დაცული. თითქოს ჩვეულებრივი ავტობიოგრაფიაა, ბავშვობის მოგონებებით, მშობლებზე და მოზარდობის წლებზე საუბრით რომ იწყება. მაგრამ რამდენიმე აბზაცის შემდეგ იმ რთული და სასტიკი რეალობის გახსენება გიწევს, რომელშიც ტიციან ტაბიძე და ბევრი სხვა პოეტი ცხოვრობდა, რამდენიმე წინადადება უკვე გაეჭვებს და კიდევ ერთხელ ჩახედავ ბოლოში მიწერილ თარიღს - 1936, ერთი წელი საბედისწერო 1937-მდე და იმ უჩინარ მზერასაც გრძნობ, პოეტს ზურგსუკან რომ უდგას, ფურცელს ჩასჩერებია და აკონტროლებს, რას დაწერს უპირველესი ცისფერყანწელთაგანი. რას დაწერს, რომ გადარჩეს, თუმცა, მაინც ვერ გადარჩება...

„სამმა წელმა, რომელმაც განვლო ოქტომბრიდან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე, და სიახლოვემ ახალგაზრდა ბოლშევიკ მეგობრებთან, რომლებიც საქართველოში იატაკქვეშ მუშაობას ეწეოდნენ, შეგნებაში გარკვეული სინათლე შეიტანა. მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ნამდვილი ხელახალი იდეურ-შემოქმედებითი შეიარაღებისათვის.“ - არადა, ეს დამოუკიდებელი საქართველოს სამი წელია, მახსენდება ერთი დოკუმენტური ფილმი, სადაც თბილისი საქართველოს დამოუკიდებლობას ზეიმობს, ბედნიერი ადამიანებით სავსე გამზირი და კადრი, სადაც ტიციან ტაბიძის ბედნიერი, განათებული სახე გაკრთება... ეს ხომ ისეთი სამი წელი იყო, კულტურული სიახლეებით, სიცოცხლით, პოეზიით სავსე.

ტიციან ტაბიძე ცოლთან, ნინო მაყაშვილთან ერთად

© საქართველოს როვნული ბიბლიოთეკა


იმავე 1936 წლით თარიღდება კიდევ ერთი ცისფერყანწელის, შალვა აფხაიძის წერილი, სადაც ის აკრიტიკებს ცისფერყანწელებს, განსაკუთრებით, ტიციან ტაბიძეს და საბოლოოდ დაასკვნის:


„ჯანსაღი თვითკრიტიკის ფართოდ გაშლით, თანდათანობითი შეუნელებელი მუშაობით და არა კამპანიური ხასიათის მუშაობით მწერალთა შორის ამხანაგური ატმოსფერის შექმნით, ერთმანეთისადმი პატივისცემის გრძნობის გაღვივებით, ძველი წვრილ ბურჟუაზიული ინდივიდუალიზმის გამოვლინებათა მოსპობით და რაც მთავარია პარტიის ეშუალო ყოველდღიური დახმარებით საბჭოთა ლიტერატურა დასახულ მიზანს მიაღწევს.“

ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე

© საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

ასეთი იყო იმ ურთულესი ეპოქის ლიტერატურული ცხოვრება, რომელსაც ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი, ვაშლის ყვავილებიდან დაბადებული პოეტიც შეეწირა. სხვაგვარად შეუძლებელიც იყო, სულ რამდენიმე გადარჩა და ეს გადარჩენაც პირობითია.


ვინ არის ის? ქართული სიტყვის წიაღიდან წამოსული თანამედროვე პოეტი, პოეტი - ესთეტი, პოეტი-დენდი, როგორც თავის თავზე წერს: „როცა სხვებთან არის, ნაკლებათ ლაპარაკობს, სხვისი იმედი აქვს, განსაკუთრებით თუ მთვრალი არ არის.“


პოეტი, რომელმაც პოეზიის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ქართული ლექსი დაწერა:

„მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.

ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.“


გარდაიცვალა 1937 წელს, ანტისაბჭოთა მოღვაწეობის აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. არსებობს ვერსია, რომ გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს.


ავტორი: „საბა"

© საქართველოს როვნული ბიბლიოთეკა

© ლიტერატურის მუზეიმი