კულტურა

თიბისი კონცეპტის სივრცეში შვეიცარიული ფესტივალი "ხიდი: თბილისი - ციურიხი" ჩატარდა

აპრილი 11, 2023

თიბისის მხარდაჭერით, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 4 აპრილს ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალის, “ხიდი: თბილისი-ციურიხის” ფარგლებში შვეიცარიული არქიტექტურის ჩვენება გაიმართა, რომელსაც შვეიცარიიდან მოწვეული არქიტექტორები გაუძღვნენ და აუდიტორიას კულტურული წარმატების ისტორიის კრიტიკული ასპექტები გააცნეს. ღონისძიება სალექციო ფორმატში წარიმართა და მოიცავდა ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას.

კულტურის ინტერდისციპლინური ფესტივალი "ხიდი: თბილისი - ციურიხი" მოიაზრებს თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას შვეიცარიაში და პირიქით, შვეიცარიული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას საქართველოში. ფესტივალი ქართული პროგრამით პირველად 2021 წლის ოქტომბერში ციურიხში გაიმართა, ახლა კი სარკისებრი პრინციპით თბილისში შვეიცარიული პროგრამით ტარდება. პროგრამა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებასა და თანამშრომლობის ქსელის შექმნას.


ფესტივალი „ხიდი: თბილისი – ციურიხი“ საქართველოში პირველად გაიმართა და 1-ლიდან 10 აპრილის ჩათვლით ქართველი პუბლიკის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა, რომელიც მოიცავდა კინოს, ლიტერატურას, არქიტექტურას, ხელოვნებასა და მუსიკას.

არქიტექტურა

4 აპრილს თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა შვეიცარიული არქიტექტურისადმი მიძღვნილი საღამო „შვეიცარიული არქიტექტურა - წარმატების ისტორიის კრიტიკული ასპექტები“. ღონისძიებას შვეიცარიელი არქიტექტორი, ანდრე ბიდო გაუძღვა, რომელიც მენდრისიოს არქიტექტურის აკადემიაში და ციურიხის ETH-ში (ტექნიკურ-სამეცნიერო უნივერსიტეტში) არქიტექტურის ისტორიასა და თეორიას ასწავლის. ის ასევე ციურიხის არქიტექტურის ცენტრის თანადამფუძნებელია. ანდრე ბიდოს ლექცია „ობიექტები და კუნძულები“ კინოჩვენებითა და მის ირგვლივ გამართული დისკუსიით დასრულდა.

ფოტო: გია გოგატიშვილი

ხელოვნება

პირველ აპრილს ფესტივალი HOLOSEUM-ში პაულ კლეესა და ფერდინანდ ჰოდლერის იმერსიული გამოფენით გაიხსნა, რომლის ნახვის შესაძლებლობაც ქართველ აუდიტორიას ერთი თვის განმავლობაში ექნება. გამოფენა პირველად ციურიხში, არტისტების ჯგუფის Immersive Art Ltd-ის მიერ გაიხსნა და პირველად საქართველოში, ჰოლოზეუმში იმოგზაურებს. თითქმის 40-წუთიანი შოუ სრულყოფილად აერთიანებს შვეიცარიული მხატვრობის ორი უმნიშვნელოვანესი ხელოვანის შემოქმედებას, მხატვრობასა და მუსიკას და მაყურებელს სივრცისა და დროის შეგრძნებას სრულად აკარგვინებს. 

ლიტერატურა

3 აპრილს „მწერალთა სახლში“ შვეიცარიელმა მწერალმა, ულრიხ ვებერმა წაიკითხა ლექცია „ფრიდრიხ დიურენმატის კოსმოსი“. საარქივო დოკუმენტებსა და ფოტოებზე დაყრდნობით, ვებერმა აუდიტორიას დიურენმატის, როგორც წარმატებული დრამატურგის, ფილოსოფიური ესეისტისა და აპოკალიფსური მხატვრის ცხოვრება და მოღვაწეობა გააცნო.


5 აპრილს CCA - Center of Contemporary Art - Tbilisi -ის სივრცეში ილარია ვინჩის “ფენიქსის ფილოსოფიის კაფეს” გამოფენა-ინსტალაცია გაიმართა. ხელოვნების ნიმუშების გარდა, აუდიტორია გაეცნო ვინჩის შოუს შესახებ დაწერილ მოკლე ტექსტებს. ამასთანავე, ანა კორძაია-სამადაშვილმა აუდიტორიისთვის წაიკითხა თავისი ტექსტი, ხოლო სალომე ჰოლიმ წაიკითხა ლექცია “დადა ფენიქსი, ანუ რა შეგვიძლია ვისწავლოთ დადასგან”. 

„ექსკლუზიური პროგრამა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში თბილისისთვის მომზადდა, სრულიად ახალია ქართველი პუბლიკისთვის და ამიტომ, ვფიქრობ, საინტერესო გამოცდილება იყო კულტურითა და ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის - არამარტო ფართო საზოგადოებისთვის, არამედ დარგის სპეციალისტებისთვის.“

- ელენე ჩეჩელაშვილი, ფესტივალის დამფუძნებელი და ასოციაცია „ქართული კულტურული პლატფორმის“ პრეზიდენტი

კინო

2 აპრილს კინოთეატრ “ამირანში” შვეიცარიული ფილმების საღამო მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ქართველმა მაყურებელმა 12 ფილმი იხილა და ბოლო 50 წლის განმავლობაში შვეიცარიულ კინოში განვლილ ეტაპებს გაეცნო. ფილმების უმეტესობა თავად რეჟისორებმა წარადგინეს. პროგრამის მიზანი იყო, წარმოედგინა მცირე ნაწილი შვეიცარიული მხატვრული ფილმების მდიდარი კინოარქივიდან და გადმოეცა შვეიცარიის ყოველდღიური ცხოვრებისა და ქვეყნის ისტორიის ასპექტები.

მუსიკა

8 აპრილს თეატრალურ კომპანია “ჰარაკიში” შვეიცარიელი არტისტის, ეველინ თრაბლის სოლო კონცერტი გაიმართა. თრაბლის მუსიკალური პოეზია ერთგვარი მედიტაციაა ადამიანად ყოფნაზე და საკმაოდ ეგზისტენციალურია, რის გამოც მუსიკოსს კრიტიკოსებმა თომ იორკის და პეტი სმიტის უკანონო შვილი უწოდეს. 

„თიბისისთვის კულტურული პროექტების მხარდაჭერა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა ყოველთვის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას წარმოადგენდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელს ვუწყობდეთ კულტურულ ძვრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამიტომ, შვეიცარიულ ფესტივალთან თანამშრომლობით ხელოვნების პოპულარიზაციას ვუწყობთ ხელს და გვჯერა, რომ შვეიცარიული და ქართული კულტურის დიალოგი მომავალში გრძელვადიანი პარტნიორობის საწინდარია“

 - სოფო კიკვაძე, თიბისი კონცეპტის მარკეტერი

თიბისი მუდამ მზადაა კულტურულ ფესტივალებს უმასპინძლოს და ქართულ აუდიტორიას ხელოვნების მიმართულებით საინტერესო სიახლეები გააცნოს. სამომავლოდ არაერთი ღონისძიება იგეგმება, სადაც მსოფლიოს წამყვან ხელოვანებსა და მათ შემოქმედებას შეხვდებით.