კულტურა

They Said Books – კონცფცია და დიზაინი

They said books-ში განსაკუთრებულ წიგნებს და სხვადასხვა ლამაზ ნივთს აღმოაჩენთ. ასევე შეგიძლიათ უგემრიელესი ყავის დაგემოვნებაც. მაღაზიის ინტერიერის და ავეჯის დიზაინი ხელოვანს და დიზაინერს, ლადო ლომიტაშვილს ეკუთვნის.

დეკემბერი 27, 2019

They said books – კონცეპტუალური მაღაზიაა, სადაც განსაკუთრებულ წიგნებს და სხვადასხვა ლამაზ ნივთს აღმოაჩენთ. ასევე შეგიძლიათ უგემრიელესი ყავის დაგემოვნებაც. მაღაზიის ინტერიერის და ავეჯის დიზაინი ხელოვანს და დიზაინერს, ლადო ლომიტაშვილს ეკუთვნის. At.ge გთავაზობთ ინტერვიუს მაღაზიის დამფუძნებლებთან – თაკო ბასილიასთან, სალომე ბაქრაძესთან, ანანო ბაქრაძესა და ხელოვან ლადო ლომიტაშვილთან.




ლადო ლომიტაშვილი: პროფესიით არქიტექტორი ვარ, თუმცა პარალელურად სულ სხვადასხვა სახელოვნებო და დიზაინ-პროექტებზე ვმუშაობ. პირველი სფერო, რომელშიც მუშაობა დავიწყე და ხელოვნებასთან დამაკავშირა, ფოტოგრაფია იყო. ყოველთვის მაინტერესებდა ექსპერიმენტები. წელს დავამთავრე სამხატვრო აკადემია და რამდენიმე შეკვეთაც ავიღე. ძირითადად ინტერიერის და პროდუქტის დიზაინზე, ავეჯზე ვმუშაობ. ეს მაღაზია ჩემი პირველი სრულყოფილი პროექტია – ინტერიერი და ასევე ავეჯი, თითქმის ყველაფერი, რასაც აქ ნახავთ, ჩემი შექმნილია.პირველ რიგში, აქაურობა არ მინდოდა რაიმე კონკრეტულ სტილში ყოფილიყო, ამიტომ მომიწია ბევრ სხვადასხვა მასალაზე მეფიქრა, რაც ძალიან რთულია, რადგან საქართველოში მცირე ბაზარია მასალების შესაძენად. აქედან გამომდინარე, ბევრი მასალა თავისი დანიშნულებით არ გამომიყენებია, რაც ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა.


ლადო, სხვადასხვა მედიუმში მუშაობ – ფოტოგრაფია, პროდუქტის დიზაინი, არქიტექტურა – სად გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?


ასე ვერ ვიტყვი, რადგან ყოველთვის იმ პროექტებს ვირჩევ, რომელიც მაინტერესებს. ბევრი შემოთავაზება მქონდა, ზოგი – უინტერესო, რაზეც უარი ვთქვი, ასე რომ, თუ პროექტს ვიღებ – ის მედიუმიც და სფეროც ჩემთვის საინტერესოა და თავსაც კომფორტულად ვგრძნობ. ეს ასევე დამოკიდებულია პროექტზე, მაგალითად, აუცილებლად უარს ვიტყვი ცათამბჯენის დაპროექტებაზე, რადგან ვფიქრობ, ეს არ არის ჩემი მიმართულება, თან მე უფრო მცირე პროექტები მაინტერესებს – პავილიონები, მაღაზიები, კერძო სახლები, სადაც უფრო თავისუფალი ვარ და მეტი ექსპერიმენტის საშუალება მაქვს.


გვესაუბრე ამ პროექტზე – რა არის მისი მთავარი კონცეფცია


პირველ რიგში, ვიცოდი, რომ ეს იყო ადგილი, სადაც წიგნები და ყავა იყო მთავარი თემა, ამიტომ დავიწყე ფიქრი ამ თემების გარშემო, მინდოდა ამ ორი მატერიის ერთმანეთთან დაკავშირება.



რაც შეეხება ფერებს, თავიდანვე ასეთი სტრუქტურა შევიმუშავე: თავდაპირველად ყავის ფერები ავიღე, მოუხალავი მწვანედან დაწყებული, შემდეგ ის სტაფილოსფერი ხდება, ყავისფრდება და საბოლოოდ მიდის შავამდე. ამას ემატება ლურჯი, რომელიც They said books-ის მთავარი ფერია.



მასალების არჩევა ამ ფერების მიხედვით დავიწყე. ასევე არ მინდოდა მათ პირვანდელი სახე ჰქონოდა, რადგან ყველა წიგნს აქვს თავისი ისტორია, მინდოდა მასალებიც ისტორიის მატარებლები შემერჩია, ამიტომ შევარჩიე ჟანგიანი მასალა, რომელიც ფერითაც მიესადაგება კონცეფციას.


პროექტისთვის თითქმის მთლიანად ნედლი მასალებია გამოყენებული. რაც შეეხება ავეჯს, აუცილებლად მინდოდა გრძელი მაგიდა, რომელიც საერთო სამუშაო სივრცეს შექმნიდა და აქაურობა არ იქნებოდა მხოლოდ კაფე, ასევე მინდოდა ამ მაგიდით მეტი კონტაქტი ყოფილიყო აქ შემოსულ ადამიანებს შორის.





ლადო, მოგვიყევი აქ არსებულ ავეჯსა და ობიექტებზე, ჩვენ გამოვარჩევთ პირველ სართულზე ლაკის შავ პუფს, რომელიც ძალიან განსხვავებულია…


ლაკის შავი პუფიც ისევ ყავის გრადაციას უკავშირდება – ლაკის მატერიის ფერი და სიპრიალე დამწვარი ყავის ზედაპირს მაგონებს. ამ პუფს მინდოდა გარემო აერეკლა, რადგან მაღაზია არცთუ ისე დიდია, კედლებისა და ავეჯის ანარეკლებით სივრცე კარგავს ფორმას და ამიტომ ეს არეკვლის ეფექტი ვფიქრობ, მნიშვნელოვანია.


ამ სივრციდან შენ რას გამოარჩევდი, რომელ ობიექტს?


იმდენად დიდი ენერგია და ფიქრი ჩავდე ამ ყველაფერში, მიჭირს ერთის გამორჩევა, თუმცა პირველ სართულზე ორი სკამია, რომლებიც, ჩემი წარმოდგენით, ამ სივრცის მეფე და დედოფალია, და ალბათ ძალიან იკონურია.


სალომე ბაქრაძე, მაღაზიის დამფუძნებელი



სალომე გვესაუბრე მაღაზიასა და მის იდეაზე


პირველ რიგში, რაც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, მაღაზიის კონცეფცია არის ძალიან გულწრფელი, როდესაც ვფიქრობ ხოლმე, უპირველესად, ეს სიტყვა მახსენდება. და კიდევ, რაც მინდა ვთქვა, მოგზაურობისას საინტერესო წიგნებს რომ ვნახულობთ, თუნდაც მუზეუმების მაღაზიაში, წამოღება ზომის და წონის გამო ყოველთვის პრობლემაა, ჩვენს მაღაზიაში კი ვცდილობთ, ასეთი ნივთების გაერთიანებას.


ასევე ჩვენთან ნახავთ ინდი ჟურნალებს, რომელიც ალბათ ყველას აინტერესებს, ჩამოტანა კი პრობლემაა უმრავლესობისთვის. ჟურნალების კუთხე ჩვენთან ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც მუდმივად ახლდება.




სალომე გვითხარი როგორ წიგნებს ვნახავთ მაღაზიაში


ჩვენთან ნახავთ წიგნებს, რომლებსაც ბევრი დეკორატიულად აღიქვამს, რაც ნამდვილად არ არის ასე და მაღაზიაში თუ მოხვალთ, თავადაც დარწმუნდებით ამაში. უმეტესობის შინაარსი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ვიზუალური მასალა. ამ წიგნებზე მსოფლიოს ყველაზე დიდი გამომცემლობები მუშაობენ. ჩვენთან ნახავთ როგორც საქართველოში უკვე პოპულარულ TASCHEN-ის წიგნებს, ასევე ნიშურ გამოცემებს. ჩვენ მათთან ოფიციალურად ვთანამშრომლობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასი იგივეა, რაც ევროპაში ან ამერიკაში.


ჩვენთვის ძალიან საამაყოა IDEA-სთან თანამშრომლობა, რომელიც ლონდონის კონცეპტუალური მაღაზიის, Dover Street Market-ის ერთადერთი წიგნების სელექციაა და ქმნიან საოცარ წიგნებს, თუმცა იმდენად შეზღუდული რაოდენობით, რომ ამის კომერცია შეუძლებელია. ვთქვათ, არსებობს 100 ცალი და რადგან ჩვენ ოფიციალური პარტნიორები ვართ, აქედან ერთი ან ორი ჩვენთანაც იქნება. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ კონცეპტუალურ მაღაზიად უფრო IDEA-მ ჩამოგვაყალიბა, რადგან ჩვენთან, IDEA-ს განყოფილებაში, ასევე ნახავთ მათ მაისურებს და ჩანთებს, რომლებიც 100%-ით ნატურალური მასალისგან მზადდება.


და მათთან ერთად გადავწყვიტეთ კიდევ რამდენიმე ნივთის დამატება. ჩვენთან ნახავთ მცირე წარმოების ბრენდულ სუნამოს, და ასევე ორი სხვადასხვა ბრენდის სათვალეებს, გვაქვს Boy smells-ის სანთლები, School of life-ის გასართობი წიგნები, თამაშები და ვინილები. 

რაც შეეხება წიგნებს, ჩვენს დიდ სიას — Phaidon-ს, Abrams & chronicle-ს, MoMa Books-ს, TASCHEN-ს, Skira-ს და ა.შ კიდევ სხვა ბევრი გამომცემლობა დაემატება. და ისიც უნდა ვთქვა, რომ კოლექცია მუდმივად განახლდება, ასე რომ, გული არავის დაგწყდეთ, თუ რამის ყიდვა ვერ მოასწარით, ეს წიგნები ჩვენთან ისევ დაბრუნდება.


გვითხარი, ძირითადად რა სფეროებს მოიცავს მაღაზიაში არსებული წიგნები, გაქვთ ამგვარი სელექცია?


პირველ რიგში, ჩვენთან მრავლად შეხვდებით წიგნებს პოპულარულ თემებზე: არქიტექტურაზე, ინტერიერის დიზაინზე, მუსიკაზე, მოდაზე, ფოტოგრაფიაზე, კინოსა და ვიზუალური ხელოვნებაზე. გარდა ამისა, გვაქვს სამოგზაურო გაიდები, წიგნები კულინარიაზე, სასმელებზე, მანქანებზე და ინდი ჟურნალები.


და ბოლოს რა არის ყველაზე გამორჩეული კონცეფტი ამ მაღაზიაში


მე ძალიან მომწონს და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, რომ მაგალითად, ახლა ჩვენს კედელზე წარმოდგენილია ლადო ლომიტაშვილის ხის დეკორატიული ყუთები, რომლებიც იყიდება და თან ეს ექსპოზიცია ცვალებადია – სხვადასხვა დროს სხვადასხვა ობიექტები იქნება წარმოდგენილი.

ასევე ჩვენთან იყიდება ყავა, ყავის ჭიქა, სკამი… – მოკლედ, რადგან ჩვენი კონცეფცია მაინც მაღაზიიდან მომდინარეობს, აქ შეგიძლიათ ყველაფერი იყიდოთ



ავტორი: ნინი დარჩია

ფოტო: გიორგი მიქელაძე, ლადო ლომიტაშვილი