მუსიკა | ცა

ტეზარაქტი

TESSARACT

ოქტომბერი 08, 2019

„ტეზარაქტი“ ახალი ქართული ლეიბლია, რომლის პირველი კომპილაციური კრებული რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. 6 კომპოზიციისგან შემდგარი ნამუშევარი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტების კომპოზიციებს მოიცავს და საინტერესო მუსიკალურ მოგზაურობას გვთავაზობს. ამ პლატფორმის მიზნების და სამომავლო გეგმების შესახებ CA - ცა ლუკა ნაკაშიძეს (Nakashidze) და გიორგი კობერიძეს (Cobert) ესაუბრა.

მოგვიყევი „ტეზარაქტის“ იდეის შესახებ. როდის და როგორ გაგიჩნდა იდეა, რომ ლეიბლი შეგექმნათ? რა არის მისი მთავარი მიზანი და როგორ ფიქრობთ, რა სიახლეს შემოიტანს ქართულ მუსიკალურ სივრცეში?

Cobert: 

ლეიბლის შექმნის იდეა მე, ლუკას და ზაზუს დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა. მაშინ გვეგონა, რომ მას კონკრეტულად ელექტრონულ მუსიკას დავუკავშირებდით. საბედნიეროდ, ამის განხორციელება მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ მოვახერხეთ. საბედნიეროდ იმიტომ, რომ ამ დროის განმავლობაში ლეიბლის მიმართ მიდგომა მთლიანად შეგვეცვალა და ელექტრონულმა მუსიკამ მასში მხოლოდ გარკვეული ადგილი დაიჭირა, რაც დღეს ძალიან გვახარებს.

ლეიბლის მიზანზე საუბარი რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად ხელოვნების მიზანზეა საუბარი რთული. თუმცა მცირე წარმოდგენას თვითონ ლეიბლის სახელი გვიქმნის. ტეზარაქტი არის სიტყვა, რომელსაც აბსურდული მდგომარეობის გამოსახატავად ჩვენ უკვე წლებია ძალიან ხშირად ვიყენებთ. ეს დაახლოებით ასე ჟღერს: "ტეზარაქტში ჩავარდი" ან "ტეზარაქტში ჩამაგდო" და ასე შემდეგ. ტეზარაქტი შეიძლება უკიდურესად კარგსაც ნიშნავდეს და უკიდურესად ცუდსაც. ოღონდ ეს სიტყვა არ ასოცირდება გეომეტრიულ ფიგურა ტეზარაქტთან. ამიტომაც არის ლეიბლის სახელწოდებაში ერთი ასო არასწორად. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი მიზანი ხალხის და პირველ რიგში ჩვენი თავების ტეზარაქტში ჩაგდება იყოს.

როგორც ჩანს, ლეიბლის მუსიკალური პოლიტიკა ერთ კონკრეტულ სტილსა და მუსიკალურ მიმდინარეობას სცდება.

Nakashidze:

თამამად ვიტყვი, რომ ლეიბლის იდეა და კონცეფცია ძალიან გახსნილია ყველა მუსიკალური ჟანრისთვის. შეიძლება ერთი რელიზი კლუბისთვის განკუთვნილი მუსიკა იყოს, მეორე რელიზი მეტალი და მესამე ძველი ქართული სიმღერა. თუმცა არის რაღაც ხაზი, რაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილს გააერთიანებს - ალბათ სწორედ ეს ხაზია ტეზარაქტი

უშუალოდ პირველ რელიზზე რო გადავიდეთ. როდის დაიწყეთ კომპილაციაზე მუშაობა და როგორ შეირჩა ის არტისტები ან კომპოზიციები რომლითაც კრებული დაკომპლექტდა? რამე კონკრეტული კონცეპტი ხო არ გქონდათ, რის გარშემოც ეს ნამუშევრები გაერთიანდა?

Nakashidze: ლეიბლის გაჩენის იდეის 2 წელი გავიდა და პირველი რელიზი მხოლოდ ეხლა გამოვიდა. ამ პროცესში კი კომპილაციისთვის განკუთვნილი მუსიკა ძალიან ბევრჯერ შეიცვალა. რაღაც მომენტში მივხვდით, რომ ეს ფირფიტა სტილისტურად უფრო საცეკვაო მუსიკა იყო და სელექციაც შესაბამისად გავაკეთეთ, თუმცა იყო რამოდენიმე არტისტი ვის შესახებაც დაზუსტებით ვიცოდით, რომ პირველ V/A ში უნდა ყოფილიყვნენ. მაგალითად ფიზიკოსი სერგო ჩალაური, რომლის სოლოალბომის გამოშვებასაც მალე ვგეგმავთ.

როგორ დაახასიათებდით ფირფიტის თითოეულ მხარეს?

Nakashidze: ჩემი კომპოზიციის, Pastorius Song -ის კეთებისას როდესაც მთავარი ხმა ვიპოვე, რომელიც ბასის ხაზს უკრავს, მაშინვე დიდი ბასისტი ჯაკო გამახსენდა, თითქოს წყობა და ხასიათი ჯაკოს დაკრული იყოს. რაც შეეხება Detached-ს, ეს ტრეკი შვეიცარიელ არტისტებს Nikola Kazimir და Audinos ეკუთვნით. მათი მუსიკა ხშირ შემთხვევაში დიდ ტეზარაქტში გვაგდებს. DFO-ს კი საქართველოში უფრო Kozmanatთი იცნობენ , მისი ტრეკი ამ ფირფიტაში ერთადერთია, რომელიც თავიდანვე გეგმაში იყო, რომ უნდა გამოცემულიყო და არ შეცვლილა.

სერგო ჩალაურის ნამუშევარი ფირფიტის მეორე მხარის პირველივე ტრეკად სპეციალურად განვათავსეთ, რათა მსმენელი მალევე ჩაგვეგდო ტეზარაქტში. Cobert-ის მუსიკა რელიზში ბოლო წამს ჩანაცვლდა ახალი ტრეკით სახელად Grooveeebooxx - ეს მუსიკა ჩემთვის ერთგვარ კლუბურ ატრაქციონთან ასოცირდება, რომლის გაჩერებაც ძალიან გაგიჭირდება. ალბომის ბოლო კომპოზიცია ADIT კობერას და ზაზუს ერთობლივი ტრეკია, რომელიც განსაკუთრებული გრუვით და ხასიათით გამოირჩევა.

რა ფორმატებში გამოიცემა კომპილაცია და სად იქნება შესაძლებელი მისი შეძენა?

Nakashidze: პირველი რელიზი მხოლოდ ფირფიტაზე გამოიცემა და მხოლოდ 300 ცალი, რომელიც Deejay.de, Decks.de ზე და ასევე ევროპის სხვადასხვა მაღაზიებში დაიდება. გარკეული რაოდენობის შეძენა ფაბრიკაში, Vodcast Record Store-ში უკვე შესაძლებელია.

როგორია ტეზარაქტის სამომავლო გეგმები? უნდა ველოდოთ თუ არა სოლო რელიზებს (EP/LP) უახლოეს მომავალში? ქართველ არტისტებზე რამდენად იქნებით კონცენტრირებული?

Cobert: სამომავლო გეგმსებს რაც შეეხება, შემდეგი რელიზი იქნება ჩემი LP, რომელიც ჩემთვის პირველი სოლო ალბომი იქნება . ალბომში14 ტრეკი შევა და გამოიცემა როგორც CD ზე, ასევე ციფრულადაც. არ არის გამორიცხული 100 სიმბოლური ფირფიტაც დავბეჭდოთ. ამის შემდეგ დაგეგმილია 7 ინჩიან ფირფიტა დიმა დადიანისა და გოგი ძოძუაშვილის თითო-თითო ტრეკით. თუმცა არ ვაპირებთ მხოლოდ ფირფიტების გამოცემას და იქნება არაერთი ციფრული და CD რელიზებიც. იმის დამიუხედავად, რომ არ ვართ მხოლოდ ქართველ არტისტებზე ორიენტირებულები, საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ პირველი 4 რელიზი ქართული იქნება.  

კობერტის ალბომის ექსკლუზიური სნიპეტები: 

არტისტები

Nakashidze

Nikola Kazimir & Audinho

DFO aka Kozmana

Sergo Tchalauri

Cobert

ADIT aka (Zazu & Cobert)


დისტრიბუცია

SMALL BLACK DOTS


ალბომის ყდა

ლუკა ნაკაშიძე

მიხა ტუღუში


გუნდი

ლუკა ნაკაშიძე

ზაზუ

გიორგი კობერიძე

Lion Bakman

მიხა ტუღუში

ავტორი: სოფი წერეთელი