აგვისტო 18, 2025
თემიკო მაჭავარიანი - ბრინჯაოს მედლით AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადიდან
ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს
პეკინიდან, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადიდან, სადაც საქართველოს ეროვნულმა AI ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა, ნაკრების ერთ-ერთი წევრი - თემიკო მაჭავარიანი, ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

დავალებასთან პირისპირ
“დავალებები საკმაოდ საინტერესო იყო და მოულოდნელიც. ამოცანების ფურცელი როგორც კი გადავშალე, მივხვდი, რომ აქ ჩემით, ადგილზე უნდა შემექმნა “რაღაც სხვაც”. დავალებების კეთებისას, მახსენდებოდა მოსამზადებელ ლექციებზე რა ხრიკებს და ხერხებს ვიყენებდით მენტორებთან ერთად სხვადასხვა სიტუაციის გადასაჭრელად, რაც ფიქრშიც მეხმარებოდა და ამოცანებსაც მიმარტივებდა.”

60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე მონაწილესთან ერთად
“კონკურენციის მიუხედავად, ძალიან დაძაბულმა და ამაღელვებელმა ოლიმპიურმა გარემომ, ბევრი გუნდი ერთად შეგვკრა. ჩვენდა მოულოდნელად, ბრაზილიელებთან და ბერძნებთან ერთად ვბჭობდით დავალებების საუკეთესო გადაწყვეტებზე. გამორჩეულად მახსოვს პოლონეთის გუნდი, რომელმაც “ის რაღაც სხვა” გასაღები მართლაც უპოვა ბოქლომს.”

საქართველოს სახელით
“ამხელა საერთაშორისო ასპარეზზე ქართული სიტყვის თქმა, ალბათ, ყველა ქართველისთვის ძალიან დიდი ოცნება და პასუხისმგებლობაა. ყოველ საათში, როდესაც ორგანიზატორები ოლიმპიადის დარჩენილ დროს აცხადებდნენ, თავს ვუმეორებდი, რომ ამას ვაკეთებდი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ქვეყნისთვის და ეს არაამქვეყნიურ ენერგიას მაძლევდა.”

გამარჯვების პირველი ემოცია
“ძალიან დაბნეული და თან უზომოდ გახარებული ვიყავი, როდესაც ჩემი სახელი დავინახე. გამარჯვება დიდი შვება იყო იმ ბევრი შრომის შემდეგ, რაც მე და ჩემმა გუნდმა გავწიეთ.”

გუნდის ძალა
“მჯერა, რომ ყველა წარმატებული ადამიანის უკან, ძლიერი გუნდის მხარდაჭერა დგას. ნაკრების მწვრთნელების გულით და სულით გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება, ოლიმპიადაზე გადამწყვეტი აღმოჩნდა.”

რისი მჯერა
“AI სამყაროში ცნობილი ფრაზაა - Attention is all you need. ეს გენიალური ნათქვამი, ჩემთვის ასეთი რეალური აქამდე არასოდეს ყოფილა.”

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, უკვე მეორე წელია აერთიანებს.
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, მსოფლიო ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის პირველი ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა ნაკრები, რომელმაც შემდეგ პეკინში, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით პირველად იასპარეზა.

ავტორი: მუშკა ყანცაველი
ფოტო: გიორგი ნაკაშიძე