კულტურა

თბილისის პირველი გალერეები

საბჭოთა კავშირში ხელოვნებას, ისე როგორც ყველა სფეროს, ცენტრი მართავდა. ცენტრალიზებულ შემოქმედებით პროცესს სახელმწიფო ინსტიტუციები ქმნიდნენ და აკონტროლებდნენ და მათ არ ჰყავდათ ალტერნატივა. ეს მოცემულობა სწრაფად და რადიკალურად შეიცვალა. დამოუკიდებლობას ესწრაფვოდა არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ სოციუმები, ერთობები - კოოპერატივები, კერძო ბანკები, ახალბედა ბიზნესმენები და ა.შ. სრული ეკონომიკური კოლაფსის მიუხედავად, მაინც შედგა იმ დროისთვის ერთი შეხედვით სრულიად წამგებიანი პროექტები - კერძო გალერეები.


2000-იან წლებში, სახეზე იყო უკვე გამოცდილი რამდენიმე გალერეა. წარმატებასაც მიაღწიეს მათ, რომლებმაც გაუძლეს დროს და დროსთან ერთად შეიძინეს ავტორიტეტი.

ვერა ფაღავა - ზაფხული

თბილისის პირველ და ძველ გალერეებს მხოლოდ არტბაზრის განვითარების მისია არასდროს ჰქონიათ. ქვეყანაში, სადაც არ იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ან ცენტრი, გალერეებმა აითვისეს თანამედროვე ხელოვნების შეგროვება, დაცვა, წარდგენის ფუნქცია. შესაბამისად, საქმე არასდროს გვქონია მხოლოდ ბიზნესთან, თუმცა, სავარაუდოდ ბიზნესი სწორედ ამ მნიშვნელობამ გადაარჩინა.


სწორედ ამან, კულტურის პოლიტიკურმა მისიამ განაპირობა პირველი და სტაჟიანი ქართული გალერეების ბიოგრაფიაც. ამ გალერეებს ხსნიდნენ ადამიანები, უმეტესად ქალები, რომლებსაც უყვარდათ ხელოვნება; რომლებსაც ესმოდათ ხელოვნების ის თანამედროვე მოცემულობა, რომელშიც იყო იმ დროის თანამედროვე ქართული ხელოვნება. ისინი აგროვებდნენ, იკვლევდნენ და წარმოგვიდგენდნენ. დღემდე ასე აგრძელებენ.

პეტრე ოცხელი - კოსტიუმის ესკიზი "სურამის ციხე". 1933

დღეს, როცა ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, როგორ მუშაობს საგალერეო საქმე და არტბიზნესი, როცა ვხედავთ მის პრინციპებზე მომუშავე გალერეებისა და გალერისტების ახალი თაობას, კიდევ უფრო ხილვადი ხდება პირველი თბილისური გალერეების ავტორების დამსახურება. ახალი თაობის გალერეებს ზურგს დიდი და წარმატებული ბიზნესები და ფინანსები უმაგრებთ. გალერეებში იდება საინტერესო ინვესტიცია, რომელიც არა ხელოვნებაში, არამედ სხვა სფეროში დაგროვდა. მათ შეუძლიათ დააფინანსონ ავტორი და არ იყვნენ დამოკიდებული დღევანდელ ფინანსურ მოგებაზე. ასეთი ფუფუნება კი არასდროს ჰქონიათ მათ, ვინც ხელოვნების გალერეები შექმნეს ინფორმაციულ და ფინანსურ ვაკუუმში. დანგრეულ ქალაქში. სადაც ხელოვნებას არ ჰქონდა ფასი, სადაც ხელოვანი უბრალოდ შიმშილობდა და ხალხი, რომელიც ოდესღაც იყო ხელოვნების შემგროვებელი უფრო მეტს ყიდდა, ვიდრე ყიდულობდა.


დღეს ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ იმ გალერეებზე, რომლებმაც 2019 წლის თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე წარდგნენ და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ის ფაქტი, რომ მეოცე და თანამედროვე საუკუნის ქართული ხელოვნების საუკეთესო მემატიანეები არიან. 

ფელიქს ვარლამიშვილი - მეთევზეები. ლითოგრაფია




ერთი შეხედვით, მათი სტრატეგია თითქოს ერთნაირია - დღის შუქზე გამოიტანონ უახლესი წარსული, ან იპოვონ მნიშვნელოვანი დღეს. უმეტესად არჩევანს აკეთებენ ტრადიციულ მედიებზე - ფერწერა, გრაფიკა, რაც ალბათ გამოწვეულია იმით, რომ ეს მედიები ჯერ ისევ ყველაზე უკეთ გასაგები და სასურველია საზოგადოებისათვის. ამას გარდა, გალერისტების პირად ხედვასა და გემოვნებას გამოხატავს.


“ბაია გალერეა”-ს ალბათ ყველაზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. შეიძლება იცვლიდა სახელს, ან მისამართს, მაგრამ არ იცვლიდა შინაარსს. ერთი კურატორის, ბაია წიქორიძის პირადი ხედვა - თუ რა იყო დასამახსოვრებელი გასულ საუკუნეში და რას შეეძლო ამ ისტორიის ღირსეულად გაგრძელება. გალერეამ დააგროვა საინტერესო კოლექცია, მეგობრები. საკუთარ მცირე სივრცეებშიც კი წარმოუდგენია მონუმენტური მისიის ექსპოზიციები, რომლებსაც მოუცავს მეოცე საუკუნის ყველა მნიშვნელოვანი ავტორი. 2019 წლის თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე მის სივრცეში მერაბ აბრამიშვილის ტილოები ბატონობდა.  

მერაბ აბრამიშვილი 80-იანელების თაობის მნიშვნელოვანი ავტორია. ამ თაობას ზოგადად ახასიათებდა ინდივიდუალიზმი და განსხვავებული არა მხოლოდ სტილი და ხელწერა, არამედ ხედვა - სამყარო. თუკი სამყაროზეა საუბარი, ამ ცნებას ყველაზე უკეთ აბრამიშვილი ეხმიანება. მისი მხატვრობა ერთგვარ მისტიკურ-არამიწიერ მშვენიერებას გადმოგვცემს, რომელსაც ათვისებული აქვს ტრადიციული ქრისტიანული მონუმენტური მხატვრობის აურა და აღმოსავლური დეკორატიული განწყობა. მთლიანობაში ეს არის ოქროსფერი ზრაპარი, პოეტური ვიზუალური მეტაფორებით სავსე. რთულია, სიტყვბით გადმოსცე აბრამიშვილის სულიერი და ჯადოსნური მხატვრობა, რთული იყო თბილისის ხელოვნების ბაზრობის სიჭრელესა და ხმაურში მისი სიმშვიდის აღმოჩენა.

ირაკლი გამრეკელი - ფ შილერი - ყაჩაღები - დეკორაციის ესკიზი. 1933

გალერეა “შარდენი” ამ ეტაპზე ორი ქართველი ემიგრანტი მხატვრის - ვერა ფაღავასა და ფელიქს ვარლამიშვილის მხატვრობით პოზიციონირებს. გალერეის კურატორი ხათუნა ჩხეიძეა. მან ამ ორი მხატვრით ახალი გზები გახსნა უკვე თითქოს ძალიან კარგად ნაცნობი მეოცე საუკუნის ქართულ ხელოვნებაში. ამოწია ის, რაც დავიწყებული იყო.


ვერა ფაღავას მშობლები 1922 წელს წავიდნენ უკვე გასაბჭოებული ქვეყნიდან. ფელიქს ვარლამიშვილი კი თავად - 1929 წელს გავიდა კავშირიდან. შეიძლება ითქვას, გაასწრო ტერორს. მათ არ აერთიანებთ სტილი და მხატვრული ენა, მათ აერთიანებთ ეპოქა. ეპოქა, რომელიც სრულიად განსხვავებული ხელოვანების ინსპირაციის წყარო ხდებოდა. საკმარისია მხოლოდ ამ ორ ავტორს გაეცნო და მიხვდე, რამდენად ფართო დიაპაზონის იყო დასავლური მოდერნიზმი. ფაღავას რაციონალიზმი, ფიგურატიული დეკორატიულობა და ვარლამიშვილის წარმოსახვა აპოკალიფტური ემოციებით.   

ირაკლი სუთიძე - პორტრეტი

დაახლოებით ანალოგიურ ეფექტს ახდენს “იარტ გალერეა”, რომელიც ყოველთვის აოცებს დამთვალიერებელს იმით, რომ ფენს იმას, რასაც დიდი ხანია არავინ ეხება - მხატვრებს, რომლებიც საბჭოთა სოცრეალიზმის იდეოლოგიის და მისი ცუდი ავტორიტეტის საფარველში მოექცნენ. კორნელი სანაძის დავიწყებული შედევრები, თუ საბჭოთა თეატრის ჯერ ისევ ავანგარდისტული ესკიზები - ირაკლი გამრეკელის ან პეტრე ოცხელის ავტოგრაფით... 


ბოლო რამდენიმე წელია, სხვადასხვა გალერეებისა და პროექტების შემდეგ, ქეთევან კორძახია თიბისი არტ გალერეის კურატორია. მას შემდეგ ბანკში განთავსებულმა საგამოფენო სივრცემ აკადემიური, სამუზეუმო იერი და მნიშვნელობა შეიძინა, რასაც განაპირობებს ისტორიის მიერ უკვე აღიარებული ავტორების უმეტესად რეტროსპექტიული ექსპოზიციები. თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე თიბისი არტ გალერეამ ერთი მხატვრის ექსპოზიცია წარმოადგინა. ირაკლი სუთიძე - მეოცე საუკუნის პოსტსაბჭოთა თავისუფალ ხელოვნებაში დაწინაურებული თაობის ერთ-ერთი გამოკვეთილოი ფერმწერია - ძლიერი ენერგეტიკის ავტორი.

თამარ მელიქიშვილი - ვეფხისტყაოსნის ჯუნგლები

გამორჩეულობის მიზეზი მისი მიდგომაა: ნარატივისგან დაცლილი ცხოვრელებისა და ადამინური პერსოჟანების გამოსახულებები როგორც ხატები. რომლებიც ასხივებენ ბუნებრივ, ველურ, ინტენსიურ ენერგიას, როგორც ფერით, ისე გამოსახვის ექსპერესიული და ნაივური მეთოდით. სუთიძეს თავისთავადი და ავთენტური ხელწერა აქვს, თუმცა, ამავდროულად გაგონებს ძველ ქართულ ხელოვნებასაც და კიდევ ბევრ რამეს, რაც სახვითმა ხელოვნებამ გამოიარა. 


გალერეა “ვერნისაჟი” ზაირა ბერელიძის კურატორობით თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე სხვებისგან რადიკალურად განსხვავებულ მხატვრობას გვთავაზობდა. ალბათ ბევრად ფემინურს, ბევრად ფაქიზსა და რომანტიკული შთაბეჭდილებების გამომწვევს - თამარ მელიქიშვილის მხატვრობა გვიან იმპრესიონისტულ ფერწერას ჰგავს - ეპიზოდური, დინამიური, პასტელურ ფერებში რომანტიზირებული თანამედროვე ყოველდღიურობა იშვიათად ტოვებს ვინმეს გულგრილს. 

ალექს ბერდიშევი - სიცოცხლის ფორმა

და ბოლოს, “ვანდა გალერეა” ვანდა მუჯირის საავტორო პროექტია. მისი ინტერესები მკაფიოდ იხრება თანამედროვე და ახალგაზრდა მხატვრებისკენ. ალბათ ამიტომაც შეძლო და მოასწრო თანამშრომლობა წამოეწყო ახალგაზრდებს შორის პროფესიონალიზმითა და მასშტაბურობით გამორჩეულ მხატვართან - რიტა ხაჩატურიანთან. თუმცა, რიტასთან ერთად ფენს წინა ათწლეულში დაწინაურებულ ავტორებს, მაგალითად ალექს ბერდიშევს, რომელმაც წინა ათწლეულში, საკუთარი ორიგინალური და ეფექტური მხატვრული კომპოზიციებით დიდი პოპულარობა მოიპოვა.  


ავტორი: სოფო კილასონია