ლიტერატურა

რეკომენდაციები წიგნის ვირტუალური ფესტივალისთვის

"საბა"

მაისი 29, 2020

ბოლო წლებში, მაისის თვე მკითხველებისთვის თბილისის წიგნის ფესტივალთან ასოცირდებოდა. ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი უამრავ საინტერესო ლექცია-მოხსენებებს, ავტორებს და გამომცემლებს მასპინძლობდა. წელს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ფესტივალმა ვირტუალურ სივრცეში გადმოინაცვლა, თუმცა ტრადიციული მრავალფეროვნება ამით სულაც არ დაუკარგავს. 


თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალში 30-მდე გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მონაწილე სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა განხორციელდება გამომცემელთა ასოციაციის ვებგვერდზე საგანგებოდ ბაზრობისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში.

გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა ლიტერატურული რეკომენდაციები, რომელიც დაგეხმარება ვირტუალურ წიგნის ფესტივალზე შენთვის საინტერესო წიგნების შერჩევაში. რამდენიმე მათგანი სულაც არ არის ახალი გამოცემული, თუმცა დღემდე საკმაოდ აქტუალურია.

ჯერომ სელინჯერი - „თამაში ჭვავის ყანაში“


რომანში მოქმედება XX საუკუნის 40-იანი წლების ამერიკაში ვითარდება. მთავარი გმირი და ამბის მთხრობელი, ჰოლდენ კოლფილდი, 17 წლის ბიჭია, რომელიც თავის ისტორიას გვიყვება. მას შემდეგ რაც, ჰოლდენს მესამე სკოლიდან გარიცხავენ, იგი სასწავლებლიდან მშობლიურ ნიუ-იორკში ბრუნდება, მაგრამ საშობაო არდადეგების დაწყებამდე სახლში არ ბრუნდება და თავისი დანაზოგით რამდენიმე დღეს დამოუკიდებლად ატარებს.


ჰოლდენი ამბობს : „წიგნი ისეთი უნდა იყოს რო წაიკითხავ უნდა მოგინდეს რო მისი დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს, აი ისეთი რო დაურეკავ და ნებისმიერ რამეზე ებაზრები, თუნდაც შუაღამისას …” ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ნამდვილად გვიჩნდება სურვილი ჯერომ სელინჯერის ახლოს გაცნობისა.


მთარგმნელი - ვახტანგ ჭელიძე

ასტრიდ ლინდგრენი, სარა შვარტი „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვმალავ“

1971 წლის აპრილში 12 წლის შვედი გოგო, სარა იუნგკრანცი, პირველ, ძალზე გაბედულ და პირდაპირ წერილს სწერს თავის თანამემამულეს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და საყვარელ საბავშვო მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს. სარა იმედოვნებს, რომ ცნობილი მწერალი მას ფილმ „თეთრ ქვაში“ ფიდელის როლზე სასინჯ გადაღებებში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება. ცნობილი მწერალი იმდენად მკვახე წერილით პასუხობს, რომ სარა მას ნაკუწებად აქცევს და ტუალეტში ჩარეცხავს. მოგვიანებით კი კიდევ ერთ, უფრო გაწონასწორებულ და თბილ წერილს მისწერს, რომელიც მათი მრავალწლიანი გაბმული მიმოწერის დასაწყისი გახდება. ამ მიმოწერის ყველაზე აქტიური ფაზა სარას ცხოვრების ყველაზე რთულ და პრობლემებით სავსე ხანას ემთხვევა. მწერალი თავისი თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. 1971 წლიდან 2002 წლამდე მათ ერთმანეთს 80 წერილი მისწერეს, რომელიც ლიტერატურათმცოდნე და ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმის ბიბლიოთეკარმა, ლენა ტორნკვისტმა, ასტრიდ ლინდგრენის არქივში მოაგროვა და ერთ წიგნად გამოსცა.


მთარგმნელი - ლიკა ჩაფიძე

არნიფ ქოლერუ „კეთილიონი“

10 წლის ფრანკის ცხოვრება იმ დღეს იცვლება, როცა ის და დედამისი 24 მილიონ კრონას მოიგებენ. დედა კი გადაწყვეტს, ბანკში შეინახოს ფული და არავის გაანდოს ეს ამბავი, მაგრამ პატარა დაბაში რაიმეს დამალვა ძალიან რთულია… ყველაფერი მაშინ აირევა, როცა ფრანკის დედა გადაწყვეტს, სიკეთის კონკურსი გამოაცხადოს, „კეთილიონის“ გამარჯვებული კი 1 მილიონით დააჯილდოოს. თუმცა განა ადვილია ფულსა და სიკეთეზე ერთდროულად ფიქრი? ან რამდენად ადვილია, მდიდარი ამავე დროს კეთილიც იყო?

თანამედროვე ნორვეგიელი ავტორი არნფინ ქოლერუ საკმაოდ რთულ თემებზე გვაფიქრებს, თუმცა, დახვეწილი იუმორისა და ოსტატური თხრობის წყალობით, წიგნი ძალიან სახალისო საკითხავია.


მთარგნელი - სოფო ქარჩხაძე

ალექსანდრა და დანიელ მიზელინსკები „რუკები“

ბოლო წლების საერთაშორისო ბესტსელერი, ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნი „რუკები“ 2012 წელს შეიქმნა პოლონეთში და მოიცავს ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ.


„რუკები“ უნიკალურია კარგად გააზრებული იდეისა და დახვეწილი შესრულების თვალსაზრისით. ამ წიგნს იყენებენ როგორც სასწავლო-პედაგოგიურ გარემოში, ისე ოჯახში სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა მიერ ერთობლივი კითხვისთვის. „რუკების“ მასალის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა თამაშებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა.


55 დიდი რუკა 46 ქვეყანასა და 6 კონტინენტს მოიცავს. ყოველ რუკაზე უამრავ საინტერესო ილუსტრაციას და მნიშვნელოვან ფაქტს აღმოაჩენთ, და აუცილებლად მოგინდებათ კიდევ უფრო მეტის გაგება. 

ჯოჯო მოიესი „ისევ მე“

წარსულის იარების საბოლოოდ მოსაშუშებლად და თავისი გზის დამოუკიდებლად საპოვნელად ლუისა ნიუ-იორკში, მილიონერი წყვილის ოჯახში სამუშაოდ გადადის. ჩვეული გულახდილობით, განუმეორებელი ინგლისური იუმორითა და სევდით გვიყვება სამშობლოდან შორს მყოფი ქალის ტკბილ-მწარე ცხოვრების შესახებ.


წიგნი გაგრძელებაა აქამდე გამოცემული ორი ბესტსელერისა „მე შენამდე“ და „მე შენს შემდეგ“


მთარგნელი - თეონა ბითაძე

დევიდ ლონგი „როცა მთვარეზე გავიარეთ“  

როცა მთვარეზე გავიარეთ“ არის სახალისო და საინტერესო ფაქტებით გაჯერებული ილუსტრირებული წიგნი „აპოლო 11“-ის მისიის შესახებ. წიგნი მოგითხრობთ მე-20 საუკუნის ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური პროექტის, „აპოლოს“ მისიების შესახებ – მის ისტორიაზე, მნიშვნელობაზე, წარმატებებსა თუ მარცხებზე – პირველ რიგში კი, იმ ადამიანებზე, ვინც თავდაუზოგავი შრომით, გამბედაობითა და ახლის აღმოჩენის დაუოკებელი ჟინით მისი განხორციელება შეძლეს, როგორც დედამიწაზე, ასევე კოსმოსში და მთვარეზე.


მთარგნელი - ნიკოლოზ ლოლაძე

ავტორი: saba.com.ge