სიახლეები

თბილისის საბავშვო ფესტივალი - შემეცნებითი თავგადასავალი გრძელდება

თბილისის საბავშვო ფესტივალს მუშტაიდის ბაღი 5 სექტემბერს უმასპინძლებს.

სექტემბერი 04, 2020

საზაფხულო არდადაგების დასრულება მხიარულებასა და თავგადასავლებზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავს: დედაქალაქში დაბრუნებულ პატარებსა და მათ მშობლებს წინ საბავშვო ფესტივალი ელოდებათ, რომელიც თიბისის მხარდაჭერით წელს უკვე მესამედ ტარდება.

ლევანდელ ღონისძიებას 5 სექტემბერს 12:00-დან 20:00 საათამდე მუშტაიდის ბაღი უმასპინძლებს.


“თბილისის საბავშვო ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საბავშვო ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მესამედ ტარდება. ფესტივალზე წარმოდგენილ კომპანიებთან, სტარტაპერებთან და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად ჩვენი მთავარი მიზანია, ვიზრუნოთ ბავშვების ჯანსაღ განვითარებაზე. 5 სექტემბერს ჩვენთან მოსულ სტუმრებს სასიამოვნო და პროდუქტიულ დღეს ვპირდებით.”


 ელენე მარგიშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი.

საბავშვო ფესტივალი თანაბრად საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო იქნება როგორც პატარებისთვის, ისე მათი მშობლებისთვისაც. მანამ, სანამ ბავშვები სპეციალურად მათთვის დაგეგმილი შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობებით დაკავდებიან, მშობლებს განსაკუთრებული ფასდაკლებებით სარგებლობისა და ბავშვების სწავლის, განვითარებისა და ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

“გვიხარია, რომ ფესტივალის მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. წინა წლებთან შედარებით, ახალი თაობის განვითარებისა და განათლების კუთხით, წელს ბიზნესი უფრო აქტიურია. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ წელს ასამდე მონაწილე გვყავს, რომელთა შორის არიან სტარტაპები და კომპანიები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტული ბანაკები და ა.შ.” 


-ელენე მარგიშვილი


საბავშვო ფესტივალის ფარგლებში მუშტაიდის ბაღში სტუმრებს ექვსი განსაკუთრებული ზონა დახვდებათ. ესენია: სპორტული, განათლების, ჯანმრთელობის, გართობის, საბავშვო სტარტაპებისა და კულტურული ზონები, შესაბამისად, ფესტივალზე მისულს საშუალება გექნებათ, გაეცნოთ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებას; შეარჩიოთ სპორტული ან კულტურული აქტივობა, რომლითაც თავისუფალ დროს თქვენი შვილები დიდი სიამოვნებით დაკავდებიან; აღმოაჩინოთ საინტერესო სათამაშოების მწარმოებელი ახალი სტარტაპები; გაიაროთ კონსულტაცია ჯანმრთელობის სფეროს კვალიფიციურ წარმომადგენლებთან ან დაგეგმოთ დაუვიწყარი დაბადების დღე თქვენი შვილისთვის რომელიმე გასართობ ცენტრში. ღონისძიებაში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაციაც მონაწილეობს, შესაბამისად, კითხვის მოყვარულებს საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე განსაკუთრებული ფასდაკლება ელოდებათ.


ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სასკოლო ინვენტარის დიდი ფასდაკლებით შეძენაც შეეძლებათ. ასევე, შეძლებთ შკვების ზონას ესტუმროთ და პროდუქტიული დღის გასაგრძელებლად ენერგია აღიდგინოთ.


მუშტაიდის ბაღში მოსულ სტუმრებს სხვებთან ერთად საბავშვო ფესტივალის წარმდგენი – თიბისიც უმასპინძლებს, რომელიც პატარებსა და მათ მშობლებს თიბისის სივრცეში ძველი ემოციითა და ენთუზიაზმით, თუმცა ახალი აქტივობებითა და სიურპრიზებით დახვდება.


ბავშვების განვითარებისა და მათი კეთილდღეობისთვის ზრუნვა ჩვენთვის პრიორიტეტულია, სწორედ ამიტომ თიბისი მხარს უჭერს საბავშვო ფესტივალს, რომელიც თავისი პროგრამითა და მრავალფეროვნებით სწორედ ისაა, რაც ბავშვებს სჭირდებათ.” 


– ანო მაისურაძე, თიბისის წარმომადგენელი

წელს თიბისის სივრცეში ბავშვებს მხიარული თავგადასავლების მუზეუმი დახვდებათ, რომელიც შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ნაკრებია ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. პროექტზე თიბისის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში, სტუდია „ილუსტრატორმა” – იმუშავა. ფესტივალზე დაგეგმილ ვორქშოპებზე ბავშვებს ნაკრებში შესული აქტივობების ადგილზე შესრულება შეეძლებათ.

ახალი თაობა ჩვენი მომავალია. გვინდა აქ.ახლა მათთან ერთად გავიზიაროთ როგორც ყოველდგიური ისე განსაკუთრებული მომენტები. მუდმივად განახლებადი შეთავაზებებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით კი ვცდილობთ მათი ყოველდღიურობა კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ.” 


– ანო მაისურაძემ

საბავშვო ფესტივალი თბილისის მერიისა და თიბისის მხარდაჭერით ტარდება. იდეალური შესაძლებლობაა, მიიღოთ ინფორმაცია ბავშვის ჯანსაღი აღზრდისა და განვითარების შესახებ, შეიძინოთ ახალი და საინტერესო ნივთები დიდი ფასდაკლებით, დაეხმაროთ შვილებს ახალი ჰობის აღმოჩენაში, დაგეგმოთ მათი მომავალი, ანდაც ჯგუფის “მარტივი გამოსავალი” სიმღერების ჰანგების ფონზე უბრალოდ პატარებთან ერთად ისიამოვნოთ მზიანი შაბათი დღის დაუვიწყარი თავაგადასავლით.


ავტორი: თამარ კიზივაძე / AT.ge