სიახლეები კულტურა

რა გვაქვს საერთო? - თბილისის არქიტექტურის მეორე ბიენალე ახალი ფორმატითა და კონცეფციით

Tbc Concept

ოქტომბერი 15, 2020

თბილისის მეორე არქიტექტურული ბიენალე, სახელწოდებით “რა გვაქვს საერთო” 2020 წლის 17 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. თბილისში არსებულ ურბანულ და არიტექტურულ პრობლემებზე პროფესიონალები ამჯერად საერთოობის იდეის გარშემო ციფრულ ფორმატში იმსჯელებენ.


Hammock Magazine x თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინტერვიუს თბილისის არქიტექტურული ბიენალეს დამფუძნებლებთან: თინათინ გურგენიძესთან, ნათია კალანდარიშვილთან, ოთარ ნემსაძესთან და გიგი შუკაკიძესთან,რომლებიც ღონისძიების ახალი კონცეფციისა და ფორმატის შესახებ ვრცლად გვიყვებიან.

თბილისის არქიტექტურის პირველი ბიენალე 2018 წელს გაიმართა, საიდან გაჩნდა იდეა, რომ თბილისში ასეთი ღონისძიება გამართულიყო და პირველ თემად "მხოლოდ შენობები არ კმარა" აგერჩიათ?

იდეა ამ სფეროში არარსებული აქტივობის, თბილისში დაგროვილი მრავალი ურბანული პრობლემისა და ამ პრობლემებზე დისკუსიის წამოწყების გამო გაჩნდა, ახალგაზრდა არქიტექტორთა საინიციატივო ჯგუფმა შემოქმედებითი, პრაქტიკოსი პროფესიონალები და მეცნიერები პირველად გააერთიანა და მოსახლეობას თანამშრომლობა შესთავაზა. ბიენალეს პროგრამამ გლდანის ტერიტორია მასშტაბურად მოიცვა და ინოვაციები სხვადასხვა გამოფენებით, ლექციებითა და საზოგადოებრივი აქტივობებით წარმოადგინა. საბჭოთა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებისა და ინდივიდუალური მიშენებების კონტრასტულ გარემოში ბიენალე – მთავარი თემით – „მხოლოდ შენობები არ კმარა“ – გლდანის განსაკუთრებულ გეგმარებასა და პოსტსაბჭოთა გარდაქმნის ესთეტიკურ და პოლიტიკურ ასპექტებზე მსჯელობდა. 

რა იყო პროექტის მთავარი კონცეფცია და მიზანი, მაშინ როცა იდეას საფუძველი ეყრებოდა, დროთა განმავლობაში ხომ არ განიცადა ამ კონცეფციამ ტრანსფორმაცია?

მთავარი მიზანი იყო და რჩება თბილისში არსებულ ურბანულ და არქიტექტურულ პრობლემებზე მსჯელობა და მათი განხილვა. აგრეთვე არქიტექტურის სფეროში კულტურული ღონისძიების არსებობა.

გიგი შუკაკიძე

© ლუიზა ჩალათაშვილი

დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით პირველ ბიენალეს, როგორ ფიქრობთ, რამდენად მიაღწია სასურველ მიზანს ან რა ნაბიჯები გადადგა არაფორმალური არქიტექტურის კვლევის საკითხში?

პირველ ბიენალეს ბევრი სირთულის მიუხედავად მაინც  დადებითად შევაფასებდი, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მიზანი, გარკვეულწილად, განხორციელდა, წინ წამოსწია არაფორმალური არქიტექტურის კვლევის საკითხი და უფრო მეტი დაინტერესდა ამ თემით, რაც ჩვენ მიერ გამოცემული წიგნისადმი ინტერესშიც გამოიხატა.

ნათია კალანდარიშვილი

© ნატა სოფრომაძე

"რა გვაქვს საერთო?" - წლევანდელი ბიენალეს მთავარი თემაა, მოგვიყევით მის შესახებ უფრო ვრცლად, ამჯერად რა არის თბილისის არქიტექტურის ბიენალეს მთავარი საკვლევი საკითხი? "საერთოობის" იდეის შთაგონება შექმნილმა პანდემიურმა გარემომ ხომ არ წარმოშვა?

საერთოობის თემაზე მსჯელობა პირველი ბიენალეს დასრულების შემდგომ პერიოდში დავიწყეთ. პანდემიამ უბრალოდ გვაჩვენა, თუ რამდენი რამ გვაქვს საერთო და  როგორ გაერთიანდა მთელი სამყარო ერთი კონკრეტული პრობლემის  ვირუსის გამო.  კითხვაზე – “რა გვაქვს საერთო”, პასუხი უფრო ადრე ვიპოვეთ, ვიდრე ველოდით. ერთი მხრივ, ნათელი გახდა, რომ საერთო გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე ვხედავთ, მეორე მხრივ კი – პანდემიამ მსოფლიოში არსებული უთანასწორობა უფრო მკაფიოდ გამოავლინა და გააძლიერა. საერთოობის თემის მეშვეობით გვინდოდა კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაგვეერთიანებინა და მათთან ერთად გვემუშავა. “ რა გვაქვს საერთო” ძალიან მრავალმხრივი თემაა და მასზე უამრავი პასუხის გაცემა შეიძლება.

ოთო ნემსაძე

© სერა ძნელაძე

როგორც ვიცით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს ბიენალე ციფრულ ფორმატში ჩატარდება, როდის, როგორ და რომელ პლატფორმაზე მოხდება ეს?

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ღონისძიების გადადების ან გაუქმების მაგივრად, გადავწყვიტეთ, კონცეპტი შეგვეცვალა და არსებულ სიტუაციას მოვრგებოდით,  თუმცა იქნება ბევრი ფიზიკური აქტივობაც როგორც თბილისში, ასევე ბევრ სხვა  ქვეყანაშიც, კერძოდ - იტალიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, გერმანიაში, პოლონეთში, უკრაინაში, სლოვენიაში. ვირტუალური სივრცე ბიენალეს მთავარ „ლოკაციად“ დასახელდა. პროგრამის ძირითადი ნაწილი ციფრულ ფორმატში განხორციელდება, ღონისძიება უფრო „საერთო“ და საერთაშორისო იქნება, მისი  სააქტივო სივრცე კი ბიენალეს ვებგვერდი გახდება.

უკვე გამოავლინეთ გამარჯვებულები, რა იყო ის მთავარი კრიტერიუმები, რომლითაც ჟიურიმ კონკურსანტები შეაფასა?

გამარჯვებული ნამუშევრები პასუხობენ ბიენალეს წლევანდელ თემას - “ რა გვაქვს საერთო“. ჟიურიმ  გამარჯვებულები აირჩია რამდენიმე კატეგორიის მიხედვით:  თემის აქტუალობა, იდეის ორიგინალობა, პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და ასე შემდეგ.

თინათინ გურგენიძე

როგორია თბილისის არქიტექტურის ბიენალეს სამომავლო გეგმები, მომდევნო წლებში ან ახლა ხომ არ გეგმავთ სხვადასხვა ადგილობრივი ან საერთაშორისო ქალაქების ჩართვასაც?

საერთაშორისო ქალაქებთან უკვე ვთანამშრომლობთ, აქტივობები გაიმართება სხვადასხვა ქალაქში: ბერლინში, კიევში, სკოპიეში, მილანში, ვარშავაში... ადგილობრივი ქალაქების ჩართვას ამ ეტაპზე არ ვგეგმავთ, თუმცა სამომავლოდ შესაძლებელია თბილისის არქიტექტურის ბიენალემ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვას.



თბილისის არქიტექტურის ბიენალეს თანადაფინასებას უზრუნველყოფს ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა #CreativeEurope



ავტორი: გვანცა ჩანადირი / Hammock Magazine