მუსიკა | ცა

TREEBAL - ფსიქოდელიური საქართველო

ტრანსი განიმარტება როგორც ცნობიერების ამაღლებული მდგომარეობა, რომელიც მედიტაციით ან ემოციური ბუნების სტიმულირებით მიიღწევა.


ტრანს მუსიკის ისტორია, ჯერ კიდევ გამოქვაბულის ადამიანთან მიდის - ისინი ღამით ცეცხლის წინ ცეკვავდნენ, პერკუსიასიისთვის ძვლებს იყენებდნენ, გუნდურად“გალობდნენ“, მთვარისა და ვარსკვლავების ქვეშ ტრანსში იძირებოდნენ.


დღეისთვის, XXI საუკუნეში იდეურად ჩვენც იგივეს ვაკეთებთ - ადამიანები უფრო სწრაფ ფსიქოდელიურ მუსიკაზე ცეკვავენ და ტრანსის მდგომარეობას აღწევენ - ამ პროცესს ტრანსცედენტული გამოცდილებაც ახლავს თან - მოცეკვავეები  „გადიან სხეულებს გარეთ“ და განსაკუთრებულ მდგომარეობაში ვარდებიან, რისი სიტყვებით აღწერაც ალბათ რთული იქნება.


სიტყვა ფსიქოდელია ბერძნული სიტყვებისგან - ფსიქე (სული) და Deloun (გამოჩენა, გამოვლენა) მოდის - ფსიქო-დელიური აღნიშნავს სულის, გონებისა და სამშვინველის მანიფესტაციას. 


თუ ჩვენ მუსიკალური ჟანრისა და კულტურის, ფსიქოდელიური ტრანსის (ფსაიტრანსი) ევოლუციის ეტაპების გაგებას ვეცდებით, აუცილებლად 60-იანი წლების გოაზე უნდა ვიმოგზაუროთ. „გოა ნამდვილი ინდოეთი არ არის“ - აცხადებდნენ ადამიანები, რომლებიც იქ საკმაოდ დიდი პერიოდის განავლობაში მოგზაურობდნენ. მართლაც - გოა 1961 წლამდე არ იყო ამ ქვეყნის ნაწილი, სანამ ბრიტანეთისგან ახლად განთავისუფლებულ ინდოეთს პორტუგალიამ დაუთმო ეს ტერიტორია.

60-იან წლების მეორე ნახევარში, დასავლური სამყაროს ახალგაზრდობა ჰიპების კონტრკულტურამ მოიცვა. პოსტინდუსტრიული საზოგადოების ხმაურით დაღლილი ბუმერები ბუნებასთან ჰარმონიას და თავისუფლებას ეძებდნენ, ამასთანავე ფსიქოდელიურ წვეულებებსაც აწყობდნენ, რომლებიც მუსიკალურად მრავალფეროვანი იყო. სან ფრანცისკოს “Family Dog” კომუნა, „SF Human Be“ და ვუდსტოკის ფესტივალი ამ კულტურის გამოვლინებები იყო. ეს ახალგაზრდები გრძელ თმას და ფერად „ფსიქოდელიურ““ ტანისამოსს ანიჭებდნენ უპირატესობას - ამით ისინი ძალადობის გმობდნენ და სიყვარულის „ადვოკატებად“ გვევლინებოდნენ. საჯარო შეკრებები მუსიკალურ ფესტივალებზე თუ სხვადასხვა საპროტეტო აქციებზე სწორედ ჰიპური მოძრაობის ნაწილი გახდა.

ნელ-ნელა ჰიპების ერა დასავლეთში დასასრულს უახლოვდებოდა, ამიტომაც ისინი ალტერნატიულ ადგილს ეძებდნენ სასურველი ცხოვრების მოსაწყობად. ამიტომაც, 70-იან წლებში ისინი გოაზე მასობრივად გადასახლდნენ, განსაკუთრებით კი ანჯუნის სანაპიროსთან - ეს ადგილი მალე ფსიქოდელიური  კულტურის ტრანსნაციონალური ჰაბი გახდა, სადაც გასაქანი მიეცა ჰიპების სასურველ ცხოვრებას შესაბამისი წვეულებებით,  სადაც ელექტრონულ მუსიკასაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა - კრაფტვერკიდან დაწყებული, შემდეგ კი ისეთი DJ-ეებით გაგრძელებული, როგორებიც არიან: Fred Disko, Ray Castle და Goa Gil. ამ პერიოდიდან 10 წელზე მეტი წელი დაჭირდა იმ მუსიკალური სტილის ჩამოყალიბებას, რომელსაც ამჟამად გოა ტრანსს ვუწოდებთ.

გოა ტრანსი მუსიკალურად სწორედ ჰიპების ცხოვრების ევოლუციური საუნდტრეკი გამოდგა. ესთეტიკისა და კულტურის თვალსაზრისით, იგისწორედ სპირიტუალობაზე, ახლის შეცნობასა და ხელახლა დაბადებაზე დგას.


კასეტების ბაზრობის დახმარებით, გოას სცენა თავდაპირველად ლეიბლების გარეშე განვითარდა, ჩანაწერები უბრალოდ კასეტიდან კასეტაზე იწერებოდა და ასე ვრცელდებოდა. 1983-1987 წლებში ახალი თაობის DJ-ებმა სრულიად განსხვავებული, ვოკალის გარეშე არსებული ელექტრონული მუსიკა შესთავაზეს მსმენელს, რომელიც ღამით, უფრო პირქუში, „ბნელი“ მუსიკით იწყებოდა და დილისთვის მხიარულ ხასიათს იძენდა. 1994 წლისთვის ეს ჟღერადობა გოა ტრანსის სახელით გახდა ცნობილი.

მუსიკას თან ახლდა ცვალებადი ფერადი განათება, რომელიც ილუმინაციებით აბასტრაქტულ გარემოს ქმნიდა. წვეულების ეს ფორმატი, რომელიც თავიდან გოაზე დაიწყო, მომავალში მთელს მსოფლიოს მოედო. წლებთან ერთად, ის რაც ჰიპებისთვის ეგზოტიკურად თვლებოდა, შემდეგი თაობებისთვის ნორმა გახდა, რომლებმაც მოგზაურობას უფრო სერიოზული ხასიათი მისცეს და შედეგად უფრო და უფრო მეტ დასავლელი პოულობდა თავის გზას გოასკენ.

„გოა ეს კონკრეტული ადგილი არ არის, გოა ცნობიერების მდგომარეობაა.“


გოა ტრანსის ფესვები დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან თანაბრად მოდიოდა, როგორც ჰიპებიდან, ასევე იაპების (წარმატებული ახალგაზრდების) საზოგადოებიდან. გოა საბოლოო დანიშნულებს ადგილი გახდა, სადაც დიჯეები საკუთარ მუსიკას აუდიტორიის წინაშე ტესტავდნენ და საჭირო კონტაქტებს იძიებდნენ.


ამ პერიოდისთვის ტექნოლოგიაც შეიცვალა და სინთეზატორებიც უფრო კომპაქტური გახდა. გოა ტრანსზე დაფუძნებული იდეოლოგია უკვე გლობალურ კონტექსტში იყო გადაზრდილი და შემდეგი გაჩერებისთვის ევოლუციის ახალ ნაბიჯებს დგამდა - სწორედ აქ ჩამოყალიბდა ფსიქოდელიური ტრანსი - მუსიკა ენერგიული რიტმული სტრუქტურით (140 დარტყმა წამში) და სინთეტური თუ აკუსტიკური მოტივებით (გონგი, გიტარა თუ დიდჯერიდუ), რომელიც ხშირად ცოცხლადაც კი იკვრებოდა. გოა ტრანსისგან განსხვავებით, რომელსაც ორგანული მუსიკალური ტექსტურები ახასიათებდა და რელიგიურ ტექსტებს შეიცავდა, PsyTrance მეტად კიბერნეტიკული წარმოშობისაა და აქ აქცენტი სამეცნიერო ფანტასტიკაზე კეთდება.


„შენ სულაც არ ცეკვავ PsyTrance მუსიკაზე, PsyTrance გაცეკვებს შენ“ 


Android Jones

ფსიქოდელიური ვიზუალური ხელოვანი

ელენა მანსი, საკუთარ წიგნში „მუსიკის ძალა“ აღნიშნავს, რომ მუსიკა ტვინს უფრო დიდ სტიმულირებას უკეთებს, ვიდრე ადამიანის ნებისმიერი სხვა ფსიქიური პროცესი. ჩვენი დამოკიდებულება ხმასთან და ბგერასთან ადრეულად იწყება, რითად ვაბიჯებთ ბგერის, სუნთქვის, გულისცემის, რიტმისა და ვიბრაციების სამყაროში.


მხოლოდ რამდენიმე თანამედროვე მუსიკალურ სტილს შეუძლია ისეთი დიდი კავშირი დაამყაროს ტექნოლოგიას, ბუნებასა და მეტიც სულიერებას შორის, როგორც ეს ფსაიტრანსმა მოახერხა. ფსიქოდელია, როგორც საკუთარი თავის ხელახლა შეცნობის პროცესი, გეოგრაფიულ თუ კულტურულ საზღვრებს გარეთ - მუსიკის, ცეკვისა და მოგზაურობის დახმარებით.

PsyTrance გამოცდილება ერთიანი პროცესია, რომელიც „ტრანსერებს“ საშუალებას აძლევს, მუსიკალური სესიის დროს შეასრულონ ღრმა ფსიქო-სპირიტუალური სამუშაო. ის იწყება Full On-ით, ამ მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილით, მზის ჩასვლისას კი “Twilight Trance”-ად („ბინდი“) გარდაიქმნება და ხმები გაცილებით პირქუში ხდება. ამის შემდეგ Forest“-ის დროც დგება, რომელიც უფრო ჩქარი და გართულებული მუსიკალური სტრუქტურის მქონეა, მიუხედავად აღნიშნული სტილის აგრესიული ჟღერადობისა, იგი მოცეკვავეებს საინტერესო ემოციურ გამოცდილებას აძლევს.


 „PsyTrance განსხვავდება ზოგადი ტრანს მუსიკისგან, რადგან ის არ არის კომერციული ჟღერადობის მუსიკა“ - ტიპიური Trance მუსიკა შეიძლება ამაღლებული ემოციების გამომწვევი იყოს, თუმცა მაინც ვერ აღწევს იმ ეიფორიულ მდგომარეობასთან, რაც PsyTrance-ის მოსმენისას ხდება.“

Infected Mushroom 

PsyTrance ფესტივალები, რომლებიც კულტურის ძირითადი ნაწილია და ყოველწლიურად ათიათასობით ვიზიტორი სტუმრობს, ხშირად ტყეებში, ნანგრევებსა და სხვა ინდუსტრიული ცხოვრებისგან შორს მდებარე, ენერგეტიკულად დამუხტულ ადგილებში ტარდება - განზომილებების ეს კომბინაცია მუსიკასთან ერთად საშუალებას გაძლევთ მედიტაციურ მდგომარეობას უფრო მალე მიაღწიოთ. 

ამჟამად ფსაიტრანსი ფართო ცნებაა და მის შემადგენლობაში, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა მეტროპოლისებში, კომერციული თუ სხვა მიზნებით შექმნილი მრავალი ქვე-სტილი შედის. (Psybreaks, Nitzhonot, Dark Psy, Psycore, Psybient და სხვა.)


ფსიქოდელიური საქართველო

ტრანს მუსიკის მიმართლებით, პირველი ექსპერიმენტები საქართველოში 90-იან წლებში, ქუთაისელმა მუსიკოსმა, გიგა ერისთავმა იგივე ბაჯუმ განახორციელა - ფართო აუდიტორიისთვის ცნობილია მისი კომპოზიცია, „ნუშის“ ჩანაწერი, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში გამართულ სახლის წვეულებებზეც ბაჯუ ძირითადად ტრანს მუსიკას უკრავდა.

1997 წელს, ბაჯუმ თბილისის რადიო 1 (FM 106.4)-ის ეთერში დაუკრა ლაივი, სახელწოდებით „Upon My Return Goa“ - სახელიდან გამომდინარე მთლიანი ჩანაწერი გაჟღენთიალია Goa/Psy Trance მუსიკის ელემენტებით - მაღალი ტემპით, Acid ხმებით, ჰიპნოტური და ექსტაზური ატმოსფეროთ - ეს ის პერიოდია, როდესაც ჟანრის ერთ-ერთ მოწინავე მუსიკოსს, საიმონ პოსფორდს იგივე Hallucinogen-ს 1995 წელს აქვს სტილისთვის შეუცვლელი ალბომი, „Twisted“ გამოშვებული. ამავე პერიოდში იწყებენ მოღვაწერობას მომავალში ფსიქოდელიური გზის განმსაზღვრელები: Astral Projectrion, Electric Universe და სხვა.

ტრანს მუსიკის განვითარების მეორე ეტაპი ინტერნეტ ფორუმი Trance.Ge გახდა, რომლის წევრებმაც შედარებით უფრო ფართოდ მოახერხეს აუდიტორისთვის ფსიქოდელიური ელემენტების გაცნობა. ოთო მესხმა aka DJ Otory, რომელმაც ტრანს მუსიკა 14 წლის ასაკში აღმოაჩინა, 2000-იანი წლების პირველ ნახევარში მუსიკალური კომპოზიციების შექმნა და დიჯეინგი დაიწყო. სწორედ ოთოს და მის თანამოაზრეებს (Guro, Opiumdream ect.) უკავშირდა პირველი ფსიქოდელიური წვეულების ჩატარებაც.

2000-იანი წლების მეორე ნახევარში, ინფორმაციის შემოსვლასთან ერთად დაიწყო ახალი თაობის დაინტერესება Psy/Goa Trance მუსიკით. ამავე პერიოდის ქართულ ინტერნეტ ფორუმებზე ჩნდება ჩანასახში მყოფი მუსიკალური პროექტებიც. 2008 წელს დაფუძნდა ქართული ფსიქოდელიური კომუნა, რომელიც მუსიკოსებს, დჯ-ებსა და მსმენელს საერთო ფსიქოდელიური გამოცდილებისთვის ამზადებდა.


ამავე პერიოდში იწყებს მოღვაწეობას, გიორგი დოლაბერიძე იგივე Obri, რომელიც GeoPsy კომუნის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2000-იანი წლების შუა პერიოდიდან იგი სხვადასხვა ფსიქოდელიური ელემენტების დახმარებით ქმნის მუსიკას. 2018 წელს კი სადებიუტო ალბომი “Afterglow” გამოუშვა, რომელიც მუსიკის სამყაროში მის პერსონალურ მოგზაურობას წარმოაჩენს.

კიდევ ერთი Psy პროექტი, თორნიკე გეწაძეს, მუსიკალური ფსევდონიმით 2kija ეკუთვნის. ადრეული ასაკიდან ფსიქოდელიური ტრანსით დაინტერესების შემდეგ, 2006 წლიდან მან მუსიკის შექმნა დაიწყო. „Georgian Psychedelic Community“-სთან 2008 წლიდან აქტიურად უკრავდა და მართავდა წვეულებებს. . 2007 წელს თორნიკეს პირველი ალბომი „Cosmic Monarch” გამოვიდა, რომელიც ემბიენთისა და ფსაიტრანსის ელემენტებს შეიცავდა. 2013 წელს მისი პირველი EP “ Subatomic Consciousness“ ამერიკულ ლეიბლზე „Power House Record“-ზე 2013 წელს გამოჩნდა, შემდეგ წელს კი მოჰყვა მეორე „ReHydration EP”.

ამავე პერიოდში სტილში აქტიურობას იწყებს კიდევ ერთი პროდიუსერი და DJ მირიან ტორონჯაძე იგივე Bigcrow, რომელმაც მუსიკალურად მრავალფეროვანი წარსულიდან საბოლოოდ ფსაიტრანსისა და hardstyle-ის სამყაროში დაიმკვიდრა ადგილი - „Bot Attack EP” 2013 წელს დარელიზდა. 

ფსიქოდელიური კულტურის ამავე ტალღას განეკუვნება DJ და პროდიუსერი Infest, რომლის სადებიუტო მინიალბომი „Induced Reflection“ 2017 წელს გამოვიდა.


TREEBAL - ფსიქოდელიური კულტურის ახალი ეტაპი

2016 წლიდან, ქართული ფსიქოდელიური კულტურის განვითრებისთვის -“ TREEBAL“ ფსაიტრანს კომუნა და მუსიკალური ლეიბლი დაარსდა, რომლის ფარგლებშიც ჯერ ქართულ კლუბებში მოხდა აღნიშნული მუსიკალური სტილის გააქტიურება, შემდეგში კი უკვე ფესტივალების ორგანიზატორები და მონაწილეებიც გახდნენ. 4 წლიანი საქმიანობის შემდეგ TREEBAL-ის გუნდის წევრები კომუნის კიდევ უფრო გააქტიურებას აპირებენ, რომლის ისტორიასა და სამომავლო გეგმებზეც ჩვენ დამფუძნებლებს: ირაკლი დავარაშვილს (MARCUSS) და დავით ჯანაშვილს (ADDITIVV) გავესაუბრეთ.


მოგვიყევით თქვენს მუსიკალურ წარსულზე, როგორ დაიწყეთ მუსიკასთან ურთიერთობა და როდის მოხდა კონკრეტულად ფსაი-ტრანს მუსიკასთან თქვენი დაკავშირება?


გამარჯობა, ჩვენ ვართ TREEBAL-ის დამფუძნებლები და დიდი ხნის მეგობრები, ამასთანავე ქართული Psy-Trance დუო-ს ACIDWAVE-ის წევრები. მუსიკასთან ურთიერთობა ადრეული ბავშვობიდან დავიწყეთ, სხვადასხვა ჟანრების გავლით საბოლოოდ ელექტრონულ მუსიკასთან მივედით და აქტიურად ჩავერთეთ ამ ინდუსტრიაში. პირველად ფუნდამენტური აღმოჩენა ამ ჟანრის 8-9 წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც პირველი ფსაი-ტრანს ფესტივალის გამოცდილებაც მოყვა და მას შემდეგ შეიძლება ითქვას რომ გადაწყდა ამ ჟანრისადმი უპირობო სიყვარული.


 რა ისტორია გააჩნია თავად ფსაი-ტრანს მუსიკას საქართველოში, ვინ იყვნენ პიონერები და როდიდან მოხდა მისი აქტუალიზება ახალგაზრდებში?


საქართველოში Psy-Trance ფაქტობრივად არ არსებობდა, იშვიათად ტარდებოდა დახურული და ღია ღონისძიებები (GEOPSY-ს მიერ), რომელიც მსმენელის საკმაოდ მცირე რაოდენობას იზიდავდა, რადგანაც მაგ დროს ჯერ ნორმალურად ელექტრონული სცენა სხვა მიმართულებებითაც არ იყო განვითარებული.

რეალურად საქართველოში ბოლო 6-7 წელიწადში მოხდა ელექტრონული სცენის სწრაფი განვითარება და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 4 წლის წინ ფსაი-ტრანს მუსიკის მასიური პოპულარიზაცია TREEBAL-მა დაიწყო. 

რა იყო Treebal-ის პლატფორმის შექმნის მიზეზები და წინაპირობა?


ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვიყავით ჩართულები საქართველოში ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში, როგორც მომხმარებლები და ფაქტიურად ჩვენს თვალწინ აიდგა ფეხი და განვითარდა მთელი ეს სცენა და თუ გადავხედავთ ათი და უფრო მეტი წლის წინ რა სიტუაცია იყო და შევადარებთ ეხლანდელს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ამ მიმართულებით.


გამომდინარე იქიდან რომ ბაზარზე უკვე ბევრი სხვადასხვა ჟანრის    ფესტივალები თუ ივენთები ტარდებოდა მაინც აკლდა რაღაც განსხვავებული.    ასე რომ დაიბადა TREEBAL პლატფორმის შექმნის იდეა და მის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე მუშაობა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის არის ჩვენი სიყვარული ამ კულტურისა და ჟანრისადმი და ის გამოცდილება რაც სხვა ქვეყნებში მივიღეთ. ასე რომ გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი უმაღლესი ხარისხით გაგვეზიარებინა ქართველი მსმენელისთვის, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ეს კულტურა და მუსიკა ძალიან მრავალფეროვანი და ღრმა არის რომელიც ადამიანებს აძლევს საშუალებას გახდნენ უფრო შემოქმედებითები, უფრო ჰუმანურები და გაუზიარონ ერთმანეთს ცხოვრების საუკეთესო მომენტები და ემოციები.


რას აერთიანებს ამჟამად Treebal და გარდა მუსიკალური ღონისძიებების რას მოისაზრებს საკუთარ თავში?


TREEBAL - ეს არის თავისუფალი ფსიქოდელიური კომუნა საქართველოში.

ღონისძიებები დახურულ და ღია სივრცეებში, ქართული Psy-Trance მუსიკალური ლეიბლი, ნიჭიერი ქართველი “სტაჟიანი” და ახალბედა არტისტების პლატფორმა რომელიც ხელს უწყობს მათ განვითარებას.


ასევე ფსიქოდელიური ხელოვნების მხარდამჭერი და იმ ადამიანების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულები არიან ამ კულტურასთან და სცენასთან.

თქვენ კონკრეტულად Psy-Trance ჟღერადობაზე აკეთებთ აქცენტს, რომ ვუთხართ მკითხველს, რა განასხვავებს ამ მიმდინარეობას ტრანსის სხვა სტილებისგან და რატომ გააკეთეთ აქცენტი სწორედ მასზე?


Psy-Trance ცალკე მდგომი ჟანრია საკუთარი იდენტობით, ისტორიით, კულტურითა და ცხოვრების სტილით, რომელიც უმეტესწილად ჰიპების მოძრაობას, გოას წვეულებებსა და ფსიქოდელიური როკის და ადრეული ელექტრონული მუსიკის სინთეზს უკავშირდება.

ასევე უნდა აღინიშნოს რომ ეს ელექტრონული მუსიკის ჟანრი კიდევ ბევრ ქვეჟანრებად იყოფა რომლის უმეტესობასაც ჩვენი პლატფორმა მოიცავს, და ყოველთვის ვცდილობთ რომ ამ მიმართულებით მრავალფეროვანი მუსიკა შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს.


რა გამორჩეული ელემენტები გააჩნია Psy-Trance წვეულებას თუნდაც ტიპიური კლუბური ღონისძიებისგან?


ფსაი-ტრანს წვეულება, ეს არ არის მხოლოდ წვეულება, ეს არის ფსიქოდელიური გარემო და გამოცდილება რომელიც ყოველთვის გაფორმებულია უნიკალური და სხვადასხვა სახეობის ფერადი დეკორაციებით, 3 განზომილებიანი ვიზუალური პროექციით, სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებით რომელიც ჯამში ქმნის ალტერნატიული რეალობის ატმოსფეროს. აქ უფრო მეტი ენერგია და ცეცხლი ინთება საცეკვაო მოედანზე და ერთ დიდ პოზიტიურ ენერგიად გარდაიქმნება.


ქართველი Psy-Trance მუსიკალური პროდიუსერები თუ დიჯეები - რა მდგომარეობაა ქვეყანაში ამ მხრივ და ეძლევათ თუ არა მათ საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება აქ ან თუნდაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ?


ელექტრონული მუსიკის სხვა ჟანრებს თუ შევადარებთ, ქვეყანაში Psy-Trance არტისტების ნაკლებობაა, ვინაიდან ამ მუსიკის მიმართ ინტერესმა ბოლო პერიოდია რაც დაიწყო ზრდა.

ჩვენი პლატფორმა სისტემატურად უწყობს ხელს არსებულ არტისტებს და ისინი ყოველთვის იღებენ მონაწილებას ჩვენს ღონისძიებებზე მსოფლიო დონის არტისტებთან ერთად.

ამასთანავე ჩვენ გვაქვს პროექტი Newcomer , რომელიც ხელს უწყობს ახალბედა დიჯეებსა და პროდიუსერებს, მიიღონ მონაწილეობა ივენთებში ან სხვა პროექტებში.

გვყავს ასევე ძალიან წარმატებული სახელები, რომლებიც რეგულარულად უკრავენ ივენთებზე და ფესტივალებზე, როგორც ლოკალურად, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

უკვე საკმაოდ ბევრი ღონისძიება ჩატარდა თქვენი პლატფორმის ინიციატივით, თქვენ ასევე გაქვთ გამოცდილება სხვა ქვეყნებში მსგავს წვეულებებზე დასწრების, როგორ ფიქრობთ ქართულ კომუნას რა აქვს ამ მხრივ გამორჩეული?


აქ არის უნიკალური მუხტი და ვაიბი, რომელსაც ნებისმიერი ჩამოსული სტუმარი აღნიშნავს. ეს არის ნამდვილი და სუფთა, გულიდან წამოსული ემოციები და ენერგიები რომელსაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ და ეს ყველაფერი კი ქმნის ასეთ დაუვიწყარ დღეებს და ღამეებს. 


თქვენს ღონისძიებებზე გარდა ადგილობრივი მსმენელისა, ჩამოდიან თუ არა რეგიონალური მელომანებიც მეზობელი ქვეყნებიდან?


ვინაიდან, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეს სფერო არ არის განვითარებული, ყოველ ივენთზე უამრავი სტუმარი გვყავს სომხეთიდან და აზრებაიჯანიდან და სხვა მეზობელი თუ ახლო ქვეყნებიდან.


ჯერ მხოლოდ კომუნის სახე გაქვთ, აპირებთ თუ არა რომ საკუთრი სივრცეც გქონდეთ მომავალში?


კი ჯერ ჯერობით კომუნა ვართ, თუმცა გეგმები დიდი არის და ამ ყველაფერს დრო ჭირდება. ვფიქრობთ რომ ის რაც ამ 4 წელიწადში მოხდა, თუნდაც ჩვენი მიმართულებით, ასეთ პატარა ქვეყანაში დიდი წარმატება არის. სამომავლოდად ეს ტენდეცია გაგრძელდება და ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ ჩვენს მსმენელს.

თქვენი კომუნა იმ ძირითადი rave თუ საკლუბო კულტურისგან განცალკევებით ვითარდება, თქვენი აზრით რამ განაპირობა მსგავსი დაყოფა და ხდება თუ არა ღონისძიებებზე მსმენელს შორის თანაკვეთა?


ვერ ვიტყვით, რომ განცალკევებით ვითარდება. გვქონდა რამოდენიმე წარმატებული ინტეგრაცია მთავარ ფესტივალებთან და კლუბებთან. ამის გამო თანაკვეთაც საკმაოდ დიდია: ნახევარზე მეტი მსმენელი ვინც ჩვენთან დადის სხვა ღონისძიებების მომხმარებელია, ბევრმაც ჩვენს შემდეგ დაიწყო სხვა ივენთებზე და კლუბებში სიარული.

TREEBAL-ის ღონისძიებები ყოველთვის განსაკუთრებული და განსხვავებულია, ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ ხარისხზე ყველა დეტალში, რაც კიდევ უფრო სანდოს ხდის ამ პლატფორმას.

ყოველთვის სასიამოვნოა ახალი ადამიანების დანახვა ღონისძიებაზე რომელიც გაოცებული სახით შემოდიან სცენაზე და იზიარებენ იმ ერთიანობას, რაც საცეკვაო მოედანზე ხდება.


 რა არის TREEBAL-ის სამომავლო გეგმები, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ?


საკმაოდ განსხვავებულ და უნიკალურ რეალობაში მოგვიწია ბოლო თვეების განმავლობაში ყოფნა, რამაც რეალურად დიდი ზაინი მიაყენა ყველას ვინც ამ ინდუსტრიაშია, და საინტერესო არის როგორ განვითარდება მოვლენები. აუცილებლად შეიცვლება ცხოვრების და გართობის წესი, ალბათ უკეთესობისკენ, თუმცა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ ყველანი.

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით სიტუაციასთან ერთად ჩვეულ რიტმში მოვიდეთ, დავუბრუნდეთ ერთმანეთს და უსაფრთხო გარემოში გავნაგრძოთ ინტეგრირება და განვითარება.


არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და თუ ყველა ამას გაითავისებს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. 

ავტორი: ჯაბა შავიშვილი