TIDA

საქართველოში პირველად, ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია – TIDA ჩატარდება

მაისი 28, 2020

თიბისის მხარდაჭერით, 15-დან 24 ივნისამდე, საქართველოში პირველად ჩატარდება ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია. ის ამ რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს. კონფერენცია სახელად TIDA იშიფრება, როგორც Tbilisi International Data Analytics და მისი მიზანია შეიქმნას საქართველოში დაფუძნებული და მსოფლიო დონის საერთაშორისო მონაცემთა ანალიტიკის კომუნა. კონფერენციის მიზნებზე, ფორმატზე, საჭიროებასა და მოლოდინზე, რომელიც სფეროს განვითარების კუთხით არსებობს, TIDA-ს ერთ-ერთ ორგანიზატორს – მიხეილ ნადარეიშვილს ვესაუბრეთ: 

როგორია TIDA-ს კონცეფცია? რა განასხვავებს მას სხვა მონაცემთა კონფერენციებისგან?

TIDA-ს იდეა საჭიროებიდან წამოვიდა – ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არ გვაქვს შეკრების ადგილი ბიზნეს მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული ორი მთავარი ჯგუფისთვის: მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის.


TIDA-ს იდეა სწორედ ესაა: შევქმნათ კომუნა, რომელიც განიხილავს, რა სიახლეები და ტრენდებია მონაცემთა ანალიტიკაში და თუ როგორ და რისთვის შეიძლება ერთი მხრივ ბიზნესმა გამოიყენოს ანალიტიკა სწორად, ხოლო მეორე მხრივ, როგორ უნდა ვაკეთოთ ისეთი ანალიტიკა, რომელიც ბიზნესს რეალურად გამოადგება. 


განვიხილავთ, რა ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება არსებობს ამ მხრივ და გავუზიარებთ ცოდნას ერთმანეთს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი კომუნის არსებობა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მონაცემთა ანალიტიკის სფეროს განვითარებას საქართველოში

ეს არის TIDA-ს მთავარი განმასხვავებელი რეგიონში არსებული სხვა მონაცემთა კონფერენციებისგან. სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია, გვაქვს კარგი კონფერენციები, რომლებიც მონაცემების თემას ფარავენ. თუმცა, არ გვაქვს კონფერენცია, რომელიც მონაცემთა ანალიტიკის ბიზნესში გამოყენებაზეა ფოკუსირებული.

რა იყო თქვენი მიზანი ამ ღონისძიებაზე მუშაობისას და რა გამოცდილება გქონდათ მსგავსი მასშტაბის, საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზების კუთხით? 

TIDA პირველი კონფერენციაა, რომელსაც ვატარებთ, თუმცა ანალიტიკური ღონისძიებების ჩატარების გამოცდილება გვაქვს. კონფერენციაზე მუშაობისას ჩვენი პირველი მიზანი იყო, მოგვეძიებინა მსოფლიო დონის მომხსენებლები ანალიტიკის სფეროს სხვადასხვა ბიზნეს და ტექნიკური მიმართულებებიდან, რათა ჩვენს დამსწრეებს მისცემოდათ საშუალება, გასცნობოდნენ რაც შეიძლება ფართო საერთაშორისო გამოცდილებას.


ჩვენ გავითვალისწინეთ სხვა საერთაშორისო კონფერენციების გამოცდილება ღონისძიებების ონლაინ რეჟიმში ჩატარებისა და გადავწყვიტეთ, რომ კონფერენცია არ შევზღუდოთ სტანდარტულ გრაფიკზე (სამი სრული დღე გამოსვლების რამდენიმე ნაკადით). კონფერენცია გაშლილი იქნება 8 დღის განმავლობაში და დღეში სამი მოხსენება ჩატარდება. ძირითადად დღის მეორე ნახევარში, რათა დასაქმებულ დამსწრეებს არ მოუწიოთ სამუშაოს მიტოვება კონფერენციაზე დასასწრებად.


კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იქნება დამსწრეების ერთმანეთთან დაკავშირება (ე. წ. Networking). ჩვენ სპეციალურად შევარჩიეთ ისეთი ონლაინ პლატფორმა კონფერენციისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს დამსწრეებს ერთმანეთსა და მომხსენებლებს დაუკავშირდნენ და ცოდნა და გამოცდილება გაცვალონ.

როგორც ვიცით, ეს არის პირველი ბიზნეს მონაცემებისა და ანალიტიკის კონფერენცია კავკასიაში. რა მნიშვნელობა აქვს მას რეგიონისთვის? რა მოლოდინი გაქვთ? რა უნდა შეცვალოს კონფერენციამ არსებულ რეალობაში?

TIDA-ს, როგორც კომუნის მიზანია, ხელი შეუწყოს და დააჩქაროს საქართველოსა და რეგიონში მონაცემთა ანალიტიკის პროფესიის განვითარება და დააკავშიროს ერთმანეთს ბიზნესისა და ანალიტიკის სფეროს პროფესიონალები, ანალიტიკის თემებზე სასაუბროდ. ჩვენი კონფერენცია და შემდეგი ღონისძიებებიც ამ მიზანს მოემსახურება.


როგორც TIDA-ს ორგანიზატორები ამბობენ, თავდაპირველი გეგმით, TIDA ფიზიკურად უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიამ კონფერენციის ციფრულ ფორმატში გადატანა გახადა საჭირო. მიხეილ ნადარეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ამ ფორმატს ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს – მაგალითად ის, რომ დამსწრეებს პირდაპირ თავიანთი სახლიდან შეუძლიათ ჩართვა და მგზავრობა არ მოუწევთ. მას შემდეგ კი, რაც მსოფლიო პანდემიას დაძლევს და ღონისძიებების კუთხით, ძველ – ფიზიკურ ფორმატებთან დაბრუნებას შევძლებთ, TIDA ეცდება ჰიბრიდული ფორმატებიც შემოგვთავაზოს. ეს მომდევნო წლების განმავლობაშია მოსალოდნელი. მანამდე კი, TIDA მონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა საქართველოში, რომელიც წელს 8 დღის განმავლობაში, ციფრულ ფორმატში ჩატარდება და ჩვენ მას ველოდებით. 

ავტორი: Marketer.ge