ლიტერატურა

როგორ მოვხვდეთ წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე

"საბა"

მაისი 28, 2020


მაისის ბოლოს ყველანი მოუთმენლად ველით-ხოლმე. ამ დროს თბილისში მკითხველები და გამომცემლები ერთ სივრცეში იკრიბებიან და თბილისის წიგნის ფესტივალის ღონისძიებებით, ახალი გამოცემებით, მასპინძლებისა და სტუმრების სიმრავლით ხარობენ.


წელს ყველაფერი ცოტათი სხვაგვარადაა. ალბათ მომავალში შვილებსაც მოვუყვებით, აი, პირველი ვირტუალური წიგნის ფესტივალი რომ იყო, იმ წელს გიყიდე ესა და ეს წიგნი...


თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალში 30-მდე გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მონაწილე სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა განხორციელდება გამომცემელთა ასოციაციის ვებგვერდზე (www.gpba.ge) საგანგებოდ ბაზრობისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში.



თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი კი გაიმართება 2020 წლის 24-27 სექტემბერს.


ვრჩებით შინ და, ამავე დროს, მასშტაბური ღონისძიებების მონაწილეები ვხდებით. ქართულ გამომცემლებს წელსაც მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ, რამდენიმეწიგნიან სიას ჩვენც შემოგთავაზებთ, რა არ უნდა გამოვტოვოთ წელს, ვირტუალური ფესტივალის ვირტუალური სტუმრობისას.

„ახლა კი გასულ წელს დაველოდოთ“

მთარგმნელი: ანტონ სინათაშვილი

„წიგნები ბათუმში“ ფანტასტიკური ლიტერატურის მოყვარულებს საკულტო ავტორის, ფილიპ დიკის კიდევ ერთი ახალი წიგნით გაახარებს, „ახლა კი გასულ წელს დაველოდოთ“ ნამდვილად ფანტასტიკური სათაურია, როგორც ხარისხობრივი, ისე ჟანრობრივი თვალსაზრისით. ამ სტენდიდან რამდენიმე კარგი ქალი მწერლის წიგნსაც წამოვიყოლებდით, მაგალითად, შესანიშნავი სიუზან სონტაგის „ვულკანის მეტრფეს“.


„არსთა მესნევი“

მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე

„სულაკაურის გამომცელობის“ კატალოგის ერთი თვალის გადავლებითაც მოჰკრავთ თვალს ძალიან საინტერესო წიგნებს, განსაკუთრებით, მოზარდთა საკითხავს გამოვარჩევდით, რისი ნაკლებობაც ნამდვილად არის. თუმცა, წლევანდელი წლისა და ფესტივალის ნამდვილი მოვლენა ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევია“, მსოფლიოს ლიტერატურული საგანძურის მარგალიტი, რომელიც ქართულად გიორგი ლობჟანიძემ თარგმნა. კიდევ? ახალი წიგნებით შევსებული საბავშვო თარო, თანამედროვე ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები.

„ქარჩხაძის გამომცემლობას“ ქართული საბავშვო ლიტერატურის მოყვარულებმა უნდა მიაკითხოთ, ქართული საბავშვო ლიტერატურის სერია ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან წიგნებს აერთიანებს. ამავე გამომცემლობის ვირტუალურ სტენდთან, რასაკვირველია, კლასიკოსის, ჯემალ ქარჩხაძის წიგნები შეგიძლიათ მოძებნოთ.

„ჰამლეტი“

მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი

გამომცელობა „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ სტენდებზე ბევრ ქართველ და უცხოელ ავტორს შეხვდებით. მაგრამ ყველაზე აუცილებლად წასაკითხი ალბათ ლელა სამნიაშვილის ნათარგმნი „ჰამლეტი“ და დავით წერედიანის საოცარი, ბრწყინვალე „ბოშური რომანსერო“ იქნება, დიდი პოეტის მიერ შესრულებული დიდი პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას თარგმანი. აქვე, კიდევ ერთი დეტალი, ვისაც ტფილისში ტრაგიკულად გარდაცვლილი დაგნი იუელის ამბები სულ გაინტერესებდათ და ზურაბ ქარუმიძის რომანს დაგნის შესახებ ინგლისურად ვერ კითხულობდით, ახლა ამ საინტერესო წიგნის წაკითხვა ქართულად შეგიძლიათ. 

„ომის დღიურები“

მთარგნელი: ლიკა ჩაფიძე


„არტანუჯის“ სტენდთან ასტრიდ ლინდგრენის წიგნი გაგიღიმებთ, დიახ, დიახ, კარლსონისა და პეპის ავტორის „ომის დღიურები“, რომელიც ქართულად პირველად ითარგმნა. ამავე გამომცემლობის თაროს რამდენიმე ძალიან საინტერესო წიგნები ამშვენებს, მათ შორის, „თან საკითხავის“ სერია, რომელიც ბევრ ჩვენთვის უცნობ ამბავს აერთიანებს. ჰო, თომას ვულფიც შეათვალიერეთ, თუ ჯერ არ წაგიკითხავთ.

„ქებათა ქება სოლომონისა“

მთარგმნელი: ეკა მაჩიტაძე

გამოსატოვებელი ნამდვილად არააა გამომცელობა „აგორას“ შემოთავაზებული ალბერ კამიუს არაერთი წიგნი, ფრანგული ლიტერატურის თარგმანები, გამომცემლობა „პალიტრას“ სტენდიდან ტონი მორისონის შესანიშნავ რომანს „ქებათა ქება სოლომონისა“ წამოვიყოლებდი, ასევე, რამდენიმე წიგნს საბავშვო სერიიდან, სადაც ცნობილი „სადიდო“ ავტორების საბავშვო ტექსტებია გაერთიანებული.

„შავი პრინცი“

მთარგმნელი: თამარ ლომიძე

ტრადიციულად, საინტერესო საკითხავი გელით „დიოგენეს“ სტენდთან“, ჯულიან ბარნსის რომელიმე რომანი თუ გამოგრჩათ ან აირის მერდოკის „შავი პრინცი“ ჯერ არ წაგიკითხავთ, მშვენიერი დროა.


სხვა ბევრი საინტერესო წიგნიც გელოდებათ, ვირტუალური ფორმატი ძალიანაც კომფორტულია, ხალხით გადატენილი პავილიონის ნაცვლად ვირტუალურ პავილიონში დასეირნობთ და წიგნებს ისე არჩევთ.


2020 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანაა თურქეთი, შესაბამისად, წიგნის ვირტუალურ ფესტივალზეც ამ სტატუსით სწორედ თურქეთი ისარგებლებს, და ქართველ მკითხველს თურქი გამომცემლებისა თუ მწერლების მონაწილეობით, რამდენიმე ღონისძიების ფარგლებში წარუდგენს იმ პროგრამას, რომლის მასშტაბურად განხორციელებასაც ისინი შემოდგომაზე თბილისში გეგმავენ.

ავტორი: saba.com.ge