კულტურა

დმანისში, პირველი ევრაზიელის კვალდაკვალ

სექტემბერი 25, 2019

ხშირად წარმოვიდგენ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ბიოლოგიური წინაპარი - პრეისტორიული ადამიანი, რომელიც მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. როგორ გამოიყურებოდა, რას ფიქრობდა, როგორ ახერხებდა გადარჩენილიყო ველური ბუნების პირობებში?


გონებაში წარმოსახვითი სურათის აღსადგენად, ისტორიულ და არქეოლოგიურ ნაკვალევს უნდა გავყვეთ, რომელსაც დმანისში მივყავართ და წარსულში - მილიონ რვაასი ათასი წლის წინ იმ პირველ ჰომინინთან ერთად გვამოგზაურებს, რომელმაც აფრიკის საზღვარი გადაკვეთა და ევრაზიისკენ გაიკვლია გზა.

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო



თბილისიდან სულ რაღაც 85 კილომეტრის დაშორებით განფენილი მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, დროისა და უნიკალური აღმოჩენების კაფსულაა, სადაც იცვლება კაცობრიობის ისტორია და პირვანდელი მოსაზრებები ადამიანის ევოლუციისა და ჰომინინების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ.

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო


დმანისის არქეოლოგიურ ფენებში დაფიქსირებული ყველაზე ძველი ეპოქა ქვის ხანის პერიოდია. აქ აღმოჩენილი ჰომინინებისა და ცხოველთა განმარხებული ნაშთები და ქვის იარაღები 1.8 მილიონი წლით თარიღდება. არსად მსოფლიოში, აფრიკაშიც კი არ არის აღმოჩენილი ასეთი მრავალფეროვანი, ამ ასაკის კოლექცია, თანაც ერთი არქეოლოგიური კონტექსტიდან.


ფოტო: თორნიკე შენგელია

პირველი მიგრაცია


დმანისის მეცნიერული შესწავლა ჯერ კიდევ XX საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო. თუმცა, 28 წლის წინ, 1991 წლის 24 სექტემბერს ისტორია სრულიად გადაიწერა, როდესაც ამ ტერიტორიაზე ადამიანის განმარხებული პირველი ნაშთი - ქვედა ყბა აღმოაჩინეს. აღმოჩენამ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში გადატრიალება მოახდინა და ამ დროიდან დმანისის მეცნიერულ კვლევაში ახალი ეტაპი დაიწყო.

ფოტო: თორნიკე შენგელია

შუა საუკუნეების ნაქალაქარზე პრეისტორიული ძეგლებიც რომ არსებობდა, მანამდეც ცნობილი იყო. აქ ნაპოვნი მარტორქის კბილზე დაყრდნობით, პალეონტოლოგ აბესალომ ვეკუას ძეგლის სავარაუდო ასაკიც განსაზღვრული ჰქონდა - 1 მილიონი წელი. მაგრამ იმ დროს კვლევას მასშტაბური ხასიათი არ ჰქოდა. 


1991 წელს დმანისში დავით ლორთქიფანიძის ორგანიზებით, გერმანელ კოლეგებთან ერთად, პირველმა საერთაშორისო ექსპედიციამ დაიწყო მუშაობა. ექსპედიციის მონაწილე ქართველი სტუდენტები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ექსპედიციის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, იმ ისტორიული აღმოჩენის თანამონაწილეები გახდებოდნენ, რომელიც სრულიად შეცვლიდა მანამდე დამკვიდრებულ მოსაზრებას ადამიანის პირველი მიგრაციის შესახებ და ევრაზიის კოლონიზაციის თარიღს ასობით ათასი წლით გადასწევდა უკან. 


ფოტო: თორნიკე შენგელია

24 სექტემბერს გათხრების ტერიტორიაზე მოულოდნელი შეძახილი გაისმა. ექსპედიციის დაღლილი მონაწილეები ერთბაშად ღელვამ მოიცვა - ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ რაღაც ძალიან დიდი ხდებოდა მათ თავს, თუმცა აღმოჩენის მასშტაბი ჯერ კიდევ ვერ წარმოედგინათ. იმ ღამეს, ტერიტორიის დასაცავად, ისტორიული ყბის სადარაჯოზე, ექსპედიციის ყველა მონაწილემ ღამე კარვებში გაათენა. ყოველ მათგანს ერთი ფიქრი უტრიალებდა გონებაში, რომ შესაძლოა მათი აღმოჩენა სრულიად ცვლიდა წარმოდგენას ადრეული ევოლუციის სურათზე, რადგან ამ დღემდე პირველ მიგრანტებად უფრო მაღალი, უფრო დიდი მოცულობის ტვინის მქონე და კარგად დამუშავებული ქვის იარაღებით აღჭურვილი ჰომინინები იყვნენ მიჩნეული.

ქვედა ყბის პირველი წარდგენა 1991 წლის ფრანკფურტის საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა. კონფერენციამდე გერმანიაში გაგზავნილი ნიმუშების ანალიზით დადასტურდა, რომ დმანისის ძეგლის ასაკი 1,8 მილიონი წელია. თუმცა, ცოტა ხნით ადრე დაშლილი საბჭოთა კავშირის პირობებში, საერთაშორისო ასპარეზზე ახლახანს გამოსული საქართველოსთვის, ერთი ყბა აღიარებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.


1998 წელს დმანისის ტერიტორიაზე კიდევ 2 თავის ქალა აღმოაჩინეს, რამაც ყველანაირი ეჭვი გაფანტა და მხოლოდ 2000 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალის - „Science“-ის მიერ, დმანისის პალეოანთროპოლოგიური მონაპოვარი მსოფლიო მეცნიერებაში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან 10 მოვლენას შორის დასახელდა. 


წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო


მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, დმანისის ფენებიდან მოპოვებული საგანძური კიდევ უფრო მასშტაბური და სრულყოფილი გახდა - ჯამში 5 თავის ქალისა და 4 ქვედა ყბის აღმოჩენის შემდეგ, 2013 წელს „Science“-ის ამჯერად უკვე გარეკანზე, დმანისში 2005 წელს აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალა ჩნდება სათაურით - „სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლოგია“. რიგით მეხუთე თავის ქალა წლის ნამარხად დასახელდა. მისი უახლესი მეთოდებით ლაბორატორიული დამუშავება და მეცნიერული კვლევა 8 წელი გრძელდებოდა. აღმოჩნდა, რომ ამავე ინდივიდს მიეკუთვნებოდა 2000 წელს აღმოჩენილი ქვედა ყბაც. პუბლიკაცია აღნიშნავდა, რომ ეს თავის ქალა პირველია, რომელმაც მეცნიერებს საშუალება მისცა აქამდე უცნობი, ადრეული ადამიანის ანატომია შეესწავლათ. 

ფოტო: თორნიკე შენგელია


პრეისტორიული ადამიანი


პირობითად ზეზვასა და მზიას სახელით ცნობილი ჰომო ერექტუსები თანამედროვე ადამიანთან შედარებით, მომცრო ტანის - 1,5 მეტრი სიმაღლის იყვნენ, ჰქონდათ წინ გამოშვერილი, უხეში სახე და თანამედროვე ადამიანის ტვინის 70% - 600 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ტვინი; ორ ფეხზე დადიოდნენ, ჰქონდათ კარგად განვითარებული ფეხის ტერფი და ქვედა კიდური, რაც ხელს უწყობდა მათ მარტივად გადაადგილებას; ზედა კიდურები კი უფრო პრიმიტიული ჰქონდათ და ადაპტირებული ისეთი მოძრაობების შესასრულებლად, როგორიცაა მკლავის ზედა მიმართულებით ძლიერი მოქნევა და ბრუნვა - ამიტომ მოხერხებულად იყენებდნენ ქვის იარაღს, რამაც განაპირობა მათი საკვების გამრავალფეროვნება და ხორცის შეტანა რაციონში. ეს იყო ადამიანი, რომელსაც მცირე გონებრივი შესაძლებლოების მიუხედავად უკვე შეეძლო გადასულიყო და შეგუებოდა მისთვის უცხო, ახალ ბუნებრივ პირობებს. „National Geographic“ ერთ-ერთ სტატიაში წერს: "რამ აიძულა ადრეული ჰომინინები გამოსულიყვნენ აფრიკიდან? - მათი განსახლება მოხდა იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ და უნდოდათ ახალი ტერიტორების ათვისება.“



წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო


დმანისის აღმოჩენებმა, ადამიანის გარეგნობისა თუ მისი ცხოვრების წესის გარდა, კიდევ უფრო მრავალფეროვანი სურათის წარმოდგენის საშუალება მისცა მეცნიერებს. დმანისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყველაზე ხანშიშესული ინდივიდის ქვედა ყბის ანალიზით დადგინდა, რომ ის 40 წლის იყო, ყველა კბილი დაკარგული ჰქონდა, აღარ შეეძლო თავის მოვლა და საკვების მიღება. როგორც ჩანს, მას ტომის სხვა წევრები უვლიდნენ, საკვების მიღებაში ეხმარებოდნენ და აქ მივდივართ უჩვეულო, ემოციურ დასკვნამდე, რომ მილიონი წლის წინ, ადამიანს უკვე გააჩნდა თანაგრძნობისა და ზრუნვის უანრი. 


ქვის იარაღები


უძველეს ადამიანს ცხოველებისაგან თავის დაცვა და საკვების მოპოვება სჭირდებოდა. მისი რაციონის ძირითად ნაწილს მცენარეული საკვები შეადგენდა. თუმცა, მომცრო ზომის ცხოველებზეც ნადირობდა. ჰომინინებისგან განსხვავებით, ცხოველებს ბევრი უპირატესობა ჰქონდათ: ბასრი კბილები, ძლიერი ყბები, რქები, ფლოქვები, კლანჭები, მძლავრი კიდურები. სამაგიეროდ, ადამიანს ჰქონდა გონება, რომელმაც უკარნახა გადარჩენილიყო იმით, რასაც დაამზადებდა. ჰომინინი ცოცხალი სამყაროს ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელმაც ბიოლოგიური ორგანოების იარაღით ჩანაცვლება შეძლო. 

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო


მაშინდელმა ადამიანმა იცოდა სად წასულიყო საზრდოს მოსაპოვებლად და სად შეეგროვებინა ქვები იარაღის დასამზადებლად. დმანისის ჰომინინებისათვის ეს ადგილი მდინარეების - ფინეზაურისა და მაშავერას ხეობები იყო. ყველა ქვა არ იყო გამოსადეგი, ამიტომ ისეთი ზომისა და წონის ქვები უნდა შეერჩიათ, რომელსაც მოხერხებულად დაიკავებდნენ ხელში და ადვილად დაამტვრევდნენ მჭრელი პირის მისაღებად.


წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო


ფლორა და ფაუნა


ბევრ არქეოლოგიურ ძეგლს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სამივე კომპონენტი - ქვის იარაღები, ცხოველების ძვლები და ჰომინინის ნაშთები ასე ინტენსიურად და ნოყიერად იყოს შემორჩენილი ძეგლის ფენებში. 


დმანისის ნაქალაქარის უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ ერთი და იმავე ტერიტორიაზე, შუა საუკუნეების ნაგებობების ქვეშ დანალექ ფენებში გამოვლინდა უძველესი და დღეს იშვიათი ან სულაც გადაშენებული ისეთი ცხოველების ძვლები, როგორიცაა: ხმალკბილა და სატევარკბილა ვეფხვები, გიგანტური აფთარი, ევროპული იაგუარი, გიგანტური ავაზა, ეტრუსკული მგელი დადათვი, ანტილოპა, ბიზონი, მარტორქა, სპილო, ჟირაფი და სხვა.


მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს ცხოველი იმ დროს უფრო პრიმიტიული სახით არსებობდა და დღევანდელი სახეობების წინაპარ ფორმას წარმოადგენდა, მტაცებელი ცხოველების გარემოცვა და ცივი ზამთარი დმანისელი ადამიანისთვის თვითგადარჩენისთვის ბრძოლას ამძაფრებდა. წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იყო გადარჩენილიყო ტანით პატარა ზომის ადამიანი, რომლის არსენალშიც მხოლოდ მარტივი ქვის იარაღები იყო, გარშემო კი ხეებზეც და მიწაზეც მტაცებლების სახით საფრთხე ელოდა.

წყარო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ფოტო: ფერნანდო ხავიერ ურკიხო


ამ დრომდე აღმოჩენილი მასალა 5 თავის ქალას, 4 ყბას და 60-მდე ჩონჩხს აერთიანებს, რაც მსოფლიო მეცნიერებისათვის უმდიდრესი ანთროპოლოგიური მონაპოვარია. თუმცა, ამოუწურავი დმანისი მომავალი ისტორიული აღმოჩენების მოლოდინშია. 


ავტორი: მარიამ ყანჩაველი


წყარო: ინტერვიუ საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთან და დმანისის კვლევითი ჯგუფის წევრთან - თეონა შელიასთან.