თაობა მუსიკა | ცა

ქეთათო ნერგაძე | LUA

TBCZ x ELECTRONAUTS

დეკემბერი 10, 2021

„აბა, რას ეუბნება ხოლმე ერთი ვარსკვლავი მეორეს?

უცნაურია, რას შეიძლება ეუბნებოდეს ერთი ვარსკვლავი მეორეს.

ერთმა გოგომ, ლუამ, იცის ამ გამოცანის პასუხი და წინასწარ ტკბება, ხარობს და იცინის, რომ გამომცნობი არავინ არის.

ნეტავ რას ეუბნება?”

როდესაც, რამდენიმე კვირის წინ, ლუამ ახალი სიმღერა და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა, მაშინვე მესენჯერი გავხსენი და ერთი წლის წინ მოწერილი წერილების ძებნა დავიწყე, სადაც მუსიკის ლინკი და დაახლოებით ასეთი მიმოწერა დამხვდა:

-       რეზი მასწ, როგორ ხართ? რაღაც კითხვა მაქვს. აი ეს ტრეკი, თქვენი აზრით რა ჟანრია?

არა, მე მისთვის ნამდვილად არაფერი მისწავლებია და თვითონაც კარგად იცის, რომ არ მიყვარს, როდესაც ასე მომმართავს, მაგრამ ვერაფერს იზამ - ლუას (ან როგორც მეგობრები ეძახიან, ქეთათოს) დიდი ხანია თავისი სამყარო აქვს, სადაც უამრავ პერსონაჟს ქმნის და მათთან ერთად ცხოვრობს. 

Hip Hip - ასე დაერქვა კომპოზიციას, რომელიც ერთი წლის წინ მესენჯერში მოვისმინე. ეს სიმღერა იმდენად ადვილი დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რომ პირველივე ნოტებზე ყველა ის ემოცია გამახსენდა, რომელიც მისი პირველად მოსმენის დროს მქონდა. თავისუფლების და სილაღის ის განცდა, რომელიც Hip Hip-ში იკითხება, ბევრ ისეთ ისტორიას მალავს, რომელიც ზედაპირზე არ დევს და ლუას სამყაროს ღრმა შრეებზე იმალება.

„სიმღერის წერის დროს ჩემი საყვარელი პროცესია, როდესაც გონებაში რაღაც მელოდია მიტრიალებს და ფიქრს ვიწყებ, ნუთუ ეს მელოდია ნამდვილად ჩემია? და როდესაც ხვდები, რომ იდეა, რომელიც ასე მოგწონს, შენია, ეს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა.” - შემოქმედებით იდეებთან მსგავსად ურთიერთობის სპეციფიკაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ზოგჯერ არც კი იცი, თუ სად იბადება იდეა ან საით მიჰყავხარ მას.


„ერთხელ მეგონა, რომ Queen-ის Jealousy დავწერე და შემდეგ ახლობლებმა მითხრეს, რომ ეს მელოდია უკვე არსებობს. ამის გამო, ახლაც ხშირად ვეკითხები სხვებს, ეს მელოდია დავწერე და ხომ არ გეცნობათ? ან ხომ არ იცით რას ეუბნება ხოლმე ერთი ვარსკვლავი მეორეს?”

Hip Hip-ის იდეაც ზუსტად ასე გაჩნდა - უბრალოდ ერთ დღესაც ქეთათომ დაიჯერა, რომ ცაში ჩიტივით ფრენა და ვარსკვლავების მოსმენა შეეძლო. თუმცა, სიმღერის შესაქმნელად მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის: „ბევრს ვიცნობ, ვინც სიმღერის წერას იწყებს და შემდეგ პროცესი ბოლომდე არ მიჰყავს. მე ეგრე არ შემიძლია, შუა გზაზე არაფერს ვტოვებ.”

მუსიკოსი მკაფიოდ უსვამს ხაზს თავად შემოქმედებითი აქტივობის პროცესის მნიშვნელობას, რომელიც ხშირად შედეგზე უფრო საინტერესოც შეიძლება იყოს. ის დაბრკოლებები, წინაღობები თუ წარმატებები, რომლებიც ერთ პატარა იდეას სრულყოფილ მუსიკალურ მოგზაურობად აქცევს, სამუდამოდ ილექება არტისტის გონებაში.

„იმისთვის, რომ კონკრეტული სიმღერა ჩამეწერა, ძიძად დავიწყე მუშაობა. მინდოდა, რომ საკმარისი ფული შემეგროვებინა, რათა სიმღერის ჩაწერა კლიპის ჩაწერა შემძლებოდა. ამას კი 7 თვე დასჭირდა” - როგორც ქეთათო იხსენებს, რომ სიმღერასა და კლიპზე მუშაობა მისთვის ერთი დიდი მოგზაურობა აღმოჩნდა. „შეიძლება ამ ყველაფრის შედეგი იუთუბზე დადებული ერთი კლიპია, მაგრამ მე ასე მარტივად არ ვუყურებ.”

მისი ისტორია ერთი მოგზაურობით არ სრულდება. ამჟამად ის 14 წლის ლუასთან” ერთად ქმნის მუსიკას. როგორც ამბობს, ცდილობს დაუბრუნდეს იმ შემოქმედებით განწყობებს, რომელიც წლების წინ ჰქონდა და მას ახლებურად შთაბეროს სული.

-       როგორი იყო 14 წლის ლუა?


-       აი, ნეტავ დღესაც ეგეთი ვიყო.

„ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ალბათ შეუძლებელია ისეთივე ვიყო, როგორიც მაშინ ვიყავი. მაგრამ მას რაღაც ჰქონდა, რაღაც სხვა” - არც 14 წლის და არც 23 წლის ლუას მუსიკალური კერპები არ ჰყავს, ერთადერთი რაც ცხოვრების ორ სხვადასხვა პერიოდს მუსიკალურად აკავშირებს ჯეფ ბაკლია. “არასდროს მიფიქრია, რომ მას უნდა დავმსგავსებოდი. უბრალოდ მიყვარს როგორც ცალკეული ტიპი და არტისტი. სხვა მსგავსებები არ მიძებნია.”

-       საერთოდ ვინმესთან თუ ეძებ მსგავსებს? - ვკითხე და სანამ წინადადებას დავასრულებდი, ლუამ ძალდაუტანებლად თქვა: „ჰით ლეჯერი, მასზე სიმღერაც კი მაქვს დაწერილი. მას ისეთი თვისებები ჰქონდა, რისკენაც ყოველთვის მივისწრაფვი.”

ჩაძიებაც არ იყო საჭირო, იმდენად ნათელია საით მიეჩქარება მას. ორგანიზებული ცხოვრების წესი, არტისტული დისციპლინა თუ მიზანდასახულობა, რომელიც მისი შემოქმედებითი ეთიკის უმთავრესი კომპონენტია, ზოგჯერ დაბრკოლებად ესახება. 

„სადღაც მოულოდნელად გამოჩენა და სივრცეების მუდმივად შეცვლა, რაც ჰითს ჰქონდა, ის არის, რაც მომავალში მინდა შევძლო. მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემშიც იმალება და ოდესმე საშუალება მომეცემა გამოვავლინო” - არტისტული სპონტანურობის თუ მკაფიო იდენტობის გამოხატვა, რის საშუალებასაც ხშირად მუსიკალური ალბომი იძლევა, ჯერ ქეთათოს დისკოგრაფიაში არ გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ელემენტის ერთ სივრცეში მომწყვდევა ძალიან უყვარს, ფიქრობს, რომ მის სიმღერებს შორის ისეთი ერთიანი ხაზის პოვნა, რაც ალბომს სჭირდება, ძალიან რთულია.

„ძალიან ბევრი სიმღერა დამიგროვდა და მინდა რაღაცები დავაბინაო, მაგრამ ჯერჯერობით ფორმას ვერ ვპოულობ. მინდა, რომ ჩემგან დამოუკიდებლად იარსებონ” - დასაწყისში როგორც ვახსენე, ლუას დიდი ხანია თავისი სამყარო აქვს, სადაც უამრავ პერსონაჟს ქმნის და მათთან ერთად ცხოვრობს. თუმცა, არასდროს არ ხურავს ამ სამყაროს კარებს. პირიქით - მისი მთავარი მოტივაციაა, რომ მისი პერსონაჟები მისი გონების საზღვრებს გასცდნენ და იმ ადამიანებთან ერთად გააგრძელონ ცხოვრებას, ვისაც ლუას მსგავსად ვარსკვლავების ესმით.

„ძალიან მეშინია, რომ რამე არ მომივიდეს, და ყველაფერი, რაც ჩემს გონებაშია, ჩემთან ერთად გაქრეს. მინდა, რომ ჩანაწერები არსებობდეს. მინდა, რომ რაღაცები მოვასწრო” - ამ განწყობის მიუხედავად, ცდილობს, რომ არ იჩქაროს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მის სამყაროს დააზიანებს. სამყაროს, რომელიც ფიზიკურად შეიძლება მის ოთახსაც კი არ სცდება, მაგრამ მანდ მაინც აღწევს ის ხმა, რომელსაც დიდი სცენაზე მდგარი არტისტები ისმენენ. 

ოვაციები, ტაში, ემოციური შეძახილები - ლუას ეს ყველაფერი თავის ოთახშიც ესმის და ნელი ნაბიჯებით მიიწევს იმ სცენისკენ, რომლის მიღმაც უამრავი მსმენელი ელოდება რაღაც ახალს და საინტერესოს, ისევე როგორც ლუას გონებაში მცხოვრები პერსონაჟები და სამყაროები ელოდებიან ახალ ადამიანებს, ვინც ვარსკვლავების საიდუმლოს ამოხსნიან

ეს ძალიან მალე მოხდება. მაგრამ, მანამდე ერთმა გოგომ, ლუამ, იცის ეს ყველაფერი და წინასწარ ტკბება, ხარობს და იცინის..

რომ გამომცნობი არავინ არის.

ავტორი: რეზი ხუნწელია

ფოტო: მასუ მწარიაშვილი