ტექნოლოგია

GITI - რეგიონის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია

ნოემბერი 28, 2022

ბოლო დროს, განსაკუთრებით კი უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ტექნოლოგიური სფეროს ექსპერტებისგან სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ


საქართველოს რეგიონულ IT-ჰაბად გადაქცევა შეუძლია.

საქართველოს ციფრულ პოტენციალზე ბევრი ფაქტორი მიუთითებს, მაგრამ ყველაზე საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტი ისაა, რომ ქვეყანა ინოვაციების წინა პლანზე აღმოჩნდა არა ახლა, არამედ ჯერ კიდევ თხუთმეტიოდე წლის წინ, როცა საქართველოში ციფრული მმართველობის მიმართულება ამოიქოქა. იმ დროს, პროცესის ლოკომოტივად რეგიონში ერთ-ერთი პირველი ტექნოლოგიური ღონისძიება - Georgian IT Innovations Event-ი, ანუ GITI ითვლებოდა.

 

რეგიონის უმთავრესი ტექნოლოგიური კონფერენციის ისტორია მეტად საინტერესოა, რადგან ის, ფაქტობრივად, საქართველოს IT-ინდუსტრიის ისტორიას იმეორებს - ასე ფიქრობენ GITI-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებლები, რომელთაც კონფერენციის შექმნის იდეის, მისი განმასხვავებელი ნიშნებისა და განვითარების შესახებ ვესაუბრე. როგორც ქართული IT-ინდუსტრიის პიონერები ამბობენ, ყველაფერი თოთხმეტი წლის წინ დაიწყო, როცა ქვეყანამ ელექტრონული მმართველობის პრინციპების დანერგვა გადაწყვიტა.

 

„თუ სამი-ოთხი წლით ადრე საქართველო მიმზიდველ ქვეყანად არ ითვლებოდა, იმ დროს პირველი დელეგაციები ჩამოვიდნენ - აინტერესებდათ, რეფორმებს როგორ ვატარებდით, რაც, ცხადია, ამ პროცესში ჩართული ადამიანებისთვის ძალიან საამაყო იყო“, - ამაყად მიყვება ირაკლი გვენეტაძე, რომელიც ამ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული.

 

წელს, თიბისისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, GITI, რომელიც ბოლო ორი პანდემიური წლის განმავლობაში არ ჩატარებულა, ქართულ საზოგადოებას უბრუნდება. ცხადია, კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ტრადიციული კონკურსიც, რომლის მიზანს სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროეტების გამოვლენა და დაჯილდოება წარმოადგენს, რაც საჯარო და კერძო სექტორებში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას უწყობს ხელს.

 



ირაკლი, გიგა, როდის და რატომ გაგიჩნდათ GITI-ის შექმნის იდეა?

ირაკლი გვენეტაძე: პირველი ღონისძიება ჯერ კიდევ 2008 წელს ჩატარდა. იმ დროს, USAID „საქართველოს ბიზნეს გარემოს რეფორმის“ პროექტს ახორციელებდა და სახელმწიფოს რეფორმირების პროცესში ეხმარებოდა. თუ სამი-ოთხი წლით ადრე საქართველო მიმზიდველ ქვეყანად არ ითვლებოდა, იმ დროს პირველი დელეგაციები ჩამოვიდნენ - აინტერესებდათ, რეფორმებს როგორ ვატარებდით, რაც, ცხადია, ამ პროცესში ჩართული ადამიანებისთვის ძალიან საამაყო იყო.

 

თავად ელექტრონული მმართველობის საკითხი ამ წლებამდე არც განიხილებოდა - მცირე აქტივობები ხორციელდებოდა, მაგრამ პროგრესი არ იყო. აი, სწორედ ამ წლებში ჩამოყალიბდა მთავარი საინფორმაციო სისტემები. პირველი მნიშვნელოვანი სერვისი, რომელიც შეიქმნა - უძრავი ქონების ელექტრონული ამონაწერი იყო, რომელმაც საზოგადოებაში დიდი პოპულარობა მოიპოვა და მის ავტორებს სახელი გაუთქვა. მოგვიანებით, მსგავსი სერვისების დანერგვა ყველა ორგანიზაციამ დაიწყო. ერთი სიტყვით, შიდა კონკურენცია ძალიან მძლავრი იყო და ყველა ორგანიზაციას ამ რეფორმების შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის საზოგადოებაში გატანა მოუნდა.

 

ამ ყველაფრის პარალელურად, ვიფიქრეთ, ჩაგვეტარებინა ღონისძიება ელექტრონულ მმართველობაზე, რომლითაც ბიზნეს სექტორსაც მოვიცავდით - გვსურდა, ამ ტექნოლოგიების შემოქმედი ხალხი ერთმანეთისთვის გაგვეცნო, ადამიანები სხვადასხვაქვეყნებიდან ჩამოგვეყვანა და ერთმანეთისთვის გამოცდილება გაგვეზიარებინა. რა თქმა უნდა, ეს იდეა თანდათან დაიხვეწა - კონფერენციისთვის გაზაფხულიდან ვემზადებოდით, მაგრამ აგვისტოში ომი მოხდა. თავიდან ხელი ჩავიქნიეთ, მაგრამ პარტნიორებმა და მხარდამჭერებმა გვითხრეს, რომ ამ ღონისძიების ჩატარება სწორედ ამ დროს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის. აი, ასე ჩავატარეთ პირველი კონფერენცია და დაჯილდოება, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და საჯარო დაწესებულებებში დამატებითი კონკურენცია გამოიწვია. მეტიც, ის ყოველწლიურად იზრდება.

 

გიგა შუბითიძე: იმ დროს, ქვეყანა ტექნიკური გამოწვევების წინაშე იდგა, რომელთა გამო ელექტრონული მმართველობის პრინციპების იმპლემენტაცია საკმაოდ რთული იყო - ერთი პრობლემა ის იყო, რომ სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა ჰქონდა. რომელ ელექტრონულ მმართველობაზე არის საუბარი, თუ მხარეები ინფორმაციას ვერ ცვლიან? მაშინ, IT-სექტორმა ბევრი ნიჭიერი ადამიანი მოიზიდა - ახლაც ასეა, ინოვაციები გამბედავ და ნიჭიერ პროფესიონალებს მოაქვთ.

 

მოკლედ, იმ დროს, სახელმწიფო უწყებების ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელები იდეის გარშემო გაერთიანდა და სამთავრობო ქსელის პროექტი დაიძრა. გარკვეულ ადგილებში ინტერნეტი უბრალოდ არ იყო, ასე რომ კონსოლიდირება მოვახდინეთ და პროვაიდერებს ვუთხარით, რომ სახელმწიფო ინტერნეტის გრძელვადიანი პერიოდით შესყიდვას დაიწყებდა, ასე რომ აუცილებელი იყო ხელმისაწვდომი ინტერნეტი გაჩენილიყო.

 

აი, ამ მიზნისთვის ჩამოყალიბდა სახელმწიფო კომისია, რომელშიც კონფერენციის ჩატარების იდეა დაიბადა. რაკიღა სექტორებს შორის კოლაბორაცია წარმატებული აღმოჩნდა, ვიფიქრეთ, წარმატების ისტორიები წარმოგვეჩინა და ამით, სხვადასხვა სექტორებისთვის მოტივაცია მიგვეცა. ირაკლიმ რომ თქვა, კონკურენცია ყოველწლიურად იზდებაო, მართლაც ასეა - პროცესში მინისტრებიც ერთვებოდნენ და საკუთარ თანამშრომლებს მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

 


იყო თუ არა იმ დროს სხვა ტექნოლოგიური კონფერენციები და საერთოდ, რა მდგომარეობა იყო ბაზარზე?


გიგა შუბითიძე: ვენდორები საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ წერტილოვან მასტერკლასებს ატარებდნენ - აი, მაგალითად, HP ახალ სერვერს თუ წარმოადგენდა, სისტემის ადმინისტრატორებს შეკრებდა და მოუყვებოდა. რაც მთავარია, იმ დროს, კონფერენციები რეგიონშიც არსად იმართებოდა, რამაც ჩვენს კონფერენციას რეგიონულ მასშტაბი მისცა - დღემდე, GITI-ში დაახლოებით ოცი ქვეყანა მონაწილეობს. ჩვენი მეზობელი ქვეყნები განსაკუთრებით აქტიურად ემზადებიან ხოლმე, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორით.


გიგა, ირაკლი, მანამ, სანამ სამთავრობო პროექტებში და კონფერენციის მართვაში ჩაერთვებოდით, რას აკეთებდით? 

გიგა შუბითიძე: რახანია, რაც IT-სფეროს ადამიანები ვართ - სახელმწიფო და კერძო სექტორებში დიდი პროექტები გვაქვს განხორციელებული. პირადად მე ლამის ყველა სახელმწიფო პროგრამაში მიმიღია მონაწილეობა - სასწავლო პროცესებით დაწყებული, საგადასახადო და განათლების სფეროთი დამთავრებული. კერძო სექტორს რაც შეეხება, თავისუფალი უნივერსიტეტის დაფუძნებაში ვმონაწილეობდი, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა. ახლა თიბისიში ვმუშაობ, SDLC-ექსპერტად.

 

ირაკლი გვენეტაძე: ოცდაათ წელზე მეტია, რაც IT-ში ვარ - იმ დროიდან, ეს სფერო რომ დაიბადა. ამ დროის განმავლობაში, ძირითადად საჯარო სექტორის განვითარებაში ვმონაწილეობდი, ხოლო ბოლო ხუთი წელია, კონსულტანტად ვმუშაობ, უმეტესწილად საერთაშორისო პროექტებში.

 

გიგა, ირაკლი, წლებთან ერთად კონფერენცია როგორ ვითარდებოდა?

 გიგა შუბითიძე: ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, რადგან მარკეტინგულ კამპანიებსაც კი არასდროს ვაკეთებდით. მთავარი იყო, ადამიანებისთვის მოტივაცია რომ მივეცით - სახელმწიფო სექტორი მთელი წელი ემზადებოდა, პროექტი რომ დაესრულებინა და კონფერენციაზე პრიზი მიეღო. მოგვიანებით, კონკურენცია სამინისტროებს შორისაც გაჩაღდა - ამბობდნენ, იმან თუ მოიგო, ჩვენ არ შეგვიძლიაო? ამ ყველაფრის შედეგად, კონკურენცია კერძო სექტორშიც გაჩნდა, ცხადია. მათ შორის, უმეტესწილად ინტეგრატორი კომპანიები აქტიურობდნენ, რომელთაც სურდათ რომ წლის მთავარი ინტეგრატორი კომპანიის ტიტული მიეღოთ.

 

ყველაფერი ეს იტერაციულად ვითარდებოდა - ნახტომი არ ყოფილა, მაგრამ წლიდან-წლამდე, კონფერენცია იზრდებოდა და მას უფრო და უფრო მეტი ადამიანი ესწრებოდა. თუმცა, მთელი IT-სექტორი დღესაც კი არ გვაქვს მოცული - არსებობენ მცირე ზომის კომპანიები, რომელთაც GITI-ში მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. აი, ახლა მივდივართ იქამდე, რომ შეიძლება საერთოდ სხვა ფორმატი დაგვჭირდეს, რადგან კონფერენციის ფორმატში რთულად ვეტევით - ძალიან რთულია ისეთი დარბაზი მონახო, რომელშიც ათასი ადამიანი მოიყრის თავს. შეიძლება, მომავალში საერთოდ სხვა რამ, ანუ უფრო კონცეპტუალური კონფერენცია მივიღოთ. აი, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იქამდე, რასაც რეგიონის ყველაზე დიდი კონფერენცია ჰქვია.

 

ირაკლი გვენეტაძე: კონფერენციის მთავარი ღირებულება ისაა, რომ გვყავს საზოგადოება, რომელიც თვლის, რომ ამ ღონისძიების აუდიტორიის წინაშე საკუთარი პროექტის წარდგენა მნიშვნელოვანია. ამასთანავე, მათ თავიანთი გულშემატკივრებიც მოჰყავთ რაც სოციალიზაციას უწყობს ხელს.

 

ქართული ტრადიციების გათვალისწინებით, კონფერენციის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, რა თქმა უნდა, სუფრა იყო, რომელსაც კონფერენციის ბოლოს ვშლიდით, მაგრამ ბოლო ორი წელია, ამას აღარ ვაკეთებთ, რადგან კულტურა და დამოკიდებულება შეიცვალა. თუმცა, მთელი ეს დრო, ბანკეტი კონფერენციის აუცილებელი ატრიბუტი იყო, რაც ადამიანებს შორის განსხვავებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს.

 

გიგა შუბითიძე: რიცხვებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ პირველ ღონისძიებას ასამდე მონაწილე დაესწრო, ხოლო დღეს, 750-ზე მეტი ადამიანი არის რეგისტრირებული. გეგონება, კონფერენციას ლიმიტი არ აქვს.

 

ირაკლი გვენეტაძე: მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები მოსაზღვრე სექტორებიდანაც მოდიან - ფერმერთა ასოციაცია, მაგალითად, წლევანდელ კონფერენციაზე, ხუთი ადამიანით იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციული ტექნოლოგიები ყველა სფეროში შევიდა, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში იღვწიან, სურთ, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ და გაიგონ, სხვადასხვა დარგებში რა ხდება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, პანდემიისას, კონფერენცია არ ჩაგიტარებიათ. რატომ?

გიგა შუბითიძე: აი, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობა და ე.წ. „ნეთვორქინგი“. რა თქმა უნდა, ადამიანებს კონფერენციაზე ციფრულადაც შევიყვანდით, მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა, GITI ხომ საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის, ხოლო სახელმწიფო და კერძო უწყებებს ერთმანეთთან საუბრის შესაძლებლობას აძლევს. ბევრი ვიფიქრეთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ კონფერენციის ონლაინ ჩატარება არ ღირდა.

 

ირაკლი გვენეტაძე: ამ პლატფორმის მიზანია, ადამიანებთან ტექნოლოგია მივიტანოთ. თუ ადამიანებს ერთმანეთს დავაშორებთ, პლატფორმა აზრს დაკარგავს. ესტონეთში კონფერენციას თუ დაესწრებით, დარბაზში ხეს ან ბუჩქს აღმოაჩენთ - აი, ამტექნოლოგიების გადმოტანა სურთ ცხოვრებაში. ჩვენც ეს გვინდა. მართალია, შეიძლება რესურსები არ გვყოფნის, რომ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც საჭიროა, მაგრამ მთავარია ადამიანებს ტექნოლოგიების დახმარებით ყოფითი პრობლემების მოგვარებაში დავეხმაროთ, და არა ის, რომ ადამიანი დამატებითი ტექნოლოგიებით დავძაბოთ.

GITI-ს მიმართ ინტერესი აშკარად დიდი და მზარდია - მას ფასიანს რატომ არ ხდით?


ირაკლი გვენეტაძე: გვინდა, კონფერენცია ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი და არავინ შეიზღუდოს. თუ ვახერხებთ, გვირჩევნია ასე იყოს - ეს ხომ კომერციული პროდუქტი არ არის. ჩვენი და ჩვენი კოლეგებისთვის მთავარი სარგებელი ისაა, რომ ტექნოლოგია ვრცელდება, საჯარო სექტორს მეტი სტიმული აქვს, ხოლო კომერციულ სექტორს პროცესებში მეტად ჩართვის სურვილი უჩნდება.

 

გიგა შუბითიძე: GITI - პლატფორმაა და იმისთვის, რომ ის შედგეს, მნიშვნელოვანია პარტნიორების ჩართულობა.

 

ირაკლი გვენეტაძე: გიგას ნათქვამს დავამატებდი, რომ ამ კონფერენციას, ყოველთვის კერძო სექტორი აფინანსებს - სახელმწიფოს ამ პროექტში ფული არასდროს ჩაუდია. ერთადერთი ინვესტიცია - იმ საჯარო მოხელის დროა, რომელმაც კონფერენციაზე პრეზენტაცია ჩაატარა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაცაა ღონისძიება მდგრადი - სხვაგვარად, ის ალბათ დაიკარგებოდა.

წელს, GITI-ს პარტნიორი თიბისი გახდა. რას ნიშნავს ეს თქვენთვის, თიბისი რა სახით გეხმარებათ?

გიგა შუბითიძე: თიბისისთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ხდება ისე, რომ გვერდში ფინანსური ინსტიტუტი დაგვიდგა - თან, ამ დარგს თუ დავაინტერესეთ, ესე იგი რაღაცას სწორად ვაკეთებთ. ამ დრომდე, სპონსორებად ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიები გვყავდა, რაც გასაგებია. ამ სფეროში თიბისის შემოსვლა კარგი ინდიკატორია იმისა, რომ ასეთი კომპანიები ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას გადიან. ამასთანავე, ნათელი გახდა, რომ IT ცალკეული ინდუსტრია არ არის - ის ყველგანაა.

 

ირაკლი გვენეტაძე: თიბისის მაგალითზე გეტყვით, რომ მსხვილი კომპანიები, რომლებიც ციფრულ ტრანსფორმაციას გადიან, ამ სფეროს განვითარებას სხვანაირად უყურებენ. თუ ადრე, ფული იდებოდა ღონისძიებაში და ეს პირდაპირი მარკეტინგი იყო, ვგულისხმობ გათამაშებებს და ფასდაკლებებს, დღეს, ფული კონფერენციებში იდება, რადგან მათ ნათლად გააცნობიერეს, რომ ციფრული საზოგადოების განვითარება, მათი სტრატეგიული მიზნების მხარდაჭერას ნიშნავს.

რა არის მთავარი თემები, რომლებიც წლევანდელ კონფერენციაზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ?

ირაკლი გვენეტაძე: ტრადიციული თემები უცვლელად დავტოვეთ: ელექტრონული მმართველობის და ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა, სააგენტოებისა და მათი საქმიანობის წარმოჩენა და, რა თქმა უნდა, ფინტექი. ამასთანავე, წელს, ველოდებით სპიკერებს უკრაინიდან, რომლებიც მოხსენებას გააკეთებენ ინფორმაციულ ომზე და უკრაინაში მიმდინარე კიბერინცინდენტებზე.

 


ცნობისთვის გეტყვით, რომ საერთაშორისო კონფერენცია

GITI 2022 1-2 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო შერატონში ჩატარდება.


წლევანდელი GITI ისეთი საკითხების განხილვას დაეთმობა, როგორებიცაა: ელექტრონული მმართველობა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, IT-ინოვაციები და განათლება, ფინტექი, ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა მართვა და სხვა. კონფერენციის შესახებ დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.