კულტურა სიახლეები

კინოთეატრ ამირანში ტარანტინოს მარათონი იწყება

ივლისი 31, 2019

როცა ტარანტინოზე საუბრობენ, ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ის თვითნასწავლი კინოხელოვანია, ამერიკული (და არა მარტო) კინემატოგრაფიის რევოლუციონერი, რომ მაყურებლის ემოციების რეჟისორია და კიდევ იმას, რომ ეს გენიოსი არ შეიძლება არ იყოს შეშლილი! თვითონ კი ამბობს, რომ მისი ნამდვილი მასწავლებელი თვითონ ფილმები იყო (“მე არ მივლია კინოსკოლაში, სამაგიეროდ დავდიოდი კინოში”), რომ მან უბრალოდ ყველაფერი დასაშვები გახადა ფილმებში და მხოლოდ პოპულარობის მოპოვების შემდეგ მიხვდა, რომ შეიძლება ცოტა შეშლილია.

Reservoir Dogs, 1992

3 აგვისტოდან, კინოთეატრ “ამირანში”, თიბისი სტატუსთან ერთად, კვენტინ ტარანტინოს ფილმების 4-დღიანი მარათონი იწყება. ეს კი უკვე ტარანტინოს ფილმოგრაფიის ნახევარია და საკმარისია იმისთვის, რომ პირველ-აღმომჩენმაც აუღო ალღო რეჟისორის გენიას, სრულიად ნებაყოფლობით დაუმორჩილო საკუთარი ემოციები მის “დირიჟორობასა” და მისი ყველა სხვა ფილმიც ადვილად ამოიცნო.

ტარანტინოს ფილმებს ამოიცნობ მისი ეკლექტურობით, ბიბლიური პროპორციების ადამიანური ტანჯვით, გმირების მრავალფეროვნებით (მომნუსხველები, ძლიერები, კეთილები, თაღლითები, ცინიკურები და სასტიკები) და კიდევ, ამ გმირების თავიანთ საქმეში გამორჩეული პროფესიონალიზმით (დააკვირდები, “კრიმინალურ საკითხავში” რინგო და იოლანდა როგორ ცდილობენ თავიანთი ბიზნესის ოპტიმიზაციას, “უსახელო ნაბიჭვრებში” რა შემართებით ეკიდებიან თავზე აღებულ პასუხისმგებლობას და როგორ ამაყობს ალდო რეინი რომ საუკეთესოა თავის საქმეში), გმირების ჩაცმულობით, რაც უმეტეს შემთხვევაში წინა პუნქტს უსვამს ხაზს, გრძელი დიალოგებით, კოდური სახელებითა და ფსევდონიმებით (ფამფქინი და ჰანიბანი, სანტანიკო პანდემონიუმი, კარგი ბიჭი ედი, მისტერ ფინქი, შავი მამბა და კიდევ 44 სხვა). აღმოაჩენ, რომ ეს ფილმები ერთმანეთთან არა მარტო რეჟისორით, ან ამ რეჟისორის “ამოჩემებული” მსახიობებითაა დაკავშირებული, არამედ ისტორიებითაც (დააკვირდი, რას ყვება მია “კრიმინალური საკითხავი”-დან, მის წარუმატებელ პროექტში, ხომ არ გეცნობა “მოკალი ბილი”?).

Vanity Fair, 1993

ამ ჩამონათვალს მივუმატოთ სცენები საბარგულიდან, “ტერფების ფეტიში”, წარწერები ეკრანზე და აუცილებლად, უნიკალური მუსიკალური გაფორმება, რომლზეც ცალკე ისტორიაც დაიწერება. აქვე - “ცივად მორთმეული” შურისძიებების გაუთავებელი ციკლი და ის, რომ შურისძიება ვერასდროს გახდება “თვალი თვალის წილ”, შეუძლებელია - ის მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ დაიბრუნო საკუთარი ძალა და ღირსება... თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ერთი სამყარო... “ეს არის რეალურზე უფრო რეალური სამყარო, რომელშიც ეს გმირები ცხოვრობენ და კიდევ არსებობს - კინოსამყარო, სადაც ამ გმირების ამბები ხდება”.


ცოტაც ვიკიპედიური ყულაბიდან: კვენტინ ჯერომ ტარანტინო, ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მსახიობი, დაბადებული 1963 წლის 27 მარტს, წარმოშობით იტალიელ-ირლანდიელ-ჩეროკი არის 5 ოსკარის, 7 BAFTA-ს, 7 ოქროს გლობუსის, 2 ამერიკის რეჟისორთა გილდიისა და 16 “სატურნის” ჯილდოს მფლობელი.

Esquire, 2019


3 აგვისტოს - “კრიმინალური საკითხავი” (“Pulp Fiction”, 1994)


ალბათ, ტარანტინოს ყველაზე ცნობილი, და საუკეთესო ფილმი, დამოუკიდებელი კინოს “ვარსკვლავური ომები”. ამ ფილმით დამტკიცდა, რომ დაბალბიუჯეტიან, შემოქმდებით დამოუკიდებელ ნამუშევარსაც შეუძლია იქცეს მასიური პოპ-კულტურის ფენომენად. საერთოდ სხვა თამაშის წესები შემოიტანა კინოხელოვნებაში და საინტერესო სანახაობის ახალი ფორმულაც წარმოადგინა, ახალი სტრუქტურით, ენითა და რიტმით. 2,5 საათი უყურებ სიუჟეტის აქტიურ განვითარებას უამრავ გმირთან ერთად, აღმოაჩენ, როგორ წარმოთქვამენ ფრანგები “ბიგმაკს”, რატომაა სიჩუმე უხერხული და რა დაემართება პომიდვრების ოჯახს გზაზე გადარბენისას. ამ ფილმში მოხდა ჯონ ტრავლოტას რეანიმირება, სემუელ ლ. ჯექსონის დამკვიდრება და უმა თურმანის გაკულტება (მისი გმირის ჩაცმულობა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ჰელოუინზე). მთავარი მიღწევა კი მაინც ისაა, რომ კვენტინ ტარანტინო სწორედ ამ დროიდან იქცა შთაგონებისა და გამბედაობის წყაროდ დამწყები კინოხელოვანებისთვის, ფილმისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მიუხედავად.


4 აგვისტოს - “ჯეკი ბრაუნი” (Jackie Brown - 1997)


ტარანტინოს ყველაზე განსხვავებული ფილმია ტარანტინოსეულ ფილმებს შორის, შედარებით მშვიდი, ძალადობის ყველაზე ცოტა სცენებით, ყველაზე გამორჩეული სასიყვარულო ისტორიით... ფილმი ტარანტინოს ერთ-ერთი საყვარელი მწერლის ელმორ ლეონარდის ნაწარმოების “რომის პუნშის” [Rum Punch] ადაპტაციაა. პემ გრიერსა და სემუელ ლ. ჯექსონთან ერთად, აქ იხილავთ რობერტ დე ნიროს, მაიკლ კიტონს, ბრიჯიტ ფონდასა და კრის ტაკერს. როგორც ტარანტინოს ყველა დანარჩენი ქალი პერსონაჟი, ჯეკი ბრაუნიც გაბედულია, უშიშარი და მისი ქმედებებიც, ფილმის განმავლობაში, კაი გვარიანად აგაღელვებს, სანამ გაიგებ, რამდენად წარმატებული იქნება იარაღით მოვაჭრეს გაძარცვის მცდელობა. ამასობაში, სემუელ ლ. ჯექსონისგან შეიტყობ, რომელი იარაღია საუკეთესო. ლეონარდისთვის, ეს ფილმი არამარტო მისი ნაშრომის საუკეთესო ადაპტაცია იყო, არამედ საუკეთესო სცენარიც, რაც კი ოდესმე წაუკითხავს. ტარანტინო კი გვირჩევს, რომ “ჯეკი ბრაუნი” უფრო კარგი სანახავია მეორე ჯერზე და მთლად გადასარევი, თუ მესამედაც უყურებ, როცა უკვე აღარ ფიქრობ სიუჟეტზე და უბრალოდ გმირების საზოგადოებით ტკბები.


5 აგვისტოს - “უსახელო ნაბიჭვრები” (Inglourious Basterds - 2009)


ესესაა, ონლაინ გამოშვება Indiewire-მა, კინოკრიტიკოსთა გამოკითხვის შედეგად, ტარანტინოს საუკეთესო ნამუშევრად დაასახელა (1 ხმით გაასწრო “კრიმინალურ საკითხავს”) და შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმიცაა. 2 საათსა 33 წუთში ჩატეულია ყველაფერი - დრამა, კომედია, ისტორია, სიბრძნე (აქვე, დიალოგების “იუველური” კონსტრუქცია), კრიტიკა, რაფინირებული გემოვნება, ტერორი, სისხლისღვრა, კლიშე, დიალოგები, დაუვიწყარი სცენები დაუვიწყარ სამსახიობო ნაკრებთან ერთად (ბრედ პიტი, დაიენ კრიუგერი, მაიკლ ფასბენდერი, ქრისტოფ ვოლთზი და სხვ.), ერთ-ერთი საუკეთესო ბოროტი პერსონაჟი ჰანს ლანდა (ვოლთზი) და რაც ყველაზე ნიშანდობლივია - სცენარი, რომელიც მეოცე საუკუნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ვარიანტს ავითარებს (წარმოიდგინე, რომ შეიძლებოდა ჰიტლერი ასე გაგეგორებინა? - ბრედ პიტი). მოკლედ არც ერთი წუთი არ ჩაივლის ფუჭად... და “ო’ღევუაღ შოშანა” კიდევ არა ერთხელ გაგახსენდება.


6 აგვისტოს - “მოკალი ბილი” (I, II) (Kill Bill Pt. 1 - 2003; Kill Bill Pt. 2 - 2004)


(ორივე ერთ საღამოსაა, ამიტომ მოიმარაგე პოპ-კორნი და კომფორტულად მოკალათდი!)

“როცა ცოფიანი ძაღლების, ან კრიმინალური საკითხავის ყველა გმირი კინოში მიდის, ისინი მოკალი ბილს უყურებენ”

დავიწყოთ იმით, რომ აქ უმა ტურმანი სულ ახალბედა დედაა და ფილმისთვის ყოველდღიურად, ექვსი თვის მანძილზე, 8-საათიანი ვარჯიში უწევდა, რომ ფორმაში ჩამდგარიყო და მოეხდინა ბრუს ლის ყვითელი ფორმა [“სიკვდილის თამაშებიდან”]. ორსულობა ფილმის გადაღების დაწყებას დაემთხვა, ტარანტინო კი არ აპირებდა სხვა მსახიობის მოძებნას - უმა ხომ ჯერ კიდევ “კრიმინალური საკითხავიდან” იყო ბეატრიქსად ჩაფიქრებული. “დაორსულდა და რა უნდა მექნა, არჩევანიც არ მქონდა, უნდა დავლოდებოდი... ეს ჩემი სამურაი ფილმია, ჩემი ყველაზე თამამი ფილმია... ჩემი ‘სპაგეტი’ ვესტერნია და ჩემი კომიქსების წიგნია... ამასთან, ჩემი ფონ შტერნბერგული ფილმია და როცა ფონ შტერნბერგი ‘მაროკოს’ იღებს და მარლენ დიტრიხი ორსულდება, ფონ შტერნბერგი დიტრიხს ელოდება!” მომზადების პროცესში, რეჟისორმა უმა თურმანს სთხოვა ენახა სამი ფილმი: ჯონ ვუს “კილერი”, ჯეკ ჰილის “Coffy და სერჯო ლეონეს “ერთი მუჭა დოლარისთვის”.

გავაგრძელოთ იმით, რომ ამ დროისთვის, ტარანტინოს ნებისმიერი ბიუჯეტი ხელეწიფებოდა და ეს ფილმიც მის კარიერაში ყველაზე ძვირადღირებული გამოდგა. დავასრულოთ იმით, რომ ყველა კადრი გაჯერებულია ერთგვარი კინო-ციტატებით, იმ ადამიანის ხელწერით, რომელსაც უბრალოდ ძალიან უყვარს ფილმები და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნაწილს აუცილებლად მოსდევდა მეორე, ის უკვე ცალკე მდგომიც წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო “ექშნ” ფილმს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მართალია “მოკალი ბილი” კინოდიოლოგიაა, ტარანტინო მას ერთ ფილმად მიიჩნევს. ის კი არა, შეიძლება სულ მალე, ეს ერთი ფილმი, კინოტრილოგიადაც იქცეს... მეორე ნაწილი ბევრად უფრო თავშეკავებული და სანახავადაც უფრო ესთეტურია... პაი მეის სუნთქვისშემკვრელი მონათხრობით, მოულოდნელი სცენით, რომელიც მთავარ გმირს, მის გოგონასა და ბილს შორის ვითარდება, რეჟისორი ავრცობს პირველ ეპიზოდში აგებულ სამყაროს და გვაცნობს პერსონაჟების ღრმა ემოციურ მხარეს... აქვე, აღმოაჩენ ტარანტინოს კარიერაში, ჩხუბის სცენების საუკეთესო ქორეოგრაფიას... ერთ ფილმად ღირს თუნდაც ბეატრიქსისა და ელის ჩხუბი ტრეილერში.

ასეც ხდება - ტარანტინო ვერ იტანს მობილურებს და კომპიუტერული გრაფიკით დამუშავებულ სცენებს. სწორედ ამიტომ, მოითხოვა, რომ უმას მანქანის ტარების სცენა ყველანაირი სპეც-ეფექტების გარეშე გადაეღოთ. ეს ამბავი სულ ახლახანს გახდა ცნობილი - ამ სცენის გადაღებისას, როცა ბეატრიქსი მანქანით (ლურჯი Karmann Ghia) ხეს ეჯახება, მსახიობი სერიოზულად დაშავდა, რის გამოც რეჟისორმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში. უმამაც საჯაროდ აპატია.

Sight & Sound, 2016

to be continued...


დეტალებისთვის იხილეთ: კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი.

ტექსტი - ნინო კაკიაშვილი