თიბისი შენთვის

პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. შესაბამისად, სასწავლო პროცესში სრულფასოვანი ჩართულობა მხოლოდ ტექნოლოგიებთან და ინტერნეტთან წვდომის საშუალებით გახდა შესაძლებელი.

 

მნიშვნელოვანია, რომ ახალ რეალობაში, დისტანციურად სწავლის გაგრძელებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა სტუდენტს შეუფერხებლად ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, თიბისიმ მიიღო გადაწყვეტილება მხარდასაჭერი პროექტის - #თიბისიშენთვის ერთერთი მიმართულება განათლებაზე ხელმისაწვდომობა ყოფილიყო.  


თიბისის პარტნიორმა სასწავლებლებმა - GIPA-მ, ასევე თავისუფალმა, კავკასიის, ევროპის, ქართულ-ამერიკულმა და შავი ზღვის უნივერსიტეტებმა 161 სტუდენტი შეარჩიეს, რომელთა ოჯახებიც, ოფიციალური მონაცემებით, არც ერთ კომპიუტერს არ ფლობენ და რომელთა სასწავლო პროცესი ამ მიზეზის გამო შეფერხების წინაშე დადგა. შერჩეული ახალგაზრდების უმრავლესობა უნივერსიტეტის დაფინანსებით და საგრანტო პროგრამით სწავლობენ და წარმატებული სტუდენტები არიან. თიბისიმ 6 პარტნიორ უნივერსიტეტს 161 ლეპტოპი უკვე გადასცა, რომლითაც შერჩეული სტუდენტები სწავლის დასრულებამდე ისარგებლებენ. 

პროექტი - #თიბისიშენთვის საქართველოს მოსახლეობის მხარადსაჭერად შეიქმნა და ის COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ სხვადასხვა პროექტს და პარტნიორებთან კოლაბორაციებს გააერთიანებს.


მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბეზნესებისთვის.