ტექნოლოგია

ტექ კონფერენციები — თიბისის .Net დეველოპერები NDC Porto-ზე

ნოემბერი 01, 2023

ტექნოლოგიები ყველაზე სწრაფად ცვალებადი სფეროა, ამიტომ მუდმივი სწავლა, ახალი და განსხვავებული ცოდნის მოპოვება, ახალი ტრენდებისთვის ფეხის აწყობა და ხელსაწყოების გაცნობა კარიერული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამას, ცხადია, დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც იაზრებენ და მაქსიმალურად ცდილობენ, თანამშრომლებს სწავლისთვის კომფორტული გარემო შეუქმნან.


თიბისი თანამშრომლების კომფორტზე, განათლებისა და გამოცდილების მაღალ ხარისხზე აქტიურად ზრუნავს. კომპანიამ საკუთარ ტექ გუნდზე ზრუნვის ახალი ეტაპი დაიწყო, რაც წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციებზე მათ დასწრებასა და მიღებული ცოდნის თიბისიში იმპლემენტაციას გულისხმობს.


ამჯერად თიბისის .Net დეველოპერები პორტოში, ტექნოლოგიების სფეროს ენთუზიასტების ერთ-ერთ საყვარელ კონფერენციას, NDC Porto-ს დაესწრნენ. თიბისის ტექ გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, ნინო ჩოგოვაძემ dev.ge-სთან უშუალოდ კონფერენციაზე, მის მნიშვნელობასა და მიღებულ გამოცდილებაზე დეტალურად ისაუბრა.


NDC ნორვეგიული კონფერენცია, რომელიც დეველოპერებისთვის 2008 წლიდან ტარდება. გამოცდილების დაგროვებისა და ნდობის მოპოვების შემდეგ კონფერენციის მასშტაბები ეტაპობრივად გაიზარდა — ის სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ტარდება, რათა დასწრება მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა შეძლოს.

«კონფერენციის ფორმატი ძალიან საინტერესოა. მოწვეული მსოფლიო დონის სპიკერები, რამდენიმე დღის განმავლობაში, საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს გიზიარებენ. ამასთან ერთად, ახალ ტექნოლოგიურ სიახლეებს გვაცნობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სპიკერების გარდა, კონფერენციაზე ბევრ საინტერესო ვორქშოფს შეხვდებით».

ნინო ჩოგოვაძე და თიბისის ტექ გუნდის სხვა წევრები NDC Porto-ს ფარგლებში რამდენიმე ახალ და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ტრენდსა თუ სიახლეს გაეცნენ. გვიყვება, რომ კონფერენციაზე ტესტირების ერთ-ერთი მეთოდოლოგია და მასთან დაკავშირებული სიახლეები დეტალურად განიხილეს. ამასთან, ინფორმაცია მიიღეს ახალი ხელსაწყოების შესახებ, რომლებიც მათი საქმიანობის გამარტივებისთვის არის შექმნილი.

«ბევრი ვისაუბრეთ Property Based Testing-ზე. ბევრი ლექცია გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის შესაძლებელი ძველი სისტემების მოდერნიზაცია. სპიკერები ძირითადად საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას გვიზიარებდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალ ხელსაწყოებს გავეცანით, რომელიც მთლიან პროცესს უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის». 

რაც შეეხება მივლინების მნიშვნელობას მსგავს ღონისძიებაზე დასწრების მიზნით — ნინოს თქმით, გარდა მიღებული ცოდნისა და გამოცდილებისა, ეს ერთგვარი განტვირთვაა, რომელიც ყველა თანამშრომელს სჭირდება. ამასთან ერთად, მსოფლიოში მოწინავე ტექნოლოგიებს ეცნობი და საინტერესო სპიკერებს უსმენ.


ნინოს აზრით, მთავარი ღირებულება ის არის, რომ საკუთარ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს განსხვავებულად უყურებ და ფიქრობ, როგორ დანერგო საუკეთესო პრაქტიკები.

ავტორი: Dev.ge