ივლისი 27, 2022
1861-1921 წლები უმნიშვნელოვანესი პერიოდია მოდერნული ქართველი ერის, მისი იდენტობის მარკერებისა და სამოქალაქო ნაციის ჩამოყალიბების პროცესში, რომელიც პირველი პოსტფეოდალური ქართული სახელმწიფოს - დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნით დასრულდა 1918-1921 წლებში.
1861 წელს რუსეთის იმპერიაში გაუქმდა ბატონყმობა; მალევე, ქვეყანაში გაიყვანეს რკინიგზა; კახელმა, გურულმა, მეგრელმა და სხვა კუთხის გლეხებმა იწყეს დენა ქალაქებისკენ; იმავე 1861 წელს საქართველოში დაბრუნდა 24 წლის ილია ჭავჭავაძე და დაარსა ჟურნალი „საქართველოს მოამბე“. ხალხში დაიწყო წერა-კითხვისა და განათლების გავრცელება, საერთო წარსულისა და მომავლის შეცნობა. „მამული, ენა, სარწმუნოების“ ტრიადაში თერგდალეულებმა პირველი ორის პატრონობა ითავეს, ხოლო სარწმუნოების გაძღოლას ეპოქის შესაბამისი განათლების მქონე პატრიოტი სასულიერო დასი სჭირდებოდა.
სწორედ ამ დროს, 1861 წელსვე, მარტვილში დაიბადა საქართველოს მომავალი კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ) ხელაია. მასთან ერთად გაიზარდა ქართული სამოქალაქო საზოგადოება, მასთან ერთად მიაღწია სახელმწიფოებრივ და საეკლესიო განთავისუფლებას და მასთან ერთად დროებით დაასრულა არსებობა.
საქართველოში ეკლესიის მთავარი პრობლემა 1811 წელს რუსეთის მიერ გაუქმებული ავტოკეფალია იყო. რუსული ეკლესია, ექვემდებარებოდა რა პირდაპირ იმპერატორს, სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის ნაწილი გახლდათ. ის ქართველებისთვის უცხო იყო ღირებულებითად და ენობრივად. გარდა ამისა, ქვეყანაში ჭირდა განათლებული სასულიერო დასი. ეკლესიის მიერ მოწოდებული სამყაროს შუასაუკუნეობრივი აღქმა აღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე ადამიანს და ამიტომ ბევრი ათეიზმში ვარდებოდა. ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე შენიშნავდა, რომ სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულები რევოლუციონერთა რიგებს ავსებდნენ, ხოლო სამღვდელოებაში ნაკლებად განათლებული ადამიანები მოდიოდნენ.
ეკლესიას თავის როლი ჰქონდა მოდერნული იდენტობის ჩამოყალიბების მიმდინარე პროცესში. ამ მხრივ მომეტებულად პრობლემური იყო აფხაზეთი, სადაც რუსი სასულიერო პირები დომინირებდნენ.
1871-1873 წლებში ბესარიონ ხელაია სწავლობდა ოჩამჩირის დაწყებით სკოლაში, 1873-1879 წლებში მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, 1879 წელს ჩაირიცხა ტფილისის სასულიერო სემინარიაში, 1887 წელს აკურთხეს სოჭის ეკლესიის მღვდლად, ხოლო 1892 წელს სოხუმის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს. 1897 წელს ჩაირიცხა ყაზანის სასულიერო აკადემიაში და დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში“. ყაზანში ყოფნისას, 1900 წელს, ბერად აღიკვეცა და ეწოდა ამბროსი.
აფხაზეთში მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე, ის შემჩნეული იყო „აფხაზეთის გაქართველების“ ზრახვებში. სოხუმის ეპისკოპოსი არსენი ქუთაისის ჟანდარმთა სამმართველოს სწერდა:
„...[ხელაია] როდესაც მიმტკიცებდა და მთხოვდა ქართული წირვა-ლოცვის შემოღებას, მითხრა, რომ აქ საქართველოა და არა რუსეთი და წირვა-ლოცვაც ქართულად უნდა იყვესო.“
შესაბამისად, ყაზანის სასულიერო აკადემიიდან დაბრუნების შემდეგ, ის სოხუმში დიდხანს არ გააჩერეს და რაჭაში გადაიყვანეს ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად. მან აქ აღმოაჩინა „მოქცევაი ქართლისაის” ჭელიშური ვარიანტი, რაც ადრეული შუა საუკუნეების სახერხემლო წყაროდ ითვლება ქართულ ისტორიოგრაფიაში. ის პრესაში ფსევდონიმებით წერდა აფხაზეთსა და რაჭაზე, საზოგადოებას აუწყებდა ამ რეგიონებში არსებული სასულიერო თუ საერო პრობლემების შესახებ. ის ამხელდა რუსი სამღვდელოების „სიძულვილს ყოველივე ქართულისადმი“.
ამგვარად, ალექსანდრე ოქროპირიძესთან, გაბრიელ ქიქოძესთან, კირიონ საძაგლიშვილთან (მომავალი კათალიკოსი), ლეონიდე ოქროპირიძესთან (მომავალი კათალიკოსი) ერთად, არქიმანდრიტის ხარისხში აყვანილი ამბროსი იყო საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის მომხრეთა სათავეებში.
1905 წელს, ტფილისში შეკრებილმა ამ დასმა მიიღო პეტიცია, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა. გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირზე პროცესიით გამოსული ქართველი „ავტოკეფალისტი“ სამღვდელოება რუსეთის ხელისუფლებამ კაზაკებს დაარბევინა. 1908 წელს ტფილისში მოკლეს რუსული სასულიერო იერარქიის უმაღლესი წარმომადგენელი კავკასიაში - ეგზარქოსი ნიკონი (სოფიისკი). ამ მკვლელობაში ხელისუფლებამ, სხვებთან ერთად, ეჭვმიტანილად სცნო ამბროსი ხელაია და ეპისკოპოსი კირიონი. ისინი ორივე გადაასახლეს საქართველოდან და ამბროსის ღვთისმსახურების უფლება შეუჩერეს. გამოძიებამ მის წინააღმდეგ ვერაფერი მოიძია, თუმცა სამშობლოში დაბრუნების ნება არ დართო.
ის საქართველოში მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ჩამოვიდა და ავტოკეფალიააღდგენილი ეკლესია დახვდა. კათალიკოს-პატრიარქმა კირიონ მეორემ ძველი თანამებრძოლი მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა და ჩააბარა მშობლიური ჭყონდიდის ეპარქია. ამავე დროიდან ის ფაქტობრივად განაგებდა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას და ძირითად დროს სოხუმში ატარებდა, ხოლო 1919 წლიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსადაც დაინიშნა.
რუსული სამღვდელოება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებდა და არც მის იურისდიქციას სცნობდა აფხაზეთზე. ამიტომ, ამბროსის მთავარ მეტოქედ იქცა სოხუმში გამწესებული ეპისკოპოსი სერგი. მეუფე ამბროსის მუშაობის ძირითადი მიმართულება იყო საქართველოს ეკლესიისადმი დაქვემდებარებული სამრევლოების შექმნა და ადგილებზე შესაბამისი სასულიერო პირების დანიშვნა. მისი ყოველკვირეული ქადაგებები, გარდა საღვთისმეტყველო საკითხებისა, დატვირთული იყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობის მხარდაჭერისკენ მოწოდებებით.
1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე გარდაიცვალა. 1-5 სექტემბერს გელათში გამართულმა საეკლესიო კრებამ ახალ პატრიარქად ამბროსი ხელაია აირჩია. მან პირველივე ქადაგებებში გააკრიტიკა საოკუპაციო ხელისუფლება და ხალხს ეროვნული ეკლესიის გარშემო შემოკრებისკენ მოუწოდა, რადგან „ეროვნული ეკლესიის თავისუფლება გულისხმობს ეროვნულ თავისუფლებასაცო”, დასძენდა პატრიარქი.
1922 წელს გენუაში შეიკრიბა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ევროპის გეოპოლიტიკური საკითხები უნდა განეხილა. პატრიარქმა ამბროსიმ კონფერენციას საკუთარი მიმართვა გაუგზავნა. ის ითხოვდა საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანას და „კულტურულ კაცობრიობას“ შეაგონებდა:
„ოკუპანტები მართალია ლამობენ შინ და გარეთ ყველა დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ... [მოვითხოვ] საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოდ, მოაწყოს თავისი თავი ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშავოს ისეთი ფორმები სოციალ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება.“
ამ მიმართვის გამო, პატრიარქს „ჩეკაში“ (საგანგებო კომიტეტი, საბჭოთა სახელმწიფოს უშიშროების პირველი ორგანო) სიარული მოუწია. 1923 წლის 12 იანვარს პატრიარქი დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1924 წლის მარტში მიმდინარეობდა მისი სასამართლო პროცესები. პატრიარქმა ბოლშევიკები ამხილა სიყალბეში, რადგან ლენინური ლოზუნგები დეკლარირებდნენ ერთა თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოყოფის უფლებას, მაგრამ ახლა ქვეყნის პატრიარქს ასამართლებდნენ ამ უფლების დაცვისთვის.
„...თუ მე ვიცავდი ჩვენი ერის თავისუფლებას, ამის უფლებას მაძლევდა ჩვენი სარწმუნოებრივი მოძღვრება, თუ მე ხმა ამოვიღე რუსეთის დიდმპყრობელობის წინააღმდეგ, დიდმპყრობელობის, ანომალიის წინააღმდეგ ბრძოლას გვირჩევს ერთი ჩვენი უმაღლესი ხელისუფალთაგანი [ლენინი]... როგორც ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება, აგრეთვე ჩემთვის ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიისა და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისთვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვარისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების თითქმის 37 წლის განმავლობაში...“
ეს სიტყვები 1930-იან წლებში რომ თქმულიყო, პატრიარქს პირდაპირ დახვრეტდნენ, მაგრამ პრესტალინისტური ბოლშევიკური რეჟიმი ბევრად უფრო რბილი იყო. ამბროსი ხელაიას 7 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, სრული იზოლაციითა და ქონების კონფისკაციით. თუმცა ის, თითქმის ორწლიანი ტუსაღობის შემდეგ, 1924 წლის მიწურულს გაათავისუფლეს.
მაგრამ ამით არც მისი წინააღმდეგობა დასრულებულა და არც მისი დევნა. პატრიარქის ქადაგებებში კვლავ ანტისაოკუპაციო სულისკვეთება იგრძნობოდა. ხელისუფლებამ ეკლესიაში გამოკვეთა კოლაბორაციული დასი ქრისტეფორე ციცქიშვილის მეთაურობით. ამ ჯგუფის დახმარებით, ამბროსი გამოასახლეს საპატრიარქო რეზიდენციიდან, ჩამოართვეს კანცელარია და 1927 წელს 22 მარტს უკანონოდ გადააყენეს პატრიარქობიდან, რის შედეგად მას 23 მარტს წაერთვა მეტყველება, ხოლო 29 მარტს გარდაიცვალა.
ახალ პატრიარქად, უკვე ხელისუფლების თანხმობით, აირჩიეს ქრისტეფორე ციცქიშვილი და ამ დღიდან ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დაექვემდებარა საოკუპაციო ხელისუფლებას.
ამბროსი ხელაიას გარდაცვალებასთან ერთად დაეცა საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო ბასტიონი და ძალადობრივად დასრულდა 1860-იან წლებში დაწყებული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების დიდი ეპოქა.
1995 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა, ხოლო 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
ავტორი: ბექა კობახიძე
ილუსტრატორი: გიორგი ჯინჭარაძე