თიბისელები

თიბისელების საერთაშორისო წარმატება — აქ. ახლა

Google-ის მიერ აღიარებული დეველოპერ ექსპერტი, IE Business School-ის წლის საუკეთესო სტუდენტი, Harvard-ის მაგისტრი — ეს თიბისის სამი გამორჩეული თანამშრომელია. ამ ბლოგში გიამბობთ, რა გზა გაიარეს მათ საერთაშორისო წარმატებამდე და როგორ აპირებენ დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას აქ. ახლა.

აგვისტო 27, 2021

Google-ის Android დეველოპერ ექსპერტი — მერაბ (ტატო) კუტალია

მერაბ (ტატო) კუტალია წელიწადზე მეტია, თიბისის გუნდის წევრია. ის Android Chapter Lead-ი და მობაილბანკის გუნდში Android ინჟინერია. ის ახლახან Google-მა საერთაშორისო ექსპერტად აღიარა. Google-ის Android დეველოპერ ექსპერტის ტიტულს, ჯამში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სულ 120 ადამიანი ატარებს, მერაბი კი საქართველოდან და მთლიანად, რეგიონიდან პირველი დეველოპერია, რომელმაც ეს პრესტიჟული აღიარება მოიპოვა. 


Google-ის ექსპერტების პროგრამა ერთგვარი ქსელია, რომელშიც ჩართულ ადამიანებს  საერთაშორისო სპიკერობის გამოცდილება აქვთ, წერენ ტექნოლოგიურ ბლოგებს, აწყობენ ღონისძიებებს, არიან მენტორები, დადებით გავლენას ახდენენ ტექნოლოგიურ კომუნაზე და მუდმივად მზად არიან, დაგროვებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ.  სწორედ ასეთი ისტორია აქვს მერაბსაც, რომელიც Google-მა თავად აღმოაჩინა.



ტატო კუტალია

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიური კომუნის გასაძლიერებლად გაწეული შრომა დაუფასდა და აპირებს, ორმაგი შემართებით გააგრძელოს საქმე. მერაბი, ასევე, აღნიშნავს, რომ ახალი კავშირების დახმარებით, თიბისიში მეტ შესაძლებლობას გააჩენს — უფრო სწრაფად მიიღებს ინფორმაციას Android-ის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე თუ ზოგადად, ტექნოლოგიურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე. “თიბისიში მობაილბანკის მიმართულებით ისეთი გუნდი შემოვიკრიბე, რომელიც ყოველდღე ახალ გამოწევებს უმკლავდება და ამ დარგში დონეს  მაღლა წევს. ეს ძალიან დამეხმარა, რომ მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე ვყოფილიყავი. ახლა კი მინდა, ჩემი ცოდნა და კონტაქტები ისევ ამ წიაღში დავაბრუნო.”, — გვიამბობს მერაბი.


რაც მთავარია, ახლა უკვე გვყავს ადამიანი, რომელიც საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებას ქვეყნის საჭიროებებს გააცნობს და რეგიონში საქართველოს როლს ტექნოლოგიური თვალსაზრისით კიდევ უფრო აამაღლებს.



საერთაშორისო ბიზნეს ჟურნალ Poets & Quants-ის წლის საუკეთესო სტუდენტების ნომინანტი — თამუნა მაღულარია

თამუნა მაღულარია თიბისიში ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფროსია. ახლახან ის IE Business School-მა საერთაშორისო ბიზნეს ჟურნალ Poets & Quants-ის წლის საუკეთესო სტუდენტების ნომინაციაში წარადგინა. ის, ასევე, IE-ის ყველა პროგრამის წლის საუკეთესო ხუთ სტუდენტში მოხვდა. 


ეს გზა მართლაც გამოწვევებით იყო სავსე. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა, ძირითადად, ონლაინ ფორმატით მიმდინარეობდა, ჩემი მხრიდან საკმაოდ დიდ შრომასა და დროით რესურსს ითხოვდა. კვირის განმავლობაში, საშუალოდ, 18-22 საათს MBA-ს ვუთმობდი. სწავლასთან ერთად უნდა შემეთავსებინა გამოწვევებით სავსე სრულგანაკვეთიანი სამსახური და პირადი ცხოვრება”, — გვიყვება თამუნა და დასძენს, რომ Poets & Quants-ის რეიტინგში მოხვედრამ, ისევე, როგორც საუკეთესო სტუდენტად ნომინირებამ მას მისცა მეტი თვითრწმენა, და, ამავე დროს, მეტი პასუხისმგებლობა, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერ პროფესიონალად და ამით დამსაქმებელსა და ქვეყანას მეტი სარგებელი მოუტანოს. 


თამუნა მაღულარია

თამუნა ფიქრობს, რომ MBA-ზე მიღებული გამოცდილება თიბისიში გუნდისა და პროექტების ეფექტურად მართვაში ძალიან დაეხმარება. “პროგრამის დაწყებისთანავე, “დავიბომბე” იდეებითა და კონცეფციებით, პრაქტიკული მაგალითებით სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნესმოდელების შესახებ, რომელთა გადმოტანა-მორგება სრულიად შესაძლებელი და სასარგებლოა საბანკო ინდუსტრიისთვის”, — ამბობს ის.


თამუნას გრძელვადიანი პროფესიული მიზანია, გახდეს ღირსეული ბიზნეს ლიდერი საბანკო ინდუსტრიაში. ის მიიჩნევს, რომ მისი ამჟამინდელი როლი თიბისიში საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ პროფესიული მიზნები რეალობად ექცეს.



ჰარვარდის მაგისტრატურის კურსდამთავრებული — ქეთი კანდელაკი



ქეთი კანდელაკმა თიბისიში 14-წლიანი გამოცდილება დააგროვა. ის ამ წლების განმავლობაში კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. იყო მენეჯერი, ანალიტიკოსი, უფროსი ბანკირი და სექტორის უფროსი. ახლა კი ქეთი არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის უფროსია კორპორაციული სეგმენტისთვის. “თიბისიში ძალიან დინამიკური გარემოა, მუდმივად ვითარდება კორპორაციული სეგმენტი და მთლიანად ბანკი, შესაბამისად, მუშაობა ყოველ ეტაპზე ძალიან საინტერესოა. ჩვენი გუნდი საოცრად მოქნილია ცვლილებებისადმი, მუდმივად ვგრძნობთ ბაზარს და საჭირო დროს პროაქტიულად ვმოქმედებთ, რაც საშუალებას გვაძლევს ლიდერული პოზიციები გვქონდეს ბაზარზე”, — ამბობს ქეთი.


ქეთიმ ახლახან ჰარვარდის მაგისტრის ხარისხი მიიღო მენეჯმენტის განხრით. “ეს გზა იყო გრძელი, რადგანაც ლექციები ღამის საათებში მიწევდა. თიბისი ბანკისგან კი მაქსიმალური ხელშეწყობა მქონდა მთელი ეს პერიოდი და მათი მხარდაჭერის გარეშე მე ამ დიდ საქმეს ვერ შევასრულებდი”, — ამბობს ის.



ქეთი კანდელაკი

ქეთი გვიყვება, რომ მისი ცხოვრება მაშინვე შეიცვალა,  როგორც კი სწავლა დაიწყო. “ჰარვარდი გაძლევს იმ ძლიერ პლატფორმას, რომელსაც სწრაფადვე იყენებ სამუშაო გარემოში და ატყობ, რომ შენი ყოველდღიურობა უკვე სხვანაირია. ცოდნა პრაქტიკაში გამოყენებით მყარდება და  სამუშაო პროცესში სწორ არჩევანსაც აკეთებ”.


ქეთი გეგმავს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალურად გამოიყენოს. სამომავლოდ კი ფიქრობს, რომ უფრო და უფრო აქტუალური გახდება ინფორმაციული ტექნოლოგების მიმართულებით ცოდნის გაღრმავება, რათა სერვისების და პროდუქტების გაციფრულებას მაქსიმალურად შეუწყონ ხელი.



----


თიბისელები გვიჩვენებენ, რომ მუდმივი ძიებით, გამოწვევების გადალახვითა და ახლის შემეცნებით მეტის მიღწევა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება ყოველთვის შესაძლებელია. ხოლო თავად თიბისი ქმნის გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს განვითარების თავისუფლება ეძლევა. თიბისი ხომ სულ შენთანაა, აქ, ახლა.