სიახლეები კულტურა

დამოუკიდებლობის სკოლა | ღონისძიებების გზამკვლევი

მაისი 16, 2022

თიბისი უკვე 5 წელია, 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს - მასშტაბურად აღნიშნავს. 2018 წლიდან, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღიდან 100 წლის აღნიშვნის მერე, ყოველწლიურად ტარდება „დამოუკიდებლობის სკოლა“ - საჯარო ლექციების სერია დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ. 5 წლის განმავლობაში უკვე გაიმართა 20-ზე მეტი შეხვედრა. 

წელს, „დამოუკიდებლობის სკოლა“ პროექტ „გმირებს“ ეძღვნება და საქართველოს ისტორიიდან იმ ადამიანებს გაგვაცნობს, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე, ერთიანობაზე, მშვიდობასა და განათლებაზე ზრუნავდა.


მწერალმა აკა მორჩილაძემ „გმირები“ ასე აღწერა:


„საქართველოს წარსულის უკიდეგანო გალერეაში უამრავი ისეთი ადამიანია, ვისი ცხოვრებაც ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ სუნთქვას, არამედ მის სიცოცხლეს, მისი სულის და ხორცის უკვდავებას განაპირობებდა. წარსულის ქართველთა სამყარო ძალიან დიდია.“


სწორედ, წარსულის ქართველთა სამყაროზე ისაუბრებს დამოუკიდებლობის სკოლა, რომელიც წელს პირველად გადის თბილისს გარეთ და დედაქალაქის გარდა, 3 სხვადასხვა ქალაქს მოიცავს.

დამოუკიდებლობის სკოლის შეხვედრები 20 მაისს, ლანჩხუთიდან იწყება, აქ გმირების - ნოე ჟორდანიას, ამბროსი ხელაიასა და მარო მაყაშვილის შესახებ მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე გიამბობენ, ლექციების შემდეგ კი ჯგუფის Killages ლაივ კონცერტი გაიმართება.


გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ

22 მაისს დამოუკიდებლობის სკოლა ქუთაისში გადაინაცვლებს, სადაც გმირებს - დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს, ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი და პოეტი დიანა ანფიმიადი წარადგნენ. სკოლის ფარგლებში გაიმართება ერეკლე დეისაძე & Band-ის ლაივ კონცერტი.


გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ

25 მაისს ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ილია ჭავჭავაძის შესახებ ისაუბრებს, წელს საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. „გმირები“ ამ მნიშვნელოვან თარიღსაც აღნიშნავს.


გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ

„დამოუკიდებლობის სკოლა“ 27 მაისს დასრულდება - სამ ღონისძიებას საქართველოს მწერალთა სახლი უმასპინძლებს. ვახტანგ გორგასლის შესახებ მწერალი ჯიმშერ რეხვიაშვილი და ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი ისაუბრებენ, ამავე დღეს ექვთიმე თაყაიშვილს და დავით სარაჯიშვილს საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური და საქართველოს პარლამენტის ეროვნული არქივის დირექტორი ირაკლი იაკობაშვილი გაგვაცნობენ, ამ შეხვედრის მოდერატორი მწერალი დავით გორგილაძე იქნება.



დამოუკიდებლობის სკოლა უკრაინული პოეზიის კითხვით დასრულდება, სოლიდარობის ნიშნად უკრაინელი ავტორების ლექსებს ქართველი პოეტები: რატი ამაღლობელი, პაატა შამუგია, დიანა ანფიმიადი, შოთა იათაშვილი, ეკა ქევანიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ნატო ინგოროყვა და გიორგი ლობჟანიძე წაიკითხავენ.


გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ

ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.


გელით!