სიახლეები

“აჭარა ჯგუფის” სუფრა პარიზში

ივლისი 16, 2019

2016 წლიდან, “აჭარა ჯგუფის” ინიციატივით, ქართული სტუმართ-მასპინძლობის, სამზარეულოს, მიღწევებისა და ზოგადად კულტურის გაცნობა უცხოელი სტუმრებისთვის სუფრის ფენომენზე დაფუძნებით, ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში ხდება. სუფრა უკვე გაიშალა ბერლინში, თბილისსა და პარიზში.


პირველი “სუფრა” კროიცბერგში (შემოქმედებითი ჯგუფ FvF-თან თანამშრომლობით) გამორჩეული გამოცდილება იყო, მდიდარი ტრადიციული სამზარეულოთი, განთქმული ადგილობრივი ღვინითა და ჭაჭით. 

2018 წელს სასტუმრო “სტამბამ” კი თბილისში მეორე სუფრას უმასპინძლა, რომელმაც მეგობრებს თავი მთელი მსოფლიოდან მოუყარა. წვეულება ვაშინგტონის Compass Rose-ისა და Maydan-ის რესტორნების მფლობელთან და დამფუძნებელთან, როუზ პრევიტთან თანამშრომლობით მომზადდა. როუზმა ახლოაღმოსავლური გემოები განაახლა, ამავდროულად კი “აჭარა ჯგუფის” აღმასრულებელმა შეფ-მზარეულმა ირაკლი ასათიანმა ქართულ საგანგებო კერძებს თანამედროვე დეტალები შემატა. ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგი ჭეშმარიტად დახვეწილი გამოვიდა. 

2019 წლის 27 ივნისს, სუფრა პარიზს გაეშურა

საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხანგრძლივი მეგობრობის აღსანიშნავად კომპანია “აჭარა ჯგუფმა” პარიზში ტრადიციული ქართული სუფრა გამართა. ფრანგ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, ღვინოს, ხელოვნებასა და მუსიკას.

საქართველოს ბევრი ფრანგი მოგზაური, მწერალი თუ მეწარმე სტუმრობდა. განსაკუთრებით, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან. თითქმის ასი წლის წინ, როცა ოფიციალური საკონსულო გაიხსნა თბილისში (1922წ.), სწორედ საფრანგეთი იქცა მთავარ თავშესაფრად ქართველი პოლიტიკოსებისთვის, ინტელექტუალებისა და ხელოვანებისთვის რუსული რევოლუციის შემდეგ. რომ საფრანგეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.


ამასთან ერთად, საქართველო იყო მიმზიდველი ადგილი ბევრი ფრანგი მწერლისთვის, მოგზაურისა და მეწარმისთვის. სუფრამ პარიზში პატივი მიაგო საქართველოსა და საფრანგეთს შორის მეგობრობის ხანგრძლივ ტრადიციას. 



ფრანგ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, ღვინოს, ხელოვნებასა და მუსიკას. მესამე “სუფრას” განსაკუთრებული მუხტი ახლდა თან ამ სუფრაზე წარმოდგენილი ქართველი ხელოვანის, ვერა ფაღავას შემოქმედების ხელახლა გაცნობისა თუ გახსენების გამო. 


თიბისისა და “ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის” (AC/VP) დახმარებით, შესაძლებელი გახდა ღონისძიებაზე ქართული და ფრანგული ვიზუალური ხელოვნების საკულტო ფიგურის მემკვიდრეობის გამოფენა.


ვერა ფაღავა (1907-1988წწ.) 16 წლის იქნებოდა, როცა მშობლებთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. განათლებაც იქ მიიღო და მხატვრადაც იქ ჩამოყალიბდა. ისე მოხდა, რომ მრავალი წლის მანძილზე, საქართველოში მის შესახებ ძალიან ვიწრო წრეში იცოდნენ. სამაგიეროდ, საფრანგეთში, საკმაოდ გაითქვა სახელი. პირველი აღიარება 1944 წელს მიიღო. გალერისტ ჟან ბუშერს ისე მოსწონებია, რომ თავის გალერეაში დორა მაართან ერთად გამოფინა. ერთ–ერთ წერილში, ბიუშე წერდა: "...ხალხი დორას სანახავად მოვა, ამ დროს კი, ვერა ფაღავას აღმოაჩენს და გაიცნობს"... 1966 წელს, საფრანგეთი სწორედ მისი ნამუშევრებით იყო წარმოდგენილი ვენეციის 33-ე ბიენალეზე, სადაც ცალკე პავილიონიც გამოუყვიათ.


1972 წლიდან, ვერა ფაღავას წარმოადგენდა თამარ ტარასაშვილის მიერ პარიზში დაფუძნებული გალერეა “დარიალი”, რომლის მემკვიდრეობაზე ზრუნვაც 1990 წლიდან, ზემოთ უკვე ნახსენებმა “ვერა ფაღავას კულტურულმა ასოციაციამ” ჩაიბარა. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო და საჯარო კოლექციებშიც (პომპიდუს ცენტრი, უნტერლინდენის მუზუმი კოლმარში, პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, გრენობლის მუზეუმი, დიჟონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი).

მომავალი წლის მაისში, თიბისისა და “ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის” ძალისხმევით, მისი ფერწერის ნახვას თბილისში შევძლებთ. მასთან ერთად, წარმოდგენილი იქნება მისი პარტნიორის, მხატვარ ვანო ენუქიძის ნამუშევრებიც. “სუფრა” პარიზში კი, როგორც ამ რეტროსპექტული გამოფენის წინამორბედი ღონისძიება, პირველ ნაბიჯად იქცა ვერა ფაღავას მემკვიდრეობის ხელახალი აღმოჩენისა და გააზრების საქმეში.


პარიზში სუფრაზე შემთხვევით არ იყო მორთმეული“ბორჯომის” მინერალური წყალი და “შატო მუხრანის” ღვინო. ნახევარი საუკუნის წინ საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ქართული მინერალური წყლის – “ბორჯომის” იმპორტი დაიწყო, რომელიც იქიდან მოყოლებული გულს უხარებს უამრავ პარიზელს. “ბორჯომი” ნებისმიერი სუფრის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მთელი საღამოს განმავლობაში. 


“აჭარა ჯგუფის” სუფრისთვის პარიზში თბილისიდან თავისი გუნდით ჩამოფრინდა აღმასრულებელი შეფ-მზარეული, ირაკლი ასათიანი. მათ თან ჩამოიტანეს ადგილობრივი ინგრედიენტები და სანელებლები, რათა ბოლომდე ერთგული დარჩენილიყვნენ ტრადიციული სამზარეულოსი და მოწვეულ სტუმრებს ნამდვილი ქართული გემო შეეგრძნოთ. 


პარიზში გამართული სუფრა დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო, რომელიც გაამყარებს ძველ ურთიერთობებს და ახალ ნაცნობებს მეგობრებად გადააქცევს.


სტატია: https://at.ge/

ფოტოები: Adjara Group